მოდელი, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ რძლად აღიარა
"მივდივარ! თავი დამანებეთ! აღარავინ გეყოლებათ დასაკბენი და ინტრიგების მსხვერპლი"! - ასეთი "სტატუსი" ამოვიკითხე 21 წლის სოფო ჩიკვილაძის (ფოტომოდელი) საიტ "ოდნოკლასნიკებზე" და მასთან დაკავშირებაც ვცადე. სოფო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას რძალი გახლდათ, თუმცა, დაახლოებით ერთი წლის წინ, მასსა და მის მეუღლეს, ცოტნე გამსახურდიას ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. როგორც ამბობენ, ბზარი, რომელსაც კონფლიქტი მოჰყვა, სწორედ სოფოს სამოდელო კარიერას უკავშირდება...
"ამ ოჯახისგან ბევრი რამ ვისწავლე"
- 12 წლის ვიყავი, როცა პირველად სამოდელო სააგენტოში მივედი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, იმდენად მინდოდა, ამ საქმის კეთება, რომ ამ სფეროში მაინც მოვსინჯე თავი. მალე მივხვდი, რომ საქართველოში იყო წარმატებული მოდელი, არცთუ ისე იოლია, რადგან კონკურსებში, რომლებიც ჩვენთან ტარდება, პირველი სამი ადგილი ყოველთვის იყიდება!
- ოჯახის წევრებს რატომ არ უნდოდათ, რომ შენ ამ სფეროში გემუშავა?
- მეუბნებოდნენ: ოჯახს ვერ შექმნიო... თანაც თუ გინდა, რომ პერსპექტიული და პროფესიონალი მოდელი იყო, შენი პროფესიისთვის თავი უნდა გადადო, არ უნდა გქონდეს შიშველი სხეულის გამოჩენის კომპლექსი!
- შენ გაშიშვლების კომპლექსი არ გაქვს?
- ახლახან შემომთავაზეს ფილმში გადაღება, სადაც შიშველი ზურგი და მკერდის ნაწილი გამომიჩნდებოდა. დავთანხმდი, რადგან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, იცით, რომ ამერიკიდან მოწვევა მივიღე და ამიტომ ამ ფილმზე უარის თქმა მომიწევს...
- სოფო, შენ საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის რძალიც იყავი...
- მე და ცოტნე შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, იმ პერიოდში პროექტ "ცხელ კალენდარში" ვმონაწილეობდი, მან ეს იცოდა და წინააღმდეგობა არც გაუწევია, თუმცა, როდესაც გადაღებული ფოტოები მივუტანე და ვაჩვენე, - მეტი საქმე არ გქონდა, ეს ფოტოები რომ დაბეჭდეო?! - ასე მითხრა... ოჯახი რომ შევქმენით, სამოდელო კარიერას თავი დავანებე. მიმაჩნია, რომ ოჯახი კარიერას ხელს უშლის, თანაც მერე ორსულად ვიყავი და დღეს უკვე 2 წლის და 4 თვის პატარა მყავს. ორსულობის შემდეგ ჩვენებაში ჩუმად მივიღე მონაწილეობა, რის გამოც ცოტნესთან ძალიან დიდი კონფლიქტი მომივიდა.
- ამის გამო ხომ არ დადგა თქვენი ურთიერთობა საფრთხის წინაშე?
- არა... როდესაც ცოტნე დიდი ხნით რუსეთში წავიდა, მის ცხოვრებაში გაჩნდა ვიღაც გოგო, რომელმაც მას შვილი გაუჩინა... თავიდან ძალიან განვიცადე, თუმცა, მერე დავფიქრდი და გავიაზრე, რომ ჩვენ გავიზარდეთ, შეგვეცვალა შეხედულებები და... რუსეთში მის ცხოვრებაში ახალი ადამიანები გაჩნდნენ... არავინ იცის, როდის რა |შეგემთხვევა... მეც მივდივარ ამერიკაში და რამე რომ მოხდეს, არც ცოტნეს უნდა გაუჩნდეს ჩემ მიმართ პრეტენზია... ერთად აღარ ვართ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით!
- ისე, როგორ დაიწყო შენი და ცოტნეს რომანი?
- ცოტნე სრულიად შემთხვევით, ქუჩაში გავიცანი... მას აქვს რაღაც ისეთი შარმი, რაც ქალებს მასში ძალზე ხიბლავთ... ცოტა უცნაური, ძალიან განათლებული და საინტერესო პიროვნებაა. ერთხელ რომ ვნახე, მეორედ ნახვის სურვილი გამიჩნდა და ბოლოს მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობით რაღაც საზრდოს ვიღებდი. ქუჩაში სეირნობა ღამის 12 საათის შემდეგ უყვარდა, ვსეირნობდით და ვსაუბრობდით ათას რამეზე. მამაჩემს და ბიძაჩემს არ უნდოდათ, რომ ცოლად ცოტნეს გავყოლოდი, თუმცა დღემდე არ ვიცი, რატომ. ქორწილი არ გვქონია, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: მე ერთადერთი ქალბატონი ვარ, ვინც ცოტნეს დედამ რძლად აღიარა!
- ქმარი რუსეთში რომ გაუშვი, ეჭვიანობდი?
- აქ რომ იყო, თავად ეჭვიანობდა... მეტიც, აკონტროლებდა ჩემს ტელეფონში შემოსულ ზარებს... მერე უკვე მე დავიწყე ეჭვიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მისით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე, სულ ვურეკავდით ერთმანეთს და ვუმესიჯებდით. შეიძლება, ცოტნეს არც ესიამოვნოს ის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ჩვენში ასაკობრივი სხვაობა იყო დიდი... იგი ჩემზე 11 წლით უფროსია და ერთმანეთს მამიკოსა და შვილიკოს ვეძახდით (იცინის)... ბავშვი რომ დაიბადა, მან ექიმს ხუმრობით ისიც უთხრა - ახლა ორი შვილი მყავსო.
- დედამთილთან, ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
- ბავშვის გაჩენის დღიდან მანანასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა... შესანიშნავი დედამთილი იყო! სულ მეუბნებოდა, შენზე ცენზით დაბლა მდგომ ადამიანს თავი არ უნდა გაუყადროო... ამ ოჯახისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ერთმა დღემ გადაწყვიტა ჩვენი ბედი და დავშორდით ერთმანეთს. სხვათა შორის, შარშან ფოტოსესია მქონდა და ვკითხე მანანას, რომელი კაბა ჩავიცვა-მეთქი? მირჩია და მეც დავუჯერე. მკაცრი ოჯახია, თუმცა თუ მათ ჩარჩოებში მოექცევი, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყველაზე ამაყი ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დღეს ვიყავი, მაშინ პირველად გავიაზრე, რომ ჩემი მეუღლე პირველი პრეზიდენტის შვილია!
p.s. არ ვიცით, რა რეაქცია მოჰყვება პირველი პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან სოფო ჩიკვილაძის ინტერვიუს. მაგრამ ფაქტია, რომ იგი გულგატეხილი და ნაწყენი ტოვებს მშობლიურ საქართველოს და აქედან მიემგზავრება!
სოფო ყარალაშვილი
ჟურნალი ”გზა”
08:01 / 24-07-2009
მიმაგრებული სურათი
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/