სასიხარულო ამბები კარგია, მაგრამ პროფესიონალური განხილვაც გამოვურიოთ:
http://banksandfinance.ge/society/523-interviu-totadze.html(ინტერვიუ პროფესორ ანზორ თოთაძესთან)- საქართველოში არსებულ მწვავე დემოგრაფიულ პრობლემაზე უკვე ბევრი საუბრობს. რეალურად, როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს ქვეყანაში და როგორ იცვლება დემოგრაფიული დინამიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში?- საქართველოში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა, რის შედეგადაც ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური პირობები შეიქმნა, დემოგრაფიულ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს, თუ 12-13 საუკუნეებს არ ჩავთვლით, 1989 წელს მიაღწია, როცა აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობამ 5 000 401 კაცი შეაგინა. ამის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა უკვე მცირდება და 2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, როგორც კონტროლირებად ასევე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ მთლიანად საქართველოში 4 000 601 ადამიანი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსახლეობის მატება არ ყოფილა. საქართველოში ბუნებრივი მატება ყოველთვის ძალიან მცირე იყო. რამდენი ადამიანიც იბადებოდა თითქმის ამდენივე იღუპებოდა. 2002-2003 წლებში დაბადების და გარდაცვალების რაოდენობა ერთი და იგივე იყო. მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1970-1980 წლებში 50-60 ათასს კაცს ითვლიდა. დღეს კი, სამწუხაროდ, ასე აღარ ხდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში, თვალსაჩინო მატება მხოლოდ 2007 წელს დაფიქსირდა, როცა მოსახლეობამ ბუნებრივად 8 ათასი კაცით მოიმატა, ანუ 8 000-ით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ეს მატება საქართველოში ძირითადად არაქართველ დასახლებულ რეგიონებში შეიმჩნეოდა. სამხრეთ საქართველო, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. კახეთში, იმერეთში და ა. შ. კი, პირიქით, მოსახლეობის კლებას ჰქონდა ადგილი. სოფლად ქართველებით დასახლებულ ყველა რეგიონში ადგილი ჰქონდა მოსახლეობის კლებას, ანუ სოფლად მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა.
- რა განაპირობებს ასეთ ტენდენციას?- ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ და მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა სიკვდილიანობა. თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, 2007 წელს ახალშობილთა რაოდენობა 49 ათასს შეადგენდა, ანუ ფაქტიურად განახევრდა. ქართულ მოსახლეობაში მასობრივად გრძელდება მცირე შვილიანობა. სულ უფრო მცირდება იმ დედათა რაოდენობა, რომელთაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავთ. 1960 წელს მეორე და მესამე ბავშვის დაბადების რიცხვი 36,5%-ს შეადგენდა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 10,8%-ს უდრის. ანუ იმაზე ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე მშობელთა თაობის რაოდენობრივი შეცვლისათვისაა საჭირო.
უკანასკნელ წლებში ძირითადად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მეტად ინტენსიური გახდა გარე მიგრაციული პროცესები. საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა და ფიზიკური არსებობისთვის საცხოვრებლად სხვა ქვეყნებს მიაშურა. მოსახლეობაში მცირდება ახალგაზრდა ასაკობრივი ზღვარი და იზრდება 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილი. მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება. ეს პროცესები განსაკუთრებულად უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა და წინანდებურად ყველაზე მეტად თავი ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში იჩინა. ბოლო წლებში ქართველი ერი ფიზიკური წყვეტის, გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. თაობათა არგანახლება სულ უფრო ძნელი ხდება. სულ უფრო და უფრო ვმცირდებით.
ბოლო პერიოდში საერთოდ მცირდება დემოგრაფიული მაჩვენებლები. შობადობა მცირდება სიკვდილიანობა კი იზრდება. ბუნებრივი მატება მცირდება, რასაც ქვეყნიდან მოსახლეობის სულ უფრო დიდი რაოდენობით გასვლა ემატება. ეს პროცესი 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება.
შუა საუკუნეებში მტრის მიერ აოხრებულ და გაპარტახებულ საქართველოში სულიერი ცხოვრება თითქმის შეწყდა, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდა მისი აღორძინება, რადგან სულიერი ფასეულობების მდიდარი დასაყრდენი არსებობდა.
- დემოგრაფიულ მდგომარეობას რამდენიმე მაჩვენებელი განაპირობებს – შობადობა სიკვდილიანობის შეფარდება, მიგრაცია და ასე შემდეგ. რა მდგომარეობაა საქართველოში შობადობა სიკვდილიანობის შეფარდების კუთხით?- ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი - 104 ათასი, 1961 წელს დაიბადა. 1960-1990 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად 13 ათასი ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 92 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით ორჯერ შემცირდა. ძირითადად ამის შედეგი უკანასკნელ წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მნიშვნელოვნად შემცირებაა. ომის პერიოდშიც კი 1941-1945 წლებში ბუნებრივმა მატებამ 135 ათასი კაცი შეადგინა. მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2001-05 წლებში მხოლოდ 5,8 ათას კაცს უდრიდა. სამხრეთ კავკასიაში, სადაც მკვიდრი ერები აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები ცხოვრობენ. ქართველთა დემოგრაფიული განვითარება სომხებისა და აზერბაიჯანელების დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლებისაგან არსებითად განსხვავდება. ამავე დროს სახრეთ კავკასია ერთი მთლიანი რეგიონია, სადაც ბუნებრივი და კლიმატური პირობები, ზოგადად ცხოვრების წესი, რამდენადმე ერთმანეთის მსგავსია. მიუხედავად ამისა, შობადობის, სიკვდილიანობის და ბუნებრივი მატების მაჩვენებლები საქართველოში გაცილებით უარესი იყო და დღესაც არის, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, 1926 წელს სომხეთში ყოველ ათას კაცზე მოსახლეობის ბუნებრივი მატება 36,4 კაცს შეადგენდა, ხოლო საქართველოში 23,2 კაცს. ამ მხრივ საქართველოში 2005 წლის მაჩვენებელი 0,8 კაცს შეადგენდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი 3,5 და 10,9 კაცს უდრიდა.
- ისტორიულად, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ერებს შორის რაოდენობრივად საქართველო ლიდერობდა. თუმცა, XX საუკუნის განმავლობაში პროპორცია შეიცვალა. ქართველებს უკვე მნიშვნელოვნად გადაგვისწრო აზერბაიჯანელებმა, მალე დაგვეწევა სომხები. ამ ფონზე, ყურადღებას იქცევს თქვენს მიერ ხაზგასმული მაჩვენებლები. თვალსაწიერ მომავალში, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ქართველები უმცირესობაში დავრჩებით?- აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამ ქვეყნების მკვიდრი ერების მიხედვით, რამდენადაც შობადობის დონე არსებით ზეგავლენას მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაზეც ახდენს. ქართველებში მნიშვნელოვნად დაბალია შობადობის და ბუნებრივი მატების დონე, ვიდრე საქართველოში მცხოვრებ სხვა ერის წარმომადგენლებში. საქართველოში შობადობის სისტემატურ შემცირებას კიდევ უფრო ცხადად გვიჩვენებს შობადობის დონის განმსაზღვრელი, ისეთი ზუსტი მაჩვენებელი, როგორიცაა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ნიშნავს, თუ ერთი ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენ ბავშვს ბადებს. 1969-1970 წლებში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2,6 ბავშვს უდრიდა. 1989 წელს კი 2,1 ბავშვს, ხოლო 2005 წელს 1,3 ბავშვს, რაც მშობელთა თაობის რაოდენობრივი განახლებისათვის, არასაკმარისია. ამრიგად, შობადობის თანამედროვე პარამეტრები თითქმის ორჯერ დაბალია, ვიდრე თაობათა შეცვლისთვისაა საჭირო. როცა ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 1,3 ბავშვს ბადებს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ერთი მშობლის ანაზღაურება ხდება, რადგან რამდენიც ახლა ვართ, მომავალშიც რაოდენობრივად იმდენი რომ ვიყოთ, საჭიროა ერთმა ქალმა საშუალოდ, 2,1 ბავშვი გააჩინოს. საარსებო პირობების გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი შობადობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ამ პროცესის საწინააღმდეგოდ თუ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, 7-8 წლის შემდეგ თავს იჩენს და პიკს 2020-იანი წლების დასაწყისში მიაღწევს. ამის მიზეზია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის არსებითი გაუარესება. აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვალისწინებული.
1981-90 წლებში საქართველოში, 10 წელიწადში 456 ათასი გოგონა დაიბადა. ხოლო 1995-2004 წლებში, ისევ 10 წელიწადში, მხოლოდ 238 ათასი გოგონაა ანუ 218 ათასით ნაკლები. ამრიგად, ძირითადად ეკონომიკური პირობების გაუარესების შედეგად განვლილ პერიოდში შობადობის კლების კვალობაზე მკვეთრად შემცირდა დაბადებული ქალების რაოდენობა და ამის გამო შობადობის შემდგომ შემცირებას, თუნდაც ეკონომიკური პირობების არსებითი გაუმჯობესების შემთხვევაშიც, ქვეყანა უკვე ვეღარ აცდება. მართალია, ცხოვრების დონის ამაღლების შემთხვევაში ერთი ქალი საშუალოდ თავის სიცოცხლის განმავლობაში 1 ბავშვს დაბადებს, მაგრამ გარემიგრაციული პროცესების მიუხედავად, იგი მაინც ვერ მოახდენს წინა წლებში ქალების რაოდენობის დაბადების კლების შედეგად გამოწვეული შობადობის შემცირების საგრძნობ კომპენსაციას.
მცირეშვილიანობა მასიურად ვრცელდება ქართულ მოსახლეობაში. სულ უფრო მცირდება იმ დედების რიცხვი, რომელთაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ. კერძოდ, თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების რიცხვი შეადგენდა მთელ დაბადებულთა 36,5%-ს, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 10,8%-ს შეადგენდა. დაბადებულებში განსაკუთრებით მაღალია პირველი შვილის დაბადების წილი და ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ამავე წელს 29 843 დაბადებული ბავშვი დედებისათვის პირველი შვილი იყო. ანუ 60,6% ანალოგიური მაჩვენებელი 1960 წელს 34,7%-ს შეადგენდა. შობადობის დაბალი დონე საქართველოში ერთბავშვიანი ოჯახების მასობრივ გავრცელებასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, დაბადებულთა საერთო რაოდენობაში პირველ შვილთა მაჩვენებელი უაღრესად მაღალ ციფრს აღწევს. ამ მაჩვენებლით საქართველომ უკვე გაუსწრო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს. აშშ-ში პირველი შვილები დაბადებულთა 40%-ს შეადგენენ. შვედეთში 45%, რუსეთში კი მათი წილი 60%-ს უახლოვდება.
- ჩვენ ვისაუბრეთ იმ საშიშ ტენდენციებზე, რაც შობადობის კუთხით შეიქმნა. როგორია სიკვდილიანობის დონე შობადობასთან შედარებით. გარდა ამისა, წინა პერიოდთან შედარებით, როგორია სიკვდილიანობის ასაკობრივი ზღვარი?- საქართველოში, ტრადიციულად, მეზობელ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მოკვდავობის დონე ყოველთვის დაბალი იყო. უკანასკნელ წლებში კი იგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თუ 1960 წელს მოსახლეობის 1 000 სულზე 6,5 კაცი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი 1990 წელს 9,3 მეათედს, ხოლო 2004 წელს 11,3 მეათედს უდრიდა. ყოველ 1000 კაცზე. გარდაცვლილთა შორის ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცთა წილი, მაგალითად, 15-59 ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში 70%-ს მამაკაცები შეადგენენ. შრომისუნარიან ასაკში 70% მამაკაცი, ხოლო 30% კი ქალი კვდება. მამაკაცთა საკმაო ნაწილი საპენსიო ასაკსაც კი ვერ აღწევს. ამ ასაკს მიღწეული მამაკაცებისათვის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა საშუალოდ 60,7 წელს გრძელდება, ხოლო ქალებისათვის 20,2 წელს.
მაღალია ბავშვთა მოკვდაობის დონეც, მაგალითად 2004 წელს 49 572 ბავშვი დაიბადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან მაღალია ერთ წლამდე ასაკში ბავშვთა მოკვდაობის დონე. იმავე 2004 წელს ერთ წლამდე ასაკში 1 178 ბავშვი გარდაიცვალა. ანუ ყოველ 1 000 დაბადებულ ბავშვზე 23,8 ბავშვი გარდაიცვალა. 2003 წელს ეს მაჩვენებელი 24,8 უდრიდა და იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალი იყო. ამასთან, დსთ-ს ქვეყნებში ყველაზე მაღალი ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი საქართველოში იყო. ბოლო წელს მხოლოდ ყირგიზეთს გავუსწარით მანამდე კი ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, თურქმენეთზე, უზბეკეთზე და სხვა შუააზიის ქვეყნებზე საქართველოში ბავშვთა მოკვდაობის სიკვდილიანობის კოეფიციენტი იყო.
თუ ბავშვთა მოკვდაობას ხანგრძლივ პერიოდში განვიხილავთ, 1980-2004 წლებში 25 წლის განმავლობაში 43 940 ბავში ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა. თითქმის იგივე რაოდენობა, რაც 2004 წელს ქვეყანაში დაიბადა. სამწუხაროდ, ამით არ მთავრდება ყველაფერი. ასევე მაღალია მკვდრად დაბადებული ბავშვთა რიცხვიც. ამავე წელს 722 ბავშვი მკვდრად დაიბადა. ანუ ყოველ 1 000 დაბადებულზე მკვდრად დაბადებული 15,3 ბავშვს უდრიდა. 1980-2004 წლებში კი მკვდრად 16 500 ბავშვი დაიბადა. ამ პერიოდში ერთ წლამდე გარდაცვლილ და მკვდრად შობილთა რაოდენობამ 60 440 ბავშვი შეადგინა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ბავშვთა უკეთ მოვლა-პატრონობისა და სათანადო ცოდნის გავრცელებისათვის დამატებითი ძალისხმევის პირობებში, თუ მიღწეული იქნებოდა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლების დონე, მაშინ მხოლოდ 2004 წელს შეიძლებოდა 1 370-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა. სულ კი 1980-2004 წლებში დაახლოებით 48 000 ბავშვს შეუნარჩუნდებოდა სიცოცხლე. ანუ იგივე რაოდენობას, რამდენი ბავშვიც 2007 წელს დაიბადა.
- თქვენი აზრით, რა განაპირობებს შობადობისა და სიკვდილიანობის ამგვარ მიმართებას?- შობადობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უმუშევრობაა. 30 წლამდე ახალგაზრდების დიდ ნაწილს არასოდეს უმუშავია. აღწერის თანახმად 2002 წელს 619 000 უმუშევარი იყო. ამათგან 220 000 მზად იყო ემუშავა, თუ კი სამუშაოს იშოვიდა. უმუშევართა დიდი ნაწილი 251 ათასი კაცი 60 წლამდეა, რომელთა უმრავლესობას 230 000 ახალგაზრდას არასოდეს უმუშავია. იმ ახალგაზრდების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი, რომელსაც ადრე ჰქონდა სამუშაო 10-12 წელია ეძებს სამუშაოს და დაუსაქმებელია. ასეთი ახალგაზრდები ინდიფერენტულნი ხდებიან და მათი საზოგადოებასთან გაუცხოება ხდება. მათთვის თანდათანობით აზრს კარგავს სულიერი და ეროვნული ფასეულობები. უკეთესი მერმისის მოლოდინში ისინი თავს იკავებენ ოჯახის შექმნისაგან. ამ პერიოდში მათი შეძენილი ცოდნა დევალვაციას განიცდის. ვერ პოულობენ გამოსავალს და დანაშაულებრივ გზას ადგებიან. ეს თაობა მორალურად განადგურებული და დაკარგულია.
უმუშევრობა კიდევ უფრო ბევრ პრობლემას იწვევს ვიდრე პოლიტიკური არეულობა და ორგანიზებული რევოლუცია. უმუშევრობამ და სიღარიბემ დააქვეითა პოლიტიკური აქტივობის ხარისხი და სხვა.
მოსახლეობის 2002 წლის აღწერის თანახმად ქვეყანაში 732 000 პენსიონერია, 2 000 კი მარტოხელა. ასაკობრივად მიღებული განათლების შესაბამისად დასაქმებული მხოლოდ 175 000 კაცია.
საქართველოში სხვის კმაყოფაზე 1 172 000 ადამიანი ცხოვრობს. 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი, მათგან 16-29 წლის ასაკშია ნახევარ მილიონზე მეტი, 556 ათასი ახალგაზრდა.
ამიტომ ახალგაზრდები იძულებულნი არიან ლუკმა-პურის საშოვნელად მათთვის უინტერესო სფეროში დასაქმნდნენ და ერის სასიკეთოდ ბოლომდე ვერ `იხარჯებიან~.
ყოველივე აღნიშნული მეტად უარყოფით გავლენას ახდენს და მომავალშიც მოახდენს დემოგრაფიულ პროცესებზე. საჭიროა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება. საზოგადოებაში დიდი ხანია მოთხოვნაა ასეთ პოლიტიკაზე, რომელიც, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში უპასუხოდ რჩება. საქართველოს ხვალინდელი დღე დამოკიდებულია დაბადებული ბავშვების რაოდენობასა და აღზრდის ხარისხზეა.
This post has been edited by Geronti on 17 Jul 2009, 14:20