ამოდის, ნათდება!
ვაჟა ფშაველა
ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.
ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას.
მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.
საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ.
- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია.
* * *
This post has been edited by djabbat on 23 May 2009, 22:32