უკომენტაროდ:
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/01/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.002.000.
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №119
1996 წლის 12 იანვარი
ქ.თბილისი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს შექმნის შესახებ
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარების, თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის ამაღლების, თანამშრომლობის მონაწილე სამინისტროთა, უწყებათა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურათა საქმიანობის კოორდინირების მიზნით:
1. შეიქმნას სახელმწიფო კანცელარიასთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიურო.
2. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუროს თანდართული დებულება და აპარატის სტრუქტურა აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 15 ერთეულით.
3. დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ნიკოლოზ ლეკიშვილი სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარედ.
4. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
5. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ურთიერთობა ამ სახელმწიფოების შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან წარიმართოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროსთან შეთანხმებით.
6. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა გამოყონ ხელმძღვანელობიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებისათვის პასუხისმგებელი პირები.
7. სახელმწიფო კანცელარიამ 10 დღის ვადაში გადაწყვიტოს სახელმწიფო ბიუროს სამუშაო ოთახებით, საორგანიზაიო ტექნიკით, ინვენტარით, სატელეფონო კომუნიკაციებით, სპეციალური კავშირით და ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი.
8. გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 25 მაისის №201 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
დანართი N 1
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს დებულება
1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიურო (შემდგომში – „სახელმწიფო ბიურო“) არის მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის სფეროში.
2. სახელმწიფო ბიურო არის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი ბლანკი,ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, შტამპი, ანგარიშსწორების ანგარიში. სახელმწიფო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის გადაწყვეტილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სახელმწიფო ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, სამინისტროებთან და უწყებებთან, მმართველობის სამხარეო ორგანოებთან, თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან, სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტში.
სახელმწიფო ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. სახელმწიფო ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
– საქართველოს თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;
– სამინისტროებთან, უწყებებთან და მმართველობის სამხარეო ორგანოებთან ერთად თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება;
– თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კოლექტიური უშიშროების მიმართულებით კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების, მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფა;
– თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოზე, მთავრობის მეთაურთა საბჭოზე, ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტის, პრეზიდიუმისა და კოლეგიის სხდომებზე განსახილველად საქართველოს ინიციატივით წინადადებათა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და წარდგენისადმი კონტროლი;
– თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებთან მუდმივი საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ამ ორგანოებში, საქართველოსათვის დადგენილი კვოტების ფარგლებში, კადრების შერჩევისა და განაწილების კოორდინაცია;
– თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა დარგობრივი და ტერიტორიული სამეურნეო სუბიექტების საგარეო-ეკონომიკური კავშირებისა და ურთიერთობების კოორდინირება ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით;
– საწარმოო კოოპერაციის განვითარების, ერთობლივი საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებისა და ტრანსნაციონალური ეკონომიკური სტრუქტურების შექმნისა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების ინვესტირების მიმართულებით სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სამეურნეო სტრუქტურებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
– შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და კერძო სტრუქტურებთან ერთად სახელმწიფოთაშორისი კონფერენციების, სიმპოზიუმების, საბითუმო ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობის, თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ანალოგიურ ღონისძიებებში საქართველოს მხარის მონაწილეობის ორგანიზება;
– თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების მიმდინარეობის ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა;
– დაინტერესებულ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინფორმატიკულ-სამართლებრივი სახელმწიფო სისტემის შექმნა;
– სახელმწიფოს სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებისა და წამყვანი სამრეწველო ობიექტების მუშაობისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნა;
– თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობებისა და თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
– თანამეგობრობის ქვეყნებთან საბაჟო და სასაზღვრო ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის განვითარება და სრულყოფა;
– თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარება;
– თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებსა და წევრი ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებელი მუშაკების სამივლინებო დავალებების შეთანხმება და მათი ანგარიშების მოსმენა.
5. სახელმწიფო ბიურო უფლებამოსილია:
– თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენდეს საქართველოს მხარეს თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში და წევრ სახელმწიფოებთან სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში წინასწარი კონსულტაციების ჩატარებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადებისას;
– მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით რესპუბლიკის სამინისტროებიდან, უწყებებიდან, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან და დანარჩენი სტრუქტურებიდან ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
– უშუალოდ მიმართოს თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებსა და წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ერთობლივად შეისწავლოს და გააანალიზოს თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები;
– გაცვალოს თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან ინფორმაცია თანამშრომლობის სამართლებრივი აქტების გამოყენებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე;
– დადგენილი წესით შექმნას საბჭოები, კომისიები და სამუშაო ჯგუფები თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრობლემებზე, მოიწვიოს მათში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, დაწესებულებების, საწარმოებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების ყველა დონის წარმომადგენლები;
– აწარმოოს ოფიციალური მოლაპარაკებები და კონსულტაციები თანამეგობრობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მოაწყოს თათბირები, კონფერენციები, სემინარები თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.
6. სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე – სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე:
– ახორციელებს ბიუროს საერთო ხელმძღვანელობას;
– ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის;
– პრეზიდენტთან შეაქვს საკითხები თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ;
– გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
– თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ბიუროს თანამშრომლებს;
– საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ბიუროს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;
– ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს აპარატის საშტატო ნუსხა
ხელმძღვანელობა
პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სამმართველო
ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო
ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველო
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო
https://matsne.gov.ge/ka/document/view/107752