ავთანდილ წულაძე - ახლა კრემლისთვს მთავარი ამოცანა დროის გაჭიანურებაა თუ რას უკავშირდება რუსული პოლიტიკური წრებიის თბილისთან დაახლოების მცდელობები, რას შეიძლება ველოდოთ ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი სარკოზი-მედვედევის შეხედრისაგან და რეალურად რა ვითარებაა რუსეთში, “ინტერპრესნიუსი” რუსეთში მცხოვრებ ქართველ მკვლევარს, კომპლექსური გამოყენებითი კვლევების ფონდის ექსპერტს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, აშკარაა, რომ რუსეთი ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტების აღდგენას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს. ქართველ ექსპერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებების იმიტაციით არის დაკავებული. თქვენი აზრით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ანუ რით შეიძლება აიხსნას რუსული მხარის აქტიურობა?
- ახლა რუსეთში არეულობაა იმ მხრივ, რომ კრემლს, რეალურად, არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკა და არც იდეოლოგია არ გააჩნია. რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი. ყველა ამ ჯგუფს თავისი შეხედულება აქვს, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის საშინაო, საგარეო, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ. არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიიჩნვენ, რომ საქართველოსთან, იგივე უკრაინასთან და აშშ-სთან საჭიროა დიპლომატიური მუშაობა. არის მეორე ჯგუფი, რომლის აზრითაც, მთავარია ძალა, ტანკები და ასე შემდეგ.
ერთია, რომ კრემლს არა აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი პოლიტიკა მაგრამ მეორეა, რომ დღევანდელი ვითარება რუსეთს არ აწყობს. საერთაშორისო საზოგადოება არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს, ამ ფონზე კრემლი გამოსავლის მონახვას ცდილობს. საერთოდ, რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობდა, ყველაფერში ამერიკისთვის მიებაძა. ახლაც ასეა, ცდილობენ ობამას მიბაძონ და ვითომ დიპლომატიით გადაწყვიტონ პრობლემები, მაგრამ ისე, როგორც თავად უნდათ.
- რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტთა უმრავლესობა აცხადებენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები დასრულებულია, ასეთი მოსაზრების გათვალისწინებით, რუსული მხარის მიერ თბილისთან კონტაქტების აღდგენის მცდელობა ხომ არ ისახავს მიზნად, რომ, ერთი მხრივ, შეგვაჩვიონ ტერიტორიების დაკარგვა, მეორე მხრივ, გაიგონ, ამ მიმართულებით რას აპირებს ოფიციალური თბილისი?
- რას აპირებს ქართული მხარე, ისედაც ცხადია. რაც შეეხება მოსკოვს, ეს არის დიპლომატიური თამაში, რომლის მიზანი დასავლეთის თვალში რუსეთის იმიჯის ცოტა გააუმჯობესება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით დროის გაჭიანურებაა. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა რუსეთისთვის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან ცუდი დროა, კრემლისთვს მთავარი ამოცანა დროის გაჭიანურებაა.
- ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილია სარკოზი-პუტინის შეხვედრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობით სარკოზი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ლიდერი, შეურაცხოფილი უნდა იყოს, ხოლო რუსეთში რეალურ გადაწყვეტილებებს პუტინი იღებს, რას შეიძლება ველოდოთ სარკოზი-პუტინის შეხვედრისგან?
– განსაკუთრებული მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. საერთოდ, მითია, რომ რუსეთში ყველაფერს პუტინი წყვეტს. სინამდვილეში, პუტინი რუსეთის სახელისუფლო წრეებში დაპირისპირებულ ძალებს შორის თამაშობს. პუტინი რომ ყველაფერს წყვეტდეს, ის სტალინის მსგავსი დიქტატორი იქნებოდა. ეს ასე არ არი. ის საკმაოდ სუსტი ფიგურაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პუტინის სტარატეგია დროის გაჭიანურებაშია და ახლა იგი დიპლომატიური ხერხის გამოყენებას ცდილობს. საქართველოსთან მიმართებაში კრემლი ცდილობს, შეაჩვიოს ქართველები, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ მაინც დაკარგულია და მოდით ახლა მაინც ერთად ვიცხოვროთ და ასე შემდეგ.
– ბატონო ავთანდილ, რუსულ ინტერნეტგამოცემა “ყოველდღიურ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში - “სისტემის ნახევრადრღვევა ან ვოლუნტარიზმის ეპოქა. იმიტაციური მოდერნიზაცია” თქვენ ასკვნით, რომ რუსეთში პროცესების არარევოლუციური სცენარით განვითარების შანსი სულ უფრო ნაკლებია. რა ხდება რუსეთში და არის კი იმის პერსპექტივა, რომ ამა თუ იმ სცენარით რუსეთში პროცესების განვითარება საქართველოს პრობლემების გადაწყვეტას წაადგება?
– სხვათაშორის, საქართველოს რუსეთის დაშლა არ აწყობს. რუსეთი თუ დაიშალა, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის სახით საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა გაუჩნდება. საქართველოს დემოკრატიული და ევროპული ორიენტაციის რუსეთი აწყობს. დღეს რუსეთში ხდება იგივე, რაც საქართველოში შევარდნაძის მმართველობის დროს ხდებოდა. კორუმპირებული სისტემა, რომელიც რუსეთში კომუნისტური მმართველობის დროს იყო და პუტინმა გაამაგრა, ახლა ინგრევა. ამ სისტემას არსებობისთვის ეკონომიკური ნიადაგი უკვე არა აქვს. გამწვავდა სახელისუფლო ვერტიკალში არსებულ დაჯგუფებებს შორის ბრძოლა. ხელისუფლებაში არის ლიბერალთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა იმის გამო უნდა ჰქონდეს, რომ მისგან კრედიტები მიიღოს. ხელისუფლებაში მოკალათებული ე.წ. ძალოვანები კი თვლიან, რომ რუსეთი დასავლეთზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, უნდა შექმნას ენერგეტიკული იმპერია. ამ ორ მიმართულებას შორის დიდი დავა და დაპირისპირებაა. საბოლოოდ ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს - ან მეორემ.
პუტინი იმით გამოირჩეოდა, რომ ორივე ძალას შორის თამაშს ახერხებდა, მაგრამ როცა პროცესების განვითარების სტრატეგია აბსოლუტურად საწინააღმდეგო გაქვს, ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელი ხდება. ან ერთმა დაჯგუფებამ უნდა გაიმარჯვოს ან - მეორემ, ეს კი მარტო შეტაკებით ხდება. ზემო ეშელონებში დაპირისპირება ბოლოს და ბოლოს ქვედა დონეზეც გადადის. რუსეთში ახლა სწორედ რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე.
რუსეთში მოვლენები ისე ვითარება, რომ ახლა ჩვენ არავინ არ გვკითხავს, რა იქნება შემდეგ. ამგვარ პროცესებს თავისი ლოგიკა აქვთ და მას უკვე კრემლიც ვეღარ აკონტროლებს. ჩემი აზრით, პროცესი უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება და რეალურად, რევოლუციური სიტუაციის ყველა ნიშანი სახეზეა.
“ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117234.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.