ვინ არის ბიძინა კერატიშვილი და რატომ გამოჩნდა მისი სახელი საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში
სიახლე — თავფურცელი
15:37 07.12.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[”ვერსია”]
საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ ატეხილი სკანდალი უკვე რამდენიმე თვეა, სხვადასხვა ვარიაციებით გრძელდება. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საპატრიარქო თითქმის არც ერთ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს, ანდა ცდილობს, ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლოს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ინფორმაციები, რომელსაც თავისუფლების ინსტიტუტი და ცალკეული პიროვნებები საზოგადოებაში ავრცელებენ, ჭეშმარიტების მარცვალს მაინც შეიცავს. ორიოდე დღის წინ კი, ამ სკანდალში, სრულიად მოულოდნელად, ამოტივტივდა ბიძინა კერატიშვილის სახელი.
თუმცა რა მიზანი და გათვლა აქვთ საქართველოს პატრიარქის ოპონენტებს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილი კი მხოლოდ ის არის, რომ სწორედ ბატონი კერატიშვილი გახლდათ, თავის დროზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი. ვინც არ იცის, იმასაც გეტყვით, რომ კერატიშვილის საქმეში ყველაზე აქტიური როლი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შეასრულეს, რომლებიც საპატრიარქოში არსებულ განუკითხაობას დაუპირისპირდნენ და დღეს ილია მეორისკენ ხელის გაშვერა და მისი დადანაშაულება კერატიშვილის საქმეში, ან ამ საქმის არცოდნის ბრალია, ანდა - მიზანმიმართული შავი პიარი.
“ვერსია” დღეს გთავაზობთ უნიკალურ ფაქტებს სისხლის სამართლის საქმე N5921-დან, რომელიც აღიძრა 1978 წლის 25 მაისს, ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის, იგივე მიტროპოლიტი გაიოზის წინააღმდეგ სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ შევინარჩუნოთ ობიექტურობა, შეგნებულად არ შევხვდით უამრავ ადამიანს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა და მხოლოდ იმდროინდელი მოსამართლე, ალექსანდრე ალადაშვილის მცირე კომენტარით დავკმაყოფილდით.
რაც შეეხება “ვერსიის” პოზიციას აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით, ერთ ფრაზაში შეიძლება ჩავტიოთ - დაგვიტოვეთ რაიმე წმინდა ამ დაქცეულ, ღირსებაშელახულ და დაბეჩავებულ საქართველოში, დაგვიტოვეთ ადგილი, სადაც სულიერ სიმშვიდეს ვპოვებთ და სადაც არ იქნებიან რამიშვილები, სააკაშვილები, გაჩეჩილაძეები, ალასანიები (მათი სია თავად გააგრძელეთ)... სადაც მივალთ, მათგან დაღლილნი და თითო სანთელს ავანთებთ თუნდაც იმ ქართველების სულის მოსახსენიებლად, რომელთა გვამები უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აგვისტოს ომის დროს, საკუთარი რისკის ფასად ჭირისუფლებს ჩამოუსვენა...
რატომღაც მაშინ, პატრიარქის ოპონენტები “ბუჩქებში ისხდნენ” ან ბარგს ალაგებდნენ უცხოეთში გასაქცევად და იმ კითხვებს არ სვამდნენ, დღეს რომ ავრცელებენ...
ამ მცირე შესავალს კი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ტრადიციული საკვირაო ქადაგებით დავასრულებ, კვირას, სამების ტაძარში რომ წარმოთქვა: “არსებობს ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ასეთი ადამიანი შორს ვერ წავა. ერთგული უნდა ვიყოთ ადამიანის, ეკლესიის, საზოგადოების. თუ ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს, ის არც კაცს უყვარს და არც ღმერთს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ადამიანის სიჭრელე ჩანს.<პ>ეს უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ერის სასიკეთოდ. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს გული სუფთა და წმინდა, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რა ბოროტება გავუკეთოთ ერთმანეთს, არამედ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს!”
ვინ არის ბიძინა კერატიშვილი - მინი-დოსიე
ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი - დაიბადა 1945 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1969 წლის ნოემბრამდე, იგი მუშაობდა საგარეჯოში ნავთობსაწარმოს მუშად, შემდეგ - საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში.
1969 წლის ბოლოს ბიძინა კერატიშვილი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და დაიწყო სიარული ეკლესიაში. მან მიიქცია სამღვდელო პირების ყურადღება და როგორც უსახლკაროს, საცხოვრებლად გამოუყვეს სენაკი სიონის სამრეკლოში. ბიძინა კერატიშვილს არ გააჩნდა არავითარი ქონება, მას სამღვდელო პირები ინახავდნენ. მათივე ხელშეწყობით კერატიშვილმა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომლის მეორე კურსიდანაც აკადემიური ჩამორჩენილობის გამო გარიცხეს.
1970 წელს მან სწავლა დაიწყო მცხეთის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში, მისცეს წინადადება, საკუთარი სურვილით დაეტოვებინა სემინარია, დადგენილი ცხოვრების წესის დარღვევების გამო. ამის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ ბიძინა კერატიშვილი დანიშნულ იქნა საპატრიარქოში მდივნად და აქედან დაიწყო ელვისებური აღმასვლა სასულიერო იერარქიის კიბეზე - 31 წლის ბიძინა კერატიშვილი უკვე მიტროპოლიტი გაიოზი გახლდათ.
იგი ჯერ აკურთხეს ბერ-მონაზვნად, შემდეგ - მღვდელმონაზვნად, ხდება არქიმანდრიტი, ხოლო ეფრემ მეორის მძიმე ავადმყოფობის პერიოდში, იკურთხა ეპისკოპოსად და ჩაბარდა წილკანის ეპარქია, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი კურთხევა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში ჩატარდა - მძიმე ავადმყოფი პატრიარქი ხელით ჩამოიყვანეს სიონში და ისე აკურთხებინეს კერატიშვილი ეპისკოპოსად. ეფრემ მეორის ავადმყოფობის პერიოდში საპატრიარქოს მმართველობა, პრაქტიკულად, მიტროპოლიტი გაიოზის ხელში გადავიდა. სწორედ ამ დროს დაიკარგა კათალიკოსის ანდერძი და კერატიშვილის ხელით დაიწერა ახალი ანდერძი, რომლის მიხედვითაც, პატრიარქის მემკვიდრე ხდებოდა მიტროპოლიტი დავით დევდარიანი.
ეფრემ მეორის მძიმე ავადმყოფობის პერიოდში, მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია შიოლაშვილის მითითებით, დაილუქა საპატრიარქოს საცავებში საეკლესიო განძი, მისი ხელყოფისგან დასაცავად, თუმცა მალევე, როდესაც ეფრემ მეორის ჯანმრთელობა რამდენადმე გამოკეთდა და მან კერატიშვილისგან შეიტყო საცავების დალუქვის შესახებ, განრისხდა და აყარა ლუქები, რამოდენიმე დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და 1972 წლის 7 აპრილს იგი გარდაიცვალა. საცავები ღია და დაუცველი დარჩა.
კათალიკოს-პატრიარქად, დავით მეხუთის აღსაყდრების შემდეგ მოკლე ხანში, კერატიშვილი ინიშნება მცხეთის სასულიერო აკადემიის რექტორად, შემდგომ კი, მას მიენიჭა ურბნელი მიტროპოლიტის წოდება და ჩაბარდა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრობა. კათალიკოს-პატრიარქ დავითის გარდაცვალების შემდგომ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი.
1978 წლის გაზაფხულზე კერატიშვილი გადმოყვანილ იქნა სვეტიცხოვლიდან და ჩაბარდა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრობა. ამავე წელს თბილისში, პლეხანოვის გამზირზე იგი დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
სს საქმის საბრალდებო დასკვნიდან
“... 1978 წლის აპრილში ბიძინა კერატიშვილმა თავის ნაცნობს - სარქის ოვანესოვს დაავალა, მოენახა მისთვის ძვირფასი თვლების შეძენის მსურველი. ოვანესოვმა მართლაც მიუყვანა მას რამოდენიმე პიროვნება, მაგრამ ფასში ვერ მორიგდნენ. ერთ დღეს ოვანესოვი შემთხვევით შეხვდა თავის ნაცნობს - გიორგი თოფჩიანს, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა საუბარში გამოთქვა თავისი ქალიშვილისთვის ძვირფასი საჩუქრის შეძენის სურვილი.
ოვანესოვმა თოფჩიანი მეორე დღეს მიიყვანა კერატიშვილთან ბინაში - სიმონ ჩიქოვანის ქ. ¹33-ში. კერატიშვილმა თოფჩიევს გამოუტანა 3 დიდი ზურმუხტის ქვა (როგორც შემდგომ გაირკვა - ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ამოცლილი). თოფჩიანმა ქვები დაათვალიერა და ფასი იკითხა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ქვებს ჯერ შეამოწმებდნენ და ფასზე შემდგომ მორიგდებოდნენ. 1978 წლის 25 მაისს თოფჩიანი და კერატიშვილი კვლავ შეხვდნენ ამ უკანასკნელის ბინაში და მოილაპარაკეს, რომ თოფჩიანი იქ მიიყვანდა თავის ნაცნობ ოქრომჭედელს.
კერატიშვილის კუთვნილი მანქანით მან მართლაც წამოიყვანა პეკინის ქუჩა N25-ში მდებარე საიუველირო სალონიდან ნაცნობი ოქრომჭედელი ანზორ ბაღათურია. ბაღათურიამ დაათვალიერა ძვირფასი ქვები, მოუწონა, მაგრამ გააფრთხილა, რომ ასეთი ძვირფასი თვლების გაყიდვა კანონით იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, კერატიშვილმა მაინც გამოთქვა ამ ქვების გაყიდვის სურვილი, რადგან მისი თქმით, ძალიან სჭირდებოდა ფული. თოფჩიანმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ქვების შესყიდვაზე, მაგრამ სამღვდელო პირის განაწყენებას მოერიდა.
ბაღათურიამ კერატიშვილს ურჩია, თვლების აწონვა დახურულ სასწორში, რომელიც უფრო ზუსტია და წავიდა. ამის შემდეგ, კერატიშვილმა წინადადება მისცა თოფჩიანს, წასულიყვნენ პლეხანოვზე მდებარე ძვირფასი ქვების შემსყიდველ პუნქტში ზურმუხტის თვლების ასაწონად. თოფჩიანმა უარი ვეღარ აკადრა და ისინი მივიდნენ პლეხანოვის გამზირის 93-ში მდებარე “საქიუველირვაჭრობის” ¹2 წერტში, სადაც კერატიშვილმა სთხოვა იქ მომუშავე ტატიანა არონიშისძეს, აეწონა ეს თვლები. აწონვის შემდეგ კერატიშვილი იქვე იქნა დაკავებული პოლიციის თანამშრომლების მიერ“.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილ იქნა, რომ ამ სამი ზურმუხტის ქვიდან ერთის წონა არის 7,87 კარატი, მეორის - 7,63 კარატი და მესამის - 7,44 კარატი. დაკავების დღესვე დაიწყო ბიძინა კერატიშვილის ბინის ჩხრეკა, რომელიც უჩვეულოდ დიდხანს - 27 დღეს გაგრძელდა, დამთავრდა 21 ივნისს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ამოღებული ნივთების ოდენობას, ეს უცნაურად აღარ მოგვეჩვენება.
ბიძინა კერატიშვილმა თავი დამნაშავედ მხოლოდ ერთ ბრალდებაში - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში სცნო. მის ბინაში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი “ვალტერი”, სამი ცალი მჭიდი 20 ვაზნით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ვარგისი და საბრძოლო მზადყოფნაში აღმოჩნდა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების სია
იგი იმდენად გრძელია, რომ ჩამოთვლა ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს. შევეცდებით, მისი მცირე ნაწილი გავაცნოთ მკითხველს, რათა წარმოდგენა შეექმნას მოპარული ნივთების ოდენობასა და ღირებულებაზე:
1. ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, შემკული ზურმუხტის, ლალის, ალმასის და მარგალიტის თვლებით - 20 000 მანეთის ღირებულების;
2. წმინდა ნიკოლოზის ხატი წმინდა ნაწილებით, ხეზე ვერცხლის პერანგში - 1 000 მანეთის ღირებულების;
3. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სპილოს ძვლისგან დამზადებული - 2 000 მანეთის;
3. მაცხოვრის და ილია წინასწარმეტყველის ამაღლების ხატი, დამზადებული კიპაროსის ხისგან - 1 000 მანეთის ღირებულების;
4. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - 1 000 მანეთის ღირებულების;
5. მაცხოვრის პანაღეა, დამზადებული სპილოს ძვლისგან - 3 000 მანეთის ღირებულების
6. მაცხოვრის პანაღეა, ალექსანდრიტის თვლებით შემკული - 15 000 მანეთის ღირებულების
7. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღეა ოქროსი - 2 500 მანეთის ღირებულების
8. სანაწილე ჯვარი ვერცხლის, თვლებით შემკული - 5 000 მანეთის ღირებულების
9. ვერცხლის ჯვარი, შუაში ღვთისმშობლის ხატით, სხვადასხვა თვლებით - 5 000 მანეთის ღირებულების
10. სახარება ვერცხლის, მოოქროვილი, შემკული მინანქრიანი ხატებით და თვლებით - 4 000 მანეთის ღირებულების
და ასე შემდეგ, მკითხველო, თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩამონათვალი ნივთებისა თითქმის ასს აღწევს, ხოლო მათი საერთო ღირებულება - 100 000 მანეთს გაცილებით აღემატება. გამოძიების მასალებით, ჩამოთვლილი ნივთები გატაცებულია შიო მღვიმის მონასტრიდან, მცხეთის სასულიერო სემინარიიდან, სიონისა და ქაშუეთის ტაძრებიდან, სვეტიცხოვლის ტაძრიდან.
და ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი:
- “ბიძინა კერატიშვილის ბინიდან ამოღებულ იქნა გულსაკიდი სანაწილე ჯვარი, ქვებით შემკული, რომელიც ეფრემ მეორემ დაკარგა სიცოცხლეშივე და იგი წყევლიდა მის წამღებს.”
ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვიდან:
“...ერში ბიძინა კერატიშვილი, ეკლესიაში - მიტროპოლიტი გაიოზი ბრალდებაში მიცემულია საეკლესიო, სახელმწიფო ნივთების მითვისების გამო. ისიც ცნობილია, რომ დავა ამ საკითხზე აღიძრა ჯერ კიდევ 1972 წლიდან. ისმება კითხვა - თუ მართლა ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, რატომ მოხდა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ეკლესია სდუმდა და არ მიიღო რაიმე გადაწყვეტილება მიტროპოლიტ გაიოზის მიმართ, რატომ არ გამოამზეურა მისი საქციელი და არ დასაჯა ის?
აქ უნდა აღინიშნოს ერთი ასეთი ფაქტი: კათალიკოს ეფრემ მეორის გარდაცვალების შემდგომ, 1972 წელს, საპატრიარქო ტახტზე აღზევდა ურბნისის მიტროპოლიტი დავით დევდარიანი. იგი თავდაპირველად კარგ, ღრმა სულიერ მეგობრობაში იმყოფებოდა მიტროპოლიტ გაიოზთან და ეს დამოკიდებულება მისი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ისე გაღრმავდა, რომ შეიძლება ითქვას, პატრიარქი იმას აკეთებდა, რასაც მიუთითებდა მიტროპოლიტი გაიოზი.
ეს ერთი გარემოებაა, რატომ სდუმდა ეკლესია. ბოლო წლებში ნამდვილად არ იყო იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა აღემაღლებინა ეკლესიის შიგნით მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგ, მაგრამ კიდევაც რომ წამოჭრილიყო ეს საკითხი, ქართულ ეკლესიას არათუ მაშინ, როცა სამოციქულო ეკლესიას 4-5 მღვდელმთავარი ჰყავდა, არამედ დღესაც კი, როცა მათი რიცხვი 11-ზე ავიდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, განეხილა, რადგან კართაგენს შეკრებილი მამათა კანონი ამბობს:
- “უკეთუ ვინმე ეპისკოპოსი, რომელიც ესე ნუმცა ქმნილ არს, განკითხვისა თანამდებად იპოოს და უღონო იყოს შეკრებაი უმრავლესთაი, რათა არა დაშთეს იგი განკითხვისა თანამდებობისა მას შინა, ათორმეტთა ეპისკოპოსთა ისმინონ საქმე მისი და მათ განიხილონ მისთვის...” როგორც ხედავთ, საჭიროა, 12 ეპისკოპოსი განიხილავდეს მღვდელმთავრის საქმეს და კიდევ, ქართული სამოციქულო ეკლესიის იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს რა წმინდა ოთხთავი, ანუ სახარება, ეკლესიას უფლება აქვს, თქვას - “მიუტევე, რათა მოგეტევოს”.
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ეკლესია ნამდვილად ვერ შეურიგდება რაიმე ანალოგიური შემთხვევის განმეორებას მის შიდა საეკლესიო ცხოვრებაში... ნუთუ ერთხელ მაინც არ იფიქრა ბიძინა კერატიშვილმა, რომ მაცხოვარი მას არ აპატიებდა საკუთარი დედის - წმინდა მარიამის გაძარცვას? და რა შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელიც ამოაცლის ღვთისმშობლის ხატს ძვირფას ქვებს ან დასჭრის სახარებას, რათა გაჰყიდოს ის?!”
თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 1979 წლის 27 მარტის განაჩენიდან:
... როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ბიძინა კერატიშვილს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ამოღებული ზურმუხტების გაყიდვა სურდა ჯერ კიდევ 1974 წელს, როცა მისმა ნაცნობმა, მოწმე რომან კინწურაშვილმა თავისივე სახლში ხსენებული ხატის ყიდვის თაობაზე შეახვედრა კერატიშვილს აწგანსვენებული ჯ. კაცობაშვილი და სამართალში მიცემულმა ხატში მოსთხოვა 50 000 მანეთი. ეს ფაქტი პროცესზე დაადასტურა არა მარტო მოწმე კინწურაშვილმა, არამედ მოწმე ეუშაღ რაფიელის ძე ყვითელაშვილმაც, რომელიც ესწრებოდა მოლაპარაკებებს”.
“... სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-304 მუხლებით, დაადგინა:
ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს სსკ 238 მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,89 მუხლის 1-ლი ნაწილით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 96 პრიმა მუხლით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელი გადაიფაროს და საბოლოოდ დაეტოვოს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, ქონების კონფისკაციით”.
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელმაც ბიძინა კერატიშვილს განაჩენი გამოუტანა, დღესაც ახსოვს პროცესის ყველა დეტალი და “ვერსიას” ექსკლუზიურ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ინფორმაციას აწვდის. ყოფილი მოსამართლე, დღეს უკვე ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი იხსენებს, რომ განაჩენის გამოტანის შემდგომ, იგი “ზემოთ”, ცეკაშიც დაიბარეს:
- ნივთების უმრავლესობა, რომელიც ბიძინა კერატიშვილის ბინიდან იქნა ამოღებული, მე განაჩენით მუზეუმს გადავეცი, რადგან მაშინ ეკლესია დღევანდელივით დაცული არ იყო და კერატიშვილისნაირები დაუნდობლად ძარცვავდნენ. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან წესით, ეს ძვირფასეულობა მაშინ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა მოქცეულიყო. ეს რომ გამეკეთებინა, ამას მოჰყვებოდა ის, რომ მერე ამ საგანძურს მოსკოვი უპრობლემოდ წაიღებდა და სამუდამოდ დაიკარგებოდა საქართველოსთვის.
მაღალ პარტიულ ეშელონებში დადგა საკითხი - რატომ დაარღვია კანონი მოსამართლემო და ა.შ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ბატონო ალექსანდრე, თუ არის რაიმე ისეთი, რაც ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ ასახულა, თუმცა თქვენთვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების დროს, კულუარებიდან?
- მე მითხრეს, რომ ბიძინა კერატიშვილი დაკავშირებული იყო სომხეთის ეკლესიის მაღალ სასულიერო პირებთან. სწორედ მათი მეშვეობით გადიოდა და საზღვარგარეთ იყიდებოდა ქართული ეკლესიის საგანძური!
დღეს ბიძინა კერატიშვილი კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ისევ ამოტივტივდა...
- მე ერთ რამეს ვიტყვი: პატრიარქის გასალანძღად ბიძინა კერატიშვილის პიროვნების ამოტივტივება ამ კამპანიის წამომწყებთათვის უფრო წამგებიანია. ეს ბინძური პიროვნება რომ პატრიარქად მოვლენოდა ქვეყანას, ეს საქართველოს დაღუპვა იქნებოდა. სრული სიცრუეა, თითქოს, მის დაჭერაში პატრიარქის ხელი ერია. ის თავისი ბინძური საქმეების გამო დაიჭირეს და გეტყვით, როგორ მოხდა ეს:
კერატიშვილი მაშინდელი “კაგებეს” აგენტი იყო და მას, გარკვეულ ეტაპზე, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელი ალექსი ინაური მფარველობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2-ჯერ დააყენა კერატიშვილის საკითხი ინაურის წინაშე, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ამოცლილი ზურმუხტების გაყიდვის მცდელობის ფაქტამდე. ბოლოს, როდესაც უკვე ეს ამბავი მოახსენეს ინაურს, თურმე ხელი ჩაიქნია და რუსულად შეიგინა. სწორედ მაშინ მიიღო პოლიციამ თანხმობა მის დაკავებაზე და განახორციელეს კიდეც ეს ოპერაცია.
და რაც მთავარია: უფრო ადრე კერატიშვილის ბინძური საქმიანობის შესახებ განგაში ზვიად გამსახურდიამ ატეხა. ამან საბოლოოდ ხელი შეუწყო კერატიშვილის მხილებას. ფაქტიურად, სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ ატეხილი განგაშის შემდეგ ვეღარ შეძლეს კერატიშვილისთვის ხელის დაფარება. დაანებონ თავი მის გამოყენებას პატრიარქთან საბრძოლველად! სწორედ დღევანდელი კათალიკოს-პატრიარქის წყალობითა და ლოცვა-კურთხევითაა, რაც დღეს საქართველოს სულიერი და საეკლესიო საგანძური გააჩნია. თუ სულიერებას არ უყურებენ, სტატისტიკას მაინც შეხედონ - რამდენი ეკლესია-მონასტერი აშენდა და რამხელა მრევლი მიემატა ქართულ ეკლესიას!
http://presa.ge/index.php?text=news&i=11245აი თქვენ ღამის თემა