anatoreli
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16778
წევრი No.: 12045
რეგისტრ.: 6-August 05
|
#13796427 · 11 May 2009, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი რუკებიდან საქართველოს მიწები დღესაც ქრება(!)"
"პრეზიდენტს ბაზაში მისვლისას და მერე ჯარისკაცებთან საუბრისას სხვადასხვა პიჯაკი აცვია"
ამას წინათ ერთმა ცხინვალელმა მითხრა, ომში დაკარგულ სოფლებს ორი ქართული სოფელი - კოშკა და გუგუთიანთკარი მიჰყვა, რომლებიც ქართველ ჩინოვნიკთა ბედოვლათობის გამო ომის შემდგომ დავკარგეთო. ამ საკითხში გასარკვევად ცხინვალელ გელა ზოზიაშვილს დავუკავშირდი, რომლის მეუღლეც სწორედ უცნაურად "დაკარგული" ქართული სოფლის მკვიდრია. - ჩემი მეუღლე სოფელ კოშკადანაა და ამიტომაც ვიცი იქაურების გასაჭირი. მითხრეს, დამკვირვებლები მოვიდნენ და როდესაც ვუთხარით, ვერც საქონელი გაგვყავს საბალახოდ, ვერც ბაღებს ვამუშავებთ და სასაფლაოზეც ვერ გავდივართო, რუკას დახედეს და გვითხრეს, კოშკასა და გუგუთიანთკარს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, რადგან რუკაზე არ არის დატანილიო. მოსახლეობის დაწყნარება ძლივს შევძელი. მერე ევროკავშირის დამკვირვებლებს ჰკითხა მოსახლეობამ, რატომ არ არის ეს ორი სოფელი რუკაზე, როდესაც ყოველთვის გორის რაიონს ეკუთვნოდაო. მას შემდეგ ევროკავშირის დამკვირვებლები კიდევ რამდენჯერმე ჩავიდნენ იქ, მაგრამ ვერ მიაკვლიეს, ვინ აჩვენა იქაურებს რუკა, სადაც ორი ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთზეა მითვლილი. ძველი რუკები აქვს მოსახლეობას, სადაც კარგად ჩანს, რომ ეს ორი სოფელი ყოველთვის გორის რაიონს ეკუთვნოდა. რამდენიმე ოჯახი, რომელთა სახლებიც პირობით საზღვართან ახლოს იყო, ისედაც გამოსულია იქიდან. გლეხს თუ საქონელი არ ჰყავს და ვერც ბაღში გადის, დატოვებს იქაურობას, აბა რას იზამს?რატომ უნდა აღმოჩენილიყო ორი ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, ამის გარკვევა ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან ვცადეთ. მამუკა არეშიძე ორი ქართული სოფლის ამბის გარდა ხელისუფლების პიარსვლების ლაფსუსებზეც გვესაუბრა:
- ასეთი რუკები მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაკეთდა. უცხოელ ექსპერტებს ვერ დავადანაშაულებთ, რომ ქართული რუკიდან ზოგიერთი დასახლებული პუნქტი ქრება. ორი ასეთი შემთხვევა ვიცი: ერთია საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც 600 ჰექტრამდეა გამქრალი რუკიდან და მეორე - კოშკა და გუგუთიანთკარი. მინახავს იმ რუკის ასლი. რომ დახედოთ, თვალნათლივ ჩანს შეზნექილი საზღვარი. სოფლები სამხრეთ ოსეთს არის მიკუთვნებული. საქართველო-სომხეთის საზღვარზე საქართველოს რუკიდან 600 ჰა-ს გაქრობის მიზეზიც ვიცი. ვიღაც ადგილობრივმა ხელმძღვანელმა გაყიდა და ეს იქაურმა მოსახლემ, გვარად გაბრიელიანმა აღმოაჩინა. რა მოხდა კოშკა-გუგუთიანთკარის შემთხვევაში, ვერ გეტყვით. საქართველოს რუკიდან რომ ტერიტორიები ქრება, ახალი ამბავი არ არის. 90-იან წლებში ასე ყვარლის რაიონში დაიკარგა ტერიტორია, ჯერ "ზეპირად", მერე - რუკაზეც. 1984 წელს რუსეთს ტერიტორიები გავუცვალეთ. ჩვენ ყვარლის რაიონში საძოვრად მთა მივეცით, ამის სანაცვლოდ რუსეთმა საძოვრები ყიზლარის ტერიტორიაზე მოგვცა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყიზლარიდან ფეხი ამოგვაკვეთინეს, ყვარლის რაიონში მდებარე მთა კი რუსეთს დარჩა. გახსოვთ, ალბათ, სოფელ ფიჭვნის ამბავიც. იქ, სადაც საზღვარი დემარკირებული არ არის, ასეთი შემთხვევები ხდება, მაგრამ კოშკა-გუგუთიანთკარის შემთხვევაში ხომ საზღვარზე არ არის ლაპარაკი? ვინ გააკეთა ეს და რატომ, გაუგებარია. არადა, ისე ხელოვნურად არის მითვლილი სამხრეთ ოსეთს, რომ დიდ დაკვირვებას არ საჭიროებს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების ჩარევით გაკეთდა, რადგანაც ეს სოფლები გარკვეულ სიმაღლეზე მდებარეობს. ალბათ, იყო გათვლა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მაღლობი ქართულ მხარეს არ ყოფილიყო. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ორივე არც ისე მდიდარი სოფელია და არც მოსახლეობაა მრავალრიცხოვანი, რომ ახალგორივით გამოიყენონ და შექმნან წარმოდგენა, აქაოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველები ცხოვრობენო. უიოლესია ამ რუკის წარმომავლობის დადგენაც და იმის გარკვევაც, ვინ შეადგინა. თუ ამ საქმეს მოვუყრუებთ, ერთი კი არა, მალე სხვა რუკებიც გაჩნდება. შესაძლოა, ამას ხელი შეუწყოს ამ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების განლაგებამაც. ეს მონაკვეთი უსათუოდ საკამათო გახდება. რუსები, ცხადია, იმ რუკით დაიწყებენ აპელირებას, რომელიც ვახსენე, მაგრამ ხომ არსებობს ძველი რუკებიც?
- სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების გამოჩენა და ინფორმაცია, რომ რუს სამხედროთა რაოდენობა გაიზარდა, ზოგმა მუხროვანის ინციდენტს დაუკავშირა. - ცხადია, კონფლიქტის ზონაში სამხედროთა აქტივობაა, მაგრამ სამხედრო სპეციალისტები ამას არ არქმევენ შეტევითი ოპერაციის წინა პირობას. არ არის გამორიცხული, იქ მყოფ საჯარისო ნაწილებში იყო მზადება ექსტრემალური ვითარებისათვის. ექსტრემალურ ვითარებაში შეიძლება თავდასხმაც ვიგულისხმოთ და თავდაცვაც. ძნელი სათქმელია, რა ბრძანება ჰქონდათ რუს სამხედროებს. როგორც მითხრეს, შეინიშნებოდა მათი გადაადგილება კონფლიქტის ზონაში, მაგრამ მიჭირს, ეს მუხროვანის ამბავს დავუკავშირო. ცხადია, რუსი ჯარისკაცების გადაადგილება და მესაზღვრეების ჩაყენება უშუალო კავშირშია საქართველოში დაწყებულ ნატო-ს წვრთნებთან. ჩვენი მეზობელი არ მოისვენებს, რადგან მიზნად აქვს დასახული ამ ტერიტორიაზე გამარჯვებას მიაღწიოს, მაგრამ ამას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. უპირველესად ის, რომ საქართველოში არ ჰყავს დასაყრდენი პოპულარული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი გაჰყვება. არ არის გამორიცხული, გავლენის აგენტურის მეშვეობით შეძლოს ვითარების გამწვავება პანკისის ხეობაში, ჯავახეთში ან თუნდაც რომელიმე საზოგადოებრივ პოლიტიკურ უწყებაში.
- ჩვენ ვნახეთ ჩანაწერი, სადაც გია ღვალაძე ამბობს, რუსების კოლონა შემოვა საქართველოშიო. - ჩემთვის, ტელევიზიის სპეციალისტისთვის, ეს ჩანაწერი სპექტაკლია. ხმის რეჟისორის გამოჩენაღა აკლდა, რომელიც დარბის და მიკროფონებს ასწორებს.
სხვა მხრივ კი ჩვეულებრივი სტუდიური გადაღება იყო, რამდენიმე (ჩემი ვარაუდით, სამი) კამერით, სადაც ყველას მიკროფონი ჰქონდა დამაგრებული - კითხვის დამსმელსაც და მოპასუხესაც. ჩანაწერით ჩანს, ერთი ღვალაძე ყოფილა ქვეყნის დამქცევი და სხვები კი აგენტები, რადგან მათი სახეები დამალულია. ღვალაძე ისეთი იდიოტი აღმოჩნდა, რომ ყველა აგენტი შეაგროვა და მათ ელაპარაკებოდა. უცნაურია მისი ნაამბობი. თქვა, რომ შეხვდა ჯონი ფირცხალაიშვილს, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში არ არის. ასევე შეიძლება "ენახა" ღვალაძეს ის გენერლებიც, რომელთა გვარებსაც ახსენებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ღვალაძე ოფიციალურ ტექსტს (იმას, რაც უნდა ეთქვა) თავისას ამატებდა. სურდა, ოპოზიცია რუსეთთან დაეკავშირებინა, მაგრამ ვერ შეძლო. საწყენია, რომ ამის გამკეთებლები ქართველ საზოგადოებას იდიოტებად გვთვლიან და ასეთ არაპროფესიულ ფალსიფიკაციას გვაჩვენებენ. არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, მუხროვანის ბატალიონს დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა, მაგრამ თუ დააკვირდებით ყველაფერს, სხვანაირი სურათი ჩანს. ჩანაწერში ჯერ ვხედავთ, რომ პრეზიდენტს ბაზაში მისვლისას და მერე ჯარისკაცებთან საუბრისას სხვადასხვა პიჯაკი აცვია. გაიხსენეთ, როდესაც პრეზიდენტი დაცვასთან ერთად კიბეზე ადის. პრეზიდენტის წინ ავტომატიანი დაცვის წევრი მიდის დაძაბული სახით. ყველაფერს გაფაციცებით აკვირდება, ყველა კუთხეში იხედება და ამ ყველაფერს კამერა ზემოდან იღებს. ე. ი. ოპერატორი დაცვის წევრზე წინ ასულა და არავინ დასხმია ხომ თავს?
პრეზიდენტის მონათხრობი გაიხსენეთ. ამბობს, ყველა სიმაღლე დაკავებული გვქონდა და მუხროვანის ბატალიონის გარშემო არტილერია იდგაო. თუ ასეა, როგორ გაიპარა რამდენიმე სამოქალაქო პირი, რომლებიც თურმე ბატალიონის ტერიტორიაზე იყვნენ? ვერ გავიგე, რა ხდება. ან თუნდაც ვახტანგ მაისაიას დაპატიმრება ავხსნათ. მას კარგად ვიცნობ. კაცი თავს ძმაზეც ვერ დადებ, მაგრამ რა ლოგიკით აკავშირებენ მაისაიას რუსულ სპეცსამსახურებთან? იმ სატელეფონო ჩანაწერით, რაც მოგვასმენინეს, დაკავშირება ძნელია. სატელეფონო ჩანაწერში ისმის, რომ მაისაია გერმანული ან ბალტიისპირული აქცენტის მქონე პირს ელაპარაკება და ეუბნება, ეს ინფორმაცია ინგლისურად უნდა ვთარგმნოო. რაკი ინგლისურად უნდა ეთარგმნა, ხომ შეიძლება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის მუშაობდა?! იმით, რაც გვაჩვენეს, რუსული კვალი არ ჩანს. ან, შესაძლოა, რაღაც აქვთ და ბოლომდე არ გვაჩვენეს. შესაძლოა, მაისაიაზე ეჭვი გაჩნდა იმის გამო, რომ ვიღაც უცნობი მას ფულზე ელაპარაკებოდა. ასევე იმიტომაც, რომ დაშიფრულად აგზავნიდა ტექსტს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ტელევიზიით გვეუბნებიან, რუსეთზე მუშაობდაო, ამიტომ უნდა დავიჯეროთ? იდიოტებად გვთვლიან? მაისაიას ეტყობოდა, რომ წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრი ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიის მომხრე და მხარდამჭერია. მათ ვეკითხები, არ ახსოვთ, როგორ აიძულა უშიშროებამ ზვიად გამსახურდია "დანაშაული ეღიარებინა"? თუ ერთხელ შეიძლება ასეთი რამ გააკეთოს სპეცსამსახურმა, რატომ არ შეიძლება სხვა დროსაც მიმართოს იძულებას. გარდა ამისა, მაეჭვებს ტერმინი "სამხედრო ექსპერტი", რომელიც ვახტანგ მაისაიაზე ითქვა. მაისაია არ ყოფილა სამხედრო ექსპერტი და დააკავეს თუ არა, მაშინვე გამოჩნდა ეს ტერმინი. ესეც პიარსვლაა, რომ გაამყარონ მისი საწინააღმდეგო არგუმენტები. რეგიონებში ეს მეთოდები ჭრის, თბილისზე კი ისედაც ხელი აქვთ ჩაქნეული... - რას იტყვით პოლიტიკურ პროცესებში ჟურნალისტების მონაწილეობაზე? - ამ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტები ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ეს ჩვენი უბედურებაა. როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ მომიტინგეები, რომ ავალიანი, რომელიც კარავს ეჯაჯგურებოდა, ჟურნალისტი იყო თუ თავდამსხმელი, მას ხომ არც მიკროფონი ჰქონდა ხელში და არც კამერა? მანამდე, 9 აპრილს, პოლიციელმა ტელევიზიის კიბესთან გალახა "ახალი ვერსიის" ჟურნალისტი, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. მაშინ ჟურნალისტი გოგონა დაეცა და თავი დაარტყა. რამდენი ჟურნალისტი გაილახა მას მერეც, რამდენს დაუმტვრიეს კამერა, მაგრამ ხელისუფლებამ რეაგირება მაშინ მისცა, როდესაც მის ჟურნალისტს შეეხნენ. პოლიციის სამმართველოსთან ინციდენტისას პირველი არხის ჟურნალისტი დაშავდა და ამასაც საგანგებოდ გაესვა ხაზი, მაგრამ ის აღარავის უთქვამს, ის გოგონა სპეცრაზმელების ნასროლმა საგანმა რომ დააზარალა. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტების 90% უსამართლოდ იჩაგრება, მაგრამ ვიცი, რომ ჟურნალისტების 10%-ს დავალებული აქვს, პროვოცირება მოახდინოს. ასეთი იყო ის შემთხვევა, როდესაც ათჯერ დაუსვა ჟურნალისტმა გოგა ხაინდრავას ერთი და იგივე კითხვა. გული მწყდება, რომ ასეთ რაღაცებში ჩემი ყოფილი სტუდენტებიც მონაწილეობენ.
This post has been edited by anatoreli on 11 May 2009, 12:06
--------------------
(გადავიწეროთ პიჯვარი სამჯერ)
წითელი ვარდი და რევოლუცია
ვერვინ იტყოდა სათქმელს ამგვარად რაც თქვა ქართულმა ევოლუციამ უფალმა სისხლი აღარ დაღვარა მხოლოდ ვარდი!!! და რევოლოცია
|