საპროტესტო აქციების მართვას ოპოზიცია "მაესტროს" ეთერით გეგმავს
"9 აპრილის საორგანიზაციო შტაბი საზოგადოებას 9 აპრილის სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობიდან აღარ გააცნობს. ოპოზიციამ გადაწყვიტა, 9 აპრილისთვის დაგეგმილი აქციიდან ყველა დეტალი მოსახლეობას ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით შეატყობინოს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელ სიურპრიზებს უკავშირდება, რის გამოც შესაძლოა, ოპოზიციას სტრატეგიისა და გეგმების შეცვლამ ნებისმიერ წუთს მოუწიოს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ტელევიზია ყველაზე კარგი საშუალებაა საზოგადოებასთან საკონტაქტოდ, რეგიონებში კი დღეიდან ისევ გავლენ და ადგილზე მოახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიციის გეგმები შეიცვალა / გადავწყვიტეთ, რომ საინფორმაციო კლიპები გადავიღოთ, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავა".
"დეტალების თქმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ჩვენი სამოქმედო გეგმის ყველა ნაწილი არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის ცნობილი. რაც შეეხება ზოგად სამოქმედო გეგმას, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ერთი დღის, არამედ ერთი კვირის გეგმაც, თუ რას და როგორ გავაკეთებთ. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ეს აქცია არ იქნება მხოლოდ პარლამენტთან მობილიზებული. ვგეგმავთ მოძრავ აქციებს სხვადასხვა ადგილებში. უფრო დეტალურ ინფორმაციას რაც შეეხება, ამაზე გადავწყვიტეთ საინფორმაციო კლიპები გადავიღოთ, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავა. შესაბამისად, მოსახლეობას ჩვენი გეგმების შესახებ დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია ტელეეთერით. გამოვაცხადებთ სად, რას და რა დროს ვაპირებთ და ყველა გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მივაწვდით საზოგადოებას. თუ სააკაშვილი არ შეიმჩნევს ხალხის მოთხოვნას გადადგომის შესახებ, ამის მერე უკვე მისი გადაადგილების მიხედვით ვიმოძრავებთ. ანუ სადაც სააკაშვილი წავა, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ მივლენ და მოაწყობენ აქციას, ეს იქნება ბობოყვათი თუ შავნაბადა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ეკა ბესელია.
"სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, ყური მოიყრუოს და ისე მოიქცეს, თითქოს არ ესმის, ქვეყანაში რა ხდება. 9 აპრილიდან მოყოლებული, იგი მუდმივად გაიგებს ხალხის ხმასა და პროტესტს, სადაც უნდა იყოს იგი. ყველა ჩვენი მოქმედება დეტალურადაა შეთანხმებული ოპოზიციის შიგნით. ასევე მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს იქნება კონსტიტუციური და კანონიერი ბრძოლა. შესაბამისად, ვნახოთ, ვის ეყოფა ნებისყოფა, ბოლომდე მიიყვანოს ეს ბრძოლა, ჩვენ თუ სააკაშვილს. დიახ, არ ვაპირებთ პარლამენტთან შეკრებას და იქიდან სამოქმედო გეგმის გაცნობას, ამ ყველაფერს უფრო ოპერატიული საშუალებით, ტელეეთერით გავაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ ტელევიზიით, თან "მაესტროს" ეთერით გავრცელებული ინფორმაციები ძალიან კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, რისი გახმიანებაც ამ ეტაპზე შეიძლება. ბუნებრივია, ყველა დეტალის თქმას არ ვაპირებთ", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"ჩვენ პარასკევს დილის 9 საათიდან გავდივართ რეგიონებში, მოვივლით მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ქუთაისს, ზუგდიდს, ბათუმს, ოზურგეთს. ამ ორი დღის განმავლობაში მთელი დასავლეთი საქართველო უნდა მოვიაროთ, ეს გასვლა სწორედ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სრულად და დეტალურად ინფორმირებას ისახავს მიზნად. რეგიონში პირადად ჩვენ მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას", - აცხადებს ეკა ბესელია და შეკითხვას - "როდიდან დაიწყება "მაესტროზე" საინფორმაციო კლიპების გასვლა?" - პასუხობს:
"ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, 2-3 დღეში ეს პროცესი დაიწყება, ამ ყველაფერს "მაესტროზე" ლევან გაჩეჩილაძე კურირებს და ის გადაწყვეტს, ზუსტად როდიდან და რა დროს გავა ეთერში ეს კლიპები. მთავარი საკითხები და სტრატეგია გადაწყვეტილია, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რაზეც ახლა მიმდინარებს მუშაობა. ეს სამუშაოები აქციების დროსაც გაგრძელდება. უფრო დეტალურად ლაპარაკი არ შემიძლია. ერთი იცოდეს ხალხმა, რომ ეს არ იქნება მდგომარე აქცია, არ ვიდგებით მხოლოდ პარლამენტთან და ვილაპარკებთ მუდმივად ერთსა და იმავეს, პარლამენტთან იქნება მთავარი კერა, მაგრამ მთელ საქართველოში იქნება გაშლილი მოქმედება, ანუ ჩვენ ვიწყებთ მოძრავ აქციებს".
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/20739.html