ერთი ნახეთ, როგორ იცავენ ოქიტას

ვიღაცას ოქიტაშვილის სკამი მოეწონა?
14:32 29.10.2009
[”ვერსია“]
25 ოქტომბერს, რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ”რივერდანსის ვარსკვლავების შოუ” გაიმართა.
მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ”სვეცკაობას” მიჩვეული საზოგადოება და ნამდვილი გულშემატკივრი ბილეთების შესაძენად სალაროს გახსნის დღიდან მიაწყდნენ. თუმცა მოლოდინმა შედეგს ამჯერად ნამდვილად ვერ გადააჭარბა. მაყურებელი ვერც სამტონიანი რეკვიზიტებმა, ვერც კალათბურთის ბურთებსა და კასრებზე შემხტარმა ირლანდიელმა სტუმრებმა მოხიბლეს, მათ სცენაზე მყოფნი ჟონგლიორებისა და ჯამბაზებს შეადარეს და არა ”რივერდანსელებსა” და მით უფრო - ვარსკვლავებს.
რა არის რივერდანსი? მისი წარმატება 1994 წელს ”ევროვიზიაზე” 7-წუთიანი გამოსვლით დაიწყო და რამდენიმეწლიანი ფენომენალური ფურორით გაგრძელდა, დღეს ”რივერდანსი” გამოსამშვიდობებელ ტურნეს მართავს. მავანნი ამბობენ, რომ ეს სარეკლამო ტრიუკია და ანსამბლი არ იშლება, უბრალოდ მათ პოპულარობას წყალი შეუდგა, რადგან ახალს და განუმეორებელს ვეღარ ქმნიან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1993 წლის ივლისში, ირლანდიის ტელევიზიის დირექციამ პროდიუსერ მოიე დოჰერტის ”ევროვიზიის” ირლანდიელი კონკურსანტებისთვის სასწრაფოდ პატარა საცეკვაო გაჭრის მომზადება სთხოვა. სცენარი კვირის უქმე დღეებში, სწრაფ რეჟიმში დაიწერა, მხოლოდ მისი რეალიზება იყო საჭირო. სწორედ ამიტომ მოიგონეს ნომერი მაიკლ ფლეტლის, ჯინ ბატლერისა და უხეშ ფეხსაცმელში გამოწყობილი მოცეკვავეების დიდი ჯგუფისთვის, რომელსაც ფონად, ირლანდიური გუნდის ”ანუნას” შესრულება ახლდა თან.
მოიე დოჰერტის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, საცეკვაო ნომერზე რეჟისორი ჯონ მაკქოლოგანი და ქორეოგრაფი მევის ასკოტი მუშაობდნენ. მუსიკის შესაქმნელად, ტრადიციულ სტილში მომუშავე კომპოზიტორი ბილ უილანი მოიწვიეს. სწორედ ამ პატარა გუნდმა ჩაუყარა საფუძველი «რივერდანსის» შოუს წარმატებას. 1994 წლის 30 აპრილს, 300 მილიონი ადამიანი ნანახით გაოგნებული და აღფრთოვანებული დარჩა. აუცილებელი გახდა, ვიდეოსა და სინგლის გადაღება, შემდეგ კი, დიდი შოუს დადგმა.
მოგვიანებით გადაწყდა, რომ შოუს ინტერნაციონალური ხასიათი უნდა ჰქონოდა, რადგანაც ირლანდიური ცეკვის ჩარჩოები ძალიან ვიწროა. შედეგად, კასტინგმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ძიება წარმატებით დასრულდა. შოუს კლასიკურ ვარიანტში, ირლანდიური სტეპის მოცეკვავეების გარდა, მონაწილეობდნენ ფლამინგოს ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე ესპანეთიდან მარია პახესი. ირლანდიელი პოპ-მომღერალი ანა ო’კელი, შავკანიანი სტეპისტები ჰარლემიდან, მარელ პენო, ლეონ სეიზელ ვუდი და ჯენი გერმანი. ასევე, მთელი საეკლესიო გუნდი ”დევერანსე” მომღერალ ჯეიმს ბოგნანის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, შოუში სლავური წარმოშობის კოლორიტის დამატება და ფსონი უშეცდომოდ დაიდო ძალიან ცნობილ მუსიკოსებზე.
70-იანი წლების დასაწყისში, ირლანდიელმა ფოლკ-მუსიკოსებმა ევროპაში სლავური მუსიკისადმი ინტერესი ბალკანეთიდან (სერბეთი, ბულგარეთი, მაკედონია) მოიტანეს. საჭირო იყო კომპოზიტორისა და შემსრულებლის დამატება შოუში. ცნობადი ბალკანური ჟღერადობის შესატანად, უნგრეთიდან კომპოზიტორი და შემსრულებელი ნიკოლა პაროვი მოიწვიეს. მთელ მსოფლიოში რუსული საბალეტო სკოლის მიმართ დიდი ინტერესია და ამიტომაც, საჭირო გახდა ნამდვილი რუსი მოცეკვავეების პოვნა, რომლებიც ბალკანურ მუსიკაზე სლავურ ცეკვებს შეასრულებდნენ. პროდიუსერების არჩევანი იგორ მაისეევის ცნობილი ანსამბლის მოცეკვავეთა ჯგუფზე შეჩერდა. ისინი არ იყვნენ გატაცებულნი ირლანდიური ცეკვებით, მაგრამ გარანტირებულად საუკეთესო ნომრების შესრულება შეეძლოთ.
სწორედ შოუს ეს ვარიანტი გახდა ”რივერდანსისთვის” კანონიკური. დღეს უკვე რამდენიმე ჯგუფი არსებობს, მაგრამ მთავარი არ იცვლება. აგენტები მთელი მსოფლიოდან ნადირობდნენ ”რივერდანსის” შოუზე, მაგრამ მათ მთავარ მიზნად, ლონდონის დაპყრობა აირჩიეს. წარმატებამ შოუს გაყოფა გამოიწვია, მაიკლ ფლეტლიმ პროდიუსერებთან უთანხმოების გამო შოუ დატოვა და საკუთარი პროგრამა The Lord Of The Dance გააკეთა. ფლეტლის შოუ ”რივერდანსისგან” განსხვავებით, უფრო ფართო მასებზე იყო გათვლილი. ამ ეტაპზე, მსოფლიოში ძალიან ბევრი რივერდანსელია, თითქმის ყოველმა მეორემ საკუთარი შოუ გააკეთა. ზოგი ახალია, ზოგიც - ძველი.
თბილისში ათი წლის კოლექტივი ჩამოვიდა, კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, დავით ოქიტაშვილი თბილისელებს და არამარტო, დაუვიწყარ შოუს პირდებოდა. გაზეთი ”ვერსია”, რომელიც ერთადერთი იყო, რომელიც ამ კოლექტივის ისტორიით დაინტერესდა, წერდა: - ”როდესაც ”ვერსიაში” ამ მასალაზე მუშაობა დავიწყეთ, ”რივერდანსის” თითქმის ყველა კოლექტივის შესახებ მოვიპოვეთ ინფორმაცია, თუმცა პროგრამა Magic Of The Dance ინტერნეტსაძიებელში ცალკე ამოგვიგდო.
Magic Of The Dance ევროპის კრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთესო საოჯახო შოუს ნომინაციაში დაასახელა. საუკეთსო ირლანდიური საცეკვაო შოუ თავის ათი წლის იუბილეს 10 მსოფლიო ჩემპიონთან, ცეკვის ახალ მეფე დერმოტ კულენსა და ბროდვეის ვარსკვლავთან, სიუზენ კლერთან ერთად აღნიშნავს. საცეკვაო სპექტაკლი ჰოლივუდის ვარსკვლავის ქრისტოფერ ლის მიერ დაწერილი ისტორიის მოტივებზე შეიქმნა. ეს არის გამაოგნებელი სიმღერა სიყვარულისა, განხორციელებული ირლანდიური ცეცხლოვანი ტემპერამენტის ცეკვაში.
- ”შოუმ ირლანდიური ცეკვა გადააქცია ყველასთვის საყვარელ თეატრალურ ექსპერიმენტად, სადაც საოცრადაა შერწყმული კომედია, ტრაგედია, საოცრება და რომანტიკა”, - წერს რუსული მედია, რომელიც მათ კონცერტს სანკტ-პეტერბურგში ელოდება. რაც შეეხება ”რივერდანსს”, თავისი გამოსამშვიდობებელი შოუთი, თბილისელები ვერ, მაგრამ მოსკოველები კრემლის სასახლეში აუცილებლად იხილავენ”.
დავით ოქიტაშვილი ინტერვიუში შეკითხვაზე, არის თუ არა ის კოლექტივი, რომელსაც თბილისში ელოდებიან, ”რივერდანსი”, პასუხობდა: „ეს არის ”რივერდანსის ვარსკვლავების შოუ”. ”რივერ დანსი” ეს არის ირლანდიური ”ჩიჩოტკა”. თქვენ 25-ში ნამდვილ ირლანდიელებს იხილავთ. ჩვენ ყოველ ინტერვიუში ვამბობთ, რეკლამაშიც აშკარად ჩანს, რომ ეს არის ”რივერდანსის ვარსკვლავების შოუ”, Magic Of The Dance მაყურებელს წარმოუდგენს მსოფლიო ჩემპიონსა და ბროდვეის ვარსკვლავს სიუზან კლერის, ორგზის ჩემპიონს ირლანდიურ ცეკვებში დერმოტ კულენს, ექვსგზის ჩემპიონს მიშელ ლოურენსს. სპექტაკლის ქორეოგრაფია, რვაგზის მსოფლიო ჩემპიონს ჯონ კერის ეკუთვნის.
ეს განუმეორებელი მოცეკვავეები, რომლებიც ნომრებს კასრებზე, კალათბურთის ბურთებზე ასრულებენ, პიროტექნიკის ელემენტებსაც იყენებენ. Magic Of The Dance მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საცეკვაო შოუა... 24-ში თბილისში მათი პროდიუსერი ჩამოდის და ნებისმიერი ჟურნალისტი, ვისაც შესაძლოა ეჭვი შეეპარა, რომ შოუში ”რივერდანსის” ვარსკვლავებს იხილავს, ნახავს იმ ხალხს, ვინც თავის დროზე, ამ შოუს დგამდა, შეგიძლიათ გაესაუბროთ”...
კონცერტის შემდეგ, ქართულმა ტელემედიამ, რომელიც კონცერტის წინ შოუს განუმეორებლობაზე საგებს აგებდა და მას ”რივერდანსად” მოიხსენიებდა, ”აღმოჩენა” გააკეთა და ოქიტაშვილი ირიბად აფერაში დაადანაშაულა. თუმცაღა ბრალმდებლად ინტერნეტფორუმების მომხმარებელი გამოაცხადა. საბრალდებო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ოქიტაშვილს რამდენჯერმე მისცეს იმავე არხზე თავის მართლების შანსი და ეჭვი გვაქვს ყველაფერი ასე არ ჩაივლის, იმიტომ, რომ ხალხი ბრალდებას უფრო იჯერებს, ვიდრე თავის მართლებას, ”ოქიტას” კი თავის მართლება ყოველი ახალი შოუს წინ მოუწევს, განსაკუთრებით სპონსორებთან, რომლებიც მის ღონისძიებებს უხვად ჰყავს, სახელის გატეხვას კი თავის გატეხვა სჯობს.
რაც შეეხება თავად კონცერტს, უკვე გაიგებდით, რომ 1900 კაცამდე ბილეთიან-მოასაწვევიან მაყურებელს შორის, კმაყოფილი ცოტა იყო, ასე, რომ აღარ განვავრცობთ...
მაგრამ, კოლეგების გამკვირვებია და როცა რაიმეზე მასალას ამზადებ, წინასწარ ინფორმაცია არ უნდა შეაგროვო? იმ ხალხისაც გამკვირვებია 50-დან 200 ლარამდე რომ იხდიდა ბილეთში, ახლა ბოდიში და, იპურჭყება, შე კაი ადამიანო, ინტერნეტ მომხმარებელიც თუ ხარ, შოუს სახელიც იცი, ჩააგდე რა ”Google”-ში და გაერკვიე რაში იხდი ამ თანხას? აქ ანდაზა ”რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”, მახსენდება, თუმცა ნაკლებ დავით ოქიტაშვილის მისამართით.
დღეს შესაძლოა აფერის მამა უწოდოთ აწ გარდაცვლილი ქართული შოუ-ბიზნესის ყოფილ მამათავარს, მაგრამ, ფაქტია, რომ მან ბილეთზე დაგიბეჭდა ”რივერდანსის ვარსკვლავების შოუ”, მერე რა, რომ ჟურნალისტებს არ შეუსწორა ამ ”რივერდანსს” ნუ გაიძახიო? იქნებ მოერიდა?

დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, კი იდგნენ ევროპის საუკეთესო ოჯახური შოუს» ნომინაციაში წარდგენილი, ძალზე სახელგანთქმული მოცეკვავეები და მსახიობები და მათგან რამდენიმეს ”რივერდანსშიც” უცეკვია (ან, შესაძლოა, ასკაციან ”მასოვკაში” ტაშის დაკვრაში 7000 დოლარს იღებდა, მაშინ, როცა გვერდით დარბაზში ”სუხიშვილებს” ორ საათიანი ცეკვის შემდეგ იგივე პროდიუსერი 50 დოლარს იხდიდა) და თბილისში ერთი-ორი რივერ დანსული ჩაკვრაც შეასრულა?
თუმცა, აქ მთავარი სხვა რამეა – ოქიტაშვილიც არაფერ შუაშია, უბრალოდ ირლანდიელებმა არ იციან, რომ საქართველოში ყველა არამარტო მღერის, არამედ ცეკვავს და ”ხალტურა” არ მოსულა, ამხელა ქორეოგრაფია ხალხში ვის გაუკვირდებოდა მათი ღარიბული ჩაკვრები ან კალათბურთის ბურთი?
საბოლოო ჯამში, ერთი რამ მაკვირვებს. კი, შალვა რამიშვილის შოუში ნინა წკრიალაშვილის მაგალითმა აჩვენა, რომ კულტურის სამინისტრო ისეთი უფროსებით არის სავსე, სადაც ქვეშევრდომებისგან ითმენენ საჯარო განცხადებას, ჩემს უფროსზე მაგარი ვარო, მაგრამ, ერთი რამ გვავიწყდება ან ვივიწყებთ – დავით ოქიტაშვილს ეს კონცერტი მარტოს არ გაუკეთებია, ის საქართველოს კულტურის სამინისტროს თანამშრომელია, კულტურის სამინისტრო წარმოადგენდა კონცერტს, ის კულტურის სამინისტრო, რომელსაც ნიკა რურუა ხელმძღვანელობს. ნიკა რურუაზე ხომ ამბობენ ჯიბიდან ისვრისო? ოქიტაშვილი ნიახური ხომ არ არის, მეორედ მოვიდეს?
მე ერთ დასკვნამდე მივედი: ვიღაცას ოქიტაშვილის სკამი მოეწონა!
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10514
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.