აქვე:
კალენდარი

კალენდარს უწოდებენ დღეების სინქრონული ორგანიზების სისტემას. იულიანური კალენდარი ქრისტეშობამდე 46 წელს იულიუს კეისრის მიერ იყო შემოღებული. იულიანური კალენდრის თარიღების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "ძველი სტილი", ხოლო მათი შესაბამისი თარიღების აღსანიშნავად გრეგორიანულ და შესწორებულ იულიანურ კალენდარში - ტერმინი "ახალი სტილი". ძველი და ახალი სტილის არსებობა იულიანური კალენდრის არაზუსტი მუშაობითაა გამოწვეული. კათოლიკური ეკლესია იყენებს გრეგორიანულ კალენდარს, რომელიც რომის პაპ გრეგორი XIII-ის დავალებით 1582 წელს შეიქმნა.
შობას ძველი სტილით აღნიშნავენ და იულიანური კალენდრით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები და ე.წ. ბერძენი ძველი კალენდარისტები.
თითქმის ყველა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესია (მაგალითად, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის) შობას ახალი სტილით აღნიშნავს და შესწორებული იულიანური კალენდრით სარგებლობს.
მართლმადიდებელ ეკლესიებს არ სურდათ მიეღოთ ის კალენდარი, რომელიც რომის პაპმა დაამკვიდრა, ამიტომ 1923 წლის მაისში კონსტანტინოპოლში შემდგარი მართლმადიდებელი ეკლესიების სინოდმა მიიღო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შექმნილი შესწორებული (ანუ, გადახედილი, ან - ახალი) იულიანური კალენდარი. ახალ სტილზე გადასული მართლმადიდებელი ეკლესიები სწორედ ამ კალენდარს იყენებენ. მათ, ისევე, როგორც რომის პაპმა, ამოიღეს იულიანური კალენდრის არასწორი მუშაობის შედეგად დაგროვილი ზედმეტი დღეები, რომლებიც ცდომილებას იწვევდნენ, ანუ, გადავიდნენ ახალ სტილზე (კერძოდ, კონსტანტინოპოლის სინოდმა დაადგინა, რომ იულიანური კალენდრის შემდეგი 1 ოქტომბერი შესწორებული იულიანური კალენდრის 14 ოქტომბერი იქნებოდა), მაგრამ ისინი არ გადასულან გრეგორიანულ კალენდარზე.
მიუხედავად იმისა, რომ მილანკოვიჩმა განაცხადა, თითქოს 1923 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შესწორებული იულიანური კალენდარი მიიღო, ეს ეკლესია განაგრძობდა და განაგრძობს იულიანური კალენდრის გამოყენებას როგორც ფიქსირებული, ისე - მოძრავი ლითურგიული თარიღებისა და დღესასწაულების აღსანიშნავად. სავარაუდოდ, ამის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ შესწორებული იულიანური კალენდარი მიღებულ იქნა მხოლოდ სქიზმატური რენოვაციონისტური (Oбновленческая Церковь) ეკლესიის მიერ, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების დახმარებით დროებით ხელში ჩაიგდო საეკლესიო ძალაუფლება და შენობა-ნაგებობანი, მაშინ, როცა პატრიარქი ტიხონი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. 1923 წლის 15 ივლისს, მისი გათავისუფლების შემდეგ, პატრიარქმა ტიხონმა კურთხევისა და ძალის არმქონედ გამოაცხადა რენოვაციონისტების ყველა ბრძანებულება და დადგენილება, მათ შორის, სავარაუდოდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალ სტილზე გადასვლა და შესწორებული იულიანური კალენდრის მიღებაც.
იმავე 1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის კათოლიკოს-პატრიარქი იმ დროისთვის ამბროსი ხელაია იყო, გადავიდა ახალ სტილზე და გრეგორიანულ კალენდარზე, 1927 წელს კი ძველ სტილზე და იულიანურ კალენდარზე დაბრუნება მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ის მართლმადიდებელი ეკლესიებიც კი, რომლებიც ახალ სტილზე გადავიდნენ და შესწორებული იულიანური კალენდარი მიიღეს, ახალ სტილს და შესწორებულ იულიანურ კალენდარს იყენებენ მხოლოდ ფიქსირებული ლითურგიული თარიღების (მათ შორის, შობის) აღსანიშნავად და აგრძელებენ ძველი სტილის და იულიანური კალენდრის გამოყენებას მოძრავი ლითურგიული თარიღებისა (მათ შორის, აღდგომის) გამოსათვლელად (მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული სინოდის მიერ აღდგომის თარიღის გამოთვლის ახალი, ახალ სტილზე დაფუძნებული და გრეგორიანული წესისგან განსხვავებული წესი იქნა დადგენილი). გამონაკლისია მხოლოდ ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომის თარიღის გამოსათვლელად ახალ სტილს და გამოთვლის გრეგორიანულ წესს იყენებს.
კრიტიკა, რომელიც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, და რომელიც ხშირად გაისმის ხოლმე ფიქსირებული ლითურგიული თარიღების აღსანიშნავად ახალ სტილზე და შესწორებულ იულიანურ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით, პეტრე-პავლობის მარხვას ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ მარხვის დასაწყისი მოძრავი თარიღია, ხოლო დასასრული - ფიქსირებული. კერძოდ, მარხვა იწყება აღდგომიდან 8 კვირის შემდეგ დამდგარი კვირა დღის მომდევნო დღეს, ანუ, ორშაბათს, და მთავრდება 29 ივნისს. ეს იწვევს პეტრე-პავლობის მარხვის შემოკლებას 13 დღით, ხოლო ზოგ წელიწადს იგი შესაძლოა თითქმის საერთოდ გაქრეს კიდეც.
იმისათვის, რომ შობა 25 დეკემბერს (ახალი სტილით) აღინიშნებოდეს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თუკი ამის სურვილი ექნება, უნდა გაატაროს ორმაგი რეფორმა:
1. უნდა მიიჩნიოს, რომ იულიანური კალენდარი არაზუსტად მუშაობდა და ამან 13 ზედმეტი დღის დაგროვება გამოიწვია - ეს 13 დღე ამოღებულ უნდა იქნეს, ანუ, უნდა მოხდეს ახალ სტილზე გადასვლა.
2. მომავალში იგივე (ანუ, ზედმეტი დღეების დაგროვება) რომ არ განმეორდეს, უნდა მოხდეს გადასვლა უფრო ზუსტად მომუშავე, კერძოდ, შესწორებულ იულიანურ ან გრეგორიანულ კალენდარზე.
საკითხის არსში უფრო ღრმად გასარკვევად აუცილებელია, რომ გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს სიდერეული და სოლარული წლების და თავად ზემოაღნიშნული სამი კალენდრის მუშაობის პრინციპის შესახებ.
სიდერეული წლის ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება ცაზე ვარსკვლავების მოძრაობის ციკლის მიხედვით, ხოლო სოლარული (მზის), ანუ, ტროპიკული, წლის ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება ბუნიობათა (დღის და ღამის თანაბარი ხანგრძლივობა) და ნაბუნიობათა (ყველაზე ხანმოკლე ან ყველაზე ხანგრძლივი დღე) ციკლის მიხედვით.
ასტრონომიული მოვლენის - ღერძული, ანუ, ბუნიობათა პრეცესიის - შედეგად ამ ორი წლის ხანგრძლივობა ერთმანეთს არ ემთხვევა - სიდერეული წელი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე - სოლარული. იულიანური კალენდრის წელი თავისი ხანგრძლივობით უფრო უახლოვდება სიდერეულ წელს, ხოლო გრეგორიანული და შესწორებული იულიანური კალენდრების წლები - სოლარულ წელს. რომელი წელია უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის?
ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ადარდებს ცაზე ვარსკვლავების მოძრაობის ციკლის ხანგრძლივობა. ამავე დროს, ჩრ. ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა, ბუნებრივია, მოელის, რომ ზაფხულში ეცხელება, ხოლო ზამთარში - ეციება. თუკი სიდერეული ან იულიანური წლით ვიხელმძღვანელებთ (მათი ხანგრძლივობა ახლოსაა ერთმანეთთან, თუმცა სიდერეული ოდნავ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე იულიანური), მოხდება ბუნიობა-ნაბუნიობების თანდათანობითი წანაცვლება და სეზონების შეცვლა.
ახალ და ძველ სტილს შორის 13-დღიანი სხვაობა ამჟამადაა, მაგრამ განსხვავება განუწყვეტლივ მატულობს -
რადგან სოლარული წლის ხანგრძლივობა 365 დღეზე და 6 საათზე (ანუ, იულიანური კალენდრის ერთ წელზე) 11 წუთით და 14 წამით ნაკლებია, საშუალოდ, იულიანური კალენდარი ყოველ 128 წელიწადზე ერთ ზედმეტ დღეს იძლევა (სოლარული წლის სტანდარტის მიხედვით), ამიტომ სხვაობა ძველსა და ახალ სტილს შორის ყოველ 128 წელიწადში ერთი დღით მატულობს. ნებისმიერი სეზონი, მაგალითად, ზამთარი, ამჟამად ძველი სტილით 13 დღით უფრო გვიან დგება, ვიდრე დაახლოებით 16 საუკუნის წინ დგებოდა იმავე იულიანური კალენდრის მიხედვით. თუკი 16 საუკუნის წინ ქრისტეშობა - 25 დეკემბერი - ზამთრის ნაბუნიობას, ანუ წლის ყველაზე გრძელ ღამეს - 22 დეკემბერს (ამჟამად ეს მოვლენა უფრო ხშირად 21 დეკემბერს ემთხვევა) - 3 დღის შემდეგ მოსდევდა, დღეს, ძველი სტილის მიხედვით, იგი ამ მოვლენას 16 დღის (13 + 3) შემდეგ მოსდევს.
ზოგიერთი ავტორის აზრით, შობის ორიგინალურ სამდღიან დაშორებას ზამთრის ნაბუნიობისგან გარკვეული თეოლოგიური და სიმბოლური დატვირთვა აქვს.
რაც შეეხება თავად კალენდრების მუშაობის პრინციპებს: იულიანური კალენდის მიხედვით, წელიწადში 365 დღეა, გარდა ყოველი მეოთხე წლისა, რომელიც ნაკიანია, ანუ, 366-დღიანი, ე.ი. 29 თებერვლით. ეს წლის საშუალო ხანგრძლივობას განსაზღვრავს 365 დღით და 6 საათით ((3 X 365 + 366) / 4), რაც აღემატება სოლარული წლის ხანგრძლივობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გრეგორიანულ და შესწორებულ იულიანურ კალენდრებში გარკვეული და ერთმანეთისგან განსხვავებული სქემებით ხდება ნაკიანი წლების რაოდენობათა შემცირება (ყოველ ოთხას წელიწადში ხდება დაახლოებით სამი ნაკიანი წლის ამოვარდნა და მათი ჩვეულებრივი წლით ჩანაცვლება), რაც, შესაბამისად, კალენდარული წლის საშუალო ხანგრძლივობას ამცირებს (იულიანური კალენდრის წელთან შედარებით) და თითქმის აბსოლუტური სიზუსტით აახლოვებს მას სოლარული წლის რეალურ ხანგრძლივობასთან. უნდა აღნიშნოს, რომ შესწორებული იულიანური კალენდარი ოდნავ უფრო ზუსტია, ვიდრე - გრეგორიანული, თუმცა აბსოლუტურად ზუსტი არცერთი მათგანი არაა, რადგან სოლარული წლის 24-საათიან სეგმეტებად თანაბარი დაყოფა შეუძლებელია.
ამავე დროს, გრეგორიანული და შესწორებული იულიანური კალენდრების მუშაობის პრინციპები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კერძოდ, გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, ნაკიანია ყოველი ოთხზე უნაშთოდ გაყოფადი წელი, გარდა ასზე უნაშთოდ გაყოფადი წლებისა (ეს წლები ოთხზეც უნაშთოდ იყოფიან). გამონაკლისია ოთხასზე უნაშთოდ გაყოფადი წლები (ეს წლები ოთხზე და ასზეც უნაშთოდ იყოფიან) - ისინი კვლავ ნაკიან წლებად ითვლებიან.
შესწორებული იულიანური კალენდრის მიხედვით, ნაკიანია ყველა ის წელი, რომელიც უნაშთოდ იყოფა ოთხზე, გარდა იმ წლებისა, რომლებიც უნაშთოდ იყოფიან ასზე, და, ამასთან, არ ტოვებენ ნაშთად ორასს ან ექვსასს ცხრაასზე გაყოფისას. თუკი წელი უნაშთოდ იყოფა ოთხზე და ასზე, მაგრამ ცხრაასზე გაყოფისას ნაშთად ორასს ან ექვსასს ტოვებს, ის ნაკიანია.
ეს ნიშნავს, რომ გრეგორიანულ და შესწორებულ იულიანურ კალენდრებს შორის განსხვავება პირველად დაფიქსირდება 2800 წელს, რომელიც ნაკიანი იქნება გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივი - შესწორებული იულიანური კალენდრის მიხედვით.
გიორგი ლომინაძე.
წყარო:
http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=42