ძველი თბილისის რეაბილიტაციის`` პროექტის ფარგლებში მშენებლობები უკვე განახლდა
კომპანიების ნაწილი კი სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილე კომპანიების ნაწილმა შეჩერებული მშენებლობები განაახლა, ნაწილი კი სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
დეველოპერული კომპანია “არსი” ძველი თბილისის რეაბილიტიაციის პროგრამის ფარგლებში 3 პროექტის – „ორთაჭალის ტურფა“, „ასი ავლაბარში“ და „საცხოვრებელი სახლი ქავთარაძეზე“, სამუშაოების დასასრულებლად „საქართველოს ბანკიდან“ და „თიბისი ბანკიდან“ თანხას უახლოეს დღეებში მიიღებს. სამშენებლო სამუშაოები კი უკვე მომავალი კვირის დასაწყისში განახლდება. ამ სამი პროექტის განსახორცილებლად ჯამში “არსმა” 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.
სამშენებლო კომპანია „ტექს ჯგუფში“ კი აცხადებენ, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ყაზბეგის 34-ში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად საჭირო თანხა 3 მილიონ 196 ათსი დოლარი ჯერ არ მიუღიათ. ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია და იგი თანხის ჩარიცხვისთანავე აღდგება.
„ეუბე ჯორჯია“ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში კრწანისში საცხოვრებელი კომპლექსის დასასრულებლად საჭირო ოდენობის თანხას ბანკი „რესპუბლიკადან“ უახლოეს მომავალში მიიღებს. სამშენებლო სამუშაოები კრწანისში ამ ეტაპზე შეჩერებულია. თუმცა, იგი თანხის გადმორიცხვისთანავე განახლდება. მენეჯმენტის პროგნოზით მშენებლობა, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.
სამშენებლო კომპანია „ბაგები სითი ჯგუფმა“ პროგრამის ფარგლებში, ჭავჭავაძის 80 ნომერში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასამთავრებლად საჭირო თანხა 10 მილიონი დოლარი „საქართველოს ბანკიდან“ მიიღო და მშენებლობას 4 თვეში დაასრულებს.
სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტმაც“ პროექტის განსახორცილებლად საჭირო თანხა - 5 მილიონი დოლარი „საქართველოს ბანკიდან“ უკვე მიიღო. მშენებლობა საბურთალოზე აკურის რვა ნომერში მიმდინარეობს და სავარაუდოდ 5 თვეში დასრულდება.
„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ კი პროგრამის ფარგლებში შარტავას 43-ში საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად საჭირო თანხა ჯერ არ მიუღია, თუმცა მშენებლობა მანაც განაახლა.
შეგახსენებთ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი ეკონომიკური სტიმულირების სამთავრობო გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც დეველოპერები დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან სესხს იღებენ, ხოლო სანაცვლოდ ძველი თბილისის ავარიული სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დაბინავებას ახდენენ
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=12949&ct=4