მართლმადიდებლური ჟამთაღრიცხვის უტყუარობის შესახებ 
ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის გულშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება არა ხორციელი სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა ჟამთაღრიცხვა ("კალენდრი"), რომელებშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ თაღს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, შუაწელს, ციურ "მერიდიანებს" (მსაზღვრელებს) და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს:
„როდესაც მე შევქმენი დედამიწა ... ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა“ (იობი 38, 5).
ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც.
უსასრულობაში, მარადისობაში, სიყვარულში ანუ ღვთიურ განზომილებაში დრო არ მოქმედებს და არც არსებობს. იგი მხოლოდ წუთისოფლის, მიწიერი სამყაროს საზომადაა დადგენილი და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებას ემსახურება.
საყდარში დროის განწმენდა ხდება. ღვთისმსახურების დრო წმიდა ნიშნებისა და წესების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ, წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას განმეორებითი ხასიათი აქვს. წრე - მარადიულობის სიმბოლოა, ამიტომ "კალენდარს" მკაცრი წესრიგი, მკაფიო მონაკვეთები და მონაცვლეობა უნდა ახასიათებდეს. "კალენდარი" (ჟამთაღრიცხვა) დროის უბრალო აღნუსხვა როდია, არამედ ჟამთასვლისაგან განწმენდილი ხატი, რომელიც მარადიულობაში მყოფობს.
იულიუს კეისარი იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის მითითებითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალანდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი დრო 5 საათი 48 წუთი და 47 წამი, ამიტომ ყოველ მეოთხე წელს ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს. სხვაგვარად 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა.
325 წელს ნიკეის მსოფლიო სასულიერო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, სასულიერო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში.
არსებობს ჟამთაღრიცხვის რამდენიმე სახე: მზისიერი, ვარსკვლავური, მთვარის. უფრო რთული შემადგენლობის მქონე "კალენდრებიც" არსებობს.
რითი გამოირჩევა იულიუსის ჟამთაღრიცხვა
დროის ბიბლიური საყრდენებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი საყრდენი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
იულიუსის ჯამთაღრიცხვა ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის მდგომარეობებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ საყრდენს ეყრდნობა, მათი სრულყოფის დასკვნით სახეს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში.
მართლმადიდებლური ჟამთაღრიცხვა ("კალენდარი") დაფუძნებულია ბიბლიურ ჟამთაღრიცხვაზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი მთავარი საყრდენია დიადი პასქალური წრე - დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი - წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28x19=532.
ინდიქტიონი იძლევა სამყაროსმიერი, წარსული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების დრო შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის დროსთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებლობამ თავისი ჟამთაღრიცხვა ("კალენდარი") და არ უნდა დაუმორჩილოს იგი მხოლოდ ამქვეყნიურ ხორციელ მოთხოვნილებებს.
თუმცა აქაც ჩაერია ეშმაკის ბოროტი ხელი. მას არ ძალუძს დროის შეჩერება ან შეცვლა, მაგრამ მაინც არ აძლევს ადამიანებს ცხოვრების მოწესრიგების საშუალებას. ცდილობს, აუბნიოს მას გზა-კვალი და რაც შეიძლება მეტად დააცილოს ჭეშმარიტებას.
იმ ჟამთაღრიცხვის მიღება, რომელსაც საერო ხელისუფლება გვაჩეჩებს, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, შეცვლამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.
გრიგოლ XIII (ლათ. Gregorius Tertius Decimus); ერისკაცობაში უგო ბუონკომპანიახალი გრიგორიანული ჟამთაღრიცხვის შემოღება ასე დაიწყო:
რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. შეცვლამ სრულიად არია წარსულის ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია სეცვლილი ჟამთაღრიცხვით წარსული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე.
საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი ჟამთაღრიცხვაა უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე აღრიცხვასს ექნებოდა ერთი საყრდენი, მიმართება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზეა გათვალისწინებული. მთვარის მდგომარეობას არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ მიწიერი; იულიუსის ჟამთაღრიცხვას კი - სამყაროსი, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოძრაობას.
შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-20 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება.
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან - 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს.
გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: ვარსკვლავებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში გამარტივებულ, წელიწადის დროებით შემოსაზღვრულ ჟამთაღრიცხვად იქცა. ნიშანდობლივია, რომ ჟამთაღმრიცხველ ჯგუფს იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ გარდაქმნის შემოქმედად თვით „უცთომელი“ რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა საგანგებო მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო მოძღვართა შორის“. პაპის ბრძანება განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი ჯამთაღრიცხვა. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ჟამთაღრიცხვის შეცვლის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს.
ახალი ჯამთაღრიცხვის ყველაზე მონდომებული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები.
1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ შეცვლილი ჟამთაღრიცხვა საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა უღვთო რუსმა "მასონ-ბოლშევიკმა" დამპყრობლებმა. თუმცა ქართველი ერი დღემდე არ შეეგუა უსამართლობას და უმრავლესობა შობა-ახალ წელს კვლავ მართმადიდებლური ჟამთაღრიცხვით აღნიშნავს.
1900-2010 წლებში მართლმადიდებლურ და შეცვლილ, გრიგორიანულ ჟამთაღრიცხვათა შორის, სხვაობა 13 დღეს შეადგენს.
გადავხედოთ ბიბლიას, როგორი საზომით იზომება მასში ერთი დღე?
„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე ერთი. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მეორე. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მესამე“... და ა.შ.
სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე?
პასუხი სავალალოა - ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა უღმერთო აზროვნებას.
გრიგორიანულ ჟამთაღრიცხვას ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საყდარების კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მიუღებელია გრიგორიანული ჟამთაღრიცხვის მიღება.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის ჟამთაღრიცხვით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა.
მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა ჟამთაღრიცხვის შეცვლას, რა მიზნები ამოძრავებთ მათ?
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი სასულიერო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული ჟამთაღრიცხვით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად მზაკვრული მოსაზრება, - როდესაც ჭეშმარიტ გზას აცდენილები აღნიშნავენ შობა-ახალწელს, მართლმადიდებლები მარხვას იცავენ. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი მიზანია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს საყდრიონის საქმიანობას.
მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ადმიანები ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს ადამიანი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით ხელი სეუშალოს ძირითადი დანიშნულებას - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი საყდრიონის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
„მახარებელი“ № 3, ჭულევის მონასტერი, 2000 წ.
ჟურნალი „წყარო“ № 21-22, 1993 წ.