პარლამენტი ლუსტრაციის კანონის განხილვას იწყებს. კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივად საშემოდგომო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე, დღეს დარეგისტრირდა.
“ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ” პროექტის ავტორი და ინიციატორი, ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძეა. დეპუტატის შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, აგრეთვე იმ პირთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან.
კერძოდ, კანონი განსაზღვრავს ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციას, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე ამ პირთათვის დაწესებულ თანამდებობრივ შეზღუდვებს.
კანონპროექტით დგინდება იმ თანამდებობების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ამ თანამდებობეზე იკრძალება იმ პირთა დანიშვნა, რომლებიც იყვნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები; კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, აგრეთვე საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
არჩევითი თანამდებობებისათვის ნაცვლად აკრძალვისა დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება.
ამას გარდა, ამ კანონით დადგენილი მიზნებისათვის, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ქმნის სახელმწიფო კომისიას, რომელშიც თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს.
ასევე, კანონპროექტით შემოდის ახალი ინსტიტუტი - სპეცსამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფილობითი აღიარება. კერძოდ, ის პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან, მოვალენი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიმართონ კომისიას და გადასცენ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი სპეცსამსახურში მათი საქმიანობის, აგრეთვე სპეცსამსახურის საქმიანობის შესახებ.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1