dato1982
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 229
წევრი No.: 55131
რეგისტრ.: 7-March 08
|
#14192697 · 8 Jun 2009, 23:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
www.experti.ge ქვესკნელში
მე მარტო ვწურავდი ღვინოს და არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას; და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი
ესაია წინასწარმეტყველი; 63 (3)
«სოჭს მივტიროდით და გორი გაგვიხდა დასაბრუნებელი»
ტელემაყურებლის «სმს»-იდან
რა მოხდა
2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს გულში, გორის მახლობლად, თბილისი – ქუთაისის ავტომაგისტრალზე, რუსულ ბლოკ-პოსტთან, გულგრილად მზირალი რუსი ჯარისკაცების თვალწინ, ოსურმა ფორმირებებმა გააჩერეს თბილისიდან მომავალი «სამარშრუტო ტაქსი». ყველა მგზავრი გადმოათრიეს მანქანიდან, სცემეს და გაძარცვეს, ხოლო 18 წლის გოგონა მოიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. კონდახებით ნაცემი მამა და ძმა გაფითრებულნი, აცახცახებულნი, უმწეოდ, უხმოდ შეჰყურებდნენ, როგორ მიჰყავდათ კბილებამდე შეიარაღებულ ნაძირალებს საბრალო ქალწული თავიანთი ბუნაგისკენ. . . . . . . . - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ამ სტრიქონების ავტორი მაშინ, იმ საშინელ დღეებში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამაზე მეტი დამცირება, ამაზე საშინელი დამარცხება შესაძლებელი იყო. აბსოლუტურად გულწრფელად მეგონა, რომ წიგნი («ჟამი ჭეშმარიტი»), რომელიც იმ მოვლენებს მივუძღვენი, დამარცხებული ქვეყნის რეკვიემად იქცეოდა, ხოლო მომავალ თაობებს სინანულისა და განსჯის საბაბს მისცემდა მხოლოდ. მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ რეალობასთან და ბედისწერასთან შეურიგებლობა, საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა და ზოგადი უკულტურობა კიდევ უფრო საზარელ მარცხს უმზადებდა ამ საცოდავ ქვეყანას.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასეთი საზარელი მარცხი (მკითხველი მიხვდება, რომ მხოლოდ მსხვერპლსა და ტერიტორიულ დანაკარგს არ ვგულისხმობ) რაც ქართულმა არმიამ განიცადა 2008 წლის აგვისტოში, სულ რაღაც ორი-სამი დღის განმავლობაში (თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ – პირდაპირ ეთერში), ძნელად მოსაძევებელია თვით კაცობრიობის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი. ინგლისური «როიტერის» კორესპონდენტი გორიდან იტყობინებოდა: ქართველი მეომრები ქალაქიდან პანიკურად გარბოდნენ და მოსახლეობასაც მოუწოდებდნენ მათთან ერთად გაქცეულიყო. 100 წლის მოხუცმა ქალმა, ამ სურათის შემხედვარემ მითხრა: არსადაც არ გავიქცევი – რუსების არ მეშინია, მათ ჩვენთვის არასდროს არაფერი დაუშავებიათო. ეს კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა. ცხინვალსა და გორს შორის ტერიტორიაზე უცხოელი ჟურნალისტებიც და რუსი მეომრებიც პოულობდნენ ათასობით გადაგდებულ ავტომატს, აღჭურვილობას, სამხედრო ფორმასაც კი, რომელსაც პანიკურად გაქცეული ქართველი მეომრები ტოვებდნენ. შესაბამისად, ჩეჩენი საველე მეთაური, საკუთარი ხალხის ჯალათი და გამყიდველი, ნაძირალა იამადაევი რუს ჟურნალისტებს დაცინვით უყვებოდა: «მეგონა ამერიკელების მიერ გაწვრთნილ, ღირსეულ მტერთან გვექნებოდა საქმე, მაგრამ ქართველებმა ფორმა გაიხადეს, იარაღი გადაყარეს და ჩვენი გამოჩენისთანავე ტრუსების ამარა გარბოდნენო». გორის ბაზაზე სამხედრო ბრიგადის დროშაც კი დატოვეს გაქცევისას – არათუ სამხედრო ტექნიკა და იარაღი! იგივე მოხდა სენაკის ბაზაზე, სადაც მტერს ათასობით ამერიკული მ-4 დახვდა და რუსული ტელევიზია საათობით ტკბებოდა ამერიკელთა დაცინვით – ამ კურდღლებს თქვენი საამაყო ეროვნული შაშხანა როგორ მიეცითო. სენაკის ბაზა კი ორიოდე საათში დაიცალა მას შემდეგ, რაც რუსებმა სენაკის აეროდრომზე ბომბები ჩამოაგდეს. პირველნი, რა თქმა უნდა მესვეურები გაიპარნენ. რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ანატოლი ნაგოვიცინმა მოსკოვში, პრეს-კონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტ გოგონებს განუცხადა: ამერიკელებმა ქართულ არმიას ჰუმანიტარული დახმარების სახით ტუალეტის ქაღალდი და პარფიუმერია გამოუგზავნეს - ეს სწორედ ისაა, რაც ქართველ მეომრებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათო. მძვინვარე ქართველოფობი, გაგრელი სომეხი, ლავრენტი ამშენცი წერდა: კოდორის ხეობაში ქართველი მეომრები, რომლებიც ზღაპრული შეიარაღებით აფხაზურ არმიას ბევრად აღემატებოდნენ, ჩვენდა საბედნიეროდ, კურდღლების ჯოგივით მოიქცნენო. რუსეთის სამხედრო ბრიგადის მეთაურმა, ვიაჩესლავ ბორისოვმა (ასლან აბაშიძის დიდმა მეგობარმა) გორის ბრიგადის დათვალიერების შემდეგ რუს და უცხოელ ჟურნალისტებს დაუფარავი შოვინისტური ტკბობით განუცხადა: ქართველებმა არათუ იარაღის მთები დაგვიტოვეს ამ ბაზაზე, არამედ ისე მოკურცხლეს, რომ ჯარის მთავარი სიწმინდე – საბრძოლო დროშაც კი(!!!) არ წაუღიათ. ესე იგი, ამერიკელებმა ყველაფერი უყიდეს – საბრძოლო სულისკვეთების, ნებისყოფისა და ვაჟკაცობის გარდაო. თქვენ რას ეტყოდით პასუხად? კიდევ კარგი, ქართველ ტელემაყურებლებს იმ დღეებში არ ჰქონდა საშუალება თავად ეხილა, როგორ იღვრებოდა შხამად რუსული ტელევიზია ამ კადრებისა და ისტორიების გადმოცემისას. თუმცა ინტერნეტისა და თანამგზავრული ტელევიზიის ეპოქაში ინფორმაციას რა შეაჩერებს? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
სწორედ იმ დღეს, როდესაც რუსები იგოეთთან დადგნენ, გორის ცენტრში ოსური ქვედანაყოფი შევიდა ოსური დროშით, ხოლო საქართველოს რეგიონთა გუბერნატორები ამა თუ იმ რუსი გენერლის მძღოლის ფუნქციას ასრულებდნენ, ერთი ნაცნობი მიმტკიცებდა: «ჩვენ გამარჯვებულები ვართო!». ისეთი დაბეჯითებით, რწმენით, გულითადობით მიმტკიცებდა, რომ მაშინ პირველად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, შემეპარა ეჭვი საკუთარ ნორმალურობაში: ეჭვმა გამკრა – ეგება მრავალი წელია შიზოფრენიით ვარ დაავადებული და ნორმალურობა მხოლოდ მეჩვენებოდა მეთქი. გამოგიტყდებით, იმდღევანდელი მოვლენებით გატეხილსა და დათრგუნულს, ეს ნევროზული ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ ხსენებული «გამარჯვებული განწყობა» გამონაკლისი სულაც არ იყო. გამონაკლისად უფრო ჩემი განწყობა მეჩვენა. თუმცა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, მხსნელ სალბუნად მევლინება ხოლმე ერთი თანამედროვე ქართველი მოაზროვნის სიტყვები, რომ «ჩვენ ვართ პათოლოგიური საზოგადოება!». მისი სახელი და გვარია ედუარდ კოდუა. ამ მოსაზრებას ისეთი მადლიერებით ვეკიდები, როგორც სტანისლავ ლემის გენიალური «სოლარისის» გმირი ეკიდებოდა ალბათ იმ მათემატიკური განტოლების ავტორს, რომლის მეშვეობითაც იგი საკუთარ ნორმალურობაში დარწმუნდა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
იმავე დღეებში, როდესაც რუსეთის ჯარი გორიდან – თბილისისაკენ დაიძრა და დედაქალაქი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შიშით ცახცახებდა (ხშირად გაიგონებდი: «როგორც ჩვენ დავანგრიეთ და დავწვით ცხინვალი – ისე»), საბურთალოზე კიდევ ერთი ნაცნობი შემხვდა – იმ კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ძლიერ რომ ღელავს, მაგრამ მხსნელი გადაწყვეტილება მიღებული აქვს. - «რას აპირებ მეთქი» - ვკითხე. - ჩემი თანამშრომელია ერთი – სომეხი - ავლაბარში მასთან შევაფარებ თავს ოჯახთან ერთადო. - მერე და რა? – მეთქი - როგორ თუ «რა»?! - რუსები ავლაბარს არ დაბომბავენ, არ დაწვავენ და არ ააოხრებენ – მათ იციან, რომ იქ სომხები ცხოვრობენ, ხოლო სომხები მათი სტრატეგიული მოკავშირეები არიან კავკასიაში! აქვე შევნიშნავ, რომ ეს ჩემი ნაცნობი, ისევე, როგორც თბილისელთა დიდი ნაწილი, მანამდე სომხებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით არ გამოირჩეოდა. ამბავი მოგონილი ანეგდოტი არ გეგონოთ: იმ დღეს მერიაში სერიოზულად მსჯელობდნენ თბილისელი სომხებისა და რუსების დელეგაციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც თეთრი დროშებით დახვდებოდა რუსებს სადღაც დიღმის შემოსასვლელთან და ქალაქის დაწვა-დანგრევისაგან თავის შეკავებას შეეხვეწებოდა. სწორადაც იქცეოდნენ ამ თადარიგის დაჭერისას, რაკი კარგად იცოდნენ, რომ გორიდან - თავისუფლების მოედნამდე წინააღმდეგობის გამწევი და «მსროლელი» აღარავინ იყო. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ერთი ამერიკელი სენატორი ჯერ კიდევ 1994 წელს წერდა: «ქართველებმა, როგორც მე ვაკვირდები და რა დასკვნამდეც მივედი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მხოლოდ დეკლარირების უნარი გამოამჟღავნეს და არა ამ ღირებულებებისათვის რეალური ბრძოლისა». ხშირად გვესმოდა იმ დღეებში «აი, ფინეთმა იბრძოლა 1939 წელს და დღეს აყვავებული, ბედნიერი, თავისუფალი ქვეყანააო». კი, რა თქმა უნდა – იმიტომ, რომ იბრძოლა და სისხლი ღვარა. მაგრამ ვაი დამარცხებულს!!! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ ამ დღეებში რუსი შოვინისტები ტკბილი სიხარულით დიდი პოეტის სიტყვებს, რომლებმაც სხვა პოემებში უშურველად აღწერა ჩეჩენი ერის უმაგალითო ვაჟკაცობა: И дикий крик и стон глухой Промчались в глубине долины – Недолго продолжался бой: Бежали робкие грузины! М.Ю. Лермонтов «Демон» საქართველოს «მწერალთა კავშირმა» ამ სიმართლის საწინააღმდეგოდ რომ ვერაფერი გააწყო, 80-იანი წლების შუახანებში ისღა მოახერხა, მცხეთაში დადგმულ ლერმონტოვის ძეგლს მხარზე ეკლესია რატომ უდგასო – შარი მოსდო. თვით ძეგლსაც აიღებდნენ, მაგრამ შეეშინდათ – ასტაფიევი და რასპუტინი უეჭველად იტყვიან: ქართველებს ლერმონტოვი ამ მწარე სიტყვებისთვის სძულთო. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ომის მსვლელობისას, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა სენატორებმა თბილისში გამართულ პრეს – კონფერენციაზე «მხრების აჩეჩვით» გვითხრეს: ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ იმით, რომ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და «სტინგერები» მოგაწოდოთო. ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია – «ჩვენ ხომ ავღანელები და ჩეჩნები არა ვართო». კი მაგრამ აბა რა ხარ? თუ არა ხარ, მაშინ ესოდენ უსაშველო ამბიცია რატომ გაქვს? რა უნდა ეთქვათ ამის ნაცვლად: «ძვირფასო ქართველებო, თქვენ თითი არ გეტკინოთ, - ამერიკელები ჩამოვლენ და სტინგერებით ისინი იბრძოლებენ, ოღონდ თქვენ არ შეწუხდეთო?». არადა, სენატორებმა გვითხრეს ამით, რომ ამერიკელები და ამერიკა მხოლოდ იმას უჭერენ მხარს, ვინც მზად არის გაიღოს მსხვერპლი თავისუფლებისათვის; ვინც იბრძვის და სისხლს ღვრის თავისუფლებისთვის. ეს სენატორები, მათი «სტილურობისა» და ელიტურობის მიუხედავად, იმათი შთამომავლები არიან – აი უკვდავ «შესანიშნავ შვიდეულში» რომ აღწერა ჯონ სტერჯესმა. გარეგნულად დღეს თითქოს აღარაფრით ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში, მენტალურად და სოციალურად ისინი მათი წინაპრები იყვნენ. ამდენად მათთვის ბრძოლა, გამარჯვება, თავისუფლება და მსხვერპლი ერთი განუყოფელი მთლიანობაა. სხვაგვარი მენტალობა რომ ჰქონოდათ, ამერიკა დღეს ზესახელმწიფო ვერ იქნებოდა და ვერც გლობალურ ღირებულებებს შესთავაზებდა კაცობრიობას – დარჩებოდა პატარა ქვეყნად კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთით – «ახალი ინგლისის» ტერიტორიაზე. კაპიტოლიუმში, დარბაზის თავზე ამოტვიფრულია წარწერა «ყველა, ვინც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იბრძვის თავისუფლებისათვის, - იბრძვის ამერიკისათვის!» დიახ, მაგრამ «ვინც იბრძვის» და არა კონცერტებს მართავს სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს, რათა სხვას მოუწოდოს, იბრძოლოს მის ნაცვლად. «დასავლეთისა და ამერიკისგან უფრო მეტს ველოდითო». კი მაგრამ რას, რომ ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები ჩამოვიდოდნენ და იბრძოლებდნენ გორთან და სენაკთან ჩვენს ნაცვლად? მწარედ ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, ნატოსთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რომ ასე სწრაფად «ჩამოიშალა» მისი პოტენციური სამხედრო პარტნიორი და ასე იოლად დამარცხდა. ნატოს ისეთი მოკავშირე სჭირდება, რომელიც ორ დღეში არ გაიქცევა. დამოუკიდებლობა გვინდაააააა – გვესმის 20 წელია მიტინგებზე. კი მაგრამ ოჯახაშენებულო, იბრძოლე მაშინ თუ მართლა გინდა; აბა უბრძოლველად ვინ რას მოგცემს? ვინ რატომ არის ვალდებული შენს ნაცვლად ღვაროს სისხლი? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ისე, ხანდახან ვფიქრობ: როგორ გგონიათ, ჩეჩნებს რომ ამდენი იარაღი ჰქონოდათ, ანუ ის იარაღის მთები, მათ შორის უახლესი საარტილერიო სისტემები, ტანკები, ჯავშნოსნები, უახლესი ნაღმსატყორცნები, ტყვია-წამლის თითქმის ულევი მარაგი და ა.შ, რომლებიც რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა უბრძოლველად წაიღეს სენაკიდან და გორიდან ხითხითით, - როგორ გგონიათ, რამდენ წელს იომებდნენ კიდევ? ყოველ შემთხვევაში ომი ორ დღეზე მეტს რომ გაგრძელდებოდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - თითქოსდა წვრილმანია: ვინ დაარქვა ოპერაციას «წმინდა ველი» მაშინ, როდესაც ეს სახელწოდება რუს «გველ პროპაგანდისტებს» საშუალებას აძლევდა იგი ეთარგმნათ, როგორც «სუფთა ველი» და საქართველოსათვის ეთნოწმენდის მცდელობა დაებრალებინათ? ასეთი «წვრილმანები» კიდევ ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე მსჯელობა ნამდვილად არ ღირს. არ ღირს, რაკი უსაგნოა. და მაინც: საოცარი რამ მოვისმინე და წავიკითხე: «როკის გვირაბი რომც აგვეფეთქებინა, რუსები ლარსიდან შემოვიდოდნენო» რაო, საიდან შემოვიდოდნენო? ლარსიდან? ხევიდან?!!! ძვირფასო მკითხველო, ყაზბეგიდან – ორჯონიკიძეში თუ გიმგზავრიათ? ერთი ვიწრო გზა მიდის ხევში, მანქანები გვერდს ძლივს უქცევენ ერთმანეთს - ცალ მხარეს უფსკრულია, მეორე მხარეს თვალუწვდენელი მთები. აქედან შემოვიდოდა ტანკების კოლონა?!!! იქ ტანკების შეჩერებას ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული ათი მეომარი ეყოფა – საკმარისია მეწინავე ააფეთქო და . . . . . . . თუ ათი მეომარიც არ მოიძებნა, მაშინ საკმარისო გზა დანაღმო. ამას რომ ჯარი ვერ მოახერხებს, ამას რომ მთელი გენერალური შტაბი ვერ მოახერხებს (თვეში ათიათასლარიანი ხელფასებით და განვადებით შეძენილი მერსედესებით) . . . . იქ საერთოდ უაზრობაა ლაპარაკი ყველაფერზე. აბსოლუტურად ყველაფერზე!!!
|