ეს იდო უკვე აქ?
საქართველოს ხრავენ!
«რაზე უნდა იფიქროს კაცმა, თუ არა ღალატზე»
XX საუკუნეში საქართველომ დიდი ტერიტორია დაკარგა. 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორია და საზღვრები დღევანდელთან შედარებით ერთი მესამედით მეტი იყო. ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი საკუთარზეო. როგორც ჩანს, ქართველებს ეს გამონათქვამი არ გვესადაგება. ეტყობა, ჩვენ არც ერთ კატეგორიას არ ვეკუთვნით, რადგან საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერი ვისწავლეთ. 1991-92 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) ეთნოკონფლიქტების მიზანი ხომ საქართველოს ხელახალი გადანაწილება და საზღვრების ცვლილება იყო?! ვერც ეს ავირიდეთ თავიდან და ვერც 2008 წლის 8 აგვისტო. რუსული დიპლომატია, აშკარად თუ ფარულად, იმპერიულ პოლიტიკურ კურსს ატარებს. ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ საკითხავი ის არის, ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა დაიცვას. საქართველოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკაში 15 წლის წინ და 2008 წელს დაშვებული შეცდომების გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გავლენა მთლიანად დაკარგა. მართალია, ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს იურიდიულად საქართველოს საზღვრებში განიხილავენ, მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, ბოლო დროს მათ თვალსაზრისსაც ბზარი შეეპარა. ასე რომ არ იყოს, გაეროს გენერალური მდივანის პან გი მუნისთვის სახვეწარი არ უნდა გვქონოდა, რომ რეზოლუციების ტექსტებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინა. ჩვენი ხელისუფლების უნიათობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვისაც არ ეზარება, საქართველოს ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.
ქართული დიპლომატიის მკვლევარი სიმონ კილაძე: «რამდენიმე ხნის წინ სომხურ მედიაში გამოქვეყნდა ერევნის ანალიტიკურ ცენტრ "«მიტკის"« წარმომადგენლის, ისტორიკოს ვაე სარქისიანის ვრცელი გამოკვლევა. მისი დასკვნით, დღეს სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია და როცა ორმხრივი სასაზღვრო კომისია მუშაობას შეუდგება, ეს უსამართლობა უნდა გამოსწორდეს(!).
რუსეთთან სასაზღვრო საკითხების გარკვევის პროცესიც საკმაოდ გაჭიანურდა. როგორც რუსული პრესის მასალებით ირკვევა, ბოლო ხანებამდე საქართველო-რუსეთის დიდ დავას საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი იწვევდა. თითქოსდა რუსეთმა წარმოადგინა ტოპოგრაფიული მასალა, რომლის თანახმად, კავკასიის მთავარ ქედზე გამავალი საზღვარი აგეფსთის მთიდან მდინარე ფსოუმდე სქემატურად სულ სხვა მიმართულების მქონეა, ვიდრე ეს ქართულ რუკებზეა ასახული.
2008 წლის 26 ნოემბერს აფხაზი სეპარატისტების პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, "აფხაზეთ-რუსეთის საზღვარმა უნდა გაიაროს კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, დონღუზ-ორუნბაშის მთიდან გვანდრის მთამდე, შემდეგ უშუალოდ კავკასიის მთავარ ქედზე აგეფსთის მთამდე, მდინარე ფსოუზე და შავ ზღვაში მის შესართავამდე".
თითქმის იგივე შეიძლება ითქვას საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთით, კავკასიის მთავარ ქედზე გადის. მართალია, როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან ("ნიჟნი-ზარამაღთან") რუსი მესაზღვრეები დგანან, მაგრამ ბოლოდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, აქ არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ფორმალური, სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ოსი სეპარატისტების ოცნების თანახმად, ორი ოსეთის გაერთიანებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.
ამასობაში კი მოსკოვი "დამოუკიდებელი" აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ რუკებს ამზადებს. რუსული სასაზღვრო ჯარები უკვე განლაგდნენ მდინარე ენგურთან, ცხინვალის სამხრეთით, ახალგორის რაიონში».
მარიონეტულმა რეჟიმმა სოფელ ქარძმანში საგუშაგო გახსნა. როგორც ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი იური ტანაევი ამბობს, პოსტის გახსნამდე ქართული ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები ამ მონაკვეთზე დაუბრკოლებლად მიმოდიოდნენ.
სოფელ ქარძმანში 44 ქართული ოჯახი ცხოვრობს. შეიარაღებულმა ოსებმა ააწიოკეს ქართველი მოსახლეობა: წაართვეს პირუტყვი და რამდენიმე ოჯახს მარანიც დაუწვეს(!).
ჩანს, ოსეთის «ისტორიული საზღვრების» გაფართოება ქარძმანისა და მიმდებარე ტერიტორიების მიტაცებით არ დამთავრდება. რამდენიმე თვის წინ გაზეთ «პულს ოსეტიაში» გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით «ყაზბეგის საკითხი». ამონარიდი სტატიიდან: «თრუსოსა და გუდისის ხეობები, ასევე კობის ქვაბული, რომელიც ამჟამად ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის, ანუ საქართველოს შემადგენლობაშია და რომელიც 54 კილომეტრით არის მოშორებული ვლადიკავკაზისგან, ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაა, რომელიც სტალინმა 1922 წელს საქართველოს უკანონოდ მიუერთა. წლების მანძილზე თრუსოს ხეობაში მცხოვრებ ოსებს ქართველები გარე სამყაროსაგან იზოლაციაში ნელ-ნელა აქცევდნენ, ავიწროებდნენ, დევნიდნენ. ქართველების მიერ ოსების დამცირებამ კი პიკს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მიაღწია. მაშინ ქართველებმა თრუსოს ხეობაში ოსების ეთნოწმენდა მოახდინეს. რუსეთმა არ უნდა დაკარგოს ეს ტერიტორია, რომელიც არაკანონიერად შევიდა საქართველოს შემადგენლობაში და რომელსაც აქვს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა».
მამუკა არეშიძე: - ასეთი წერილები ოსურ გაზეთებში რუსულ-ქართული ომის დამთავრების შემდეგ გახშირდა. «პულს ოსეტიი» პროვინციის გაზეთი რომ ყოფილიყო, სტატიაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ გაზეთი დუმის დეპუტატ არსენ ფაძაევის საკუთრებაა. კარგად მახსოვს, საქართველოში ჩამოსული ფაძაევი როგორ ელაქუცებოდა ქართველ კოლეგებს, მაგრამ გადეპუტატდა თუ არა, ძალზე ანტიქართველი გახდა. ამ გაზეთში სხვა სტატიებიც დაიბეჭდა «სპეციალისტების შეფასებებითა» და «ექსპერტების დასკვნებით». ეს რომ ფაძაევის გონების ნაჟური არ არის, ცხადია. ამუშავებულია კლასიკური პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ორიენტირებულია სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე, თითქოს ეს კუთხე ოსურია. ასეთი ტიპის წერილებს აფხაზეთზე მე-19 საუკუნიდან აქვეყნებდნენ რუსი მოხელეები და შესაბამისი პროდუქტიც მიიღეს. რას აკეთებს ჩვენი დაზვერვა? ამ პუბლიკაციების ამბავი ჩვენი ხელისუფლებისაგან არც გვსმენია, ინგუშებმა გაგვაგებინეს. ისინი კარგა ხანია ცდილობენ, ეს ამბავი საქართველოში ვინმემ ყურად იღოს».
ხელისუფლებას ყურადღება რატომღაც არც ლარსის გამშვები პუნქტის ცალმხრივად გახსნაზე გაუმახვილებია. ნეტავი განახვათ, რამხელა ტერმინალი გააკეთეს იქითა მხარეს რუსებმა. არ არის გამორიცხული, ამ უზარმაზარმა ტერიტორიამ მალე სხვა ფუნქცია შეიძინოს. მართალია, რუსებს ბაზის პრობლემა არა აქვთ (ვლადიკავკაზსა და მოზდოკში უზარმაზარი ბაზებია), მაგრამ ეს სასტარტო ბაზაც არ იქნება ზედმეტი. საქართველოს სამხედრო გზა სამხედრო შეტევითი ოპერაციებისთვის არ ვარგა, მაგრამ ყაზბეგის რაიონის დასაკავებლად ნამდვილად გამოდგება. კარგად გვახსოვს, ყაზბეგის მოსახლეობას რომ განსაკუთრებული შეღავათები დაუწესეს, საზღვრის გადალახვისთვის ვიზებსაც არ სთხოვდნენ. ამას რუსები კეთილშობილურ ჟესტად ასაღებდნენ, სინამდვილეში რა ჩანაფიქრი აქვთ, ადვილი მისახვედრია. შესაძლოა, ყაზბეგის რაიონი განსაკუთრებული მოქმედების ზონადაც გამოაცხადონ. ლარსის გახსნა პირდაპირ სომხების ინტერესებს უპასუხებს. ლარსის დაკეტვის შემდეგ ხომ გაცილებით ძვირი უჯდებათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა.
საზღვრებზე ამ ვითარებას ემატება ერთი უცნაური რამაც: უცებ ვიღაც გაზს უწყვეტს ყაზბეგის მოსახლეობას, რომელიც უკმაყოფილებას უკვე აშკარად გამოხატავს. ისედაც სულ ამბობენ, რუსებმა გაზი იაფად მოგვცესო. ეს მართალი არ არის, მაგრამ როცა ოფიციალური პროპაგანდა დუმს, არაოფიციალური აკეთებს საქმეს. მალე სხვა პროპაგანდისტული თუ სხვა ხასიათის მანევრებიც ამოქმედდება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, ონის რაიონში რას სჩადის ხელისუფლება."
რუსეთ-საქართველოს ოფიციალური საზღვარი მამისონის უღელტეხილის თავზე გადის. ონის რაიონის სოფელი გლოლა ბოლო დასახლებული პუნქტია მამისონის უღელტეხილამდე. სოფელ გლოლასა და მამისონის უღელტეხილს ერთმანეთთან აკავშირებდა ნიკოლოზის ხიდი, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა, თუმცა თვითმხილველები სულ სხვა რამეს ამბობენ.
დავით უსუფაშვილი: - წესით, ქართველი მესაზღვრეები იქ უნდა იყვნენ განლაგებული, სადაც მეტეოროლოგიური სადგურია. როგორც მოსახლეობამ გვითხრა, შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულს მესაზღვრეები ონში ატარებენ. მათი დისლოკაციის ადგილიდან კი საზღვრამდე ერთ საათზე მეტი სავალია. წელსაც ხიდის გაღმა მამისონის უღელტეხილამდე მესაზღვრეები არ გამოჩენილან. ამ 4-5 დღის წინ კი გლოლაში ქართველი ძალოვნები (მოსახლეობა დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ იყო ეს ხალხი - ჯარი, სოდ-ი თუ პოლიცია) გამოჩნდნენ. უთქვამთ, პოსტის დასაკავებლად მივდივართო. ნაცვლად ამისა, მეორე დღეს ხიდი ააფეთქეს.
- ოფიციალური სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ ხიდი ჩაინგრა.
- ხიდი აფეთქებულია და არა ჩანგრეული. მართალია, ხიდი ძველი იყო, მაგრამ დასანგრევი არაფერი სჭირდა. ამ ხიდით რამდენიმე სოფელი მდინარის გაღმა საძოვრებზე გადადიოდა.
- ხიდის აფეთქება რუსულ საფრთხესთან ხომ არ იყო დაკავშირებული?
- ნიშანი იმისა, რომ ხიდამდე რუსები იყვნენ ჩამოსული, არ შეინიშნება. ტერიტორიას ქართველი სამხედროები აკონტროლებდნენ. რაც მთავარია, მდინარის გადალახვა მძიმე ტექნიკას ხიდის გარეშეც შეუძლია. იმავე საღამოს ჯარისკაცები ონში ამბობდნენ, პირველ ცდაზე ვერ მოვახერხეთ ხიდის აფეთქება, მხოლოდ მეორე ცდაზე გამოგვივიდაო. ახლა მოსახლეობას ჰპირდებიან, ხიდს მალე აღვადგენთო, მაშ რატომღა ააფეთქეს?
მთელი 20-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი მიტოვებულია. მესაზღვრეებმა სასაზღვრო პუნქტი მდინარის აქეთა მხარეს, სოფელ გლოლასთან დადგეს. რა ხდება? ოფიციალური წერილით მივმართეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია".
იმის გასარკვევად, რა მოხდა სოფელ გლოლაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. პასუხი ძველებური - შინაგან საქმეთა სამინისტროსეული იყო - არაფერი ვიცითო! არც სხვა ჩინოვნიკები ამბობენ რამე ხეირიანს: თითქმის ყველას ერთი პასუხი აქვს: რუსები პროვოკაციას გვიწყობენო! პროვოკაციას რომ გვიწყობენ, ეს ხალხმაც კარგად იცის, საკითხავი ის არის, ხელისუფლება რას აკეთებს, რომ პროვოკაციები და საფრთხეები აარიდოს ქვეყანას.
მამუკა არეშიძე: - ცოტამ თუ იცის, რომ შარშან რუსებმა დაატოვებინეს ეს საზღვარი ქართველ მესაზღვრეებს, აიძულეს, ერთი კილომეტრით აქეთ გადმოწეულიყვნენ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ახლა კი მთელი ოცკილომეტრიანი ზოლი მიატოვეს. გადმოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ჭანჭახზე გადებულ ნიკოლოზის ხიდზე, ეს ხიდი ააფეთქეს და სოფელ გლოლაში დაიმალნენ. რაზე უნდა იფიქროს კაცმა, თუ არა ღალატზე? თუ ასე გაგრძელდა, რუსები ნელ-ნელა მიითვისებენ ამ ტერიტორიას! სოფელი ფიჭვები ასე არ დაიკავეს, დემარკირებული გვაქვს საზღვარი თუ რა? ვიდრე ომის ხაფანგში გავყოფდით თავს, უმჯობესი იყო, საზღვრების დემარკაცია მომხდარიყო რუსეთთან, სომხეთთან ან აზერბაიჯანთან მაინც დაესრულებინათ ეს პროცესი. ჩვენი უნიათობით ყვარლის რაიონშიც დავკარგეთ ტერიტორია და სომხეთ-საქართველოს საზღვართანაც (600 კვადრატული კილომეტრი).
სომხეთ-საქართველოსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებთან სხვა ვითარებაა, რუსეთის პოლიტიკა კი სხვაგვარი. ნელ-ნელა მიწოლით ტერიტორიების დათრევა რუსული ტაქტიკაა. კონფლიქტის ზონებში ნელ-ნელა წინ გადმოდის პოსტები. ამავე დროს რუკაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არის შედგენილი, კონფლიქტურ ზონაში ქართული სოფლები გულუზიანთკარი და კოშკაა მოქცეული. ორივე სოფელი მუდამ გორის რაიონს ეკუთვნოდა და ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია? რა ხდება, ხალხო? ამას ხომ უცხოელები თვითნებურად არ გააკეთებდნენ? აშკარაა, რომ ხელისუფლების მითითებით გაკეთდა ეს რუკა. პატრონი და გამკითხავი სად არის? საზღვრების ცვალებადობაზე თვალის დახუჭვა სახელმწიფო ღალატია და მეტი არაფერი. მეზობლები თავისას რატომ არ გააკეთებენ, თუკი აქედან არავინ შეეწინააღმდეგება? რაც უნდა კეთილი მეზობელი გყავდეს, როცა დავარდნილი და თანაც ასეთი გულარხეინი ხარ, შეეცდება შენს ხარჯზე გაფართოებას. დიდ პოლიტიკაში ასეა. როდესაც გერმანიამ ჩეხეთი დაიპყრო, ჩეხეთის ტერიტორიებით პოლონელებმა და უნგრელებმაც კარგად მოითბეს ხელი. საბოლოოდ არც ერთს არ შერჩენია, მაგრამ ასე კი იყო. იგივე ხდება დღეს ჩვენთანაც.
სომხეთის პოზიციაც განსაკუთრებულია. ობივატელს უკვე ჩამოუყალიბეს ჯავახეთზე სტერეოტიპი. ჯავახეთთან არაფერი გამოუვიდათ (ისიც იმიტომ, რომ სომხეთის მთავრობას თავად არ აძლევს ხელს ჯავახეთში აფეთქება), ამიტომ გადაწყვიტეს, სხვა მეთოდით ემოქმედათ. ამჯერად დიდი პოლიტიკური ჯახი მიდის კავკასიაში. დალაგებული პოლიტიკური ვითარება აგვისტოს ომის მერე აირია. ერთი მხრივ, რუსეთმა და თურქეთმა, მეორე მხრივ კი თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოინდომეს რეგიონში ლიდერობა. სომხეთი ახლა საჯილდაო ქვა გახდა (ვინ დაითრევს მასზე გავლენას). აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს აღმოსავლეთ დერეფანში დარჩენაზე იბრძვიან, სომხეთი სამხრეთ დერეფანზე ჩალიჩობს, მაგრამ ისე, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველო მხოლოდ გასანაწილებლად და თავში წამოსარტყმელად სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას. რუსეთი შეეცდება, საქართველოს რაც დააკლო, ის დაუმატოს, მაგრამ სროლითა და ზარბაზნებით კი არა... პუტინმა დაღესტანში ყოფნისას ყურადღება მიაქცია გზას, რომელიც ყვარლისკენ მოდის და იკითხა, აქ ტანკები თუ გაივლისო? ცოტა ხნის წინ კი მედვედევმა ჩაატარა უშიშროების საბჭოს სხდომა მახაჩყალაში. სხდომა თითქოს დაკავშირებული იყო მახაჩყალის ტერორისტულ აქტებთან, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ საუბარი იყო საქართველოსთან საზღვრებსა და ახალ მიდგომებზე. გაიხსენეთ პანკისის ხეობაზე რუსულ მედიაში ატეხილი ცოტა ხნის წინანდელი ისტერიკა. თურმე მთათუშეთის მხრიდან ტერორისტები მიდი-მოდიან. სინამდვილეში თუშეთზეა იერიში, პანკისის ხეობა კი ხურდაა.
- ხელისუფლების გულგრილობა რას მივაწეროთ, რას ნიშნავს ყოველივე ეს?
- ამ ხელისუფლებას რომ რამე მოსთხოვო, ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. ხელისუფლებამ ყველაფერს მიაფურთხა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ დატოვა. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. ცხადია, საქმე გვაქვს არა მარტო ქართულ გულარხეინობასთან, არამედ საშინელ ღალატთან. ლაპარაკი არ არის მხოლოდ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უპასუხისმგებლობაზე, ლაპარაკია ვიღაცის ძალიან გამიზნულ პოლიტიკაზე.
ბადრი ბიწაძე: - ლარსში ორკილომეტრიანი ზოლი რუსებთან სადავო გვქონდა. საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა, ამიტომ ამ ორკილომეტრიან ზოლში ერთობლივად ვაკონტროლებდით იქაურობას. დღეს იქ ჩვენი გუშაგები აღარ არიან. ქართულმა მხარემ ლარსში სასაზღვრო სექტორი ჯერ კიდევ ამ თანამდებობაზე ჩემს მისვლამდე გადმოსწია აქეთ. მიზეზად ქვის ცვენა დასახელდა.
მამისონზე მეტეოსადგური ზედ საზღვარზე დგას, ჩვენს ტერიტორიაზე. რაკი საზღვარი იქვე, ჩრდილოეთით გადის, რუსებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ მეტეოსადგური მათ ეკუთვნოდათ. ეს ძალზე სტრატეგიული ობიექტია. აქედან კონტროლდება როგორც აღმოსავლეთი, ასევე ჩრდილოეთი მხარე, ფაქტობრივად, მთელი პერიმეტრი. ამ მეტეოსადგურიდან 5 კილომეტრში გვქონდა სხვა საგუშაგოც, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის საზღვარზე გადიოდა. რუკებიდან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად განვსაზღვრეთ, რომ მეტეოსადგური ჩვენს ტერიტორიაზე იდგა. რუსები გვეხვეწებოდნენ, სადგურს ჩვენ გავარემონტებთ და ერთობლივად გავაკონტროლოთ ვითარებაო, მაგრამ არ დავუთმეთ. ახლა კი სულ მიატოვეს საზღვარი და 18 კილომეტრით აქეთ გადმოიწიეს. ტერიტორია «უხმაუროდ» დათმეს!
ასევე დაკარგეს პოზიციები მთათუშეთში, ეგრეთ წოდებულ დაღესტნის მონაკვეთზე. სოფელ ჭეროირწოხის მიმდებარე ტერიტორია სადავო იყო. ამიტომ ჩვენ და რუსები ერთობლივად ვმორიგეობდით. ქართული სოფელი ჩვენ გვეკავა. ახლა ქართველი მესაზღვრეები იქაც აღარ არიან. ყველაზე გასაცოდავებული საზღვრისპირა პუნქტები მეზობლებში საქართველოს აქვს. ამის თაობაზე ხშირად მისაუბრია პრეზიდენტთან. როცა თავდაცვის ბიუჯეტს 200 მილიონით ზრდიდნენ, ვითხოვე, 5 მილიონი მოგვეცით სასაზღვრო პუნქტების მოსაწესრიგებლად-მეთქი. დამთანხმდა პრეზიდენტი, ახლავე დავურეკავ ნოღაიდელსო. ჩავედი ნოღაიდელთან და მითხრა, ვერ მოგცემ, არ დაურეკავს პრეზიდენტსო. ავბრუნდი ისევ. აი, ახლავე დავურეკავო, მითხრა. როცა ნოღაიდელთან დავბრუნდი, ვკითხე, პრეზიდენტმა თუ დაგირეკა-მეთქი. კიო. ე.ი. მაძლევთ 5 მილიონს-მეთქი? გიჟი ხომ არ გგონივარ, ამწუთას დამირეკა და მითხრა, კაპიკი არ მისცე მაგასო. მაინც მოვახერხეთ და რამდენიმე პუნქტი მაინც გავხსენით და პრეზიდენტი და ჟურნალისტები დავპატიჟეთ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ამ ღონისძიების გაშუქება აუკრძალა. ყველანი აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
პ.ს. სომხეთ-საქართველოს საზღვართან საინტერესო რამ მოხდა: მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ სადახლოს ბაზრობა გააუქმა. სამაგიეროდ, სომხებმა გახსნეს იქითა მხარეს ახალი ბაზრობა. როგორც იქაურებმა გვაცნობეს, სომხები ბაზრობის გაფართოებას საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ კი ყოფილი სადახლოს ბაზრობის ხარჯზე ცდილობენ და საზღვარს ნელ-ნელა წევენ აქეთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სომხეთის საზღვარი ახლა ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელის ეზოში გადის(!!!).
ხათუნა პაიჭაძე
ეკა ლომიძე
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm