წაშლილი პოსტი (იხ. ზემოთ). დღეს უფრო წყნარი სიტუაციაა, ვიდრე 9 აპრილს, და ვაბრუნებ

:
სცენარი №1:- დე იურე - საერო, დე ფაქტო - თეოკრატიული მონარქია.
- საგანგებო სამხედრო პაქტი დაშლილი რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენებული დონის კაზაკთა რესპუბლიკასთან, ახალი ლეკიანობისკან დასაცავად.
- ეკონომიკურად სახელმწიფო თურქეთ-აზერბაიჯანის კმაყოფაზეა.
- ოფიცილურ რუკებზე საქართველო 1125 წლის საზღრვრებშია გამოსახული, რეალურად კი ოდესღაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დამკვირვებლების სამმხვრივი (ჩინეთი-გერმანია-საფრანგეთი) კონტინგენტის კონტროლის ქვეშაა. თუმცა, მათი ადმინისტრაციული საზღვრების მთელ პერიმეტრზე ერგნეთის ტიპის უამრავი ბაზრობაა გახსნილი.
- ამ ყველაფერს სათანადო იდეოლოგიური გაფორმება ეძლევა: ქვეყნის ერთადერთი სატელევიზიო არხი, "მამულის საკურთხეველი" ხშირად გვახსენებს, როგორ ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები (კაზაკების წინაპრები), როგორ დადიოდა მეჩეთში (თურქ-აზერებთან), და რა ბედნიერებაა, რომ "ახლახანს" (ასე, 8-9 წლის წინ) მიღებული კონსტიტუციით, მალე მისი პირდაპირი შთამომავალი მოევლინება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად... თუმცა, პოლიტიკური პარტიები უკვე ათი წელია ვერ თანხმდებიან მეფობის კონკრეტულ კანდიდატზე... ამიტომ რეგენტის მოვალეობას მონაცვლეობით საქართველოს სხვადასხვა რაიონების გამგებლები ასრულებენ.
- ყოველი უცხოური დელეგაციის თბილისში ვიზიტის აღსანიშნავად აუცილებლად აჩვენებენ ახალციხის თეატრის სატელევიზიო სპექტაკლს "პრესვიტერი იოანე და ტაძრობილები" (რეჟ. საქართველოს სახალხო-ეროვნული არტისტი... ტფუი... სახელი დამავიწყდა).
- ცენტრალიზებული პოლიცია გაუქმებულია, როგორც არადემოკრატიული ორგანო. საზოგადოებრივ წესრიგს ადგილობრივი მოხალისეების რაზმები იცავენ.
ფორმალური სასამართლოები არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად მკვლელებსა და მოძალადეებს ლინჩის წესით ასამართლებენ, სხვა დანაშაულებზე კი სამთვიან პატიმრობაზე დიდი სასჯელი არ არსებობს. სამ თვეში თუსაღის ოჯახი, როგორც წესი, გამოსასყიდის შეგროვებას ახერხებს.
ციხეები სავსეა, მაგრამ ისინი უფრო საზაფხულო საბავშვო ბანაკებს ჰგავს. პატიმრებს უფლება აქვთ სადღესასწაულო დღეები სახლში, საკუთარ ოჯახებთან გაატარონ (თუმცა, ამაზე ცალკე გადასახადია).
- შარდენის "ზავედენიები" დაიხურა (სასულიერო სასწავლებლებთან სიახლოვის გამო) და იქ ფირმა "სოლანის" სუვენირებიღა იყიდება, სამაგიეროდ, თბილისის გარეუბნებში, არაბი ბიზნესმენების მიერ აშენებულ VIP-რეზერვაციებში საზოგადოების "ელიტა" (თავის ჭკუით - მედასავლეთუმე) ევრაზიის ყველაზე ძვირიან ბუტიკებში, რესტორნებსა და კლუბებში, ჭეშმარიტად დეკადანტურ გარემოში ატარებს დროს.
სცენარი №2:- საპარლამენტო რესპუბლიკა, ზედა პალატა - სენატი, წელიწადში ერთხელ ირჩევს ქვეყნის ცერემონიულ პრეზიდენტს (მხცოვანი პოეტების, ვეტერანი დიპლომატებისა და მისთ. რიგებიდან), ქვედა პალატა კი საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე ამტკიცებს რეალურ მთავრობას. ქვეყნის პოლიტიკას პრემიერი განსაღვრავს.
წარმოიქმნა ე.წ. ”ორნახევარპარტიული” სისტემა: ხელისფლების სათავეში ერთმანეთს ენაცვლება ორი ცენტრისტული ძალა - შედარებით მემარჯვენე ლიბერალური ალიანსი და შედარებით მემარცხენე მწვანეთა პარტია. სახელისუფლებო ძალების კონფიგურაციაში ერთგვარი ბერკეტის როლს თამაშობს მომცრო სოციალურ-ქრისტიანული კავშირი, რომელიც ქვეყნის განუწყვეტელი მოდერნიზაციის ფონზე მოსახლეობის ნაკლებად დაცულ ფენებსა და ტრადიციულ ფასეულობებზე ზრუნავს.
- ქვეყანა-ტექნოპარკი, ქვეყანა-ეკოსოფელი, ქვეყანა-კურორტი, ქვეყანა-არტ-ობიექტი, ქვეყანა-გადასაღები მოედანი. მოკლედ, ქვეყანა-ზეიმი, რომელიც მუდამ შენთანაა...
- დეოკუპირებულ ტერიტორიებზე (მათ ოფიციალურად ”მშვიდობის რეგიონები” ეწოდებათ) ჯერ-ჯერობით მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი,”სამართლიანობისა და განვითარების ქართია”, მაგრამ უახლოეს 4-5 წელიწადში მათზე სრულად გავრცელდება საქართველოს კონსტიტუცია.
საგარეო ფრონტზე საქართველოს ჩრდ. კავკასიის ”ახლადგამოჩეკილი დემოკრატიების” (ცხადია, ეს სახელწოდება ერთგვარი ავანსია მათთვის) კურატორობა ეკისრება, და ეს არც ისეთი იოლი საქმეა.
- საქართველო არის ნატოს წევრი და მასზე ვრცელდება ”კოლექტიური თავდაცვის” 5 მუხლი (თუმცა, ის არ მონაწილეობს ალსიანსის სამხედრო ორგანიზაციაში).
საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის სრულ წევრობაზე (და მასთან შვეიცარიისა და ნორვეგიის მსგავსი ურთიერთობები დაამყარა), რათა ევროკავშირზე უფრო ლიბერალური ეკონომიკური სისტემა შეენარჩუნებინა და ”სხვისთვის არ გადაებარებინა პასუხისმგებლობა საკუთარი განვითარებისთვის”.
-ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე საქართველო აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, დინამური საბანკო-საფინანსო და ლოგისტიკურ ცენტრია.
- და მიუხედავად ამისა (ან, ეგებ, სწორედ ამ ყველაფრის გამო)... დღე არ გავა, რომ 397 ტელეარხიდან ერთ-ორმა მაინც არ აჩვენოს სამსაათიანი კინოჰიტი ”პრესვიტერი იოანე და ტაძრობილები” (რეჟ. ოსკარის ორგზის მფლობელი... ვაა... ისევ დამავიწყდა სახელი)

ფარდა
P.S. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება...