მამუკა კაციტაძე - გზების მშენებლობის მხოლოდ ოთხი პროექტიდან 260 მლნ აშშ დოლარი უკვალოდ გაქრა
მამუკა კაციტაძის განცხადებით, გზების მშენებლობის მხოლოდ ოთხი პროექტიდან 260 მლნ აშშ დოლარი უკვალოდ გაქრა.
ამის შესახებ ~ახალი მემარჯვენეების~ ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც გზების მშენებლობა–რეაბილიტაციაზე თანხების უკანონოდ ხარჯვას შეეხება.
~ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რამდენიმე მსხვილ პროექტზე წარმოებული მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გრანტებიდან, კრედიტებიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი და დახარჯული მილიონობით თანხა არ არის ადეკვატური დღეისთვის გზების მშენებლობა–რეაბილიტაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა~, - განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ ოთხი პროექტიდან დაახლოებით 260 მლნ აშშ დოლარი, სავარაუდოდ, მითვისებულია ხელისუფლებასთან დაახლოებული ცალკეული პირების და კომპანიების მიერ.
· ~გზების მშენებლობაზე კანონის უხეში დარღვევებით ტარდება ტენდერები, სამუშაოების შესრულება არარეალური და გაბერილი ხარჯთაღრიცხვებით, ხდება იმ კომპანიების ლმობიერება, რომელთაც პრაქტიკულად ჩაშალეს ცალკეული პროექტები, უხეშად დაარღვიეს ვადები, წარმოადგინეს არარეალური ხარჯთაღრიცხვები. მაგალითად, „აშტრომ ინთერნეიშენალის“ მიმართ, რომელიც წალკა–ახალქალაქის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს და რომლის უკანაც კობა ბექაური დგას~, - განაცხადა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შემთხვევაში, ~მემარჯვენეების~ მონაცემებით, გაურკვეველია დაახლოებით 17 მლნ დოლარის მიზნობრივად ხარჯვის ობიექტურობა; ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 118 მლნ აშშ დოლარი ჯდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 კმ გზის მშენებლობა 20 მლნ აშშ დოლარია.
კაციტაძე აცხადებს, რომ ეს თანხა არანაირი გათვლებით მიახლოებითაც კი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე ინფორმაციით, სვენეთი – რუისის მონაკვეთზე 1.6 კილომეტრიანი გვირბის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ყოველ 1 გრძივ მეტრ მონაკვეთზე 40 000 აშშ. დოლარი იხარჯება, ნაცვლად მსოფლიოში მიღებული საშუალო სტანდარტისა, რაც 1 გრძივ მეტრზე დაახლოებით 10 000 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო წალკა – ახალქალაქის მონაკვეთზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 102 მილიონიდან - 203 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასაყვანი გზის მონაკვეთი 245 კილომეტრიდან 222 კილომეტრამდე შემცირდა.
გარდა ამისა, კაციტაძის ინფორმაციით, სერიოზული დარღვევებია თბილისში გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაში, რის შედეგადაც მიუხედავად მრავალი მილიონი დოლარისა, მეორეხარისხოვანი გზების უდიდესი ნაწილი სარეაბილიტაციოა, გზები ბარდება უპასპოტოდ, მხოლოდ 2 წლიანი საგარანტიო ვადით, უხეშად არის დარღვეული ტექნოლოგიები, რის მიზეზითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.
~ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების 20% – ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 6% – უშუალოდ ქალაქის მერის – გიგი უგულავას პირად ფონდში იყრის თავს~, - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, გზების მშენებლობა–რეაბილიტაცია ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება მისი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უზრუნველყოფს: კანონის მკაცრ დაცვას, როგორც ტენდერების ჩატარების, ასევე კონკრეტული პროექტების დაფინანსებისა და განხორციელების პროცესში; გზების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შესაბამისი პროფესიული კადრების უწყვეტ მომზადებას და გადამზადებას.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1თურმე ფული რამდენი ყოფილა და გზებს აგებენ ბიჭები