http://www.facebook.com/home.php?#/note.ph...02483166&ref=mfსაცხრამაისო
წმინდა სიცრუე
ოდესღაც ამ ომს ჩვენც “დიდ სამამულოს” ვუწოდებდით. ახლა ვამბობთ: მეორე მსოფლიო ომი. პოლიტიკური ვითარება ხშირად ცვლის ტერმინოლოგიას, თუმცა ორი რამ მაინც უცვლელი რჩება — მსხვერპლის რაოდენობა და კიდევ ერთი რამ: ეს ომი ჩვენს ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული ომია. ჩვენ ადვილად შევეგუებით ამ საიდუმლოს მოხსნას, მაგრამ რუსები...
თუმცა იმათ თავიანთ საქმეს მიხედონ.
1941 წლის ნოემბერში მოსკოვი პანიკით იყო მოცული. სტალინისათვის უკვე მზად იყო ბუნკერი ქალაქ კუიბიშევში. მთავრობა ფაცი-ფუცით წვავდა საიდუმლო საბუთებს, ზოგიერთს კი უბრალოდ ყრიდა. მრავალი შენობა უკვე მოემზადებინათ ასაფეთქებლად. არავის სჯეროდა, რომ დედაქალაქის შენარჩუნებას შეძლებდნენ.
ამასობაში მოსკოვის მისადგომებთან სულს ღაფავდა ყველა შესაძლებელი რესურსი: რეგულარული არმიის გარდა, სახალხო რაზმელები, სამხედრო სასწავლებლების კურსანტები, მილიცია... ვოლოკოლამსკის მიმართულებას იცავდა გენერალ პანფილოვის 316-ე მსროლელთა დივიზია. მართალია, თვით გენერალი ჩვენი ისტორიისათვის სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ ეს გვარი ახსოვს ყველას, ვისაც საბჭოთა დროს უცხოვრია. მასთანაა დაკავშირებული ერთი სამხედრო-ჟურნალისტური მითი.
16 ნოემბერს გერმანელებმა შეტევა წამოიწყეს. სოფელ დუბოსეკოვოს მიმართულებით ოცზე მეტი ტანკი დაიძრა. ტანკებს წინ აღუდგა 29 მეომრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა უფროსი კომისარი, ვასილ კლოჩკოვი. ოცდარვა მეომრის სახელი ცნობილია, ერთისა — არა.
ახლა კი ვნახოთ ამ ბრძოლის რამდენიმე პოპულარული აღწერა:
“ორმოცდაათზე მეტი მტრის ტანკი გამოჩნდა 29 საბჭოთა გვარდიელის წინ... მხოლოდ ერთი აღმოჩნდა სულმოკლე, ვინც ხელები მაღლა ასწია. რამდენიმე მებრძოლმა ერთმანეთთან შეუთანხმებლად და ბრძანების გარეშე ერთდროულად ესროლა მოღალატეს”. — გასაგებია, რომ სწორედ ეს მოღალატე უნდა ვიგულისხმოთ ოცეულის ერთადერთ უსახელო წევრში.
“ოთხ საათზე მეტ ხანს გასტანა ბრძოლამ. უკვე 14 ტანკი უძრავად გაირინდა ბრძოლის ველზე... ანთებული თვალებით კლოჩკოვმა გადახედა თანამებრძოლებს და წარმოთქვა: ოცდაათი ტანკი დარჩა, მეგობრებო, ალბათ ყველას სიკვდილი მოგვიწევს. დიდია რუსეთი, უკან დასახევი კი არა გვაქვს, უკან მოსკოვია”.
“სულ გვარდიელებმა 18 ტანკი და დიდძალი ცოცხალი ძალა გაანადგურეს. ჰიტლერელები ამჯერადაც ვერ გავიდნენ. თვით კომისარიც ხელყუმბარით შეუვარდა მტრის ტანკს, ააფეთქა და გმირულად დაიღუპა”.
“პანფილოვის გვარდიელთა სიმტკიცე ქცევის ნორმად იქცა ათასობით მებრძოლისა და მეთაურისთვის”.
საკმარისია. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სინამდვილეში გვარდიულის წოდება დივიზიას მხოლოდ 18 ნოემბერს მიენიჭა, აღწერილი მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ. რამე ხომ არ გამოგვრჩა? — ჰო, ის, რომ ხსენებული ლეგიონი დიდი დანაკარგების გამო იძულებული გახდა ახალ პოზიციებზე გადასულიყო, რის გამო მეთაურები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ესეც ყოველგვარი გმირობის ჩვეული კონტექსტია.
ახლა კი ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
გმირების შესახებ პირველი ცნობა 1941 წლის 27 ნოემბერს გაჩნდა გაზეთ “კრასნაია ზვეზდას” ფურცლებზე. მცირე “ნიუსის” ავტორი იყო სამხედრო კორესპონდენტი, ვასილ კოროტეევი. მეორე დღეს იმავე გაზეთში გამოქვეყნდა ლიტერატურული მდივნის, ალექსანდრე კრივიცკის ვრცელი სტატია “28 დაღუპული გმირის ანდერძი”. 1942 წლის 22 იანვარს მისივე ნარკვევში პირველად გამოქვეყნდა დაღუპულთა სახელები. ამ მასალებს საბჭოთა პრესა აქტიურად ავრცელებდა, ასე რომ, სულ მალე პანფილოველების ამბავი ყველამ იცოდა. აპრილში კი დასავლეთის ფრონტის სარდლობამ სტალინის წინაშე შუამდგომლობა აღძრა დაღუპულთათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მისანიჭებლად, რაც 1942 წლის 21 ივლისს დაკმაყოფილდა.
მოგვიანებით, ბრძოლის ადგილას აღმართეს მემორიალი, სოფლის კლუბში მოაწყვეს მუზეუმი, ალმა-ატაში დადგეს ძეგლი. გმირების სახელს ანიჭებდნენ ქუჩებს, მოედნებს, სკოლებს, კოლმეურნეობებს, მათ სადიდებლად იქმნებოდა ლექსები და მოემები, კომისარ კლოჩკოვის სიტყვები სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიდა.
მაგრამ მანამდე, მითის შექმნის პარალელურად ვითარდებოდა სულ სხვა, არაპოპულარული, მაგრამ უფრო საინტერესო ისტორია.
1942 წლის მაისში დასავლეთის ფრონტის საგანგებო განყოფილებამ ტყვედ ჩაბარების მცდელობის ბრალდებით დააკავა ხსენებული ლეგიონის მებრძოლი დანიელ კუჟებერგენოვი, რომელიც ორიოდე თვით ადრე თავის პოემაში გმირად შერაცხა საბჭოთა პოეტმა ნიკოლაი ტიხონოვმა. დაკავებულმა აღიარა, რომ დუბოსეკოვოსთან ბრძოლაში არ მონაწილეობდა, ხოლო გმირის წოდების შესახებ გაზეთიდან შეიტყო. ლეგიონის მეთაურმა შესაბამის ინსტანციაში მაშინვე გააგზავნა პატაკი იმის შესახებ, რომ გმირობა შეცდომით მიანიჭეს დანიელს, სინამდვილეში კი უნდა მიენიჭებინათ მისი მოგვარის, ასკარ (სხვა წყაროების მიხედვით ალიასკარ) კუჟებერგენოვისთვის. ბრძანება შეასწორეს, თუმცა ეს ასკარ-ალიასკარი არასოდეს ყოფილა ლეგიონის სიებში.
სულ მალე, 1942 წლის აგვისტოში კიდევ სამმა საღ-სალამათმა “გმირულად დაღუპულმა” მოაკითხა ოქროს ვარსკვლავებს. ომის შემდეგ კი ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის დააკავეს მეხუთე პანფილოველი.
სსრკ სამხედრო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რომლის პროცესში სოფლსაბჭოს თავმჯდომარემ მისცა საინტერესო ჩვენება: გერმანელები დუბოსეკოვოში გერმანელები 1941 წლის 16 ნოემბერს შევიდნენ და მხოლოდ 20 დეკემბერს დატოვეს სოფელი წითელი არმიის შეტევის შედეგად. დიდთოვლობის გამო 1942 წლის თებერვლამდე არავის უძებნია დაღუპულთა გვამები. თებერვლის პირველ რიცხვებში სამი გვამი იპოვეს, მარტში კი კიდევ სამი, რომელთა შორის იყო კომისარ კლოჩკოვის ნეშტიც. ექვსი გვამი საძმო საფლავში დაკრძალეს, სხვა გვამები კი ხსენებულ ტერიტორიაზე არ ყოფილა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იგივე შედეგებს მიაღწია პოლიტიკური სამმართველოს კომისრის, ვინმე მინინის ინდივიდუალურმა გამოძიებამ 1942 წელს. პანფილოველთა გმირობის ამბავი გამონაგონი აღმოჩნდა. მაგრამ ვისი?
სამხედრო კორესპონდენტი კოროტეევი 1941 წლის შემოდგომაზე დასავლეთის ფრონტის სარდლობაში იმყოფებოდა. იქ რომელიღაც კომისარმა ეგოროვმა უამბო, რომ დუბოსეკოვოსთან ლეგიონის მეხუთე ასეულმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. მართალია, ეგოროვი თვითონ არ ყოფილა ამ შემთხვევის მოწმე, მაგრამ საქმის კურსში ლეგიონის კომისარმა შეიყვანა, თანაც უთხრა, რომ მეომართაგან ხმოლოდ ორი აღმოჩნდა მოღალატე. ეგოროვმა ურჩია კრივიცკის, დაეწერა საგაზეთო სტატია ასეულის გმირობის შესახებ.
მოსკოვში ჩასულმა კრივიცკიმ “კრასნაია ზვეზდას” რედაქტორს, დავით ორტენბერგს მოახსენა ყოველივე და კორესპონდენტსა და რედაქტორს შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:
რედ.: რამდენი მებრძოლია ასეულში?
კორ.: ალბათ არასრული ასეული იქნებოდა, ასე, 30 კაცი. ორი მოღალატე აღმოჩნდა.
რედ.: აჰა, ესე იგი, 28 მებრძოლი. ოღონდ ორი მოღალატე ბევრია. ერთი იყოს.
ასე დაიწერა პირველი “ნიუსი”. ამის მერე ლიტერატურულმა მდივანმა კრივიცკიმ დაწერა ვრცელი სტატია, რომელიც ინფორმაციულად ეყრდნობოდა კოროტეევის მცირე შენიშვნას, დანარჩენში კი ავტორის მხატვრული წარმოსახვის იმედზე იყო. უფრო ვრცელი ნარკვევის დასაწერად 1942 წლის იანვარში კრივიცკი ადგილზე გაემგზავრა (იქიდან გერმანელები უკვე განდევნეს) და იქ შეხვდა ლეგიონის მეთაურსა და კომისარს. ამათ 28 გვარი რომელიღაც უწყისიდან ამოიწერეს და ჟურნალისტს მისცეს. საინტერესოა, რა უწყისი იყო — კმაყოფაზე აყვანის თუ ჩექმების გაცემის?
ამავე დროს, ჟურნალისტი სულაც არ გრძნობდა უხერხულობას იმის გამო, რომ მის მიერ აღწერილი ბრძოლის დეტალები სრული გამონაგონი იყო. ტოტალური პროპაგანდის პირობებში ამგვარი ვითარება მას სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა.
პროკურატურა ლეგიონის სარდლობასაც მიადგა. კომისარი დაღუპული იყო, მეთაურმა კარპოვმა კი გულახდილად აღიარა, რომ 1941 წლის 16 ნოემბერს 28 მებრძოლის გმირობა არ ყოფილა. ამ დღეს დუბოსეკოვოსთან იბრძოდა მეოთხე ასეული (და არა მეხუთე, როგორც კოროტეევს უთხრეს) და იმ ბრძოლაში 28 კი არა, ასზე მეტი მებრძოლი დაეცა. თვითონ მეთაური უარყოფდა 28 პანფილოველის გმირობის გამო კორესპონდენტთან შეხვედრასა და პატაკის დაწერას: ერთიც და მეორეც შეუძლებელი იყო, რადგან თვით მოვლენა არასოდეს მომხდარა. მხოლოდ იანვარში ჩასულა მასთან ლიტმდივანი კრივიცკი და უთქვამს, რომ საჭიროა მოინახოს 28 გვარდიელი, რომლებიც გმირულად დაეცნენ ფაშისტური ტანკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლეგიონის მეთაურმა კრივიცკის განუცხადა, რომ ასეთი ბრძოლის ამბავი საერთოდ არ იცის, მაგრამ თუ საჭიროა კომისარს შეუძლია გვარების დასახელება. კომისარი, კაპიტანი გუნდილოვიჩი, ზეპირად უსახელებდა “გმირების” გვარებს, რადგან 28 პანფილოველის შესახებ ლიგიონში არავითარი დოკუმენტები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.
პროკურატურის გამოძიება მთავრდებოდა შემდეგი დასკვნით: “28 პანფილოველი გვარდიელის პრესაში გაშუქებული გმირობა არის კორესპონდენტ კოროტეევის, “კრასნაია ზვეზდას” რედაქტორის, ორტენბერგისა და, განსაკუთრებით, ლიტერატურული მდივნის, კრივიცკის გამონაგონი”. ამგვარად სსრკ მთავარმა სამხედრო პროკურორმა, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი აფანასიევმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მითს და თავისი დასკვნა კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს გადასცა.
არავინ იცის, რაზე იმსჯელა პოლიტბიურომ, მაგრამ საკითხი მითის სასარგებლოდ გადაწყდა: აბა, ძეგლებს ხომ არ დაანგრევდნენ. მართალია, საბჭოთა კავშირში ბევრი ძეგლიც დაანგრიეს, მაგრამ ეს ხომ “მავნე” ძეგლები იყო, გმირ პანფილოველებს კი სარგებლობა მოაქვთ, პატრიოტულ გრძობებს აღძრავენ.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ცნობილი მხატვარ-კარიკატურისტის, ბორის ეფიმოვის ორი მოგონება. ერთხელ შეიარაღებული ძალების პოლიტგანყოფილების უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა შჩერბაკოვმა კრივიცკის მოულოდნელად ჰკითხა: “თქვენი ნარკვევიდან გამომდინარე, ყველა 28 მებრძოლი გმირულად დაეცა, ვინ გადმოგცათ კომისარ კლოჩკოვის ბოლო სიტყვები?”. კრივიცკიმ უპასუხა: “არავის გადმოუცია, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ კლოჩკოვს აუცილებლად უნდა ეთქვა რაღაც ამგვარი”. შჩერბაკოვი დიდხანს მდუმარედ შესცქეროდა ლიტერატურულ მდივანს, მერე კი თქვა: “ძალიან სწორად იფიქრეთ, ამხანაგო კრივიცკი”.
სხვა დროს მდიდარი წარმოსახვის მქონე მდივნის კაბინეტში მწერლები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ტვარდოვსკი და ვასილ გროსმანიც. როცა კაბინეტში ბორის ეფიმოვი შევიდა, როგორც ეტყობა, იქ შეკრებილი საზოგადოება კრივიცკის საყვედურობდა, რომ ისტორიის შელამაზება არ შეიძლება. პასუხად კრივიცკიმ მაღლა ასწია პანფილოველთა “გმირობაზე” დაწერილი თავისი ბროშურა და ხმამაღლა განაცხადა: “რაც არ უნდა ილაპარაკოთ, რა ეჭვებიც არ უნდა გამოთქვათ, მაგრამ აი ეს ნეხვი სულ მალე ისტორიულ პირველწყაროდ იქცევა, გესმით? — პირველწყაროდ”.
კრივიცნისა და ორტენბერგის მითოლოგია მხოლოდ 1997 წელს იქნა მხილებული ჟურნალ “ნოვი მირის” ფურცლებზე. თუმცა არც მუზეუმი დახურულა და სასკოლო პროგრამიდანაც არავის ამოუღია პანფილოველთა გმირობის ამბები.
ამის მიზეზი ორია: ჯერ ერთი, მასობრივი კულტურისა და აზროვნების პრიმატი, რომელიც მკვიდრად დაკანონდა საბჭოთა მენტალობაში. ყველაზე კონკრეტულად ეს სულიერი მდგომარეობა შემდეგი წინადადებით აიწერება: როცა სამშობლო გვიბრძანებს, ჩვენში ყველა გმირი ხდება. მეორეც — სიკვდილისა და გმირობის ლამის გაიგივება, რომელიც ასევე ძალიან ძლიერია აღმოსავლური ქრისტიანობის წიაღში. გამარჯვება ნებისმიერ ფასად — ვითარება, როცა აბსტრაქტულ მიზანს კონკრეტული სიცოცხლეები ეწირება. სიკვდილი ერთადერთი მისაღები უკანდახევაა: გმირობის მიზანი ობიექტური სარგებლობის მოტანა კი არაა, არამედ ის უაზრო ეთიკური ეფექტი, რომ შენი თვალებით არ უნდა იხილო მტრის წარმატება. აბა, დაუკვირდით წინადადებას: “დაიღუპნენ, მაგრამ მტერი არ გაატარეს!”. როგორღა არ გაატარეს, თუ დაიღუპნენ? — ამ უბრალო კითხვას არავინ არ სვამდა, ეს უბრალო კითხვა ეწინააღმდეგებოდა “ხალხის წმინდათა-წმინდა (ვარიანტი: ეროვნულ) გრძნობებს”. საინტერესოა, როცა პატრიოტიზმს ეწინააღმდეგება ლოგიკა.
ამ პატრიოტულ ეიფორიაში კი არავის ახსოვს იმავე ლეგიონის მეოთხე ასეული, ის რომელიც მართლაც წინ აღუდგა გერმანულ ტანკებს სოფელ დუბოსეკოვოსთან და ერთიანად ამოიხოცა. აქ პატრიოტიზმს უკვე არა მხოლოდ ლოგიკა, არამედ ისტორიული ჭეშმარიტება ეწინააღმდეგება.
სამაგიეროდ იფურჩქნება სიძულვილი: ამის ერთ-ერთი მცირე მაგრამ მეტად ნიშანდობლივი დადასტურებაა მეორე მსოფლიო ომის დროს ფართოდ გავრცელებული პალაკატი: “მამა, მოკალი გერმანელი!”. არა მტერი, არა ნაცისტი, არამედ გერმანელი. ლოგიკასა და ჭეშმარიტებას მოკლებული პატრიოტიზმი მშვენივრად ეთვისება სისასტიკეს.
გამარჯვების ფასი
როგორ უნდა მოიქცეს ჯარისკაცი ბირთვული აფეთქებისას? — უნდა ეცადოს ავტომატი გაწვდილ ხელებში დაიჭიროს, რომ გამდნარი ლითონი არ დაეწვეთოს სახაზინო ჩექმებს. ეს ტლანქი სალდათური ხუმრობა ადეკვატურად გამოხატავს რუსული პატრიოტიზმის არსს. და თუმცა არ არსებობს პატრიოტიზმი მითოლოგიის გარეშე, რუსული პატრიოტიზმის ნიშანდობლივი თავისებურება ისაა, რომ აქ მითები არასოდეს წარმოიქმნება სპონტანურად, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი არაცნობიერისაგან, არამედ მათ ყოველთვის ჰყავს ავტორი და აქვს უზენაესი სანქცია.
აი, მაგალითად, სახელგანთქმული კურსკის სატანკო ბრძოლა, რომელიც სოფელ პროხოროვკასთან მოხდა 1943 წლის 12 ივლისს. საბჭოთა სამხედრო ენციკლოპედია და მასთან ერთად მთელი პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ აქ რიცხობრივი უპირატესობით ვერმახტის შეიარაღებული ძალები სარგებლობდა. სინამდვილეში კი რიცხობრივი უპირატესობა გენერალ პეტრე როტმისტროვის მეხუთე სატანკო არმიის მხარეს იყო: გერმანელების მხარეზე იბრძოდა ესესელთა მეორე სატანკო კორპუსი გენერალ ჰაუსერის სარდლობით, რომელშიც შედიოდა 273 ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, როტმისტროვის არმიამ კი 850 ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გამოიყვანა. კიდევ უფრო საინტერესოა დანაკარგთა შეფარდება: გერმანელებმა დაკარგეს 5 ტანკი და დაუზიანდათ 54; საბჭოთა ჯარებმა დაკარგეს 334 ტანკი და დაუზიანდათ დაახლოებით 400. მაშ ვინ მოიგო კურსკის ბრძოლა?
როდესაც შედეგები უმაღლეს სარდლობას მოახსენეს, როტმისტროვის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ სტალინმა განსაჯა, რომ პროპაგანდისათვის აჯობებდა გამარჯვების გამოცხადება. ეფექტი გააძლიერეს იმითაც, რომ არარსებული წარმატებები მიაწერეს ავიაციასაც. მაგალითად, კურსკის კამპანიაში, სატანკო ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, 6 ივლისს გერმანელებმა სულ 5 თვითმფრინავი დაკარგეს. სამაგიეროდ, ყველა ისტორიული წყარო ამტკიცებს, რომ 6 ივლისს საბჭოთა მფრინავმა, ალექსანდრე გოროვეცმა ერთი გაფრენისას 9 გერმანული გამანადგურებელი ჩამოაგდო და დაიღუპა. არავის მოუთხოვია ასეთ დროს აუცილებელი ფორმალობები: მოწმეთა ჩვენება, ჩამოგდებული თვითმფრინავების ფოტო და ა. შ. სინამდვილეში გოროვიცი მართლაც კარგი მფრინავი იყო: დაღუპვამდე მან 73 საბრძოლო გაფრენა ჩაატარა — სხვები გაცილებით უფრო ადრე იღუპებოდნენ.
ამგვარად გაგებულ პროპაგანდისტულ გმირობას თან ბევრი შეუსაბამობაც ახლავს. მაგალითად, 1941 წლის 24 აგვისტოს ასეულის კომისარი ალექსანდრე პანკრატოვი საკუთარი სხეულით გადაეფარა მტრის ტყვიამფრქვევს. 1942 წელს მას საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს. სამხედრო ცნობარებში მის შესახებ ნათქვამია: “გაიმეორა ალექსანდრე მატროსოვის გმირობა”. საქმე ისაა, რომ მატროსოვმა თავისი სახელგანთქმული ქმედება ჩაიდინა 1943 წლის 23 თებერვალს — წლინახევრით გვიან პანკრატოვზე. რამ გამოიწვია ეს შეუსაბამობა: როგორც ეტყობა, თარიღმა, რადგან მატროსოვმა თავგანწირვა წითელი არმიის დღესასწაულს დაამთხვია და საბჭოთა “პიარისათვის” ეს გაცილებით უფრო მომგებიანი იყო. სხვათა შორის, დარეგისტრირებულ ანალოგიურ გმირობათა შორის მატროსოვამდე ორმოცდათხუთმეტია ჩადენილი, მაგრამ მატროსოვი მაინც პირველია სიაში სწორედ 23 თებერვლის ხათრით.
ასეა, გმირობის გასაფორმებლად საკმარისი არაა თავგანწირვა: იმაზეც უნდა იფიქრო, რომ პროპაგანდისტულ კალენდარს დაამთხვიო. სხვათა შორის, ამერიკელებსაც ჰყავთ ერთი ასეთი გმირი — როჯერ იანგი, რომელმაც იაპონელების ტყვიამფრქვევს შეუშვირა თავი 1943 წლის 31 ივლისს. იანგი თავისუფლების სიკვდილის შემდეგ მედლით დააჯილდოვეს და სამუდამოდ შეიყვანეს საბრძოლო დიდების სიაში. მაგრამ ამ გმირობის პროპაგანდირება არავის დაუწყია — მსოფლიოში გავრცელებული აზრით, ჯარისკაცის ხელობა სიკვდილი კი არა, გამარჯვებაა.
This post has been edited by ninichka1 on 9 May 2009, 12:11
მიმაგრებული სურათი