http://www.geotimes.ge/index.php?m=home&la...eo&newsid=16413ინტერვიუ
თემურ მირიანაშვილი: კაცი, რომ ჰალსტუხს შეჭამს, როგორ შეიძლება მის ნორმალურობაზე ვილაპარაკოთ?
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო გადატრიალებას "ვარდების რევოლუცია" დაარქვა და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა. გაჩნდა ვერსია იმის შესახებაც, რომ "ვარდების რევოლუციით" მოსული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა 2009 წლის დასაწყისისთვის აღარ იყოს ქვეყნის პირველი პირი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი, თემურ მირიანაშვილი იხსენებს, თუ როგორ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში.
პრეზიდენტის ექს-მრჩეველი ამბობს, რომ "ვარდების რევოლუცია" გათამაშებული სპექტაკლი იყო, რომლის სცენარი ვაშინგტონში დაიწერა. მირიანაშვილის თქმით, დღეს ვაშინგტონში საქართველოსთვის ახალი პრეზიდენტის მოყვანის გეგმაც იწერება.
"ჯორჯიან თაიმსის" თემურ მირიანაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
"ჯორჯიან თაიმსი": თქვენ იყავით პირველი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს უთხრა: "ბატონო მიშა, თქვენ ხართ ცნობილი გიჟი". რა იყო მაშინ ამის თქმის საფუძველი?
თემურ მირიანაშვილი, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი: დღეს მთელი მსოფლიო მის სიგიჟეზე ლაპარაკობს. ე.ი მართალი ვიყავი. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ის არის არადეკვატური პიროვნება. ამას ლაპარაკობს მთელი მსოფლიო. კაცი, რომ ჰალსტუხს შეჭამს, როგორ შეიძლება მის ნორმალურობაზე ვილაპარაკოთ?
თვითონ სააკაშვლმა გამოაქვეყნა ფრანგულ პრესაში, რომ პუტინი გაცნობის დღიდან გიჟად მთვლისო. ბევრი ევროპელი პოლიტიკოსიც ჩემზე ასე ფიქრობს და ზოგჯერ მეც მეპარება ეჭვი, რომ ამდენ ადამიანს, რომ ასეთი ვგონივარ, მართლა გიჟი ხომ არ ვარო. შეიძლება ასეთი კაცი იყოს ქვეყნის სართავეში?
_ რა პასუხი გაგცათ მიხეილ სააკაშვილმა მაშინ თქვენს ამ განცხადებაზე?
_ არ გამცა პასუხი.
_ თქვენ იყავით ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი, რომ ყოფილიყავით მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, რას ურჩევდით მას?
_ მე არ ვიქნებოდი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, რადგან ის არავის რჩევას ყურად არ იღებს. აბსოლუტურად გაუწონასწორებელი ადამიანია და მეეჭვება ვინმეს რჩევა გაითვალისწინოს.
_ საზოგადოება ეჭვობს, რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენები წინასწარ დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა. მაშინ უშუალოდ ედუარდ შევარდნაძის გვერდით იყავით. დღეს რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?
_ გათამაშებული სპექტაკლი რა თქმა უნდა იყო. რევოლუცია ეს არ ყოფილა. რევოლუცია არის ის, რომ შეიცვლება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა. 2003 წლის 23 ნოემბერს არაფერი შეცვლილა პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის გარდა.
ამერიკელებს სურდათ სააკაშვილი და დასვეს. ამაში მათ ტელეკომპანია "რუსთავი 2" დაეხმარა. გაუკეთეს საუკეთესო პიარი. ამის დამსახურებაა დღეს, რომ მიხეილ სააკშვილია ქვეყნის პრეზიდენტი. ალბათ ახლა ამერიკა ფიქრობს, რომ ამ კაცმა უკვე შეასრულა თავისი დანიშნულება და აღარ არის საჭიროო. "ვარდების რევოლუციის" სცენარი ვაშინგტონში დაიწერა. მე ვეჭვობ, რომ ახლაც ახალი სცენარი იწერება. ნინო ბურჯანაძემ შექმნა პარტია და ამ პარტიის უკან ვინ დგას, ძალიან საინტერესოა. რატომ მე და თქვენ ვერ ვქმნით პარტიას? მიმაჩნია, რომ ამერიკა დღეს ბურჯანაძეს ამზადებს პრეზიდენტად.
_ ხუთი წლის წინ, რომ არ გამოსულიყო ედუარდ შევარდნაძე ქუჩაში და არ გაეკეთებინა განხადება გადადგომასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართებოდა პროცესები?
_ გამორიცხულია, რომ არ გადამდგარიყო. მაშინ უნდა დაღვრილიყო სისხლი. ეს კი ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის. ეს იყო აბსოლუტურად, ყველანაირად მომზადებული სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც დაარქვეს ხავერდოვანი რევოლუცია.
_ ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თუ "დაეხმარნენ" მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში?
_ არა, ნამდვილად არ ყოფილა გარემოცვის გადაწყვეტილება.
_ კი მაგრამ მან ეს გადაწყვეტლება მიიღო მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი!
_ შესაძლოა, რომ სწორედ ივანოვის ჩამოსვლამ განაპირობა შევარდნაძის ეს გადაწყვეტილება. მე არ ვარ ამ საკითხზე ინფორმირებული.
_ სკანდალური განცხადებები გააკეთა "რუსთავი 2" ყოფილმა მფლობელმა. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეროსი კიწმარიშვილის მიერ დუმილის დარღვევა? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ქვეყანის პირველი პირი სხვა იყოს?
_ შესაძლოა იანვრამდეც მოხდეს ეს ამბავი. ძალიან საეჭვოა კიწმარიშვილის საქციელი. კიწმარიშვილი არ იყო ხოტბას რომ ასხამდა სააკაშვილს? მისმა ტელევიზიამ გადაწყვიტა სააკაშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ ახლა სააკაშვილის ბედი უკვე ამერიკაშია გადაწყვეტილი.
_ მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატებად ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე სახელდებიან. გარკვეული შანსი აქვს გიგი უგულავასაცო. ჩამოთვლილი სამი პოლიტიკოსისგან, რომლი იქნება ქვეყნისთვის იდეალური?
_ ყველაზე კარგი ერთმნიშვნელოვნად ირაკლი ალასანია იქნება. რამდენად რეალურია ეს არ ვიცი. უგულავა რაც არის ეგ კი ვიცი. ის აბსოლუტურად უარყოფითი ადამიანია. ეგ შეიძლება სააკაშილზე უარესიც კი იყოს. შექება არც ნინო ბურჯანაძის შემიძლია.
_ და ბოლოს... როგორ ფიქრობთ, 2-3 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ "ნატოს" სამიტზე მიიღებს თუ არა საქართველო სამოქმედო გეგმას და "მაპ"-ის მიღების შემთხვევაში რა შედეგი ექნება ამას ქვეყნისთვის (ინტერვიუ ჩაწერილია ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე)?
_ "ნატო"-ში შესვლა მოუტანს ქვეყანას იმას, რომ შეიძლება საერთოდ მოვისპოთ. რუსეთი სულ გადაირევა.
_ მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ეს "მაპ"-ის მიღება არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, რაც კი ქვეყანამ შეიძლება მიიღოს.
_ არაფერი დადებითი "ნატო"-ში შესვლას არ აქვს. ნატო საერთოდ კაცმა არ იცის. ეს არის ერთი ამორფული არაბრძოლისუნარიანი და არაფრის გამკეთებელი ორგანიზაცია. მისი გამოყენება და მოხმარება რაიმეში წარმოუდგენელია. ჯერ არ მოინდომებენ არაფრის გაკეთებას და რომც მოინდომონ, არაფერი გამოუვათ. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი ამბობს, "მაპ"-ის მიღება ქვეყნისთვის კარგიაო. ერთი მითხარით სააკაშვილის რომელი ნათქვამი გამართლებულა? ერთი დამისახელეთ მხოლოდ. ჭკვიანური რა უთქვამს მაგ კაცს? მე არ გამიგია პირადად.
შორენა გოგოლაძე
2008.12.04 16:04
This post has been edited by IG2006 on 29 May 2009, 22:12
მიმაგრებული სურათი