ჯოზეფ ბაიდენისთვის ქართული სულის დასანახებლად ოპოზიცია თეთრებში ჩაცმული ხალხის გრანდიოზულ მიტინგს ჩაატარებს
“ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ასახელებს ადგილს, დროსა და თარიღს, თუ როდის უნდა გაიმართოს მიტინგი ჯო ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ლიდერებმა მოსახლეობის მობილიზაცია უკვე დაიწყეს. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ისინი გრანდიოზულ აქციას მოაწყობენ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს დაუმტკიცებენ, თუ როგორია რეალურად ოპოზიციის განწყობა და რა ფასეულობების მომხრეები არიან. ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამ დღისთვის მოსახლეობა სათანადოდ მობილიზებული იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიციამ უთარიღო მობილიზაცია დაიწყო.
“ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კი 9 აპრილის ორგანიზატორმა პარტიებმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელეს და მოსახლეობას ბაიდენის დახვედრისკენ მოუწოდეს - “ეს მეტად მნიშვნელოვანია ვიზიტი ემთხვევა საქართველოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკური ვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ქვეყნის შიგნით საქართველოს ემუქრება დესტაბილიზაცია, ხოლო ქვეყნის გარედან დღითიდღე უფრო და უფრო დაუცველი ხდება საზღვრები და რუსეთი ახორციელებს მცოცავ ანექსიას. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი გვაძლევს უნიკალურ შანსს, ამ კრიტიკულ მომენტში სახალხო აქციით ჩვენი პოზიცია ვაცნობოთ გარესამყაროს. გვჯერა, რომ აშშ კვლავაც განუხრელად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლანობას. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ამერიკელ მეგობრებს და მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ უცვლელია” - ნათქვამია მიმართვაში. ლიდერები აცხადებენ, რომ ხალხის პროტესტი უპირისპირდება რეჟიმს, რომელმაც, დაპირების მიუხედავად უარი თქვა თავისუფალ მედიაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, სამართლიან არჩევნებზე და ა.შ.”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საინფორმაციო მიტინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტები “პოლიციის შესახებ, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ” არის სამი ნაბიჯი ტირანიისკენ. მისი თქმით, ამ ცვლილებებს ქართველი ხალხი და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ დაუშვებს. მისი აზრით, ხელისუფლებას სურს ეს კანონები ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლამდე, სასწრაფოდ მიიღოს, რათა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდოს. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, ჯერჯერობით მათ არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად როდის ჩამოდის ბაიდენი, როგორი იქნება მისი გრაფიკი და ამიტომ ოპოზიცია ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, ადგილსა და თარიღს თუ სად უნდა გაიმართოს მიტინგი”, - წერს სტატიის ავტორი.
“მიტინგის ბოლოს გოგა ხაინდრავა ახალი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლისთვის დაგეგმილ აქციას სჯობს დაითქვას ერთი კონკრეტული დღე მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, როდესაც მთელი თბილისი ჩაიცვამს თეთრებს. გოგა ხაინდრავას შეფასებით, სწორედ თეთრებში გამოწყობილი ქართველი ხალხი ყველაზე უკეთ დაანახებს ჯოზეფ ბაიდენს თუ როგორია ქართული სული, რა არის სინამდვილეში ქართული საზოგადოების იდეალი. ოპოზიციის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ბაიდენის ჩამოსვლის შემდეგ ხელისუფლების წარმოდგენები ქართულ ოპოზიციაზე შეიცვლება. “ამ აქციის შედეგი იქნება რეკომენდაციები ამ ავტორიტარული რეჟიმის მისამართით და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ეს აქცია აუცილებლად უნდა გაიმართოს, რადგან ვიზიტის დროს მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მიმართული”, - ამბობს კახა კუკავა. ნინო ბარჯანაძის თქმით კი, “ერთადერთი შედეგი არის ის, რომ ბაიდენმა ზუსტად გაიგოს, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში და როგორია ოპოზიციის რეალური განწყობა, რადგან ხელისუფლება მილიონებს ხაჯრავს, რომ დასავლეთს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/102579.htmlმდაას!
მაგარი აჭრილები არიან