სამოქალაქო საზოგადოება 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/84803.htmlსამოქალაქო საზოგადოება 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების მანძილზე, საბჭოთა ტრადიციების ინერციით, ამ დღეს იმართებოდა სამხედრო აღლუმი, რაც ქართული საზოგადოების მხრიდან არაერთხელ შენიშვნისა და კრიტიკის ობიექტი იყო.
განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია მიზეზები, რომელთა გამოც აღლუმი არ უნდა გაიმართოს:
„წელიწადი არც კი გასულა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტრაგიკულ ომს და ეხლა ზეიმის დრო არ არის. მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარე საფრთხეები რეალურია, გაუმართლებელია ამ ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და ტექნიკისათვის დისლოკაციის ადგილის შეცვლა და ამით თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტება. მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია სამხედრო აღლუმისთვის დამატებითი თანხების ხარჯვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიზეზთა შორის ასევე დასახელებულია შიდაპოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომლის პირობებშიც, განცხადების ავტორთა აზრით, აღლუმის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.
„მეტიც, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული კრიზისი. ზოგადად, სამხედრო აღლუმების ჩატარება ასოცირდება არადემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკასთან, რისი მიზანიცაა ძალის დემონსტრირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები მიმართავენ ხელისუფლებას, არ ჩაატაროს სამხედრო აღლუმი და შესაბამისად გამიზნული თანხები მთლიანად ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს გადასცეს.
განცხადებას არჩილ გეგეშიძე, გია ხუხაშვილი, გიორგი ცხვიტავა, ირაკლი სესიაშვილი, ირინა ფუტკარაძე, კახა კაციტაძე, კობა ბოჭორიშვილი, ლადო პაპავა,
ლაშა ბლიაძე, ლია მუხაშავრია, ნანა კაკაბაძე, ნინა ხატისკაცი, ნინო ციხისთავი, რამაზ საყვარელიძე, შალვა თადუმაძე, სოსო ცისკარიშვილი, თამარ ჩიქოვანი, თეონა აქუბარდია, უჩა ნანუაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზურაბ აბაშიძე და ზურაბ ფუტკარაძე აწერენ ხელს.