ნიკო არდოტელის ოჯახიც იძულებული გახდა, მიეტოვებინა არდოტი
მასწავლებლების ლოდინში პირიქითა ხევსურეთში კიდევ ერთი სოფელი იცლება
თინათინ მოსიაშვილი
(21.09.2010)
გუშინწინ შატილის სარეისო ავტობუსს ხევსურეთიდან აყრილი კიდევ ერთი ოჯახი გამოჰყვა თბილისისკენ. ნიკო არდოტელიც ცოლ-შვილით არდოტიდან ბარისკენ გამოეშურა. ხონისჭალიდან მათ შეთეკაურებმაც გამოაყოლეს ორი შვილი. ნიკო ისევ დაბრუნდება მთაში და ექვს სხვა ადამიანთან ერთად გამოიზამთრებს წელს, მისი ცოლ-შვილი კი სოფელ გამარჯვებაში დაბინავდება. ნიკო და მისი მეუღლე, მარინა დაიაური რამდენი წელია, შეძლებისდაგვარად ირიდებდნენ ამ პროცესს, სოფელს ამაგრებდნენ, არც ახლა უნდათ წამოსვლა, მაგრამ...
არდოტელებს სამი შვილი ჰყავთ: გიორგი, თაია და ლევანი. გიორგი მეექვსე კლასშია, თაია - მეხუთეში, ლევანი წელს, უფრო სწორედ ალბათ დღეს წავა პირველად პირველ კლასში, ოღონდ სოფელ გამარჯვებაში. უფროს შვილებს არდოტის დაწყებით სკოლაში აქამდე მამა ასწავლიდა ყველა საგანს, მაგრამ როდემდე...
არდოტი პირიქითა ხევსურეთის სოფელია, შატილიდან ორიოდ კილომეტრში, ანატორიის ნასოფლართან და აკლდამებთან ერთ მხარეს ჩეჩნეთია და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, მეორე მხარეს, ასევე საზღვრის გაყოლებაზე იწყება ხეობა, რომელსაც მიღმახევს ეძახიან. აქ არის სოფლები მუცო, ხონისწყალი, არდოტი, არჭილო, ანდაქი, ხახაბო. სოფლები, რომლებიც, სამწუხაროდ, თანდათან ნასოფლარებად იქცევა. არჭილოში უკვე აღარავინ ცხოვრობს, ამ ზამთარს ხახაბოშიც აღარავინ რჩება. მუცოში ორი ოჯახია, რომელთა სამი შვილი შატილის სკოლა-ინტერნატში რჩება. შატილიონების ექვსი ბავშვის გარდა სწორედ ისინი სწავლობენ შატილში. სულ 9 მოსწავლე, ეს არის და ეს.
ფინანსურად შატილის სკოლა-ინტერნატის დაქვემდებარებაში მყოფ არდოტის დაწყებით სკოლაში აქამდე ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი ირიცხებოდა. გიორგისა და თაიას დაწყებით სკოლაში მამა, ნიკო არდოტელი ასწავლიდა.
ოჯახი დიდხანს ფიქრობდა, რა ექნათ, როცა ბავშვები დაწყებით სკოლას დაასრულებდნენ, არსებობდა ორი გამოსავალი: ბავშვები ან შატილში გადაეყვანათ ან ბარისკენ წამოსულიყვნენ. დიდი ყოყმანისა და ლოდინის შემდეგ ბოლოს ისევ მეორე გზა აირჩიეს: შატილი არდოტიდან 20 კილომეტრშია და ზამთარ-ზაფხულ, თუ ტრანსპორტი არ არის, (მანქანა კი, ივლის-სექტემბრის შაბათ-კვირების გარდა, აქ იშვიათად დადის) ფეხით უწევთ ამ მანძილის გავლა, მაგრამ არც ეს პრობლემა შეაშინებდათ. მარინას მაშინაც არ დაუხევია უკან, არ მიუტოვებია ქმარი და სოფელი, ფეხმძიმედ რომ იყო, ცხრა თვის ფეხმძიმე ფეხდაფეხ მისდევდა ქმარს, რომელიც თოვლს უკვალავდა შატილის გზაზე, რომ იქიდან სამშობიაროდ ვერტმფრენს თბილისისკენ გამოჰყოლოდა.
გზა არ შეაშინებდათ, ორშაბათს დილას დაუყვებოდნენ შატილის გზას და პარასკევს შინ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ არდოტელები ერთი მიზეზის გამო მოდიან მთიდან: შატილის სკოლა-ინტერენატში მშვენიერი პირობები კი არის, მაგრამ არ არიან ინგლისური ენის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკური კულტურის მასწავლებლები, ანუ ბავშვები სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ.
"რამდენჯერმე ვიყავი განათლების სამინისტროში, დავწერე განცხადებაც, მაგრამ არ იქნა და არ მოგვარდა ეს პრობლემა. არანაირ პასუხი არ მიგვიღია, სასწავლო წელი დაიწყო და იძულებული ვართ წავიდეთ", - ამბობს ნიკო.
სკოლის დირექტორი შოთა ჭინჭარაულიც ადასტურებს, რომ პედაგოგების ვაკანსიების არსებობის მიუხედავად, აქ მასწავლებლობის მსურველები არ ჩამოსულან, არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუგზავნია ვინმე. არადა, სწორედ ასეთი რეგიონებში მასწავლებლობის წასახალისებლად არსებობს პროექტი "ასწავლე საქართველოსთვის". ათასობით ინგლისურის მასწავლებლიდან ჯერ ერთსაც არ ჩაუღწევია ხევსურეთში.
სულ ერთ თვეში პირიქითა ხევსურეთისკენ მიმავალი დათვიჯვრის უღელტეხილი ჩაიკეტება, და მერე, საუკეთესო შემთხვევაში, თვეში ერთი ვერტმფრენის, ისიც უფრო სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენის იმედად უნდა დარჩეს მთელი კუთხე, სადაც დღემდე არც ერთი მობილური ოპერატორი არ იჭერს. რაღა თქმა უნდა, აქაურ ყოფას ადვილს ვერ დაარქმევ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსაგან მხოლოდ ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვენ, ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ნიკო არდოტელიც, პოეტი, მასწავლებელი, მესაზღვრე, თავისი მხარისა და სოფლის გულშემატკივარი.
"არსად წამსვლელი არა ვარ,
არსად გამდგმელი ნაბიჯის,
მარტო ამ მთებმა იციან,
რა მიხარია, რა მიჭირს", - წერს ერთ ლექსში ნიკო არდოტელი, ის რჩება სოფელში, მაგრამ იძულებულია, განათლების მისაღებად შვილები ბარში გამოუშვას.
"არდოტშიც ხომ ახვალთ? რა ვქნა, შინ ვერ დაგხვდებით, მაგრამ ლევანი იქნება იქ, ჩემთან, ჩემი ბიძაშვილი, აუცილებლად მიდით და ფუძის ანგელოზი დამილოცეთ", - მუცოთან შევხვდით და მოკითხვა-დამშვიდობებისას გვითხრა ნიკომ, ჩვენ ზემოთ მივდიოდით, მასთან, არდოტში, ის კი ქვემოთ, თბილისისკენ.
"მივდივართ, მაგრამ თუ მასწავლებლები იქნებიან, წელსვე ამოვბრუნდებით უკან", - დაამატა ქმრის ნათქვამს მარინამ.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=2&id_artc=3665ერთად ვიმგზავრეთ კვირას შატილიდან, მთელი გზა ვლაპარაკობდით საოცარი ადამიანია