http://itv.ge/?p=50362დავით ზურაბიშვილი: „ალასანია „გრეჩიხას“ ყავს „პლენში“
ჭადრაკის სასახლეში შეკრებილებმა ვერც ხვეწნა მუდარით და ვერც ცრემლებით მოულბეს „ალიანსში“ დარჩენილ სუბიექტებს გული. „ალიანსში“ დღითიდღე სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ოპოზიციის შეკრებამ ირაკლი ალასანია კიდევ უფრო დააშორა მათ გაერთიანებას.
პრესა.გე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერს დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
–ალასანია ფაქტიურად, არჩევანის ზღვარზეა, მაგრამ რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება, ეს მას უნდა ჰქკითხოთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვქონდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით ნოღაიდელთან პოლიტიკური ურთიერთობის და ეს ჩვენთვის ძალიან პრინციპული საკითხია. საერთოდ, ვფიქრობთ, რომ დროა ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა შეიქმნას, რომელიც ჯანსაღი ალტერნატიული ძალა იქნება ქვეყანაში, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ის თამაშის წესები, რომელიც აქამდე იყო დასრულდა და სერიოზული პოლიტიკა იწყება. ალასანია ჩვენ ამ იდეის განმხორციელებლად გვეგულებოდა.
როგორც ნოღაიდელი ამბობს, იგი არ აპირებს კანდიდატურის დაყენებას და მზადაა პოლიტიკურ სუბიექტებს პრაიმერის ორგანიზებაში დაეხმაროს. რატომ გახდა ეს თქვენთვის მიუღებელი?
–საიდან ეს დახმარება და საიდან ეს ფინანსები? ასე მარტივად არ დგას საქმე. როცა საუბარია ნოღაიდელთან პარტნიორული ურთიერთობების გაფორმებაზე, ეს პრაქტიკულად მიუღებელია ჩვენთვის. იმაზე საუბარი, რომ ნოღაიდელი ჩაჩოჩებულია უკან, თან მიიღებს მონაწილეობას, თან არა, ასე არ შეიძლება.
ბოლო დროს გააქტიურდა და ლაპარაკი იმაზე, რომ ლევან გაჩეჩილაძემ არია სიტუაცია. რეალურად, როდის ჩადგა იგი „ალიანსის“ სუბიექტებს შორის?
–ეს ფაქტორი სულ არსებობდა. მის ძმა გია გაჩეჩილაძესთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, რომ გაჩეჩილაძეები პრობლემაა ქართული ოპოზიციისთვის. ლევან გაჩეჩილაძემ სერიოზული როლი და გამაერთიანებელი ფუნქცია შესარულა 2007–08 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ იმის შემდეგ, ეს კაცი სერიოზულ მუხრუჭად იქცა. შექმნა გაურკვეველი პოლიტიკური გაერთიანება და თან იძახის, რომ პოლიტიკოსი არ ვარ და არაფერი არ მინდაო და თან ყველაფერი უნდა.
მისი მხრიდან კარგი და ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა, თუ იგი პირდაპირ გამოვდოდა და იტყოდა, რომ მხარს ვუჭერ ირაკლი ალასანიასო და თვითონ, როგორც რაღაც პოლიტიკური წარმონაქმნი მონაწილეობას არ მიიღებდა ამ პროცესში. ასე რომ მომხდარიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მან სხვა რამ არჩია.
რა არჩია და რა უნდა ლევან გაჩეჩილაძეს, მერობა, რომელსაც საპრეზიდენტო ტრამპლინად გამოიყენებს?
–გაჩეჩილაძეს უნდა მოექცეს პროცესებს კენწეროში.
თავის დროზე, ალასანიაზე „ალიანსმა“ ალბათ, იმის გამო გააკეთა არჩევანი, რომ იგი არ იყო პოლიტიკაში შემთხვევით მოსული ადამიანი. დამაჯერებლობა აკლია იმ ახსნა განმარტეებს, რაც თქვენი მხრიდან კეთდება. რეალურად რა მოხდა „ალიანსში“ და რატომ გადადგა ალალსანიამ ეს ნაბიჯი?
–ამას მან უნდა გასცეს პასუხი. ჭადრაკის სასახლეში შემდგარმა შეკრებამ საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ალასანიამ კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯი გადადგა „ალიანსიდან“ საბოლოოდ გასვლისკენ. მე ვფიქრობ, რომ ალასანია იმ ე.წ. ერთობაში ნამდვილად ჩაიკარგება. რეალურად, იქ არავითარი ერთობა არ არის, რადგან იქ არ არის, „რესპუბლიკელები“ და „მემერჯვენეები“, იქ არ არის „ეროვნული ფორუმი“, „ლეიბორისტული პარტია“.
იქნებ ალასანიას საერთოდ პოლიტიკიდან უნდა გასვლა და ჩათვალა, რომ ამ გზით უფრო გადაირჩენდა იმიჯს?
–ვერ გეტყვით. ჩვენი ხედვა ის იყო, რომ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი ხედვები, როგორ უნდა აშენდეს ქვეყანაში ევროპული ტიპის სახელმწიფო, როგორ განვითარდეთ და არა რაღაც მუხტის ძიებით. მუხტი თავისით მოვა. მე არ მგონია, რომ ნოღაიდელთან პარტნიორობა, რომელიც ოპოზიციის რაღაც შემკვრელად გვევლინება, ეს იყოს სწორი გზა.
ნოღაიდელს რა უნდა, რის მიღწევას ცდილობს?
–ნოღაიდელის მოქმედებაში ლოგიკა არის, მას სურს აითვისოს პრორუსული ფლანგი. მისი პარტიის და პირადად მისი რეიტინგი იყო ძალიან მწირი და ახლა ცდილობს გაძლიერებას.
და ამაში ხელს ირაკლი ალასანია უწყობს?
–აქ ნოღაიდელის ფაქტორი არ იყო. ალასანია უმცროსი გაჩეჩილაძის ტერმინით რომ ვთქვათ, „პლენში“ ყავს „გრეჩიხას“. როგორც ჩანს, ალასანიამ გადაწყვიტა, რომ გაჩეჩილაძეების გარეშე ის ვერ ხდება რეიტინგული კანდიდატი.
ალასანია ისეთი მიამიტია, რომ ვინმეს „პლენი“ გახდეს?
–მიამიტია თუ არა, სხვანაირად აბა როგორ ავხსნათ მისი საქციელი? ადამიანმა გადაწყვიტა, რომ პრაიმერისტების გარეშე ის ვერ შეძლებს შედეგის მიღწევას.
ამ სიტუაციაში, ამ პარტიებთან ერთად, სოციოლოგიურ გამოკითხვებს თუ დათანხმდებით?
–ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ პრაიმერის წინააღმდეგი ვიყავით, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ნოღაიდელი იყოს სრულიად გამოთიშული ამ პროცესებიდან და არავითარ მონაწილეობას არ უნდა ღებულობდეს ამ პროცესში. თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება, ჩვენც სხვა სიბრტყეში გადავალთ.
„ალიანსს“ მერობის ახალ კანდიდატზე ხომ არ დაუწყია ფიქრი?
–ჯერჯერობით, ამ საკითხზე არავითარი საუბარი არ არის.
იქედან გამომდინარე, რასაც ახლა ვუყურებთ, როგორ ფიქრობთ საით მიდის პროცესები?
–ეს ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ.
ალასანიასთან პრაიმერისტებთან წასვლის შემდეგ არ გქონიათ კონტაქტი?
–მე არ მქონია.
This post has been edited by rivennar on 26 Feb 2010, 11:09
YOU EITHER GET TIRED FIGHTING FOR PEACE, OR YOU DIE... JOHN LENNON