ალექსანდრე რონდელი - საერთაშორისო ურთიერთობებში ახლა ისეთი დროა, როცა ვითარების შეცვლას უნდა დაველოდოთ
საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებსა და რეალობაზე, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებზე, რუსეთისადმი დასავლეთის მხრიდან დათმობების სავარაუდო ზღვარზე, ასევე ქართული ოპოზიციის ლიდერებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის დაწყებული დიალოგის პერსპექტიულობაზე და, საერთოდ, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის ყოველგვარი პირობების გარეშე დაწყების ავკარგიანობა-მიზანშეწონილობაზე, `ინტერპრესნიუსი~ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ხელმძღვანელს, ალექსანდრე რონდელს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები ხდება. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის 46-ე კონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო რუსეთისთვის არავის უსაყვედურია, მეტიც ლავროვის განცხადება, რომ ამიერკავკასიაში 5 სახელმწიფოა, მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იგულისხმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის გარდა არც არავის გაუპროტესტებია. . .
- ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ ლავროვის განცხადებებს და ნატოსთან მიმართებაში ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთის პოზიციაზე ცალსახად უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა, რომელმაც თქვა, რომ `რუსეთი სხვა სამყაროშია~. რამდენადაც მახსოვს, რუსეთს დასავლელი ლიდერისგან თავის თავზე ასეთი ცუდი შეფასება არც კი მოუსმენია. რუსეთს სათქმელი პირდაპირ უთხრეს და მოსკოვის მისამართით ამგვარი განცხადება სავსებით საკმარისად უნდა ჩავთვალოთ. მიუნხენის 46-ე კონფერენციაზე უფრო ავღანეთის, ირანის საკითხები და არა პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხები განიხილებოდა, ამიტომ საქართველოს საკითხისადმი მიუნხენის კონფერენციის უყურადღებობას გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი.
ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე რა თქმა უნდა იცვლება. აგვისტოს ომმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრი ცვლილებები შეიტანა. ძალიან ბევრი რამ სააშკარაოზე გამოვიდა და საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი სპეციალისტის ასმუსის წიგნმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. დებატები გრძელდება, დასავლეთში მიხვდნენ, რომ რუსეთმა საქართველოში კბილები პირველ რიგში დასავლეთს აჩვენა. მიუხედავად ამისა, დასავლეთი ცდილობს რუსეთი არ გარიყოს და მასზე გარკვეული გავლენა იქონიოს. ამის გამოა, რომ რუსეთი დასავლეთთან მიმართებაში კი ლაპარაკობს სისულელეებს იმის შესახებ, თითქოს ნატო რუსეთის მტერია, მაგრამ დასავლეთმა უსაფრთხოების რუსული, ანუ მედვედევის კონცეფცია მასხრად აიგდო. ამისთანა რამეს სერიოზულ ქვეყანას არ უკეთებენ.
დასავლეთი კი ცდილობს რუსებს არ აწყენინოს, მაგრამ დასავლეთში ისიც იციან, რომ მოსკოვს არ უყვარს, როცა მის სტატუსს ეხებიან და გარეგნულად ზესახელმწიფოდ აღიარებენ. ამას დასავლეთი კარგად კი აკეთებს, მაგრამ ვითარება ძალიან შეცვლილია. ამერიკელები ჯერ კიდევ ცდილობენ რუსეთის ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებით გამოყენებას, რაღაც გამოსდით, რაღაც - არა, მაგრამ ესეც გაივლის და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- შეიძლება ვივარაუდოთ, სად გადის დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი დათმობების ზღვარი?
- რაც რუსეთმა ძალით წაიღო, იმას საქართველოს დასავლეთი ძალით ვერ დაუბრუნებს. დასავლეთის მხრიდან რუსეთზე მორალური და პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება. დასავლეთში ყველას ესმის, რომ გიჟებთან აქვთ საქმე და არაფრის დათმობას არ აპირებენ. სხვა რაში დაუთმეს? არც არაფერში.
- ჩვენ, ჩვენთან დაკავშირებული საკითხები გვაინტერესებს, რაშიც წინსვლა აშკარად არ ჩანს...
- ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე მეორე და მესამეხარისხოვანი მოთამაშეები ვართ, ჩვენზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული და ამ მხრივ ვითარებას რეალისტურად უნდა შევხედოთ. არის ვითარება, როცა მეტი შეგიძლია, როცა შიდა და გარე ვითარება ხელს გიწყობს, ხდება ისეც, რომ ისე აეწყობა თანავარსკლავედი, მაინც და მაინც კარგს არაფერს უნდა ელოდე. საერთაშორისო ურთიერთობებში ახლა ისეთი დროა, როცა ვითარების შეცვლას უნდა დაველოდოთ და ყველაფერი ვაკეთოთ, რათა ხელსაყრელი მომენტის ეფექტურად გამოყენებისთვის მზად ვიყოთ.
- მედვედევის განცხადებები - „სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს...“, იმის ბრალი ხომ არ არის, რომ დასავლეთს ჩადენილ დანაშაულზე მედვედევისთვის პასუხი არ მოუთხოვია?
- ამას ორი მიზეზი აქვს, მედვედევიცა და პუტინიც ორივე დამნაშავეები არიან. მათი ხელმძღვანელობით შეიცვალა ეუთოსა და გაეროს წევრი ქვეყნის საზღვრები და რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორია მიიტაცა. ასეთი რამ მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულია არავის გაუკეთებია. მედვედევისა და პუტინისთვის სააკაშვილი თავისი გუნდიანად ისეთივე რამ არის, კაცს ცხვირზე ბუზი რომ აზის. მათთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომაა, რომ ორივენი ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე არასახარბიელოდ წარმოჩენას. მედვედევს და პუტინს სწორედ ის ჭირთ, ნათქვამი რომაა - "ქურდს ქუდი ეწვისო". მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალის რეგიონში ოსი ხალხის გენოციდს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მედვედევი ამგვარ განცხადებებს მაინც აკეთებს, გამგებისთვის დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნით ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.
- ამერიკული ინტერნეტგამოცემა World Politics Review-ი სტატიაში "დასავლეთმა საქართველო დაკარგა?", ნათქვამია - "მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში დასავლეთმა საქართველო ვერ დაიცვა, საქართველოს მოსახლეობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს, თუმცა არსებობს იმის ნიშანი, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ შეიძლება მოთმინება დაკარგოს". თქვენი აზრით, რაზე აკეთებს მინიშნებას სტატიის ავტორი?
- სამწუხაროდ, ჩვენში ძალიან ბევრია ხალხი, ვინც აშკარად საბჭოთა პროდუქტია. ადამიანთა ამ კატეგორიას ქართული სახელმწიფოებრიობა მაინც და მაინც არ აწუხებს. ამ ტიპის ადამიანებს საქართველოზე კარგი სადღეგრძელოს თქმა კი შეუძლიათ, მაგრამ რეალურად, მზად არიან კრემლის ხელმძღვანელებს ხელი ჩამოართვან. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის სამშობლოს ცნება არ არსებობს, მათთვის მთავარია ძველი დროის დაბრუნება და რუსეთთან ურთიერთობის ძველებურად აღდგენა. ისინი ამბობენ: ხომ ხედავთ, დასავლეთს არ ვუნდივართ, - თითქოს ჩვენი საქმისთვის დასავლეთმა უნდა იბრძოლოს და ჩვენი საქმე აკეთოს, - ისევ რუსეთს უნდა შევეკედლოთ და ასე შემდეგ. რუსეთს მონატრებული, არაფრის გამკეთებელი თაობა რომ წავა, საქართველო უფრო თავისუფალი იქნება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი თაობის უმრავლესობა დამუტანტებულია.
- იგივე გამოცემა მიიჩნევს, რომ `ნოღაიდელის ფლირტი რუსეთთან, ბრიუსელისა და ვაშინგტონის თბილისთან შეწყვეტილ ურთიერთობებზე მიუთითებს და ეს საქართველოს რუსეთისაკენ შებრუნების მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს~. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ამერიკული ინტერნეტგამოცემის შეფასება?
- ეს სტატიის ავტორის აზრია, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს და რისი უფლებაც აქვს. შესაძლოა, ჩვენთანაც ბევრი ფიქრობს, რომ ასეა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალი თაობისთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გამოიბრძმედა, რუსეთთან ასეთი ფლირტი მიუღებელია.
- რა აზრის ხართ თბილისსა და მოსკოვს შორის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებაზე? რამდენად პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს მოსკოვთან თუნდაც ნოღაიდელის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყება?
- ქვეყნისთვის სარგებელი ნოლის ტოლი იქნება, საქართველოს სახელმწიფოს ამგვარი მოლაპარაკებები არაფერს მოუტანს, რაც შეეხება თავად ნოღაიდელს, შესაძლოა, მისთვის ამგვარი მოლაპარაკებები სასარგებლო აღმოჩდეს.
ნოღაიდელისთვის ახლა მთავარია პოლიტიკური წონა მოიკრიბოს და ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძალა გახდეს. თავის სასარგებლოდ და პირადი პოლიტიკური ინტერესის გამო იგი საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ამას სახელმწიფოს ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
ბუნებრივია, რუსეთი და საქართველო ოდესმე ილაპარაკებენ, მაინც მეზობლები ვართ და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ურთიერთობები უნდა დალაგდეს, მაგრამ როდესაც ქვეყანა ომში ან დაპირისპირებაშია, მან მთავრობის სახელით ერთი პოზიციით უნდა ილაპარაკოს, ეს საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე პირველ კურსზე ისწავლება, ეს საერთაშორისო ურთიერთობების ანბანია. თუ ხელისუფლებას სჭირდება, მას შეუძლია ასეთი ხალხი კულუარულ მოლაპარაკებებზე გააგზავნოს, მაგრამ როდესაც ოფიციალურ მტერთან მიდიხარ, ეს ან სეპარატისტული გარიგების ან ღალატის ტოლფასია. ადრე ამგვარ საქმიანობას ღალატი ერქვა, ახლა დემოკრატიაა და ამბობენ - სირცხვილი მოღალატეებს, ადრე ამბობდნენ - სიკვდილი მოღალატეებს, - ესაა სხვაობა.
- სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა დარჩა ალასანიას განსხვავებული პოზიცია და მის მიერ ლავროვისთვის გამოთქმული საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკება. . .
- ალასანიამ სწორი პოზიცია დაიკავა. მისი პოზიცია ისეთია, როგორიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ნამდვილ პატრიოტ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. მეორე შემთხვევაზე, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, საუბარიც არც მინდა, ვინაიდან სამარცხვინო ფაქტთან გვაქვს საქმე.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
ეს კაცი ეგრეთ წოდებულ ''ექსპერტებში'' არ გადის ნამდვილად ჭკვიანი და პატრიოტი კაცია...
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125274.html This post has been edited by Iashka1979 on 13 Feb 2010, 12:57