რუსეთმა ტიმოშენკო ”გადააგდო”?
[მანანა აბაშიძე]
17 იანვარს უკრაინაში პრეზიდენტს აირჩევენ. იქამდე სულ თიტქზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება. პოლიტიკურ პროცესებში თუნდაც მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ არჩევნებს და მათ შედეგს გარკვეული თვალსაზრისით ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ”ნარინჯისფერი” და ”ვარდების” რევოლუციების შემდეგ, საქართველო-უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და მთლიანად ამ ორი ქვეყნის ერთმნიშვნელოვანი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი ერთ მთლიანობად აღიქმებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დასავლეთის მიერ აღქმული და განხილული.
იგივე ვითარება იყო ამ ორი ქვეყნის ევროსტრუქტურებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემდგომი ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებითაც. ასევე ერთობლივად ეწინააღმდეგებოდა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხსა და მათ პროდასავლურ ორიენტაციას. სწორედ ამიტომ, 17 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნები და მათი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
უკრაინაში პროდასავლური კურსის მთავარი დასაყრდენი და გამტარებელი დღევანდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკოა. სამწუხაროდ, დღეისათვის უკვე ნათელია, რომ მას არათუ არჩევნების მოგების, მეორე ტურში გასვლის შანსიც კი არ აქვს. იუშჩენკოს რეიტინგი 5%-ის ფარგლებში მერყეობს. წინასაარჩევნო მარათონის უპირობო ლიდერებად ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო გვევლინებიან. თუმცა, არც მათი აქვთ ისეთი რეიტინგი, რომ გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვონ.
უკრაინული მედია ხშირად წერს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ამ საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა კრემლთან ურთიერთობების დალაგებაა. უკრაინის მომავალი პრეზიდენტის - მიუხედავად მისი ვინაობისა- წინაშე მდგომი ამ დილემის შესახებ ”პრესა.გე” უფრო დაწვრილებით უკვე წერდა და ამიტომ ამაზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. მოკლედ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ უკრაინული მედიის აზრით, იმ მომენტისთვის კრემლს არჩევანი გაკეთებული არ ჰქონდა. პუტინიცა და მედვედევიც თანაბრად ეკურკურებოდნენ ტიმოშენკოსაც და იანუკოვიჩსაც. ასეთი იყო ვითარება წინა თვეში. აღსანიშნავია, რომ ეს ხაზი ცხადად გამოიკვეთა იმ ტელეინტერვიუშიც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა წლის ბოლოს წამყვანი რუსული ტელეარხების ხელმძღვანელებს. ერთ-ერთმა წამყვანმა მედვედევს ჰკითხა:
- ”ვინ არის ”ჩვენი”, რუსეთის კანდიდატი უკრაინულ საპრეზიდენტო არჩევნებში და საერთოდ გვყავს თუ არა ”ჩვენი” კანდიდატი?”
პასუხად მედვედევმა განაცხადა:
- “რა თქმა უნდა რუსეთს არ ჰყავს და ვერც ეყოლება თავისი კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე. უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა სადაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი თავად გაერკვევა ურთულესი პოლიტიკური ბრძოლისა და განცხადებების ნიუანსებში”-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთი რის რუსეთი იქნებოდა იქვე რომ არ მოეყოლებინა მენტორული ტონით ნათქვამი საკუთარი სურვილები. მედვედევმა ღიად განაცხადა, რომ სურს, უკრაინის მომავალი პრეზიდენტი რუსეთთან ძმური, კეთილი და მეგობრული ურთიერთობებისთვის იყოს განწყობილი. ცხადია, ამას, ”ძმური, კეთილი და მეგობრული ურთიერთობების” რეცეპტიც მოჰყვა:
- ”გვინდა, რომ მომავალი პრეზიდენტი რუსეთ-ურაინის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას არ ეწინააღმდეგებოდეს; რომ ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური პროექტები და ურთიერთობები კიდევ უფრო განვიტარდეს; რომ არ იყოს ამჟამინდელი სავალდებულო და უცნაური სურვილი რომელიღაც უცხოურ სამხედრო ბლოკში ჩაყვინთვისა, რაც ასე თუ ისე, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანებს გაანერვიულებს”- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასეთი იყო ვითარება თითქმის ახალ წლამდე. სწორედ დღესასწაულების მიჯნაზე კი, დამოუკიდებელ რუსულ მედიაში გაჩნდა სტატიები რომლებშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბოლოს არჩევანი მაინც გააკეთა ფსონი იანუკოვიჩზე დადო. ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა დამოუკიდებელ რუსულ და უკრაინულ მედიასაშუალებებს მათ შორის, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოციოლოგიური კვლევის ცენტრების მიერ გამოქვეყნებულმა რეიტინგებმაც მისცა.
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრმა(ვციომ) უკრაინაში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. პირველი ადგილი რეგიონების პარტიის ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს ერგო - 34%. მისი მთავარი კონკურენტი, იულია ტიმოშენკო სულ რაღაც 10%-ით, მესამე ადგილზე აღმოჩნდა. პირველად მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მეორე ადგილზე სერგეი ტიგიპკო აღმოჩნდა. უკრაინის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და ლიდერი პარტიისა ”ძლიერი უკრაინა”. შედეგების თანახმად მას მოსახლეობის 11% უჭერს მხარს.
ვციომ-ის კვლევებში მითითებული იყო ისიც, რომ იანუკოვიჩს ტრადიციულად ბევრად უფრო მეტი მომხრე ქვეყნის აღმოსავლეთში ჰყავს - 47%, ხოლო დასავლეთ ნაწილში ტიმოშენკო უფრო მოსწონთ - 19%.
წინა კვლევების თანახმად, მესამე ადგილი ”გარდაქმნების ფრონტის” ლიდერს, არსენი იაცენიუკს ეკავა. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ცენტრის მონაცემებით კი, მას მხოლოდ 6% უჭერს მხარს. მოქმედ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩსა და კომუნისტების ლიდერს, პეტრე სიმონენკოს 3-3%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
ორგანიზაცია ”თავისუფლების” ლიდერს, ოლეგ ტიაგნიბოკს და უმაღლესი რადას სპიკერს, ვლადიმირ ლიტვინს 2-2%-ის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ.
კვლევის ავტორთა თქმით, გამოკითხვა 40 ქალაქში ჩაატარეს. სტატისტიკური ცდომილება კი 4%-ს არ აღემატება. შედეგების წარდგენისას, ვციომ-ის ხელმძღვანელმა, ვალერი ფიოდოროვმა აღნიშნა, რომ ”ბოლო პერიოდში ტიგიპკომ ბევრი მიიმხრო და ცოტა ტიმოშენკოსაც კი გაუსწრო”. თუმცა მან იქვე ისიც დასძინა, რომ ტიმოშენკოსა და ტიგიპკოს შორის ცდომილება მინიმალურია და სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია.
უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა რუსული სოციოლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შედეგები სწორედ ისე მიიღეს როგორც, მოსალოდნელი იყო. ტიგიპკოს პრეს-მდივანს მონაცემები მოეწონა, ტიმოშენკოს წარმომადგენლებმა კი გააპროტესტეს.
- “კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევების სამსახურის, ”სოციოპოლისის” მიერ, ნოემბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ტიგიპკოს რეიტინგის ზრდა შეინიშნება. ამ კვლევების შედეგები ასეთი იყო: იანუკოვიჩს 29,6% უჭერდა მხარს; ტიმოშენკოს - 16,5%, ხოლო ჩვენს კანდიდატს - 14,8%” - აღნიშნა ტიგიპკოს პრეს-მდივანმა, ალექსანდრე ამელჩუკმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
- “ეს გამოკითხვა კი არა, უკრაინულ არჩევნებში ჩარევისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით მცდელობაა”- განაცხადა იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვიტალი ჩეპინოგამ. მისი თქმით, მათ აქვთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მათი პირადი მონაცემები და კარგად იცის რეალურად ვის რამდენი ამომრჩეველი უჭერს მხარს, მაგრამ ციფრების ხმამაღლა დასახელების უფლება არა აქვს - ”მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იანუკოვიჩს ძველებურად მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ტიმოშენკოს მხარდამჭერთა რაოდენობაც განუხრელად იზრდება” - დასძინა ტიმოშენკოს წარმომადგენელმა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი უკრაინული სოციოლოგიური სამსახურებისა და მედიის მონაცემებით, ყველაზე მეტი შანსები ისევ იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს აქვთ. დანარჩენი კანდიდატები კი, 5%-იან ზღვარს ვერ სცდებიან. მათ შორის ტიგიპკოც, რომელსაც რუსულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა, ტიმოშენკოს რეიტინგის კლების ხარჯზე 11% ”აღმოუჩინა”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11692ძალიან საინტერესო სტატიაა, ცხადად ჩანს, რომ რუსეთი ტიმოშენკოს ჩაძირვას ცდილობს!