http://foreignpress.ge/?p=10797დახმარებას ვალდებულება ახლავს: შეცდომების გამეორების რისკი ავღანეთში
პოლ სანდერსი
მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნისთვის ემზადება, ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს, როდესაც ბუშმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ჯარისკაცები მიიღო. ობამას მთავრობა აშშ–ს ოპერაციის მხარდასაჭერად ავღანეთში, დამხარებას კვლავ საქართველოსგან იღებს.
ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, ობამას გუნდი ზედმეტად კონცენტრირებულია თავის საომარ პრიორიტეტებზე იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების შესაძლო გაუთვალისწინებელი შედეგები შეაფასოს იმ ისედაც მყიფე ურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველოს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს.
საქართველოს პრეზიდენტი სასოწარკვეთილი ესწრაფვის ნატოს წევრობის გზით შეერთებული შტატებისგან დაცვის გარანტიების მიღებას. ის ენერგიულად აქეზებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რიტორიკითა და ქმედებებით, 2003 წლის აგვისტოში ერაყში ჯარისკაცების გაგზავნის ჩათვლით. ბოლოს ქართველი სამხედროების რაოდენობამ იქ 2 000–ს მიაღწია, ვიდრე ამ ქვეყნის რუსეთთან ომის გამო 2008 წლის აგვისტოში კონტიგენტი სახლში არ გაიწვიეს.
ის, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან ალიანსი სურს, აბსოლუტურად გასაგებია; მას ცუდი ბედი აღმოაჩნდა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. ე.წ. ხუთდღიან ომამდე, მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მტკიცე და აგრესიული ხდებოდა.
რუსეთს მისი დასავლელი და სამხრეთელი მეზობლების უმრავლესობა მარწუხებში ჰყავს მოქცეული. ახლა მან სახრეთ ოსეთი და აფხაზეთიც დაიპყრო, რომლებსაც ყველა ცალსახად საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად აღიარებს, და რეგიონებისგან დამოუკიდებელი პროტექტორატები შექმნა. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმადაც შეიჭრა.
აშშ–საქართველოს უფრო ახლო სამხედრო ურთიერთობისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ბატონ სააკაშვილს შეერთებული შტატები მოკავშირედ იმისთვის სჭირდება, რომ ის მის ინტერესებს და შესაძლოა საქართველოს ინტერესებსაც ამერიკის ინტერესების ხარჯზე მოემსახუროს.
მეტიც, საქართველოს მხარდაჭერის მიღებით ისეთ სფეროებში, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, ადმინისტრაცია შესაძლო შემხვედრი ნაბიჯების ლეგიტიმურ მოლოდინს აჩენს, არადა ამგვარი ნაბიჯების გადადგმა აშშ–ს მხრიდან ძალიან საეჭვოა. სამწუხაროდ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კიდევ უფრო ამღვრვევენ წყალს, როდესაც მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებენ; აშშ–ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ნაბიჯს ასეთი განცხადებით მიესალმა „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“.
როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე არასწორად დაასკვნა, რომ მისი პატარა ერი შეერთებული შტატებისგან იმაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე მაშინ მიიღო, როდესაც თავის არმიას სამხრეთ ოსეთში რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა უბრძანა. ამ გაუთვლელ ნაბიჯს ტრაგიკული და დამანგრეველი კონფლიქტი მოჰყვა.
შესაძლოა, ვიღაცეებმა ამტკიცონ, რომ სააკაშვილი იგივე შეცდომას (რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ამერიკის სამხედრო მხარდაჭერაზე გათვლა) აღარ გაიმეორებს. თუმცა განცხადებები, რომლებიც მან თავის გამოსვლაში გააკეთა, სადაც ის ხსნიდა თუ რატომ მიიღო 900 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება ავღანეთში, სადაც მის ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზირისით არანაირი განსაკუთრებული ინტერესები არ გააჩნია გარდა მისი ურთიერთობებისა ვაშინგტონთან – საპირისპიროს ამტკიცებს. „ვიდრე ჩვენი მოკავშირეები – ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროპა – სხვა პრობლემებზე არიან გადართულები, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიური ხდება. რაც უფრო მალე მოგვარდება ავღანეთის პრობლემა და დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით მალე გახდება უფრო დაცული“, განაცხადა მან.
რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატაბისთვის ავღანეთისა და ერაყის პრობლემის მოგვარებაში დამხარებით, საქართველო ამერიკისგან მისი „მტრის“ რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული მხარდაჭერის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბატონ სააკაშვილს როგორც ჩანს გამორჩა, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ჯორჯ ბუშიც კი, საქართველოს ამერიკის „მოკავშირედ“ არ მოიხსენიებდა, რადგან ეს ასე არ იყო. ამას არც პრეზიდენტი ობამა აკეთებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არც ბატონი ობამა და არც ბატონი ბუში რუსეთს „მტერს“ არ უწოდებდნენ.
ეს არ არის ამერიკულ და ქართულ ინტერესებს შორის ცხადი განხეთქილების დასტური და არც ავღანეთში ჯარის გაგზავნის სააკაშვილისეულ მიზანს ეწინააღმდეგება.
სხვები ჩათვლიან, რომ ქართული ჯარის გაგზავნა მნიშვნელოვანია ქართული არმიის გაწრთვნისთვის, რათა მან ნატოს ჯარებთან მუშაობის უნარები კიდევ უფრო განავითაროს და გააღმავოს საქართველო–ნატოს თანამშრომლობა. ეს სახიფათოა. ისევ ბატონი სააკაშვილი: „სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენს კონტიგენტს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თავალსაზრისით შეზღუდვები არ აქვს… ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის რეალური სამხედრო ნათლობა მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება არმია მხოლოდ აღლუმებზე დემონსტრირებისთვის“. ეს განცხადება სწორედ მაშინ კეთდება, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი იმაში დაარწმუნოს, რომ ქართული არმიის მომზადების ამერიკული პროგრამები არ გაზრდის რუს ჯარისკაცებთან მის ბრძოლისუნარიანობას.
აშშ–ს სასიცოცხლო ინტერესი აქვს ავღანეთში. ახლა, როდესაც ბატონმა ობამამ ავღანეთში საკუთარი სტრატეგია – ავად თუ კარგად – განსაზღვრა, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მოკავშირებისგან და შესაძლოა იმ პარტნიორებისგანაც, რომლებიც ჯერ მოკავშირეები არ არიან, დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებას მიაღწიოს. თუმცა, ამერიკის, ისევე როგორც ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია ასევე აშშ–რუსეთის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უამრავი ნაკლი აქვს და მოსკოვთან „გადატვირთვის“ პერსპექტივაც არამყარია.
შესაბამისად, ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობებში სტატუს–ქვოს ნებისმიერი ცვლილება ძალიან ფრთხილად უნდა განიხილოს.
საქართველო სუვერენიტეტისა და რეკონსტრუქციის საქმეში აშშ-ს მხარდაჭერას იმსახურებს, ისევე, როგორც იმაში, რომ უნებლიე დანაწევრებას გადაურჩეს.
თუმცა, სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ არანაირი ტიპის სამხედრო ვალდებულება არ გააჩნია და მით უფრო არანაირი ვალდებულება არ აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხედრო ძალით მისი კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს ლიდერს ამერიკის ამგვარ ვალდებულებას ვერც ანდობ, რადგან ის ძალიან მონდომებული ჩანს, რომ ის როგორმე მოიპოვოს. ამ პირობებში, საქართველოს სამხედრო დახარების მიღებას ავღანეთში, უსარგებლო და სახიფათო ქაოსი თავად ამერიკულ–ქართულ ურთიერთობებში შეაქვს.
ობამას ადმინისტრაცია ორჯერ უნდა დაფიქრდეს ვიდრე იმოქმედებს.
პოლ სანდერსი – ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და National Interest–ის თანამფლობელი. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა.