ეგრეა. არავინ ეკითხებოდა წახვალ თუ არაო ...
* * *
ორმოცდაორი წლის ზაფხულის საღამოსპირი იყო.სანდრა ეზოში იჯდა. ბიჭების წერილებს კითხულობდა. უკვე მერამდენედ. უმცროსი, კოტე, ხშირად იწერება. შოთიკო საშუალოა. მისგან მხოლოდ ერთიწერილი მოვიდა, ისიც გზიდან.
შეძახილმა გამოაფხიზლა:
- გირჩევ, ქალო, გირჩევ! –ო და ვიღაც სახელოზე წაეტანა.
ხნიერი ბოშა ქალი იყო. ჭაღარა, ჭუჭყიანი თმები ხილაბანდიდან გამოსჩეჩოდა. თითქოს სადღაც უნახავსო. სახეზე დააკვირდა. ეცნოსავით. ომამდე ბევრნი იყვნენ. ქალაქელები ჩაჩნებს ეძახდნენ. ქალები მკითხაობდნენ და კარდაკარ დადიოდნენ. ცუდად დადებულს არაფერს დასტოვებდნენ. ქურდობას არც კაცები აკლებდნენ ხელს. ქალაქის ბაზარში თავისი ადგილი ჰქონდათ. რკინა-კავეულით ვაჭრობდნენ. ჰყიდდნენ: ჯაჭვებს, სამფეხებს, კარდალა-ქვაბებს, ბარის, ნაჯახისა თუ წალდის პირებს.
- ეს რა დამემართა? როგორ ვერ შევამჩნიე? ახლა ამას რა მოიშორებს თავიდანო გაიფიქრა და მიიხედ მოიხედა. რამე ხომ არ დევს უხეიროდ – ხელს არ გააყოლოსო.
- შენ რა უნდა მირჩიო?! რამე შეგეძლოს საკუთარ თავს უშველიდიო – დაუგდო და სახლისკენ გაემართა
- სამი შვილი გყავს.ორი ომშია ერთი დაბრუნდება ერთი არა . . .
- ენა გაგიხმეს, შე შეჩვენებულო! დამეკარგე აქედან!
-მართალს გეუბნები. არ მინდა შენი ფული. რომელიც წერილებს გწერს ის არ დაბრუნდება. არც ამ ძუძუებით გაზრდილი ჩემი დედისერთა ბიჭი არ დამიბრუნდება. შენი ერთი დაბრუნდება ერთი არა . . .
გამოერკვა. ბოშა აღარსად სჩანდა. წასულიყო.
ბედისწერა იყო აბა რა, კოტეს ჩაჭრა ხატვის გამოცდაზე? ინდუსტრიულ ინსტიტუტში აბარებდა, სადაც უფროსი ძმები სწავლობდნენ. ცხრა ხუთიანის მერე ხატვაში მიიღო ორიანი. ჯერ ჯარში წაიყვანეს. იქედან მერე ფინეთის ომში მოხვდა. ბოლოს კი ლენინგრადის ფრონტზე.
[B]შოთიკომ ინსტიტუტის დამთავრება მოასწრო. მის თაობას შავი ნახაზებით და ესკიზებით დააცვევინეს სადიპლომო ნამუშევრები. ყველანი თელავის საოფიცრო სკოლაში გაამწესეს. ჯგუფის ფორმირება რაღაც მიზეზის გამო გაჭიანურდა. სანდრას და ლევანს ოცი-ოცდაათიანი წლები ჰქონდათ გამოვლილი. ღამე ლევანი ჩაცმული წვებოდა. შარვალს და ქურთუკს შიგა ჯიბეები გამოაკერა სანდრამ. თავდაუზოგავი მწეველი იყო ლევანი. პაპიროსით დატენილი ჯიბეებით იწვა და სადარბაზოს ხმაურს აყურადებდა. მხოლოდ სამი საათის შემდეგ იძინებდა. ღრმად. მოწყვეტით . . . გადარჩნენ, მაგრამ ისეთი სკოლა გამოიარეს, რომ უკვე მეორედ უკანმობრუნებულ შოთიკოს, სიხარულის ნაცვლად: შენ ისევ აქ ხარ? ჯერ კიდევ არ წასულხარო?- ეკითხებოდნენ შეშფოთებით. ეშინოდათ დეზერტირად არ ჩათვალონო.[/B ]
ორმოცდაერთი წლის დეკემბერის დასაწყისიც კი საშინლად თოვლიანი და ყინვიანი გამოდგა. შეღამებულზე ვიღაც შექეიფიანებული კახელი გლეხი მოვიდა: ნასვამი არ გეგონოთ. ღვინო მქონდა ჩამოტანილი გასაყიდად. მყიდველის მოპატიჟებაში შევთვერიო. თქვენმა ბიჭმა კი აი, ეს წერილი გაახლათო. სამი სიტყვა ეწერა სულ:”ხუთშავათს გვაგზავნიან შოთა”. ოთხშაბათი იყო. პატარა ფუთა გამოკრა სანდრამ. რაც ხელში მოხვდა. მჭადი დააცხო. ლორი მოხარშა. სამეგრელოდან გამოგზავნილი შებოლილი სულგუნი და ერთი ბოთლი ჭაჭა. ისე შეახვია, რომ სითბოც დიდხანს შერჩენოდა და ბოთლიც არ გატეხილიყო. პაპიროსები არ დამავიწყდესო – გაიფიქრა.
- ღმერთო შეგცოდე და კიდევ კარგი, რომ ნადია გახდა ავად. მის სანახავად რომ არ ჩამოვსულიყავი შოთიკო ისე წავიდოდა ფრონტზე, რომ ვერც კი გავიგებდით. მათი ჯგუფი თვის ბოლოს ელოდა გამგზავრებას. რატომ მიყავთ ასე ადრე? ალბათ დარჩენილ დროს იქ ავარჯიშებენ. ყინვას და სიცივეს შეაჩვევენ მზეში და სითბოში გაზრდილ ბიჭებსო – ფიქრობდა. გული კი მაინც არ ისვენებდა. რაღაც უსიამოვნო, ბოლომდე გაურკვეველი ნაღველი აფორიაქებდა. თუმცა ფრონტზე მიმავალი შვილის დედისთვის ნაღველი და სევდა რა გასაკვირი იყო. და მაინც ეს რაღაც სხვა იყო. სხვა, რასაც სახელი ვერ დაარქვა. ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, დიდი და ზოგადი საფრთხე იდუდებდა.
ჯერ კიდევ ბნელოდა სადგურში რომ გაიქცა. არ დამაგვიანდეს, ეშელონმა არ გამასწროსო ფიქრობდა.
სადგურში ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ეჭვი არ ასვენებდა. სამხედრო ეშელონი აქ შეიძლება არც გაჩერდეს. ორთაჭალაში დახვედრა აჯობებსო. თუ ფეხშიშველი მივალ იქამდე შოთიკო მშვიდობით დამიბრუნდებაო. ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა. თოვლმა ტერფები აუწვა. სიცივემ მთელ ტანში დაუარა. მაინც მხნედ მიდიოდა. უკვე კარგად ირიჟრაჟა. თითქმის გათენდა კიდეც. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ კარგად ჩაცმულ, ლამაზ, შუახნის ქალს ამოდენა თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველი რომ მიაბიჯებდა. ახალგაზრდები მხიარული შეძახილებითა და სტვენით მიაცილებდნენ. ხანდაზმულები გზას უთმობდნენ და: – ღმერთმა გისმინოსო – ჩურჩულებდნენ.
მიაღწია. გახარებული იყო.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მატარებელს სვლა არ შეუნელებია.
- არ ჩერდება! არ ჩერდება! – ჩაქუჩებივით დაჰკრა ამ სიტყვებმა. ახლა მხოლოდ თვალებად იყო ქცეული.უნდა დაინახოს! ეს მჭადიც გაცივდებოდა ამ სიცივეში და ეს ლორიც. მაინც უნდა მიაწოდოს როგორმე. ჭაჭა გაუხარდება. მამასაც და შვილებსაც ზამთარში უყვართ ლორიანი ერბოკვერცხი. ჯერ თითო სირჩა არაყს გადაკრავენ. მერე კი აუჩქარებლად, გემრიელად შეუდგებიან ხოლმე საუზმეს. წელს ნამდვილად დიდი ზამთარი იქნება.
ხალხი ბაქანს მიაწყდა. ახლაღა დაინახა რომ მარტო არ ყოფილა. წინ წაიწია. შეეცადა პირველ რიგში გასულიყო. მოახერხა. გავიდა და
- ნახვამდის დე, ნახვამდის! მამას . . .
ვეღარ გაიგო რა დაუძახა. ფუთა ისევ ხელში ეჭირა:
- შოთიკო, შვილოო – და ჯერ კიდევ მიმავალ ეშელონს ესროლა. ვიღაცამ დაიჭირა. დაინახა როგორ უქნევდა ის ვიღაცა, მისი შოთიკოსავით გამხდარი და მაღალი ბიჭი, ფუთიან ხელს. გაუხარდა, ძირს რომ არ დავარდა.
- ღმერთმა შეგარგოსო - ჩაილაპარაკა. ყველანი უყვარდა. მთელი ეს ეშელონი. მისი შვილის ბედის მოზიარენი – ღმერთო მაღალო! ღმერთო ძლიერო! შენ დაიფარე და დაიცავი ჩვენი შვილებიო, - შესთხოვდა ღმერთს ცრემლიანი და ფეხშიშველი.
http://geosons.blogspot.com/2009/03/iv.html
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/