ბარბაროსების მოლოდინშიკონსტანტინოს კავაფისი
თარგმანი ბერძნულიდან - მაკა ერაძე
-რას ველით აგორაზე თავმოყრილები?
ბარბაროსები შემოვლენ დღეს.
-და რატომაა სენატში არეულობა?
რას უსხედან სენატორნი და კანონებს აღარ იღებენ?
-რადგან ბარბაროსებს ელიან დღეს.
რა კანონები უნდა მიიღონ სენატორებმა;
ბარბაროსები მოვლენ თუ არა, კანონს შექმნიან.
-რას წამომდგარა დილაადრიან ჩვენი იმპერატორი
და ქალაქის ყველაზე მაღალ კარიბჭესთან
ტახტზს შემომჯდარა - საზეიმოდ, თვისი გვირგვინით?
-რადგანაც ბარბაროსებს ელიან დღეს.
იმპერატორი ელის მათ მეთაურს.
პერგამენტიც მზად ჰქონია გადასაცემად.
მრავალი ტიტული და სახელი ჩაუწერია.
-რას გამოსულან ჰიპატოსები და პრეტორები
მოქარგული,წითელი ტოგით;
რას მორთულან ამეთვისტოს სამაჯურებით,
და ბრწყინვალე,მოელვარე სმარაგდის ბეჭდით.
რად უპყრიათ ოქრო-ვერცხლით მიჯრით
მოოჭვილი ძვირფასი კვერთხი?
რადგანაც ბარბაროსებს ელიან დღეს
და ასეთი ნივთები თვალს ჭრის ბარბაროსებს.
რად არ მოდიან ღირსი რიტორნი
საკუთარი აზრის,სიტყვის სათქმელად?
რადგანაც ბარბაროსებს ელიან დღეს
მათ კი ეზარებათ გრძელი სიტყვა და სახალხო მოწოდებანი.
-რატომ დაიწყო ასე უეცრად ეს აღელვება,
არეულობა. (სერიოზული გახდა მათი სახენი).
რას დაცლილა ერთი ხელის მოსმით ქუჩები და მოედნები,
ძალზედ ჩაფიქრებულნი სახლში რად მიეშურებიან?
რადგან დაღამდა და ბარბაროსები კვლავ არ მოვიდნენ.
საზღვრებიდან დაბრუნებულთ თქვეს:
ბარბაროსები აღარ არსებობენო.
ახლა რაღა ვქნათ ბარბაროსთა გარეშე.
ისინი ხომ ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენდნენ.