სამართალი ნაც-საძმოელთა მიერ დაპყრობილ საქართველოში18-01-2010
დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე: - არ მახსოვს, ასეთი ჩვენება თუ მაქვს მიცემული...
ამაზე უკვე ატყდა განგაში...
მოახერხებდა თუ არა ტყემალაძე სამმეტრიან კედელზე გადაძრომას, სასამართლომ ამ ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი თქვა(?!)
"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის - "ამაზე მალე ატყდება განგაში" შემდეგ საზოგადოებაში მართლაც განგაში ატყდა. რედაქციამ "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge უამრავი წერილი მიიიღო.
გვანცა ყუფარაძე საპატიმროშიწერილის გამოქვეყნების შემდეგ ველოდით, რომ მასში მოყვანილ მოსაზრებებზე დაზარალებული პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. ამ საქმის ძიების დაწყებიდანვე კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, თავად შეგვესწავლა გვანცა ყუფარაძის წერილში მოყვანილი ფაქტები.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საბრალდებო დასკვნისა და განაჩენის მიხედვით, 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ტყემალაძეს თანაკლასელმა, 14 წლის გვანცა ყუფარაძემ დანით, უმიზეზოდ, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, "ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" 30 ჭრილობა მიაყენა. 14 წლის მოზარდს თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის 10 წელი მიუსაჯეს.
გვანცა ყუფარაძე დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ თორნიკე ტყემალაძე მისთვის უცნობმა ოთხმა პირმა დაჭრა, სამაგიეროდ, მათ ტყემალაძე კარგად იცნობდა. მთავარი კითხვა: რატომ, რა მიზეზით უნდა მიეყენებინა 14 წლის გოგონას თანაკლასელისთვის 30 ჭრილობა, პასუხგაუცემელია. გამოძიებამ ვერც დანაშაულის იარაღი იპოვა.
ვნახოთ, როგორია დაზარალებულ თორნიკე ტყემალაძის ვერსია.
თორნიკე ტყემალაძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო, მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული "ჟეშტის" ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, - დანით ხარ დაჭრილიო".
ადვოკატის შეკითხვაზე, რითი დაჭრეს, ტყემალაძე პასუხობს: "დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა... დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა (დანას. - ავტ.), მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი.
ადვოკატი: - თუ უკნიდან გირტყამდა, წინა მხარეს როგორ გაქვს ჭრილობები?
- წინა მხარეს არა მაქვს ჭრილობები მიღებული, არც ტანსაცმელზე"...
გვანცა ყუფარაძის შეკითხვაზე, რატომ უნდა მეჩუქებინა შენთვის 50 ლარიო, ტყემალაძე პასუხობს: "- არ გამჩენია ეს შეკითხვა, რატომ მჩუქნიდი 50 ლარს.
- რაში გჭირდებოდა ეს ფული?
- მჭირდებოდა რა... აუცილებლად კი არ უნდა წამეყვანა ბიჭები, თუ მომცემდი ფულს, მაშინ წავიყვანდი სახინკლეში, არ მჭირდებოდა ფული.
- როგორ მოგაყენე 30 ჭრილობა?
- დარტყმის შედეგად არ გავითიშე, მაგრამ დავიბენი... ვითიშებოდი, წამიერად გავითიშე, მაგრამ გრძნობა არ დამიკარგავს. თავში მომხვდა რაღაც საგანი, მაგრამ რა, არ ვიცი. ძალა მთლიანად გამომელია, უცებ მომაყოლე დარტყმა კიდევ. შემწევდა ძალა, შეგწინააღმდეგებოდი, ვცადე, მაგრამ ვეღარ შეგეწინააღმდეგე. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ წამოვდექი, არ ვიცი, რატომ. პირველად რომ მომაყენე ჭრილობა, მაშინ ვერ წამოვდექი, მერე წამოვდექი, 30 ჭრილობის შემდეგ შევძელი გაქცევა.
- მე თუ დაგჭერი, რატომ გავიქეცი ფატი მასწავლებელთან სასწრაფოს და პატრულის გამოსაძახებლად?
- ჩემი აზრით, გეგონა, ვერ გადავრჩებოდი და შეგეშინდა, ვინმეს არ დაენახე...
- შენ თქვი, რომ ჟეშტი სკოლის ეზოს მარცხენა კუთხეში იდო. ის იქ არასოდეს ყოფილა, რა ჟეშტზე ლაპარაკობ?
- არ მახსოვს, ასეთი ჩვენება თუ მაქვს მიცემული...
ერთს ვიტყვი რა, ტყუილად ხომ არ დავადებდი ხელს გვანცას. მე მეგონა, მძიმედ არ ვიყავი დაჭრილი. არ მინდოდა, გვანცა დასჯილიყო და თავიდან ამიტომ არ ვთქვი სიმართლე. სამი დღე არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მერე ამიტომ ვთქვი ყველაფერი. სასამართლოს მივანდობ გვანცას დასჯის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ მე არ მინდა გვანცა მსუბუქად დაისაჯოს".
გვანცა ყუფარაძის საქმის დეტალები მეტად საყურადღებოდ გვეჩვენა. ამიტომ მკითხველს გავაცნობთ ჩვენს გადამოწმებულ ზოგიერთ ფაქტსაც, ხოლო მათი გაანალიზება საზოგადოებისთვის მიგვინდვია.
თორნიკე ტყემალაძის ჩვენებაში ნათქვამია, რომ 2006 წლის 9 ნოემბერს ყუფარაძესთან შესახვედრად გამოვიდა სკოლიდან და მისი ეზოს ალაყაფის კარის გვერდით კედლიდან გადაძვრა ეზოში.

ჩვენ შევამოწმეთ კედელი - ის 3 მ სიმაღლისაა და მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ფოტოგრაფი ბევრს ვეცადეთ, როგორმე გადავმძვრალიყავით, ვერაფრით მოვახერხეთ.
ტყემალაძე მიუთითებს შემთხვევის ადგილს და ამბობს, რომ იქ იდო "ჟეშტი", რომლის აწევის დროსაც დაჭრა ყუფარაძემ. ახლა, სამი წლის შემდეგ, იქ თუნუქის ფურცელი იყო თუ არა, ვერაფრით გავიგებთ, მაგრამ საქმეში არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც "ჟეშტი" მოხსენიებული არ არის.
თორნიკე ტყემალაძე ჩვენებებში მიუთითებს, რომ გვანცა ყუფარაძემ მას ჯერ დაჩოქილს, ხოლო შემდეგ მიწაზე მფორთხავს მიაყენა 30 ჭრილობა და რომ მას ჭრილობები წინა მხარეს არ ჰქონია.
საქმეში არსებული მასალების, კერძოდ კი, ექსპერტიზის დასკვნების შესწავლით, დადგინდა, რომ ტყემალაძეს ათზე მეტი ჭრილობა სწორედ წინა მხარეს აქვს მიყენებული. ათი დაზიანებიდან ზოგიერთმა ტანსაცმელში გაატანა, ზოგიერთმა - არა.
თორნიკე ტყემალაძე ჩვენებაში მიუთითებს, რომ პირველი ძლიერი დარტყმა თავში მიიღო. ექსპერტიზის დასკვნებში კი თავში მიყენებულ დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი.
სამაგიეროდ, გვანცა ყუფარაძის ჩვენებებს ადასტურებენ მოწმე მ. პაცუკი და ნატო ნინუა.
მოწმე მ. პაცუკის ჩვენებიდან: "დაახლოებით დღის 2 საათზე მივდიოდი ჩემს ახლობელ ნატო ნინუასთან. დავინახე, ნათაძის ქუჩის მხრიდან, ღობეზე (ზემოთ ხსენებული 3-მეტრიანი კედელი არ გეგონოთ - ავტ.), სკოლის ეზოში როგორ გადაძვრა ორი ზრდასრული პირი და მუქარითა და გინებით გაემართნენ სკოლის სტადიონისკენ, რის შემდეგაც მესმოდა გინებისა და მუქარის ხმები".
მოწმე ნატო ნინუას ჩვენებიდან: "ჩემთან მოვიდა ახლობელი პაცუკი, რომელმაც მითხრა, დავინახე, სკოლის ეზოში როგორ გადახტა ორი პირი, რომლებიც გინებითა და მუქარით წავიდნენ სკოლის ეზოს სიღრმისკენო. ვუპასუხე, ყურადღება არ მიაქციო, სკოლის ეზოში ხშირია ასეთი შემთხვევა, რადგან აქ თავს ნარკომანები იყრიან-მეთქი. რამდენიმე ხანში ჩემი სტუმარი უკან გაბრუნდა. ცოტა ხანში მე სახლიდან ეზოში გამოვედი და დავინახე ორი ზრდასრული პირი სკოლის ეზოდან გამორბოდა, მათ შორის ერთი - წვერებიანი".
მოწმე ფატი მიქაძის (მე-12 სკოლის მასწავლებელი) ჩვენებით კი, 2006 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით სამის ნახევარზე, კარზე ბრახუნის ხმა გაიგო. კარი მისმა დედამთილმა გააღო. ამ დროს ატირებული გოგონას ხმა შემოესმა: "სასწრაფოდ გავედი გარეთ და დავინახე ჩემი კოლეგის შვილი, გვანცა ყუფარაძე, რომელიც ტიროდა და გაიძახოდა, თორნიკე დაჭრეს, მგონი, მოკლეს და პოლიციასა და საავადმყოფოში დარეკეთო".
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ტყემალაძისთვის მიყენებული დაზიანებები როგორც ტანსაცმელზე, ისე სხეულზე, გამოწვეულია არა ერთი და იმავე, არამედ ორი სხვადასხვა ზომის, 2-სანტიმეტრიანი და 4-სანტიმეტრიანი სიგანის მქონე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ასეთი შესაძლებელია იყოს დანა.
ზემოჩამოთვლილი ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ყუფარაძის საქმეში ინახება, მაგრამ სასამართლომ რატომღაც უარი თქვა ყუფარაძის ადვოკატის შუამდგომლობაზე, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი - მოახერხებდა თუ არა ტყემალაძე სამმეტრიან კედელზე გადაძრომას, (?!).
სასამართლომ არ გაიზიარა არც მოწმე ნატო ნინუას ჩვენებები, რადგან მან მხოლოდ ის დაინახა, როგორ გადმოხტა ღობიდან სკოლის ეზოში ორი პირი, ეს კი თურმე არ წარმოადგენს არსებით ინფორმაციას(?!), რადგან იმავე მოწმის თქმით, მსგავს ფაქტებს ყოველდღე ჰქონდა ადგილი. ამიტომ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს პირები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც მსჯავრდადებულის თქმით, დაჭრა ტყემალაძეო. სასამართლომ არ გაიზიარა არც ექსპერტიზის დასკვნები და განაჩენში მიუთითა, რომ თურმე დასკვნები შედგენილია საპროცესო დარღვევებით და ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი არის შეფასებითი, საალბათო და სავარაუდო(?!).
როგორ მოახერხა კაფანდარა გოგომ ბიჭისთვის 30 ჭრილობის მიყენება?!
როგორ მოახერხა კაფანდარა გოგომ ბიჭისთვის 30 ჭრილობის მიყენება?! "საჭირო იყო განტევების ვაცის მოძებნა და ასეთი მე აღმოვჩნდი"
ეს წერილი ციხიდან მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ 16 წლის გოგონას ეკუთვნის. შემთხვევა, რომელიც 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მოხდა, საკმაოდ რეზონანსული იყო. 14 წლის გვანცა ყუფარაძეს ბრალად თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა.
14 წლის გვანცა ყუფარაძე გაასამართლეს, ის ბრალეულად ცნო სასამართლომ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი ბრალდებულის არასრულწლოვნების გამო დახურული იყო და პრესას საშუალება არ ჰქონდა, პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყური ედევნებინა. სასამართლომ 14 წლის მოზარდი ბრალეულად ცნო, მაგრამ საქმის მასალების, ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების გაცნობის შემდეგ ეჭვი გაჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობაში, რადგან საქმეში ზედმეტად ბევრი საეჭვო ფაქტი გამოიკვეთა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს 30 ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც საეჭვოა, 14 წლის კაფანდარა გოგონას მოეხერხებინა. მეორე საეჭვო გარემოება ის არის, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული სრულიად უმოტივოა. საბრალდებო დასკვნაში და მოგვიანებით განაჩენში მითითებულია, რომ ყუფარაძემ უმიზეზოდ მიაყენა 30 ჭრილობა თავის მეგობარს(?!).
წერილი ციხიდან
"ამ წერილის დაწერა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ ვერ შევეგუები იარლიყს, რომელიც უსამართლოდ მაქვს მოკერებული. ამბობენ, ყველა პატიმარს თავი მართალი ჰგონიაო... მე კი ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ბრძოლა მაქვს გადაწყვეტილი და დარწმუნებული ვარ, ბოლოს და ბოლოს, ჩემს უდანაშაულობასაც დავამტკიცებ. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე ფრიადოსანი, სანიმუშო მოსწავლე ვიყავი, უამრავი სიგელი და მადლობა მაქვს მიღებული და უცბად "დაუნდობელ დამნაშავედ" ვიქეცი. როგორ?
ჩემი უბედურება 2006 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, როცა შემთხვევით შევესწარი თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის დაჭრას, რომელიც თბილისის მე-12 საშუალო სკოლის ეზოში მოხდა. ტყემალაძე ფულის შოვნაში დახმარებას მთხოვდა და მეუბნებოდა, თუ ფულს არ ვიშოვი, ჩემი საქმე ძალიან ცუდად იქნებაო. ამ საუბრის დროს სკოლის ეზოს კედელს გადმოახტა 4 შედარებით დიდი ასაკის ბიჭი, რომლებმაც ის გააკავეს, ორმა კი დანებით ჭრილობა მიაყენეს, თანაც უყვიროდნენ, ის მიიღე, რისი ღირსიც იყავიო. ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე მე ვიყავი და ამ ბიჭებისაგან მეც საშინელი მუქარა მერგო, მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოიღებ და რამეს იტყვი, შენც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიო.
მიუხედავად მუქარისა, გავიქეცი და ყველაფერი შევატყობინე იქვე მცხოვრებ ქართული ენის პედაგოგ ფატი მიქაძეს და ვთხოვე პოლიციის გამოძახება. დაჭრილი ტყემალაძე სკოლის სამედიცინო პუნქტში შეიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ დაზიანებები სკოლის მე-2 სართულიდან გადმოვარდნით მიიღო. იქვე ვიდექი და სკოლის პედაგოგებს განვუცხადე, რომ ის მეორე სართულიდან კი არ გადმოვარდა, არამედ დაზიანებები ოთხმა უცნობმა პირმა მიაყენა. სიმართლე მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ტყემალაძისათვის, ისე სკოლის პედაგოგებისა და ხელმძღვანელობისათვის. სკოლის ეზოში უცხო პირების მიერ მოსწავლის დაჭრის ფაქტით ხომ სკოლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა?
მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ტყემალაძე პირადად იცნობდა იმ პირებს, რომლებმაც ვალის გამო დაჭრეს, მას ისღა დარჩენოდა, პოლიციისათვის კონკრეტულად დაესახელებინა დამნაშავეები. იმის თქმა, რომ არ იცნობდა დამნაშავეებს, არარეალური და არადამაჯერებელი იქნებოდა, რის გამოც თავად ტყემალაძეს შეექმნებოდა პრობლემები - მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისათვის, მაგრამ მან შიშის გამო ვერ დაასახელა დამნაშავეები. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექციაც, ტყემალაძის მშობლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. საჭირო იყო განტევების ვაცის მოძებნა და ასეთი მე აღმოვჩნდი.
საინტერესოა ისიც, რომ თორნიკეს 2006 წლის 14 ნოემბრიდან ამ სკოლაში აღარ უსწავლია, სასწრაფოდ გადაიყვანეს სხვაგან, სხვა რაიონში. ვის დაუმალეს? მე ხომ 14 ნოემბრიდან ციხეში ვიყავი?
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა გორგასლიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ როგორმე არ დამტკიცებულიყო ჩემ მიერ ნანახი ფაქტი. ჯერ დეტალურად გამომკითხეს, თუ რა ადგილზე დაჭრეს თორნიკე. იმის მაგივრად, გამოეძახებინათ პატრული, სასწავლო ნაწილის გამგემ ტყემალაძის სისხლის ყველა წვეთი წაშალა კვალის დასაფარავად. პატრულის მაგივრად და საქმის მოსაგვარებლად კი სახლში დაურეკეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულ პოლიციელს. მანამდე მაჩუმებდნენ, სანამ სასწრაფოს ექიმი უკან არ მობრუნდა ჩხუბით, რატომ მომატყუეთ, ბავშვი დაჭრილი ყოფილაო. მან მოითხოვა ტანსაცმელი, რომელიც იქვე მცხოვრებ პედაგოგს ჰქონდა სახლში გადამალული. სწორედ ამ პედაგოგმა და მისმა მეუღლემ მიიტანეს საავადმყოფოში ტყემალაძის გადამალული ტანსაცმელი.
ჩემი მშობლებისა და ჩემივე თანდასწრებით პოლიციას სასწავლო ნაწილის გამგეები ატყუებდნენ, რომ ტყემალაძე კიკვიძის ბაღში დაჭრეს და სკოლის ეზოში გადმოაგდეს. ჩემდა გასაკვირად, პოლიციას კითხვები არ გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება უკვე მიცემული მქონდა. დანაშაულის ადგილას, რომელიც ღამით დაათვალიერეს, ვერაფერი აღმოაჩინეს, რადგან სკოლის დირექციამ წინასწარ მოასუფთავა ყველაფერი. ტყემალაძის ქუდიც კი, რომელიც დანაშაულის ადგილზე ეგდო, სასწავლო ნაწილის გამგემ მის დას გაატანა. სამაგიეროდ სკოლის დირექტორმა ჯერ 2006 წლის 10 ნოემბერს, ხოლო შემდგომ 14 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ყოვლად უსირცხვილო ვერსია, თითქოს მე, არატრადიცული ორიენტაციის გოგონამ, კონკურენციის მიზნით დავჭერი თანაკლასელი ტყემალაძე(?!). დირექტორმა იცრუა ისიც, რომ თითქოს მამაჩემი დაზარალებულის მოსაკლავად იწევდა, ხოლო დამნაშავე შვილი ქალაქიდან უკვე გახიზნული ჰყავდა. სიუჟეტიდან ვერაფერი გავიგე, ვერც ის, თუ რა "ტრადიციულობაზე" იყო ლაპარაკი. 2006 წლის 14 ნოემბერს საღამოს 9 საათზე დედამ და მამამ პოლიციაში წამიყვანეს. მათ სჯეროდათ საქართველოში სამართლის არსებობის. სამწუხაროდ, პოლიციის მეცხრე განყოფილებიდან უკვე აღარ გამომიშვეს.
დირექტორის გავრცელებული ვერსია ძალზე დაუჯერებელი იყო საზოგადოებისთვის, ამიტომ ეს "შეცდომა" სამართალდამცველებმა გამოასწორეს და უფრო დიდი სასწაული მოიგონეს: რადგანაც ჩვენებაში ნახსენები მქონდა, რომ ტყემალაძე ფულს ეძებდა სასესხებლად, ამ ფულზე ააგეს აბსურდი, რომ მე თითქოს ტყემალაძეს ფულს ვჩუქნიდი და მერე უმოტივოდ მივაყენე დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ 9 ნოემბერს დეტალურად აღვუწერე პოლიციას დამნაშავეების აღნაგობა, სურათებიც კი არ მაჩვენეს ტყუილად მაინც, ვინმეს ხომ არ იცნობო (რატომღაც ერთადერთ მოწმესთან არ ისურვეს თანამშრომლობა), მე კი ეს პირები არასდროს დამავიწყდება, მათი სახეები დღესაც თვალწინ მიდგას. მათ ამოცნობას ყოველთვის შევძლებ, რა დროც უნდა გავიდეს. მათ მხოლოდ პლასტიკური ოპერაციები, თვალის ფერის შეცვლა და მარჯვენა ხელის პროთეზი თუ უშველით (ერთ თავდამსხმელს მარჯვენა ხელის მთელ მტევანზე სვირინგი აქვს).
ჩემს საქმეში ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა, ერთი ტყემალაძის, რომ ვითომ მას 30 ჭრილობა მივაყენე მე, მისმა თანაკლასელმა, 14 წლის გოგონამ, და მეორე - ჩემი ჩვენება, რომ ტყემალაძეს დაზიანებები მიაყენა ორმა ჩემთვის უცნობმა, მაგრამ ტყემალაძისთვის კარგად ნაცნობმა პირმა. ამ ფაქტის უშუალოდ მხილველი სხვა მოწმე საქმეში არ არსებობს. განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის აშკარად ცრუ ჩვენებას, რის გამოც 10 წელი მომისაჯეს. ჩემი ჩვენება დადასტურებულია ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეების: მ. პაცუკისა და ნ. ნინუას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო დასკვნებით დადგინდა, რომ ტყემალაძეს 30 ჭრილობა მიყენებული აქვს ორი სხვადასხვა ზომის (2 სმ-იანი და 4 სმ-იანი) მჩხვლეტავი მჭრელი საგნებით (ეს მართლაც ასე წერია ექსპერტიზის დასკვნაში. - ავტ.), შესაძლებელია, დანებით. ექსპერტიზების დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ტყემალაძეს ფიზიკურად ვერ მივაყენებდი იმ დაზიანებებს, რადგან მას ადეკვატური რეაგირება უნდა მოეხდინა პირველივე დარტყმაზე, მას არც გონება დაუკარგავს და ის, რომ ჩემგან ამდენი დარტყმა აიტანა, საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს? იდგა და მიყურებდა, სანამ 30-ჯერ არ დავარტყი დანა? ან ამდენი ჭრილობის მიმყენებელს ერთი წვეთი სისხლი მაინც ხომ უნდა მომსხმოდა? სიმართლე ის არის, რომ ტყემალაძეს იმ ბიჭებმა განძრევის საშუალება არ მისცეს! მოწმეები პაცუკი და ნინუა ჩვენებებში ადასტურებენ ჩემს ნათქვამს, რომ ტყემალაძის დაჭრის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა ოთხი ზრდასრული პირი, რომელთა გინებისა და მუქარის ხმა მათ აშკარად ესმოდათ. გამაოგნა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა. მან პროცესზე ჩემს მშობლებს განუცხადა: ერთადერთი შვილის პატრონები ხართ, როგორ ხართ მშვიდად, თუ უსამართლოდ გაბრალებთ დანაშაულს, თქვენს ადგილას მე ბრალმდებელს მოვკლავდიო (ესეც მოსამართლის შინაგანი რწმენა. თუ კანონმორჩილი ხარ და ვინმეს არ კლავ, ესე იგი, დამნაშავე ხარ).
ალბათ, იმისათვის ვისჯები, რომ სიმართლე ვთქვი და არ დავემორჩილე დირექციის მოთხოვნას. ჩემი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა გორგასლიძემ კი სკამი შეინარჩუნა. ის ხომ განათლების სამინისტროდან გადმოიყვანეს პროტექციით, მან ხომ გამოცდებიც კი ვერ ჩააბარა. ჩემი საქმის ასე საუკეთესოდ "გამომძიებელი" და ზედამხედველი პროკურორი დათხოვნილი არიან თანამდებობიდან (მიზეზი არ ვიცი), მე 10 წლით ციხეში ვარ გამწესებული, დამნაშავეები კი მართლმსაჯულებას შორიდან დასცინიან. ტყემალაძე სასამართლოს მერე თავის უბანში ხმას ავრცელებდა, რომ თურმე მე კი არ დამიჭრია, ბიჭები მიმიგზავნია და იმათ დაუჭრიათ, თორემ მე როგორ მოვერეოდი. ციხიდან გამოსვლის მერე შურისძიებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ დამნაშავეების ამოცნობით ნათელს მოვფენ ამ საქმეს. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ბოლოს და ბოლოს, მოსამართლე დალი მეტრეველს მინდა დავუმტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ, იქნებ მაშინ მაინც ინანოს, 14 წლის სრულიად უდანაშაულო გოგონას 10 წელი რომ მომისაჯა.
დიახ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა ჩემნაირი სანიმუშო ყოფაქცევის, ფრიადოსანი არასრულწლოვანი, რომლის ბრალეულობაც არაფრით მტკიცდება. მკვლელობის მცდელობა, თან გოგონასაგან? რა ვქნა, ამ სამარცხვინო იარლიყს ვერ შევეგუები. დღესაც მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე გამომცადონ, რაც არაერთგზის განმიცხადებია. პატიმრებს ჰგონიათ, პრეზიდენტი ყველა მათგანის კონკრეტულ საქმეს იცნობს, რაც დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, ჩემ შესახებ პრეზიდენტს არც კი სმენია. სასამართლოც კი დახურული მქონდა, არასრულწლოვანი ვარ. ჩემი საქმე ახლა ევროსასამართლოშია. დარწმუნებული ვარ, გავმართლდები და ამაზე მალე ატყდება განგაში. მინდა, პრეზიდენტმა ამ ფაქტის შესახებ იცოდეს, მინდა, იცოდეს, რომ მის ქვეყანაში ციხეში უკვე ორი წელია 16 წლის უდანაშაულო მოზარდი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს.
გვანცა ყუფარაძე."
P.S. თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ გაუჩნდება სურვილი თორნიკე ტყემალაძეს, რომ გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც საქმეში არსებობს, ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ მას გაზეთში ადგილს.
ხათუნა პაიჭაძე
This post has been edited by დაჩი on 2 Feb 2010, 20:07