Georgian_90
Give me five
      
ჯგუფი: Members
წერილები: 11255
წევრი No.: 70388
რეგისტრ.: 4-September 08
|
#16232527 · 30 Oct 2009, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალექსანდრე ებრალიძე: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია
გიორგი გეგეშიძე
ამ დღეებში ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება, ინტერნეტში, დამოუკიდებელი რესურსის - პოლიტფორუმის საშუალებით, პასუხს სცემდა დაინტერესებულ მკითხველთა შეკითხვებს. 29 ოქტომბერს ონლაინ-კონფერენციაც შედგა. საინტერესოა, რომ ებრალიძის კონფერენციას პარალელურ რეჟიმში დაემთხვა ირაკლი ალასანიას კონფერენციაც, რომელიც ორი საათით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ალექსანდრე ებრალიძემ ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს იგი ამჟამინდელ ქართულ ოპოზიციაზე, ასე უპასუხა: "არ მინდა, შეფასება მივცე ოპოზიციას, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიმყოფები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - მათ შორის ერთი ტროას ცხენია, და ეს ირაკლი ალასანიაა".
ქვემოთ "საქართველოს რესპუბლიკის" მკითხველებს ვთავაზობთ ინტერნეტ-კონფერენციის ძირითად მომენტებს.
ალექსანდრე ებრალიძემ თავიდანვე ასეთი განცხადება გააკეთა: "ძვირფასო ორგანიზატორებო, შეკითხვების არ მეშინია და მზად ვარ, ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც ვუპასუხო, გთხოვთ, ნუ წაშლით თვით პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ შეკითხვებსაც-კი". ერთ-ერთ ასეთ მოწადინებულ მკითხველს რესპონდენტმა ამგვარი პასუხი გასცა:
"მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, და თქვენდა სამწუხაროდ, გავიმარჯვებ კიდეც ამ არჩევნებში, მე დიდ ხანს ვფიქრობდი.
დიდ ხანს იმიტომ ვფიქრობდი, რომ ქართული ტელევიზიით გამოდიოდნენ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ დაიწყო სამამულო ომი. პირველი შეკითხვა: სამამულო ომი ვისთან. საკუთარ მოქალაქეებთან. რუსებთან. ოსებთან...
ჩემი აღზრდისა და მიღებული განათლების თანახმად, სამამულო ომში ან იმარჯვებენ ან იხოცებიან, მაგრამ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მესამე გამოსავალი იპოვა, რომელიც ისტორიამ აქამდე არ იცოდა - კერძოდ, ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს.
ძვირფასო თანამემამულევ, ნუ გადადიხართ შეურაცხყოფაზე, ამით თქვენს თავს და თქვენს ხალხს შეურაცხყოფთ. ყველაფერი მაინც კარგად იქნება - საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი გამარჯვების შემდეგ საქართველო გახდება ერთიანი და სუვერენული!
დევნილები დაბრუნდებიან თავიანთი სახლებში, გვექნება რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლა, ქართველ გლეხებს შეეძლებათ ივაჭრონ თავიანთი პროდუქციით რუსულ ბაზარზე, ქართული ღვინოები, მინერალური წ###ბი აღფრთოვანებას დაიმსახურებენ რუსეთის ქალაქებში.
თქვენს გამო კი, ძვირფასო თანამემამულევ, მე ვწუხვარ. სწორედ ამიტომ ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი, რათა გამოვასწორო ჩვენ მოქალაქეთა ერთი ნაწილის გონების კატასტროფული ამღვრევა".
მკითხველთა ნაწილი დაინტერესდა ბატონი ებრალიძის ნასამართლევობით:
"დიახ, ახალგაზრდობაში მე ნასამართლევი ვიყავი. იმასაც გეტყვით, თუ რატომ. იმიტომ, რომ არასოდეს შევგუებივარ უსამართლობას. მაგრამ წლებმა, გამოცდილებამ მასწავლა, რომ უსამართლობას უნდა ებრძოლო სისტემურად და კანონიერად და არა ეპიზოდურად და კანონის დარღვევით.
ამიტომ მე ვცდილობ, სიკეთე ვაკეთო. როდესაც იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყიდულობენ ბინას ან მანქანას, კიდევ საკითხავია, ვის უფრო უხარია ეს - მათ თუ მე. ცნობისათვის: მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ავაშენე მილიონ შვიდასი ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩავუტარე 47 ათას კვ.მ ისტორიულ ნაგებობებს - მე-18 საუკუნის სასახლეებს.
ნულიდან, სუფთა მინდორზე, 70 ჰექტარ მიწაზე ავაშენე სამი სუპერთანამედროვე ხის გადამმუშავებელი ქარხანა.
შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს: მე არ მიყვარს თეორიული განსჯა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას უდგას კრიზისული ხანა. ეს გახლავთ შედეგი სწორედ ხელისუფლების მოღვაწეობისა. ამ სიტუაციას მე საკმაოდ ჩქარა გამოვასწორებ.
იყო ასეთი შეკითხვაც, თუ რა პოლიტიკა ექნება რესპონდენტს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ე. წ. კანონიერი ქურდების მიმართ.
პასუხი: "საქართველოში კანონის უზენაესობა დამყარდება და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, ციხეში აღმოჩნდება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება - ბანდიტი, ქურდი, მოხელე... რასაკვირველია, კანონმა ყველას უნდა მისცეს გამოსწორების შესაძლებლობა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დანაშაულისათვის სასჯელი და გამოსწორებისთვის შანსი".
სენსაციური შეიძლება ეწოდოს ალ. ებრალიძის განცხადებას ეკონომიკის ყველა სტრატეგიული მიმართულების ნაციონალიზაციის განზრახვის შესახებ: "ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკის ყველა სტრატეგიული მიმართულების ნაციონალიზაცია მოხდება. ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესზე გაკეთდება".
მცირე გამონაკლისის გარდა ასეთი თამამი და მკაფიო განცხადება წლების მანძილზე დატაცებული საერთო-სახალხო დოვლათის ხალხისათვის დაბრუნების აუცილებლობაზე დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრიდან არავის გაუკეთებია.
განსაკუთრებით საინტერესო იყო, ალბათ, შეკითხვა, თუ როგორ აპირებს ალ. ებრალიძე, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო აჩევნებში მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მოთხოვნით კანდიდატი ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს (მკითხველს აქვე შევახსენებთ: ბათუმში დაბადებულ და გაზრდილ ბატონ ებრალიძეს წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ და პასუხს ელოდება ხელისუფლებისაგან). ებრალიძე ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში 2013 წლის არჩევნებამდე შესაბამისი ცვლილებები შევა: "არსებობს ასეთი კანონზომიერება - ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება"... აქ იგულისხმება, რომ არც კონსტიტუციაა შეუცვლელი, და ჩვენ გვახსოვს, 2004 წლის თებერვალში რა მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა კონსტიტუციაში, 1999 წლის მოწვევის უკვე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ...
ერთი შეკითხვა ეხებოდა ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტსაც რუსეთში, მკითხველს აინტერესებდა, თუ შეხვდა მას ბატონი ებრალიძე. პასუხი: "ბატონ ნოღაიდელს არ ვიცნობ და არ შევხვედრივარ".
შეკითხვების ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა, ვინაიდან სწორედ ეს საკითხი არის ებრალიძის მიერ თავის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად გაცხადებული. ალ. ებრალიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩვენს მიერ აღიარებას ან ჩვენს სუვერენიტეტზე უარის თქმას. პირიქით, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასაწყისი უნდა გახდეს, და ეს შესაძლებელია ძალიან მოკლე ხანში - ერთი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში. ციტატა: "აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია".
მთლიანობაში ალექსანდრე ებრალიძემ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ეკონომიკის აღორძინება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საშუალებით, სოციალური დაცულობა, სახელმწიფო ნეიტრალიტეტი, ძლიერი თავდაცვა, ნორმალური ურთიერთობები დასავლეთთან და რეგიონულ მეზობლებთან.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მიაწოდა მკითხველებს რესპონდენტმა: უკვე ნოემბერში მოხდება დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული პრემიის პრეზენტაცია. პრემიაზე წარდგენილ ნაწარმოებებში აღწერილი უნდა იყოს საქართველოს ისტორიის ნებისმიერი პერიოდი 1945 წლამდე, ის ისტორიული პიროვნებები უნდა იყვნენ წარმოჩენილნი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
|