http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-10-30/950ეს ერთი და სხვა მრავალი....
მოდის ხალხი აზრზე. იმედია რომ ეს ოქიტაშვილის დასასრულის დასაწყისია...
სიცრუესა და სიმართლეს შორის
დღეს რუბრიკაში აქცენტი ერთ თემას ნამდვილად ვერ შევეხები. თუმცა, კვირის მთავარი მოვლენა მაინც “რივერდანსს” ეხება.
სოფო კილასონია
24 საათი 30.10.09
დღეს რუბრიკაში აქცენტი ერთ თემას ნამდვილად ვერ შევეხები. თუმცა, კვირის მთავარი მოვლენა მაინც “რივერდანსს” ეხება.
ნამდვილსაც და შეთხზულ-გამოგონილს. მიუხედავად იმისა, რომ არ გამომრჩენია არც ერთი კომენტარი, რომელსაც კონცერტის ორგანიზატორები აკეთებდნენ ამ კვირაში, ამ ამბავს ერთი დიდი ტყუილი უნდა ვუწოდო, სხვა ვერაფერი და თუ რატომ, ქვემოთ გავშლი. დაბოლოს, ტყუილის გარდა საქმე ეხება ძვირად, 200-ლარიან ბილეთად შეფასებულ უხარისხოობას და ეს უხარისხო ტყუილი კონკრეტულმა ადამიანებმა სახელმწიფო ფულით განახორციელეს. სტატიაში ასევე გაეცნობით ნამდვილი “რივერდანსის” ქართველ მოცეკვავეს, ნათია რთველიაშვილს, რომელიც თავის მხრივ აღშფოთებას ვერ მალავს ჩემთვის მოწერილ კომენტარში... და სულ ბოლოს კიდევ ერთ პრემიერაზე მოგახსენებთ, რომელიც ახლახან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვიხილე და რომელსაც ჰქვია “ციმბირიდან მოსკოვამდე”...
დიდი შოუ კულტურულ ღონისძიებათადეპარტამენტისგან
ორი კვირის წინ ნინა წკრიალაშვილის ფრაზაზე, “ქართველების, ჩვენი საზოგადოების სირცხვილია მე რომ პოპულარული მომღერალი ვარ”, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ჩემსავით ბევრს გაეღიმა ალბათ. ცხადია, სერიოზულად არავის მიუღია. ეს ფრაზა მხოლოდ ერთი კვირის თავზე მომაგონდა, როცა ჩემსავე თავს ჩავეკითხე - ვინ იყვნენ ამ ყალბი “რივერდანსის” ორგანიზატორები? ვინ მონათლა თავის დროზე და მთელი PRკამპანიის დროს ერთი საშუალო დონის პროექტი - “Magic of the dance” “რივერდანსად”, ანდა მის განშტოებად? რატომ ვერ შეაფასეს ხარისხი და რატომ ვერ დაადეს ხარისხის ადეკვატური ღირებულება ბილეთს? თუ შეცდნენ, როგორ შეცდნენ, თუ მოგვატყუეს, როგორ გაბედეს? ჰოდა ნინაც მაშინ გამახსენდა. თუმცა ქალბატონ წკრიალაშვილს რას ვერჩი. ის მართლაც პოპულარულია, ალბათ, და ამას გარდა, მას მეტისმეტად მოკრძალებული თანამდებობა აქვს - საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთი დიდი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა მხოლოდ.
ამ დეპარტამენტს კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტი ჰქვია. ასეთი დეპარტამენტი სამინისტროში არ არსებობდა, სანამ დავით ოქიტაშვილი, განათლებით ლითონმცოდნე, პროფესიით მეყალიბე, არ გახდებოდა დროებით უმუშევარი, დასასაქმებელი, ანუ სანამ მერიის კულტურის სამსახურიდან კულტურის სამინისტროში არ გადმოინაცვლებდა. და მოხდა ის, რაც ზოგადად საქართველოში ხშირად ხდება, - ადამიანს მოარგეს თანამდებობაც და საქმეც.
დავით ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს სახელით უხსნის ვარსკვლავებს ქართველ მსახიობებს, მანამდე მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული შოუ ბიზნესის და ესტრადის ფორმირებაში! დიახ! შესაბამისად გემოვნების ფორმირებაშიც! მისი ორგანიზებით გამართულა არაერთი კონცერტი და არაერთი რუსი მომღერლის გასტროლი თბილისში. მოკლედ, როგორც აღვნიშნე, გემოვნებაში შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი თანამდებობა ფაქტია იმისა, რომ ეს მნიშვნელობა ქვეყანაში გაანალიზებული და აღიარებულია. როგორც არ უნდა ეცადონ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ამ ღონისძიებებისგან დისტანცირებას, ანდა ამ დეპარტამენტის მისიისადმი ფარული ირონიის გამომჟღავნებას, ფაქტი ჯიუტია: სამინისტროში ოქიტაშვილს და მის თანაშემწეებს აქვთ დეპარტამენტი საკუთარი ბიუჯეტით (ეს ქვებიუჯეტი სამინისტროს და სახელმწიფოს ბიუჯეტიცაა ამავდროულად) და მათი ყოველი სვლა და ღონისძიება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სვლას ნიშნავს. მათ შორის “რივერდანსის” ამბავიც...
ქართულად ამ პროექტს დაარქვეს “რივერდანსი საქართველოში”. რაც არ უნდა მიეწერათ ინგლისურად, ეს უკვე მაყურებლის შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა. ამას გარდა, გაზაფხულზე ჩატარებულ საანონსო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ დავით ოქიტაშვილს და მის სამსახურს საქართველოში “რივერდანსი” ჩამოყავდათ. ამ ქვეყანაში პოლიტიკური მეხსიერება მართლაც ძალიან დაქვეითებულია, მაგრამ ჟურნალისტების მეხსიერებას ჯერ კიდევ არაუშავს. ამავე მეხსიერებით ძალიან კარგად გვახსოვს ამ პროექტის სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ნამდვილი “რივერდანსის” ცეკვის ეფექტური ვიდეოკადრებით გახლდათ აგებული. საინტერესოა, ნუთუ დავით ოქიტაშვილმა, რომელმაც მაყურებელს და პრესას დებილები გვიწოდა, ანდა მისი დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავად ვერ შეამჩნიეს ეს ფაქტი? არ უნახავთ რეკლამა? საკმარისია მხოლოდ ეს სარეკლამო ვიდეო იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ უბრალოდ მოგვატყუეს. თუ აქ ჩამოტანილი პროექტი მართლაც, როგორც მოგვიანებით თქვეს, “რივერდანსის” ერთი-ორი ყოფილი ყოფილი მსახიობების შოუა, ასეთი ძვირფასი რამ გახლდათ და ისინი მართლაც ვარსკვლავები არიან, მათ პროექტზე სულ ცოტა ამ ტექსტუალურ-ვიზუალური მასალაც იარსებებდა და მისი გამოყენებაც შეიძლებოდა. სხვა თუ არაფერი, “რივერდანსი” მოიცავს 70-იდან 100 მოცეკვავემდე. ამ შოუში კი მხოლოდ 12 ადამიანი “დარბის”, ისიც მძიმედ. კარგადაც რომ დარბოდნენ, ბილეთი 200 ლარი ღირდა. ალბათ სადღაც რაღაც არსებობს, თუმცა ნამდვილი “რივერდანსის” მოცეკვავე და რაღა დაგიმალოთ პირადად ჩემი ბავშვობის მეგობარი ნათია რთველიაშვილი მწერს, რომ თბილისში წარმოდგენილი პროექტი “ვიღაცის შეთითხნილი და “რივერდანსად” გასაღებული” რამ გახლდათ.
ნათია რთველიაშვილი საქართველოში, სავარაუდოდ, ნამდვილი ვარსკვლავი იქნებოდა, თანამედროვე ბალეტის დასი ანდა თეატრი რომ არსებობდეს. ქორეოგრაფიული სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ აშშ-ში რომ არ გაეგრძელებინა სწავლა და დღეს “რივერდანსის” მოცეკვავე რომ არ იყოს, მისი სახელი ნებისმიერს ეცოდინებოდა, რადგანაც მისი ფიზიკური მონაცემების, ტექნიკის, ენერგეტიკისა და ნიჭის მსგავსი მოცეკვავე ბევრი არ გაუზრდია თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. და აი, რას მწერს ნათია: “სამი წელია უკვე ნამდვილ (იცინის) “რივერდანსში” ვცეკვავ. ამჟამად ჩვენს დასს ორი გასტროლი აქვს, აშშ-ში და ევროპაში. შოუ, რომელიც თბილისში იხილეთ, შეთითხნილია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან. ეტყობა, ორგანიზატორებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ქართველი პუბლიკა ჩაყლაპავდა ამ ამბავს. ძალიან აღშფოთებული ვარ ამ ისტორიით. თავიდანვე როგორც კი შევიტყე, რომ “რივერდანსის” კონცერტს რეკლამას უკეთებდნენ თბილისში, მივხვდი, რომ აფიორა იყო და ახლობლებიც კი გავაფრთხილე, რომ არ წასულიყვნენ ამ ტყუილზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ “რივერდანსი” მხოლოდ ირლანდიურ ფოლკლორს არ ასრულებს. რეპერტუარში გვაქვს ესპანური ფლამენკო, ნეოკლასიკური ბალეტები, რუსული ფოლკლორი და ამერიკული სტეპი და რაც მთავარია, ცოცხალი მუსიკა - ორკესტრის თანხლებით. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა, სადაც ოვაციებით არ დასრულებულა ჩვენი კონცერტები. სამწუხაროდ, ქართველი მაყურებელი დარჩა მოტყუებული... ამჟანად მისისიპის შტატში ვართ, ყოველ კვირას ახალ ქალაქში გვაქვს კონცერტები. იმ ჯგუფის შესახებ კი, რომელიც თბილისში იყო, მე არ მსმენია, მაგრამ ირლანდიელ მოცეკვავეებს ვკითხე და ზოგმა იცოდა მის შესახებ, თუმცა ცოტა რამ. მაგრამ ამ შოუს არანაირი კავშირიში არ აქვს და არც ჰქონია “რივერდანსთან”. ხარისხითა და რანგითაც ბევრად ჩამოუვარდება. “რივერდანსი” ხომ ცეკვის სტილი არ არის, ეს სულ ცოტა 70 მოცეკვავის შოუს სახელია და ამ სახელის გამოყენების არანაირი უფლება არავის არ აქვს...”
ვფიქრობ, ნათია რთველიაშვილის კომენტარის შემდეგ ამ თემის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, ყველაფერი ისედაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ძალიან ნათელიც.
როცა “მატრიოშკებს” ჩოხოსანი შვილები ჰყავთ და ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად არის
მოდით, აღარ მოვყვები იმას, თუ რაოდენ დიდი ფსონი დაიდო ქართულ საბალეტო დასზე. უჩემოდაც კარგად იცის მკითხველმა და ჩემის დახმარებითაც. და რადგანაც ვიცით, ისიც გასაგები იქნება თქვენთვის, ჩემი ყურადღება რატომ არის ამ კვირაში ახალ საბალეტო პრემიერაზე გამახვილებული. “ციმბირიდან მოსკოვამდე” - ასე ჰქვია ახალ სპექტაკლს, რომელზეც დასი რამდენიმე თვე სერიოზულად მუშაობდა. დადგმა ძალიან “მონუმენტურია”, ამ სიტყვის ყველაზე პირადპირი და მარტივი გაგებით. დიდი დეკორაცია, ახალი კოსტუმები, ორკესტრის მიერ დამუშავებულ-დაძლეული მისთვის ახალი მუსიკალური ნაწარმოები...
მაგრამ, მკითხველსა და მაყურებელს ამ დადგმაში მხოლოდ სათაური როდი მოეხამუშება. ციმბირიცა და მოსკოვიც გადაგვიტანია ქართველებს, მაგრამ, როცა თეატრსა და ქვეყანას თითო “მონუმენტური” საბალეტო დადგმა საკმაოზე მეტი ფული უჯდება, ბიუჯეტი, რომლის ნახევარიც არ აქვს თუნდაც ამავე თეატრის მეორე - საოპერო დასს (რასაც კულუარებში მწვავედ აკრიტიკებდა ზაზა აზმაიფარაშვილი, სანამ მოხსნიდნენ), იმად ღირს, რომ ამ დასის წარმოდგენებს თვალი მაინც შევავლოთ.
“ციმბირიდან მოსკოვამდე” პირველად კოპენჰაგენში 1876 წელს დაიდგა და უკვე 100 წელიწადზე მეტია, არსად განხორციელებულა. დადგმა თავის დროზე რუსეთზე შეყვარებულმა და რუსეთით გაოგნებულმა, რუსეთის სამეფო წრეებთან დაახლოებულმა ავგუსტ ბურნონვილმა განახორციელა. ისედაც სახასიათო ცეკვების ოსტატმა, 70 წლის ასაკში ერთობ დიდი ზღაპარი უძღვნა რუსეთს, სხვა ვერაფერი და ალბათ ასაკიდან გამომდინარეც ცარიელი პანტომიმა, მიმიკებისა და ჟესტების ენაზე ააგო. ამ დადგმას თანამედროვე ადამიანი ბალეტს ნამდვილად ვერ დაარქმევს. პროექტის ისტორია, რომელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრის საიტზე წაიკითხავთ (www.opera.ge), ცოტა რთულია და გაუგებარი (მაგალითად რთულია გაერკვეთ მუსიკის და ლიბრეტოს ავტორებში), მაგრამ ვრცელია: როდის და სად იმოგზაურა ბურნონვილმა, დაწვრილებით წერია და რაოდენ საოცარი ქვეყანა იყო მის დროს რუსეთი... მაგრამ ამას საიტზეც ნახავთ, თუ დაინტერესდებით. ახლა შევეცდები, აგიხსნათ, თბილისის სცენაზე რა ხდება, რა ხდება დღეს, 2009 წლის მიწურულს და არა მე-19 საუკუნის შუა ხანებში და ისიც ციმბირში:
პირველი მოქმედება - ციმბირი. კარგად გემრიელად შეფუთული ქალები - მატრიოშკებს რომ გვანან, ისეთები. ბედნიერი სახეებით ცეკვავენ რუსული ფოლკლორული ცეკვებით უხვად გაჯერებულ სცენებს. მათ პატარებს ჩოხები აცვიათ, ანუ ქართველი შვილები ჰყავთ. უნდა ვივარაუდოთ, ქართველი მამები ციმბირში გავლით იყვნენ? ალბათ! პატარა ქართველებს, რომლებიც ხან ოსურს და ხანაც კინტოურს ცეკვავენ, ბოხოხები ახურავთ. მართლაც რომ არაჩვეულებრივად ცეკვავენ. ოსურსა და ხევსურულს “ჩასტუშკები” ცვლის. მოკლედ, ყველაფერი არაჩვეულებრივად არის - დიდი, რუსული და იმპერიალისტური ბედნიერება...
მეორე მოქმედება უკვე რუსეთის სამეფო კარზე მიმდინარეობს. აქ “გრებეშოკიანი” ქალები დაფრიალებენ. იშვიათად თუ წაიცეკვებენ. შედიან და გადიან, შედიან და გადიან... ამ სპექტაკლში ძალიან შემეცოდნენ სოლისტები, რომლებიც რუდუნებით ასრულებდნენ უმარტივეს და უინტერესო ქორეოგრაფიულ-პანტომიმურ ოპუსებს.
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, დადგმას მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ის ძალიან რუსულია. რომ თავის დროზე რუსებს აჩუქეს და მიეფერნენ და რომ დღეს ამ დადგმის განახლება დაახლოებით იგივეს ნიშნავს. არა, არა და არა. საქმე ის არის, რომ ეს ბალეტი შეიძლება მე-19 საუკუნის 60-იან წლებში იყო საინტერესო, მაგრამ ამ ტიპის პანტომიმური ბალეტი ნამდვილად ჩაბარდა წარსულს. ასეთი ქორეოგრაფიული ბალასტის დადგმის “ფუფუნება”, ვფიქრობ, დღეს არ გვაქვს. თანაც მასში მონაწილეობით ბალეტის მსახიობი ვერ გაიზრდება.
მოკლედ, მისი განახლებისთვის არგუმენტის მოძიება თითქმის შეუძლებელია. ამას ემატება ისიც, რომ კარლ ქრისტიან მოილერის მუსიკა აბსოლუტურად მდარეა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს მინკუსის “დონ კიხოტის” ძალიან ცუდ პლაგიატთან, რასაც ემატება რუსული ფოლკლორული სიმღერების მელოდიები და თემები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სცენოგრაფიაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, მეტისმეტად ცუდი ფერთა შეხამებაა, დეკორაციათა სიმძიმე რთულად აღსაქმელს ხდის ყოველივეს.
პრემიერას თბილისში “მსოფლიო პრემიერის” სტატუსიც ჰქონდა, გასაგებია რატომ - ამ დადგმას სხვაგან არ დადგამენ, არავინ შეგვეცილება, თუმცა შეიძლება მისი განხორციელება სადმე ციმბირში სცადონ. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ვიქონიოთ, არის ის, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში ჩვენს დასს სპექტაკლით “ციმბირიდან მოსკოვამდე” სიამოვნებით მიიღებენ...
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგან მთა და ბარამდი, ჩემის სახელის ძეგლები ყველგან დავასვი განამდი...