ამ ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ მკვლელობის სურათი თითქმის დეტალურად აღადგინა, ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა მაინც ბურუსითაა მოცული. საზოგადოების უმრავლესობას არც ის სჯერა, რომ მკვლელი გრიგოლ ხურცილავაა, რომელსაც სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა.
მოკლედ, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისის ღამეს? გახდა თუ არა გიორგი სანაია პოლიტიკური ინტრიგის მსხვერპლი და რა მიზანს ისახავდა ჟურნალისტის მკვლელობა?
მართალია, გამოძიებამ გიორგის მკვლელობაში პოლიტიკური მოტივი თავიდანვე გამორიცხა, მაგრამ 2001 წლის 26 ივლისის მერე განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ პოპულარული ჟურტნალისტის ლიკვიდაცია ვიღაცის (თუ ვიღაცების) სცენარით მოხდა.
სხვათა შორის, გიორგის სიკვდილიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ გოგი გვახარიამ “ფსიქოში” ერთი სკანდალური ფილმი აჩვენა, რომლის სიუჟეტიც დაახლოებით ასეთია: პოპულარული ტელეარხის რეიტინგი დაეცემა. ხელმძღვანელობა გამოსავლის ძებნას იწყებს და გადაწყვეტს, რომ არხის ყველაზე ცნობილი სახე პირდაპირ ეთერში მოკლან...
უცნობია, გოგი გვახარიამ ფილმის შინაარსი “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას წინასწარ გააცნო თუ არა, მაგრამ ხმა დადის, რომ გვახარიას “რუსთავი 2”-დან წამოსვლის საფუძველი სწორედ ეს სკანდალური ფილმი გახდა. სხვათა შორის, გოგი გვახარია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში მანქანით მოძრავი გიორგი სანაია ნახა...
ცნობილი ადამიანები, როგორც წესი, გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან. ამ ლოგიკით, რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სანაიაც “უბედური შემთხვევის” მსხვერპლი გახდა, მაგრამ...
გიორგის მკვლელობამ ერი აღაშფოთა. ამას ისიც დაერთო, რომ 2001 წლის ნოემბერში უშიშროება, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, “რუსთავი 2”-ში შეიჭრა და სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა ტელევიზიის მესვეურებმა ეს შემოწმება ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლად მონათლეს და ხალხს “რუსთავი 2”-ის დაცვისკენ მოუწოდეს.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც თავის დროზე კულუარებში გავრცელდა, “უშიშროების” გამოჩენისთანავე “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელმა მფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა. ჟვანიას, როგორც ამბობენ, ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია და კიწმარიშვლისთვის უთქვამს, ყველაფერი, რაც შენს ოფისში ხდება, პირდაპირ ეთერში აჩვენე, მოსახლეობას დახმარება სთხოვე და დანარჩენი მე ვიციო.
სხვათა შორის, გიორგი სანაიას მსგავსად, ზურაბ ჟვანიაც სიცოცხლეს გაურკვეველ ვითარებში დაასრულებს. ვერ ვიტყვით, რომ სანიასა და ჟვანიას მკვლელობა ერთიდაიგივე ხელწერითაა ჩადენილი, თუმცა ამ ორ მკვლელობას შორის გარკვეული პარალელის გავლება მაინც შეიძლება. სხვა თუ არაფერი, გიორგი სანია და ზურაბ ჟვანია მეგობრები იყვნენ. შესაბამისად, რატომ არის გამორიცხული, ვივარაუდოთ, რომ ორივე მათგანის ლიკვიდაცია ერთი ძალის მიერ მოხდა?
...თავისუფალი სიტყვის დაცვის ეგიდით დაწყებული საპროტესტო აქცია ლამის რევოლუციაში გადაიზარდა. ყოველ შემთხვევაში, “რუსთავი 2”-ის ოფისიდან ხალხმა, პოლიტიკური ლოზუნგებით, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქარიზმული ლიდერი, პირველად სწორედ ამ მიტინგებზე გამოჩნდა: არეულობა რომ დაიწყო, სააკაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა სამშობლოში მალევე დაბრუნდა, აეროპორტიდან პირდაპირ პარლამენტის წინ მივიდა და ხალხს დახმარება აღუთქვა.
ერთი სიტყვით, სიტყვის თავისუფლების დაცვა იმით დასრულდა, რომ ედუარდ შევარდნაძემ მთავრობა გადააყენა, თუმცა ექსპრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა ზურაბ ჟვანიამ აიძულა, რომელმაც პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, არ მინდა, სისხლი დაიღვაროს და, თუკი შს მინისტრი კახა თარგამაძე (თარგამაძე თავის თავს “რკინის კაცს” ეძახდა და ახლა ხელისუფლებას იმის ეჭვიც აქვს, რომ იგი რევანშისთვის ემზადება და ოპოზიციას აფინანსებს) გადადგება, მზად ვარ, სპიკერობა მეც დავტოვოო. “რკინის კაცმა” ეს გამოწვევა მიიღო და შევარდნაძეც იძულებული გახდა, მთელი მთავრობა გადაეყენებინა.
მოკლედ, 2001 წლის ნოემბრის მოვლენები, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი “ვარდების რევოლუციის” გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევს, გიორგი სანაიას მკვლელობას ლოგიკურად უკავშირდება. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ პოპულარული ჟურნალისტის მკვლელობის ერთ-ერთი მიზანი, ალბათ, სწორედ სახალხო მღელვარების დაწყება იყო. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სანაიას მკვლელობის პირველსავე დღეებში ძალოვანებმა, როგორც ჩანს, კვალის არევის მიზნით, ე.წ. სექსუალური მოტივი “შემოაგდეს” (სანაიას მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულმა გრიგოლ ხურცილავამაც სასამართლო პროცესზე მკვლელობის მიზეზად სწორედ ეს მოტივი დაასახელა). ყოველ შემთხვევაში, ელენე თევდორაძემ განაცხადა, ოთახში, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიციამ არ შემიშვა და მითხრა, გიორგი უხერხულ პოზაში წევსო...
საერთოდ, ელენე თევდორაძე სანაიას საქმეში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, თუმცა ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, ზემოხსენებული “სექსუალური მოტივე” ამოვწუროთ.
ოფიციალური ვერსიით, 2001 წლის 26 ივლისის ღამეს მოვლენები, დაახლოებით ასე განვითარდა: “ღამის კურიერის” დამთავრების შემდეგ (ეს გადაცემა საღამოს 11 საათზე იწყებოდა და, თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა) გიორგი სანაია “რუსთავი 2”-ის ოფისს ტოვებს და საკუთარი ავტომანქანით მეტროსადგურ “დელისიდან” გმირთა მოედნის მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგი უცნობ ახალგაზრდას ხვდება (მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს უცნობი გრიგოლ ხურცილავა, იგივე “გრიცკოა”, რომელიც გიორგის ცოლის, ხათუნა ჩხაიძის შორეული ნათესავია) და ლუდზე ეპატიჟება.
“ლუდის ეპიზოდს” მაღაზიის გამყიდველიც ადასტურებს, თუმცა რა მოხდა ამის შემდეგ, ანუ რა მოტივით გაჰყვა “გრიცკო” სანაიას ბინაში, უცნობია და ამის გარკვევა არც გამოძიებას უცდია...
სხვათა შორის, გიორგი სანაიას მკვლელობაში გრიგოლ ხურცილავა ერთადერთი ეჭვმიტანილი არ ყოფილა. ამ ბრალდებით თავიდან ვინმე დავით გელაშვილი დააკავეს (გელაშვილს ბრალდება, ცხადია, არ დაუმტკიცდა, თუმცა რამდენიმე თვე ციხეში მაინც იჯდა). გარდა ამისა, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ პოლიციამ შს მინისტრის _ კახა თარგამაძის უშუალო მითითებით თითქოს ცირკის ტერიტორიაზე “მომუშავე” არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცები დააკავა და მათ სანაიას მკვლელობის საკუთარ თავზე აღება შესთავაზა. ამ თემაზე ერთ-ერთ გაზეთში საგანგებო წერილიც გამოქვეყნდა, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: “ცისფერი ტერორი!”
ვის და რატომ აწყობდა “ცისფერი ტერორის” აგორება? გავყვეთ ვერსიას, რომ სანაიას მკვლელობა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესში შედიოდა, ანუ გარდა იმისა, რომ გიორგი სანაია პოპულარული სახე იყო, მას, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობოდა. შესაბამისად, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ, შესაძლოა, ჩათვალა, რომ გიორგის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა და ეს ტრაგედია ხელისუფლების შეცვლის საბაბი გახდებოდა. ხალხი ქუჩაში მართლა გამოვიდა. ამან კი, როგორც ჩანს, ხელისუფლება შეაშინა და “სექსუალური თემაც”, ალბათ, ამიტომ “შემოაგდო”, ანუ თუკი აღშფოთებული ხალხი დაიჯერებდა, რომ გიორგი არაწესიერ ცხოვრებას ემსხვერპლა, გადატრიალების შანსი მაქსიმალურად შემცირდებოდა...
საერთოდ, “სექსუალური თემით” აპელირება ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის აქტუალური იყო. მაგალითისათვის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის გახსენებაც საკმარისია, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...
რაც შეეხება ელენე თევდორაძეს. სანაიას მკვლელობის პირველსავე დღეებში ქალბატონმა ელენემ სიტყვა “რაღაც ვიდეოკასეტაზე” ჩამოაგდო. 2001 წელს საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად პანკისის ხეობა ითვლებოდა. პანკისში ნარკობიზნესი ყვაოდა და, როგორც ამბობდნენ, ამ ბიზნესში მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი. ერთი ვერსიით, კასეტაზე, რომელიც სანაიამ თევდორაძეს გადასცა, ნარკოტიკებით მოვაჭრე მაღალჩინოსნები იყვნენ აღბეჭდილნი. გარდა ამისა, ითქვა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი სანაია თითქოს ბათუმში იყო და ასლან აბაშიძეს შეხვდა...
მართალია, ამ ვერსიებზე გამოძიებას ყურადღება მაინცდამაინც არ გაუმახვილებია, მაგრამ რატომ არის გამორიცხული, რომ გიორგი სანიას კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე კომპრომატები ჰქონდა, რომელთა გაშვებასაც პირდაპირ ეთერში აპირებდა და მისი ლიკვიდაციაც სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში?
საერთოდ, კომპრომატების მსხვერპლი არაერთი ჟურნალისტი გამხდარა. უკრაინაში მოღვაწე გიორგი ღონღაძეც, როგორც ამბობენ, სწორედ კომპრომატების გამო მოკლეს (ექსპერტთა მოსაზრებით, კუჩმას რეჟიმს ძირი სწორედ ღონღაძის მკვლელობამ შეურყია. რამდენიმე დღის წინ უკნარინელმა სამართალდამცავებმა ღონღაძის მკველობაში ეჭვმიტანილი დააკავეს), თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, “საიდუმლო ვიდეოკასეტა”, რომელიც ელენე თევდორაძემ ახსენა, რეალურად თუ არსებობდა.
სხვათა შორის, “ღამის კურიერის” ერთ-ერთი ბოლო გამოშვება გიორგიმ სწორედ პანკისსა და იქ შექმნილ მდგომარეობას მიუძღვნა და ხეობის მოსახლეობა პირდაპირ ეთერშიც ჩართო, ანუ რაღაცები ერთმანეთს ლოგიკურად ემთხვევა, თუმცა სანაიას საქმეში ალოგიკური ფაქტები გაცილებით მეტია. მაგალითად, გიორგის მეუღლე ხათუნა ჩხაიძე ბოლო წუთამდე აცხადებდა, რომ გიორგი “გრიცკოს” არ მოუკლავს. მეტიც, სანაიას ქვრივმა სასამართლოს გადაწყვეტლება უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა საქმის ხელახალ ძიებაში დაბრუნებაზე უარი თქვა. არადა, ძიების დამთავრების შემდეგ გამოჩნდა ახალი მოწმე, პურის გამყიდველი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საღამოს 11 საათისთვის სანაიების ბინაში შუქი აინთო. ამ დროს ბინაში, წესით, არავინ უნდა ყოფილიყო, რადგან გიორგი პირდაპირ ეთერში იჯდა, მისი ცოლ-შვილი კი ბორჯომში ისვენებდა. მაშასადამე, გამოდის, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სანაიების ბინაში ვიღაც შევიდა. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მკვლელობის წინა დღეებში გიორგის სამსახურში უთქვამს, ბინის გასაღები დავკარგეო (“გრიცკოს” დაჭერის შემდეგ ეს გასაღები სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სკვერში იპოვეს), ანუ მკვლელი გიორგის შინ დახვდა? თუკი ასეა, ზემოხსენებული “ლუდის ეპიზოდი” ყურით მოთრეულია, მაგრამ ვის დასჭირდა ამ ზღაპრის შეთხზვა?
ეს რიტორიკული კითხვაა!..
...ამბობენ, გარდაცვლილი ადამიანის თვალებში ის გამოსახულება რჩება, რასაც სიცოცხლის ბოლო წუთებში ხედავსო. მკვლელის სახე, ალბათ, გიორგი სანაიას თვალებმაც აირეკლა, თუმცა მას ზურგში ესროლეს!.. ნეტავ, რა გაიფიქრა იმ დროს, როცა სასხლეტის ხმა გაიგონა?.. ალბათ, შველა ითხოვა ან, უბრალოდ, წამოიძახა, რას აკეთებ, ბიჭოო და... გათავდა... მთელ ღამეს საკუთარ სისხლში იწვა... დილით მეგობრებმა დაურეკეს. არც ეკა ბერიძეს უპასუხა და არც _ მათე კირვალიძეს... სამსახურში, როგორც წესი, ნაშუადღევს მიდიოდა, მაგრამ იმ დღეს რომ არ გამოჩნდა, ძებნა თანამშრომლებმაც დაუწყეს... შინ მიაკითხეს... უკვე გვიანი იყო...
...26 ივლისს გიორგი სანაიას მკვლელობიდან 8 წელი სრულდება. ამ ხნის მანძილზე საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა და არსებობდა მოლოდინი, რომ “ვარდების ხელისუფლება” გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას დაიწყებდა. ყოველ შემთხვევაში, რევოლუციამდე რევოლუციონერები ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სანაიას საქმე დავიწყებას მიეცა.
რატომ? ეს კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა...
ვიღაცას სიმართლე, როგორც ჩანს, ისევ ნერვებს უშლის!..
http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&i..._id=9267&act=ns