ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ქართველში დამალული მაჩო
17:12 18.04.2009
ოპოზიციის მომხრენი 9 აპრილის ”ხიბლის” გაქარწყლებამ დააღონა
თანამედროვე რთულ დროით სივრცით კონტინუუმში როცა გოსდეპის თანაშემწე მაისაშვილი ჩამოდის ერევნიდან და დედას აგინებს გულების პრეზიდენტს, ამავე დროს ოქრო ბიჭის შიშით სირაქლემას არბენინებენ ხილიანის ქუჩაზე რათა ეკა ბესელიამ არ გადასცეს ფაზირებულფრთიანი სინქრონიზებული ატიპიური ბულბულატორი ინსომნირებულთა ტელეპორტაციისთვის და ამავე დროს ნაშები მოიდიან რათა წითელი გრძელტარიანი დროშა მოგვცენ, ამ დროს რეკომენდებულია თუ არა გოდერძის უღელტეხილზე ძოგეს დედასთან შეხვედრა, რომელსაც ერევნიდან ბათუმში თურქული ტანსაცმელი მიაქვს სასპეკულიანტოდ?
ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე, ბრწყინვალე აღდგომის წინაც კი, განწყობები ერთობ ნიჰილისტურია. ოპოზიციის მომხრენი 9 აპრილის ”ხიბლის” გაქარწყლებამ დააღონა, საკააშვილისტები კი იმან, რომ პრეზიდენტი დღითიდღე ედუარდ ამბროსოვიჩს ემსგავსება, რომელიც ოდენ ორდენების ჩუქებითა და მწერალა კავშირისათვის თავზე ხელის გადასმით ცდილობს ფსევდოელიტის გულის მოგებას. არადა, დიადი ჯანსუღას თავზე ხელი როგორი გადასასმელია?
Megre: ”ყველაზე დიდი საშინელება და უბედურება იმის გარდა რაც რუსეთის სახელმწიფოსგან ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, არის ეგრეთ წოდებული ”ინტელიგენციის” ფენა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩამოყალიბდა და ვერ ელევა იმ პრივილეგიებს რაც თავიდანვე ჰქონდათ. ესენი არიან ყველაზე საშიშნი საშიშთა შორის! რა კიტოვანი? რის მხედრიონი? ესენი იყვნენ და არიან კიტოვანებიც, მხედრიონელებიც და ყველაზე დიდი უბედურება რუსეთთან ერთად რაც კი დაგვტყდომია ჩვენ თავს!”
დემოკრატიის დედამთავარ ქეთი დოლიძეზე და უამამთავრეს გია ბუღაძეზე მაგას ვერ დავიჯერებ და მომკალით...
შაქროII: ”სამოქალაქო ომი რომ ცუდია ეს ჩემთვის აქსიომაა და აქამდე საქმე ვინ მიიყვანა ეს სხვა საკითხია. პასუხიმგებელია ის, ვისაც აქვს ძალაუფლება ანუ ხელისუფლება.
იგივე კიტოვანმა მოუგო ხმალაძეს, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმიტომ რომ ”ზვიადის კაცი” იყო. ასე რომ ეგ ხელისუფლება ისევ ”თავის კაცებმა” დაამხეს!
კაცი, კაცმა, კაცს, კაცის... ჩვენც კაცნი ვართ ბოლოს და ბოლოს...
ბუენდია: ”სტურუამ საკანში დასცინა ოკუპაციის მუზეუმს და შემდეგი ”სისულელე” თქვა;
როგორ შეიძლება ოკუპაციაზე ილაპარაკო როდესაც ისეთი ადამიანები როგორც, სტალინი და ორჯონიკიძე გვყავდა მოსკოვშიო?!
პირდაპირ არ ვიცი საიდან დავიწყო - ჯერ ერთი; ორჯონიკიძეს ვინ რას ეკითხებოდა, თავი მოაკვლევინეს როდესაც არ ჭირდებოდათ... მეორე - სტალინი 53 - ში საკუთარ შარდში მოცურავე იპოვეს დაჩაზე, რის შემდგეგაც ბელადზე გაბრაზებულმა ხრუშოვმა ეშელონები გაგვიმზადა და კოლექტირ გაციმბირებას ან ”გაკაზახისტანებას” ძლივს გადავურჩით...”
არის ხალხის კატეგორია, რომელთაც ერთნაირად აღიზიანებს ოკუპაციის მუზეუმი, ნატო, პატრული, დემოკრატიის ნაკლებობა და უფულობა...
ერთ-ერთი ფორუმელი მოუწოდებს ოპოზიციის მოაზროვნე ნაწილს გონს მოვიდნენ
Harry Potter: ”მეგობრებო, ხომ არ გგონიათ, რომ დღეს იგივე შეცდომას ვუშვებთ? როცა მიტინგზე მაგინებლების, ქვების მსროლელების და ”ჩვენათან არ ხარ, მტერი ხარ” ფილოსოფიის ხალხის მოყვანას (ვ)აპირებთ ხელისუფლებაში?
ჰომ არ გეჩვენებათ, რომ ახალ სააკაშვილებს, მერაბიშვილებს, მელნიკოვებს, სანოძეებს, ახალაიებს, კირკიტაძეებს, ბეგაშვილებს, ბრეგაძეებს და ა.შ. (ვ)ურწევთ აკვანს?
ხალხი, რომელიც დემოკრატიას ღაღადებს, მაგრამ პატოლოგიურად ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. ხალხი, რომელიც აგინებს და საცემად მისდევს ახალგაზრდას, რომელიც საღი აზრისკენ მოუწოდებს მათ.
ხალხი, რომელიც ჟივილი-ხივილს მართავს დედისგინებაზე, ფეკალური მასების რეზიდენციის ეზოში გადასხმის მოწოდებაზე და ა.შ. როცა სპეკულირება მიდის მართლმადიდებლობით და პატრიარქით.
ჩავამატებ: გირგვლიანის და ვაზაგაშვილის სურათების ფრიალით მიმავალ ბადრი ბიწაძეს და ნინო ბურჯანაძეს, ლევან პირველი ფულებით დაფინანსებულ ამ ორ ”ოპოზიციონერს” ეკუთვნის ხელისუფლებაში დაბრუნება?
და როდესაც ამ ადამიანებს უდგახათ გვერდით, ვინც ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის მიჩქმალვაში მიიღეს მონაწილეობა, გაქვთ უფლება სხვა დაღუპული ბიჭები გვარების ხსენების?
პ.ს. მადლობელი დაგრჩებით, თუ მიშიტობას არ მომაკერებთ”
”მიშისტი” ჰარი პოტერი მგონი არ არსებობს. ასეთი არც სევერიუს სნეიპია და არც პროფესორი დამბდლორი. ეჭვი მაქვს, რომ მიშისტი თავად ”ჰარი პოტერის” ავტორი ჯოანა როულინგია!
აზრი უნდა ებრძოდეს აზრს და არა ადამიანი ადამიანს. შევეშვათ წარსულით სპეკულირებას იმაზე, თუ რანი ვიყავით გუშინ, იმაზე დაფიქრება ჯობს რანი ვართ დღეს.
Licemer: ”თითქმის ოცი წელია საქართველო ორად არის გახლეჩილი. სულ ”ბიჭო ქოჩორს ხელი გაუშვის” მდგომარეობაში ვართ. ფანატიკურად, ბრმად გვიყვარს რაღაც ერთი, რადგან უზომოდ გვძულს ყოველივე დანარჩენი, რაც იმ ”ერთს” ეწინააღმდეგება.
უამრავ ფერებში მხოლოდ შავსა და თეთრს ვხედავთ. ყველაფერი რაც გარშემო ხდება ორი დაპირისპირებული ძალაა-ერთ მხარე შავია, მეორე მხარეს თეთრი და მათ შორის ჩინეთის დიდი კედელია აღმართული, ვინც კედლის აქეთა მხარეს დგას მოღალატეები არიან, კედლის იქეთა მდგომთათვის კი პირიქითაა -ისინი არიან მოღალატეები, უკლებლივ ყველა კედლის იქეთ და აქეთ მდგომი მართალია!
უკლებლივ ყველას თავის გასამართლებელი საბუთი აქვს და არავინაა მათ შორის მტყუანი. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ჩვენი ფანატიზმი სიძულვილზე და ანგარებაზეა დამყნობილი.
დღესაც ასეა, აზრი კი არ ებრძვის აზრს, არამედ ერთი პიროვნების სიძულვილი გვამოძრავებს და სულ ცალ ფეხზე გვკიდია, თუ ამ დაპირისპირებას საქართველოს დაცემა და საბოლოო განადგურება მოყვება”.
დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ობამა იტყვის, გაარკვიეთ, რა უნდა იმ კაცს და მოვრჩეთ ამ მაიმუნობას!
Guardian: მოკლედ, მომბეზრდა, რა, უკვე ეს - მიშა უნდა წავიდეს! მიშა არ უნდა წავიდეს!
აშშ არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე და ამდენად, მისი ხელისუფლების ინტერესები არა მხოლოდ გასათვალისწინებელი, არამედ - პრიორიტეტულიცაა.
ჰკითხეთ ობამას ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც და როგორც ის კაცი გეტყვით, ისე მოიქეცით. თუ გითხრათ, მიშა მაგრად მევასება და უეჭველი 2013 წლამდე უნდა იყოსო, მაშინ დააყენოს ოპოზიციამ ერთი ადგილი და რაღაც სხვა მოთხოვნები წამოაყენოს. თუ გითხრათ, ერთი მაგისიცო, მაშინ ჩააცვით გენერალისიმუსს თბილად და გაისტუმრეთ დამსახურებულ (ან - დაუმსახურებელ) პენსიაზე”.
ვაჰ, რა მარტივი ყოფილა ცხოვრება და ვერც კი ვხვდებოდით... სად იყო ნეტავ აქამდე ეს დალოცვილი კაცი, თორემ აქამდე გვეშველებოდა და მერე როგორ.
ფორუმებზე შემართული და საბრძოლველად განწყობილი ოპოზიციონერებიც ბლომად არიან, თუმცა ბოლო დროს, აშკარად მოწყენილები ჩანან...
Koba4ever: ”უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ბოლო 2-3 თვეში დარეგისტრირებული ახალი თაობის ნეო-მიშმაკაკების შემოსევა ფორუმზე და უკბილო ხუმრობები გრეჩიხების ინტელექტზე.
მივმართავ მსგავს წარმონაქმნებს: როცა თქვენი შეგნებული (შეუგნებელს კიდე შეუნდობ კაცი) მიშმაკაკობით ქმნით აქ მასების და საზოგადოების აზრის იმიტაციას, ამით ხელს უწყობთ დიქტატორის და ერთ პიროვნული მართველის გაკულტებას და ეს უკან უბრუნდება ჩვენს საზოგადოებას საშინელი შედეგებით.
კაცმა ქვეყანა თავზე დაგამხოთ და თქვენ მაინც ამართლებთ, ნორმალური ალტერნატივა რომ არ ყავს ეგ ვერ გამოდგება მიზეზად და თქვენს შემხედვარეს რომელთაც ეს კაცი მოგწონთ და მის საქციელს ემხრობით, როგორ გისურვოთ ამაზე უკეთესს საქართველოს არ მოგასწროთ მეთქი, წყევლა დავიწყო ამხელა კაცმა?
თქვენი საქციელი რომელიც პოლიტიკური ლიდერიდან კულტის ჩამოყალიბების ეტაპზე გადადის უკვე, უკანვე მოგიბრუნდებათ, მაგრამ შესაცოდები არ იქნებით. ჩემი ქვეყანა მეცოდება, რომ ისიც მოიმკის თქვენი საქციელის შედეგებს, თქვენ კი უშველით როგორმე თქვენს თავს და შემდეგ მთავრობასაც ტაშს დაუკრავთ, როგორც თქვენი ბელადები უკრავდნენ წინა მთავრობებს ტაშს მოწიწებით”
მაკიაველის კი მაინც რას ერჩის ეს ქართველობა ვერ გავიგე. ”Государь” წაიკითხეთ რა. იცით რა კარგი რამეები წერია... მარკიზ დე სადის არ იყოს. ვინც აფანატებს ან აძაგებს, იქიდან 80%-ს წაკითხულიც რომ არ აქვს ხოლმე.
ფორუმების ლიტერატურულ წიაღსვლებს ამჯერადაც უნდა შევეხოთ. ფორუმელებმა წინა კვირას ლექსები არა მთავრობას, ოპოზიციას ან მსგავს სუბიექტებს, არამედ ერთურთს მიუძღვნეს. იხილეთ ლექსი მიძღვნილი ფორუმელი ”ჩოხასადმი”:
”ნეტაი გამაგებინა,
შენ რამ დაგბოღმა, ჩოხაო,
დაიტეულიყავ მთაჩია,
გემწყემსა ცხვარი, ძროხაო,
სადაც შობილხარ, გაზრდილხარ,
სად პაპამ მიწა პოხაო,
გვერდით მაგესვა წვრილშვილი,
ქვეშ გაგეფინა ნოხაო,
ცხოც ხო ბევრია შენფერა,
არ დაიწუნა ქოხაო,
მოხველ და მერჩი დიაცსა.
ხმა დამაყარე ბოხაო,
საყვედურები ამკიდე
ერთად სამ-სამი ოყაო,
მეც კაი ლოდი დაგიხვდი
შენ თუ მახვედი კოხაო!”
ჩოხას რომ ასეთ ლექსებს უძღვნიან, წარმოიდგინეთ ”ჩოხაში დამალული მაჩოს” შემთხვევაში რა ამბავი იქნება... ისე კი, ყველა ქართველში (ჩოხის შიგნით თუ გარეთ) იმალება ერთგვარი მაჩო!
http://presa.ge/index.php?text=news&i=7241