solitaire ®©
მთავარეპისკოპოსი ანტონი: მე ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ! სკანდალი დასავლეთ ევროპის ეპარქიაშირამდენიმე დღის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში ხმაურიანი სკანდალი მოხდა. ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა აბრაამმა (ერისკაცობაში ამირან გარმელია) მღვდელი მიქაელი (ერისკაცობაში ვაჟა ბურდული) გაანთავისუფლა ბრიუსელის (ბელგია) წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიისა და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ქართული სამრევლოს წინამძღვრობიდან და მას უმძიმესი საეკლესიო სასჯელი დაადო – მღვდელმოქმედება აუკრძალა. Eეს ნიშნავს, რომ ბელგიასა და დიდი ბრიტანეთში მცხოვრები მრავალი ათასი ჩვენი თანამემამულე მშობლიურ ენაზე აღსრულებული ღვთისმსახურების გარეშე დარჩა. მღვდელი მიქაელ ბურდული უკვე ხუთი წელია აღნიშნული ქართული სამრევლოების წინამძღვარია. იგი საქართველოს ეკლესიაში ინტელექტუალების უკიდურესად მცირე რიცხვს განეკუთვნება. მამა მიქაელმა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და 1983 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. შემდეგ სწავლა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1991 წელს დაამთავრა და იქვე დაიცვა დისერტაცია რელიგიის ფსიქოლოგიაში. Gგაიარა სტაჟირება პარიზის წმ. სერგის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ინსტიტუტში. იგი თეოლოგიის დოქტორია. მისი მეუღლე ფრაცისკა ლუნდონი მართლმადიდებელი ფრანგია, რომელმაც ასევე სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მიიღო თეოლოგიური განათლება. მათ ჰყავთ ერთი ვაჟი გაბრიელი. მღვდელი მიქაელი წლების განმავლობაში ემსახურებოდა აგრეთვე ჟენევის (შვეიცარია) ქართულ სამრევლოს. მოვლენები კი შენდეგნაირად განვითარდა: ა.წ. მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა აბრაამ გარმელიამ მღვდელ მიქაელ ბურდულს კვირაში 100 ევროს მოტანა მოსთხოვა და განაცხადა, რომ “ მე მხოლოდ მოჭრილზე ვმუშაობო”. Uუარი, რომ მიიღო - მამა მიქაელს წირვა-ლოცვის აღსრულება აუკრძალა. 23 ივლისს მიტროპოლიტი აბრაამი ბრიუსელში ჩავიდა და წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის სამრევლო კრება მოიწვია, რომელსაც საქართველოს ელჩი ბელგიაში ქალბატონი სალომე სამადაშვილი ესწრებოდა. კრებაზე მიტროპოლიტი ანტვერპენის (ბელგია) ქართული სამრევლოს წინამძღვრის მღვდელ-მონოზონ აბიბო ქურციძის თანხლებით მივიდა. მამა აბიბო აქტიურადაა ჩართული ბელგიასა და საქართველოს შორის სავაჭრო პროცესში, კერძოდ ავტომობილებისა და სხვადასხვა უფაქტურო საქონლის ბიზნესში, გარდა ამისა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსის, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის “კაცს” წარმოადგენს. კრებაზე მიტროპოლიტმა აბრაამმა დაიწყო მღვდელ მიქაელ ბურდულის მიმართ მუქარა და ლანძღვა-გინება. განაცხადა, რომ მამა მიქაელი ფულის გულისთვისაა მისული ეკლესიაში და მას კათოლიკეები აფინანსებენ. შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლის წევრებს ყოველკვირეულად 10 ევროს მოტანა მოსთხოვა. როდესაც მრევლი მღვდელ მიქაელს გამოესარჩლა მიტროპოლიტი აბრაამი უცენზურო გინებაზე გადავიდა, განაცხადა, რომ მას “ ფეხებზე ჰკიდია ბელგიის კანონები” და “ ლაპარაკი შეუძლია არა მარტო ხელებით, არამედ ფეხებით და სხვა ორგანოებითაც”. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა ბელგიაში ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად კრება დატოვა. აგვისტოს დასაწყისში თბილისში ჩამოსულ მღვდელ მიქაელ ბურდულს საპატრიარქოში განუცხადეს, რომ მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას “დიდი ზურგი” აქვს, მისი მფარველია თბილისის მერი გიგი უგულავა და ამიტომ მეუფე აბრაამის ყველას ეშინია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტს დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და საქართველოს ელჩი ბელგიაში ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ აღნიშნული მოვლენებით და კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა სურდათ, მისმა უწმინდესობამ არ მიიღო, იმ მოტივით, რომ ეს “შიდა საეკლესიო საქმეა”.
Mმიტროპოლიტი აბრაამ გარმელია პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში ხელმოცარული კარიერის შემდეგ, 1986 წელს შევიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. ერთ წელიწადში იგი ბერი და მღვდელ-მონოზონი გახდა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი გელათის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. 1990_იანი წლების დასაწყისში მეუფე აბრაამი კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლურ ინსტიტუტში სწავლობდა ქ. რეგენსბურგში (გერმანია). იგი იქ გერმანული ენის კურსებს გადიოდა, მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი სიტყვა “შპაცირენ” დაიმახსოვრა, სამაგიეროდ, მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნებისას 17 ჩემოდანი “ვეშჩი” ჩამოიტანა. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მიტროპოლიტი აბრაამი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიეს რექტორი და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავჯდომარე. 2002 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ევროპაში არსებული სამი ქართული ეკლესიის ბაზაზე დასავლეთ ევროპის ეპარქია დაარსა და მის მმართველად მიტროპოლიტი აბრაამი დანიშნა. პირველ პერიოდში მეუფე აბრაამი ისევ რეგენსბურგის კათოლიკურ ინსტიტუტში დასახლდა და იქ წელიწადი გაატარა, მას კათოლიკური ეკლესია აფინანსებდა. შემდეგ მან ბრიუსელის პრესტიჟულ უბანში სახლის შეძენა გადაწყვიტა და ამისათვის საჭირო თანხა ისევ კათოლიკურ ეკლესიას, კერძოდ ვატიკანის ელჩს საქართველოში არქიეპისკოპოს კლაუდიო გუჯეროტის მოსთხოვა, მაგრამ ამჯერად უარი მიიღო. სწორედ ეს გახდა მისი გაღიზიანებისა და “ანტიკათოლიციზმის” მიზეზი. მიტროპოლიტი აბრაამი მმართველობის დიქტატორული სტილითა და “რაიკომის მდივნური” მენტალიტეტით გამოირჩევა. საეკლესიო წრეებში მისი მეტსახელია “შეიხი”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქია შემდეგი ეკლესიებისაგან შედგება:
1. სტრასბურგის (საფრანგეთი) წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია. წინამძრვარი დეკანოზი გიორგი მექოშვილი;
2. მიუნხენის (გერმანია) წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესია. წინამძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი თამაზ ლომიძე;
3. ბრიუსელის (ბელგია) წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია. წინამძღვარი მღვდელი მიქაელ ბურდული;
4. ანტვერპენის (ბელგია) ქართული სამრევლო. წინამძღვარი მღვდელ-მონოზონი აბიბო ქურციძე.
Yყველა ქართული ეკლესია, ანტვერპენის სამრევლოს გარდა დაარსა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისათვის 2004 წლის 23 დეკემბერს მღვდელმოქმედება აუკრძალა.
რა მოხდა ლონდონში?
რამდენიმე დღის წინ რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა "Портал–Credo.Ru"-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ლონდონში საქართველოს ეკლესიის სამრევლო საბჭოზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. როგორც Портал–Credo.Ru იტყობინება:“2006 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრიუსელის სამრევლოში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ანალოგიური პროცესები განვითარდა ლონდონის ქართულ სამრევლოშიც. როგორც ბრიუსელის, ასევე ლონდონის სამრევლოს ბოლო დრომდე მღვდელი მიქაელ ბურდული ხელმძღვანელობდა, რომელიც არ დაემორჩილა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას არაკანონიკურ მოთხოვნებს და სამრევლოს შემოსავლიდან მიტროპოლიტისათვის წილის მიცემაზე უარი განაცხადა. 2 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს შენობაში, შედგა ლონდონში წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს შეხვედრა. მიტროპოლიტ აბრაამის დავალებით სხდომას ვანის მთავარეპისკოპოსი ანტონი ესწრებოდა (ანტონ ბულუხია ადრე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილი კრიმინალური დანაშაულისათვის ორჯერაა ნასამართლევი). მიტროპოლიტ აბრაამის სახელით მთავარეპისკოპოსმა ანტონმა მოითხოვა სამრევლო საბჭოს დათხოვნა, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურადაა რეგისტრირებული; ასევე სამრევლოს საბანკო ანგარიშის დახურვა, ხოლო არსებული ფინანსების გადაცემა მიტროპოლიტ აბრაამის ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირისათვის. სამრევლოს თანხები და შემოწირულობები აღნიშნულმა პირებმა შემდგომშიც უნდა განკარგონ. მთავარეპისკოპოს ანტონის თქმით, “არც სამრევლო საბჭომ, არც სამრევლოს წევრებმა არ უნდა იცოდნენ რამდენია სამრევლოს შემოსავალი, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ მღვდელმთავრის კომპეტენციაში”. ბრიუსელის ქართულ სამრევლოში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია იხ.
http://religion.ge/news_one.php?cat=1&lan=1&news=93სამრევლო საბჭოს წევრებმა მთავარეპისკოპოს ანტონს უპასუხეს, რომ მისი მოთხოვნები ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის კანონებსა და სამრევლოს წესდებას. უარის მიღების შემდეგ მთავარეპისკოპოსი განრისხდა, დაიწყო მაგიდაზე მუშტების რტყმევა, ყვირილი და შეკრებილთა შეურაცხყოფა. საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა, მათ შორის ქალბატონმა რუსუდან ნეშმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, სტივენ ნეშის მეუღლემ, პროტესტის ნიშნად კრება დატოვეს. მოგვიანებით გამწვავებული სიტუაციის გამო მთავარეპისკოპოს ანტონსაც მოუწია კრების დატოვება.www.religion.ge დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, სადაც კატეგორიულად უარყვეს რუსულ საიტზე აღწერილი მოვლენების ნამდვილობა. საელჩოს პოლიტიკის განყოფილებაში კი გვითხრეს, რომ “საელჩო სამრევლოს საქმეებში არ ერევა, უბრალოდ სხდომისათვის შენობა დავუთმეთ. თუმცა რუსულ საიტზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება. გარდა ამისა, საბჭოს სხდომა კონფედენციალურია და ინფორმაცია არ უნდა გასულიყო... გაუგებარია როგორ მოხდა ეს”. რა მოხდა რეალურად ლონდონის სამრევლო საბჭოს სხდომაზე, ამის დასადგენად www.religion.ge ვანის მთავარეპისკოპოს ანტონს დაუკავშირდა: - რუსულ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია ლონდონში სამრევლო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, ალბათ გაეცანით...
- დიახ, რა თქმა უნდა, გავეცანი...
- თქვენი კომენტარი.
- ჯერ ერთი, ვინც ეკლესია იცის, მიხვდება, რომ ეს აბსურდია. მე ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ, გამოვედი და მოვინანიე. ვინც მაგას ამბობს, ალბათ ქრისტესაც შეახსენებს, რომ მრუშებთან ერთად ტეხდა პურს...
- მე საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი კომენტარი. მეუფე, ეს ხომ თქვენი ეპარქია არ არის, რატომ ესწრებოდით სხდომას თქვენ და არა მეუფე აბრაამი? რა მოხდა სხდომაზე? რამ გამოიწვია კონფლიქტი და იყო თუ არა საიტზე გამოქვეყნებული მოთხოვნები თქვენ მიერ წამოყენებული?
- რაც შეეხება ლონდონში გამართულ სამრევლო საბჭოს, ის მე არ ჩამიტარებია. უბრალოდ ჩასული ვიყავი და ქართველები ვნახე. რაც იქ წერია, ეს არის აბსურდი. ლონდონში მსგავსი არაფერი მომხდარა. საბჭოს წევრებმა სათითაოდ გაუგზავნეს იმ რუსულ საიტს წერილები. ეს საქართველოდან მოდის და უფრო მეუფე აბრაამის წინააღმდეგ არის მიმართული. იმათი გავრცელებულია, ვინც აბრაამს ებრძვის.
- მეუფე, თუ საიდუმლო არ არის, ვინ არიან ისინი?
- თვითონ მიხვდებიან, ჩვენი პირიდან დასახელების ღირსნი არ არიან.
- რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელ ბურდული ჯერ ბრიუსელის სამრევლოს, შემდეგ კი ლონდონის სამრევლოს წინამძღოლობიდან და თბილისში მცხოვრები მამა გიორგი ჩაჩავა დანიშნეს, რომელიც თბილისიდან დადის ლონდონში?
- კარგი იქნება თუ ამას მეუფე აბრაამს კითხავთ, ეს მისი ეპარქიაა.
- თქვენი აზრი მაინტერესებს...
- ქმედება სწორი იყო. მეც ასე მოვიქცეოდი.
მეუფე ანტონის განმარტების შემდეგ კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები - რა მოხდა რეალურად ლონდონში საქართველოს საელჩოში; როგორ მოხვდა მთავარეპისკოპოსი ანტონი ლონდონის სამრევლო საბჭოს სხდომაზე; რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელი და, რაც მთავარია, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ის ფაქტები, რაც რუსულ საიტზეა აღწერილი. www.religion.ge ამ კითხვებზე პასუხის იმედით მამა გიორგი ჩაჩავას დაუკავშირდა. ის სამრევლოს საბჭოს სხდომას ესწრებოდა.: - მამა გიორგი, იქნებ გაგვარკვიოთ, რა მოხდა ლონდონში? მოითხოვა თუ არა მეუფე ანტონმა სამრევლოს დახურვა და რამ გამოიწვია საკითხის ასე დაყენება?
- იცით რა, რუსულ საიტზე რაც გამოქვეყნდა, არ წამიკითხავს! დაახლოებით მიამბეს. ისინი ცდილობენ “ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას”. საქმე იმაშია, რომ ლონდონში დიდი ხანია არსებობს წმ. გიორგის ქართული საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც მოღვაწეობენ იქაური ქართველები და მართლმადიდებელი ინგლისელები. ადრე ფონდს გიორგი ფოცხვერია ხელმძღვანელობდა, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. დღეს ფონდის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძეა. ფონდი იყო მოტორი სამრევლოს შექმნის საკითხში, მათ მოიზიდეს თანხები და ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. მაგრამ იქაურ სამრევლოს ტაძარი არ აქვს, ბერძნულ ტაძარს ვართ მიკედლებული. ბერძნები შაბათობით გვითმობენ შენობას. ჩემი ჩასვლის შემდეგ, პირადი კონტაქტების საშუალებით (?!-რედ) მოვახერხეთ ანგლიკანებთან მოლაპარაკება, ისინი შენობას აქირავებენ, მაგრამ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გვაძლევენ. ასე რომ, ახლა ტაძარი გვექნება. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა თანხების მოზიდვის საკითხი. ფონდის წესდებით, ორგანიზაციას 21 კაცი მართავს და გადაწყვეტილების მიღებისათვის 11-კაციანი კვორუმია საჭირო. წესდებისავე თანახმად, ამ გადაწყვეტილების გარეშე ფონდი ერთ გირვანქასაც ვერ დახარჯავს. ეს კი ეკლესიის სამართავად მეტად მოუქნელი მექანიზმია. ეკლესიაში ყოველდღიურად გიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ეკლესიის საბჭოს ჩამოყალიბების საკითხი დადგა. თანაც ამას მოითხოვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შინაგანაწესი (კონსტიტუცია). ეკლესიის საბჭო უნდა შედგებოდეს სასულიერო პირების, მნესა და კიდევ მრევლის სამი წევრისაგან. ლონდონში ფონდის საბჭოს სამი წევრი ეკლესიის საბჭოს წევრებიც იქნებიან, თუ ვინ – ამას ფონდის საბჭო თავად გადაწყვეტს. ფონდი გააგრძელებს თავის საქმიანობას, თანხების მოზიდვას, გაჭირვებულების დახმარებას და სხვა.
- მამა გიორგი, რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელ ბურდული სამრევლოს ხელმძღვანელობიდან და დაგნიშნეს თქვენ? თბილისიდან ლონდონში სიარული ღვთისმსახურების ჩასატარებლად, რბილად რომ ვთქვათ, რთულია...
- მე იქ დროებით ვარ. რაც შეეხება მამა მიქაელს, იქ იყო პრობლემები. მე დეტალურად არ ვარ საქმეში ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მამა მიქაელმა შეცდომა დაუშვა და დროებით გადავიდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში.
- მამა გიორგი, მეუფე ანტონი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის დავალებით იყო ჩასული ლონდონში და მართლა მოითხოვა სამრევლო საბჭოს საბანკო ანგარიშების დახურვა და ფინანსების გადაცემა მიტროპოლიტ აბრაამის ნდობით აღჭურვილი პირისათვის?
- მეუფე ანტონი კერძო ვიზიტით იყო ლონდონში. მიტროპოლიტი მას ასეთ დავალებას ვერ მისცემდა. ეს იერარქიული საკითხების აღრევაა. როცა მეუფემ გაიგო სამრევლოს სხდომის შესახებ, ის მოვიდა საელჩოში. მან ისაუბრა, გამოთქვა თავისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხებზე. მაგრამ იცით, როგორ არის, მეუფე ანტონი ბაღდათის ეპისკოპოსია, დასავლეთ ევროპის ეპარქიაში შეუძლია დაესწროს სამრევლოს სხდომებს, აზრიც გამოთქვას, მაგრამ როგორც კერძო პირმა. საკუთარი მოსაზრებების განხორციელება კი მხოლოდ ბაღდათში შეუძლია. ფონდს თავისი ანგარიში აქვს, რომელსაც განკარგავს, მაგრამ ტაძარს აქვს თავისი ანგარიში. ფონდი ტაძრის ანგარიშსაც სამი დელეგირებული პირის საშუალებით განკარგავს. ფონდის წესდებიდან გამომდინარე, რთულია ტაძრის მართვა. ლონდონი დიდი ქალაქია, 21 კაცის შეკრება ძალიან რთულია, 3 კაცის კი - ადვილი. თანაც საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციაც ამას მოითხოვს...
- “არც სამრევლო საბჭომ, არც სამრევლოს წევრებმა არ უნდა იცოდნენ რამდენია სამრევლოს შემოსავალი, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ მღვდელმთავრის კომპეტენციაში” - ეს მოსაზრებაც გამოთქვა მეუფე ანტონმა საბჭოს სხდომაზე?
- ისევ ვიმეორებ, გამოთქვა თავისი აზრი. დემოკრატიის პირობებში ეს მისაღებია, მაგრამ სანამ ის ბაღდათის მთავარეპისკოპოსია, მის აზრს ქმედითი დანიშნულება არ აქვს, თუ დასავლეთ ევროპის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნავენ, მაშინ ექნება. იცით რა, მეუფე ცოტა ემოციური ადამიანია, ვინც ინგლისში ცხოვრობს, გადაეჩვია ემოციურ საუბარს. მეუფემ ცოტა გადაჭარბებული ემოციით ისაუბრა...
... იცით რა, მე ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ეს ვასილ კობახიძის დაწერილია, ვის ებრძვის და რას ებრძვის ეს ადამიანი? ყველას და ყველაფერს. მგონი თვითონაც სერიოზულად დაიბნა.
- რა აზრი გამოთქვა მეუფემ ასეთი, რომ ინგლისელი ქართველები გაანაწყენა?
- აი, დაახლოებით ასეთი, მე რომ ეპისკოპოსი ვიყო (იგულისხმება დასავლეთ ევროპის) ასე ვიზამდი, ისე ვიზამდიო. დაახლოებით თქვენთან სახლში რომ მოვიდეს ადამიანი და გითხრათ, აქ ნახვრეტს გავაკეთებდიო...
www.religion.ge დეკანოზ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "Портал–credo.ru"-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მისი დაწერილი არ არის: - მე ასეთ კომენტარს გავაკეთებდი: მამა გიორგი ჩაჩავა ჭაბუა ამირეჯიბის რომან “დათა თუთაშხიაში” აღწერილი კაციჭამია ვირთაგვაა, რომელიც საპატრიარქომ გამოიჭირა, დააშინა და თავისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ იყენებს. მე რასაც ვაკეთებ, არ ვმალავ. ლონდონში მომხდარს რაც შეეხება, მიტროპოლიტმა აბრაამმა პრაქტიკულად დაანგრია დასავლეთ ევროპის ეპარქია. რაც მოხდა, არ მიკვირს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც სხვა მრავალ დანაშაულთა შორის ჰუმანიტარული ფქვილის გაყიდვის საქმეში არიან გარეული.
www.religion.ge დღეს მამა მიქაელ ბურდულსაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ის ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სამრევლოსა და ლონდონის სამრევლოს წინამძღვარი იყო და ორივე სამრევლოს წინამძღოლობიდან ერთდროულად გაათავისუფლეს. მართალია, ლონდონში მამა მიქაელი თვეში ერთხელ მეუფე აბრაამის კურთხევით ჩადიოდა, მაგრამ, მისი თქმით, ბელგიაშიც და დიდ ბრიტანეთშიც სამრევლოები ადგილობრივი კანონების მიხედვით გაფორმდა: - რაც ლონდონში მოხდა, ის ბრიუსელის გაგრძელებაა. ბრიუსელში ეკლესია ოფიციალურად დავაფუძნეთ. სამრევლო რეგისტრაციაში გავატარეთ, რასაც ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვდა. აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, ბელგიასა და ბრიტანეთში შენობას ოფიციალურად, კანონმდებლობის მიხედვით აძლევენ სამრევლოს და არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მღვდლებს. ბელგიაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე გავაკეთეთ, სამრევლოს ბრიუსელის მთავრობა გამოუყოფს სუბსიდიებს. ყოველთა ქართველთა შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ უნდა დავემორჩილოთ ადგილობრივ კანონმდებლობას. მეუფე აბრაამმა მითხრა, მრევლმა არ უნდა იცოდეს, რამდენია ეკლესიის შემოსავალი. არადა ეს შეუძლებელია. დახარჯულ ყველა კაპიკზე ანგარიშ-ფაქტურები იწერება. ერთი გადაცდომა და მთავრობა დაფინანსებას შეწყვეტს. ჩემი უარის შემდეგ მეუფე აბრაამა პატრიარქს უთხრა, რომ კათოლიკეები და პროტესტანტები აფინანსებენო. ეს რომ ტყუილი იყო და ბელგიის მთავრობა გვაფინანსებდა, თავადაც იცოდა. 2006 წლის 23 ივლისს მეუფემ მღვდელმსახურების უფლება შემიწყვიტა. შემდეგ პატრიარქმა მეუფეს უთხრა, 2006 წლის 28 აგვისტოს გააგრძელოს მღვდელმსახურებაო. აბრაამმა უპასუხა, ჯერ მზად არ ვარო. ამის შემდეგ მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული მაქვს. პატრიარქმა არ იცის, რომ ეს ამდენ ხანს გრძელდება. ბელგიაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობასთან მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელია, წერილი გაუგზავნა პატრიარქს, მამა მიქაელს არაფერი დაუშავებია და აღუდგინეთ მღვდელმსახურების უფლებაო, პატრიარქმა კი უპასუხა, ეს მეუფე აბრაამის ეპარქიაა და მან გადაწყვიტოსო. მეუფე აბრაამი ჯიუტად ითხოვდა, რომ სამრევლო არაფრის, განსაკუთრებით ფინანსების საქმის კურსში არ ყოფილიყო. როცა ვეუბნებოდი, კანონმდებლობა ამას კრძალავს-თქო, მპასუხობდა - ფეხებზე მკიდია ბელგიის კანონებიო. ამ ქვეყნის კანონები საქართველოს ეკლესიის კანონებთან წინააღმდეგობაში მოდისო. გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ევროპული კანონები მაინცდამაინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და არა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების კანონებს, რომელთა სამრევლოებიც, როგორც ბელგიის ისე ინგლისის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნების კანონების შესაბამისად მოქმედებენ. და თუ მამა გიორგი ჩაჩავა ისე გააკეთებს ყველაფერს, როგორც მეუფე ითხოვს, პასუხს ჩაჩავას და აბრაამ გარმელიას კი არა, იქ მაცხოვრებელ ქართველებს, კერძოდ, სამრევლო საბჭოს წევრებს მოსთხოვენ. იქ ჩრდილოვანი ეკონომიკა დანაშაულია და მორჩა.
- მამა მიქაელ, მამა გიორგი ჩაჩავამ განაცხადა, “მე დეტალურად არ ვარ საქმეში ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მამა მიქაელმა შეცდომა დაუშვა და დროებით გადავიდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში”, თქვენი კომენტარი...
- მე არსად არ გადავსულვარ. როცა ბელგიაში სამრევლო გაფორმდა, ბელგიაში კონსტანტინოპოლის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა შემოგვთავაზა მრევლი კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში გადასულიყო, რადგან საბერძნეთის მთავრობის კუთვნილ შენობას ეკლესიისათვის უფასოდ გვთავაზობდა. როცა ეკლესია გაფორმდა და პატრიარქის მიერ მოცემული ოდიკი ტრაპეზზე დავდე, მეუფე პანტელეიმონისადმი საქართველოს პატრიარქის 5 აპრილის წერილის საფუძველზე, სამრევლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდა.
- მამა მიქაელი რატომ ითხოვდა მიტროპოლიტი აბრაამი ასე დაჟინებით კანონების უგულებელყოფას?
- იცით რა, ადგილობრივი კანონების დაუმორჩილებლობა წარმოუდგენელია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეუფემ 23 ივლისს წმ. თამარ მეფის სამრევლოსა და ეპარქიის წინამძღვრის შეხვედრაზე მომთხოვა პასუხი, თუ რატომ გავაგრძელე ღვთისმსახურება, მისი 3 მარტის სიტყვიერი აკრძალვის მიუხედავად და რომ დაუყოვნებლივ უნდა შემეწყვიტა მღვდელმსახურება. ვუპასუხე, რომ ლიტურგიის შეწყვეტის გამო ბელგიის მთავრობა აღარ დაგვაფინანსებდა, სასულიერო პირის შტატი გაუქმდებოდა, რაც პრაქტიკულად ეკლესიის დახურვასაც ნიშნავდა, მეორეც - მქონდა პატრიარქის წერილი, რომელშიც ეწერა, რომ როგორც კი დაიწყებოდა სამრევლოს გადმოფორმება, უნდა გამეგრძელებინა მღვდელმსახურება. მეუფის პასუხი იყო – პატრიარქს, რასაც გინდა იმას შეუგდებენ ხელმოსაწერადო. ამ საუბარს ბელგიაში საქართველოს კონსული დავით ჯავახიშვილი, საელჩოსა და ნატოს მისიის თანამშრომლები ესწრებოდნენ მრევლთან ერთად. ელჩმა მანამდე დატოვა შეხვედრა პროტესტის ნიშნად, რადგან მეუფე ილანძღებოდა და უწმაწური სიტყვებით გამოთქვამდა მოსაზრებებს. ამიტომაც ვფიქრობ, რაც ლონდონში მოხდა, ის ბელგიის გაგრძელებაა და სხვა არაფერი. რაც შემეხება მე, ისევ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ვარ, არც წავსულვარ და არც ვაპირებ სადმე წასვლას, თუ ეკლესიას დავჭირდები. მე საფრანგეთის მოქალაქე ვარ და ევროპაში უვიზოდ გადავაადგილდები, რაც მგონი დსავლეთ ევროპის ეპარქიისათვის გამოსადეგი უნდა იყოს.
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მტროპოლიტ აბრაამ გარმელიასთან რედაქციამ ჯერ-ჯერობით დაკავშირება ვერ მოახერხა.
[ 02.10.2007 ]
ღია წერილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს
ასოციაცია “ქართული დიასპორა ევროპაში” დიასპორაგეორგინე@ყაჰოო.ფრ
ღია წერილი
სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს
უწმინდესო და უნეტარესო, ევროპაში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობა გთხოვთ მიტროპოლიტ აბრაამის (ამირან გარმელია) ნაცვლად დანიშნოთ სხვა მღვდელმთავარი დასავლეთ ევროპის ეპარქიის ხელმძღვანელად. პრესაში და ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნებულ წერილებიდან ნათელია (იხილეთ: ჰტტპ://რელიგიონ.გე; გაზეთი “რეზონანსი” 28.06.2007; 30-31.07.2007), რომ მიტროპოლიტ აბრაამს ჩიხში შეჰყავს დასავლეთ ევროპის ეპარქია. საქართველოს პატრიარქის კურთხევის იგნორირებით, თქვენი უწმინდესობისა და მრევლის შეურაცხყოფის, შანტაჟის მუქარისა და დაშინების მეთოდებით ცდილობს სამრევლოს საბჭოების დაშლას, სამრევლოების საბანკო ანგარიშების ერთპიროვნულ მართვას ფულადი მაქინაციების ჩატარების მიზნით; ეს არის ბიბლიისა და ევროპის ქვეყნების კანონების უხეში დარღვევა, რაც ისჯება კანონით (იხილეთ: “საქმე მოციქულთა”). საქართველოდან ევროპაში გამოვექეცით საბჭოთა კავშირის რეჟიმსა და პოსტსაბჭოურ უკანონო განუკითხაობას. ჩვენდა საუბედუროდ მიტროპოლიტ აბრაამის სახით მოგვევლინა საბჭოთა და პოსტსაბჭოური მმართველის ჰიბრიდი, რომელიც ცდილობს ჩვენს დაბრუნებას ძველ-ბნელ ეპოქაში. გავრცელებული ინფორმაციით მიტროპოლიტ აბრაამს მფარველობს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, ამიტომ საპატრიარქოში მისი ყველას ეშინია. ყოველივე ზემოთქული იწვევს ევროპაში მცხოვრებ ქართველთა უნდობლობას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოპს მიმართ; მიგვანიშნებს მათ გულგრილობაზე ქართული დიასპორისადმი. თუ საქართველო ყურად არ იღებს ქართული დიასპორას თხოვნას და არ შეცვლის მიტროპოლიტ აბრაამს გიორგობამდე, იძულებული გავხდებით რომ ჩავრიოთ საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საგარეო და იუსტიციის სამინისტორიები მათი საელჩოები საქართველოში. დადგება საკითხი ქართული სამრევლოების საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციიდან გასვლის შეასხებ. საკვირაო სკოლები იქნება ქართულად, წირვებს კი ადგილობრივ ენაზე ჩაატარებენ ევროპელი პატიოსანი მოძღვრები. ასე იქნება მანამ, სანამ ღირსეულ მღვდელმთავარს არ დანიშნავს საქართველო დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. მცირე იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება - არ გაიყოფა საქართველოს ეკლესია და გიორგობის დღესასწაულს (23 ნოემბერს) აღვნიშნავთ სრულიად საქართველოსთან და ახალ მღვდელმთავართან ერთად. პატივისცემით
პრეზიდენტი: დავით სალია
ვიცე პრეზიდენტი: გიორგი ღუდუშაური
(სტილი და ორთოგრაფია დაცულია)
http://www.religion.ge/print.php?cat=1&lan=1&news=620
მარცხნიდან მარჯვნივ: მათვარეპისკოპოსი ანტონ ბულუხია და მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია