jangula
Fაქები ოპტამ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10209
წევრი No.: 48520
რეგისტრ.: 4-December 07
|
#18281756 · 3 Mar 2010, 14:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოპოზიციის საიდუმლო გეგმა ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები არ გამოუცვლია და ოპოზიციის რეალური გაერთიანებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალასანია უახლოეს დღეებში გაახმოვანებს. "მთელი კვირის" ინფორმაციით კი, საუბარი მიდის იმ სქემაზე, რომ ალასანია ოფიციალურად უარს იტყვის ნოღაიდელთან პარტნიორობაზე და მას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად ყოველგვარი გამოკითხვების და პრაიმერის გარეშე დაასახელებენ. ამასთან, მას მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს.
ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე დიდ ინტერესს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები იწვევს და ეს არც არის გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს საუბარი ოპოზიციის ერთიანობას შეეხება და გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიციის რეალურ ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ისიც ცხადია, რომ ალასანიამ წინა კვირას გადაწყვეტილებები, რომელიც პრაიმერის მომხრე პარტიებთან ერთიანობას გულისხმობს, სწორედ ამ მიზნით მიიღო. რა თქმა უნდა, აქ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. ერთი მხრივ ის, რომ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას საერთო კანდიდატის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ მას თბილისში ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც მხარს მხოლოდ იმას დაუჭერენ, ვისი მომხრეც ირაკლი ალასანია იქნება.
პოლიტიკური კულტურის დონის თვალსაზრისით, ამ პოზიციას, შესაძლოა, არც ისეთი მაღალი შეფასება ჰქონდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს არსებული რეალობა ასეთია და პოლიტიკოსებს რეალობაზე მორგება უწევთ. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად გაჩეჩილაძის როლს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ალასანიასთვის ეს დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე იმ ელექტორატის განწყობის გათვალისწინებაც, რომელიც დღეს ნოღაიდელის პოლიტიკას ამართლებს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ელექტორატი არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. ეს პოზიცია კი გარკვეულწილად ნოღაიდელთან "კონსერვატორების" ალიანსმაც განაპირობა. მოსახლეობის ამ კატეგორიაში მხოლოდ ე.წ. პრორუსული ორიენტაციის მოსახლეობა არ მოიაზრება. ის კიდევ სხვა საკითხია, კონსერვატორებმა ნოღაიდელთან რა საერთო პოლიტიკური ხედვები აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში მთავარი ელექტორატის პოზიციაა.
ალასანიას გადაწყვეტილებას მიზნად, შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანება ჰქონდა, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ თავად გადაინაცვლა ოპოზიციის ერთი ჯგუფიდან მეორეში. ოპოზიცია კი ისევ ისე დარჩა გაყოფილი. არსებობს იმის ეჭვიც, რომ მას მხარდაჭერას სხვა პოლიტიკური ძალებიც ჰპირდებოდნენ, იგივე "ფორუმის" და სალომე ზურაბიშვილის სახით, მაგრამ საბოლოოდ მათ საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ ისინი თავად ალასანიას მხარს უჭერენ. რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მისი მისაღებია, რომელ ძალებთან ურჩევნია ყოფნა.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს ინფორმაცია თავად "ალიანსის" შიგნით არსებულ განხეთქილებაზე. ამას კი "ახლების" და "რესპუბლიკელების" გადაჭარბებულ ამბიციებს უკავშირებენ. თითქოს ისინი ალასანიას გადაწყვეტილების მიღების უფლებას საკუთარი პრატიის დონეზეც არ აძლევდნენ. იგივე ცაგარეიშვილისა და გუნცაძის პარტიაში მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ "ახლები" და "რესპუბლიკელები" ალასანიას თბილისის მაჟორიტარებად მხოლოდ საკუთარი კანდიდატების დასახელებას სთხოვდნენ.
მაგრამ ამ ინფორმაციას "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ ასეთი ხმები ოპოზიციის მტრების მიერ შეგნებულად ვრცელდება.
"ეს, რაც მითხარით, სიმართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება. ჯერ ერთი, ალასანიას საბოლოო გადაწყვეტილებას, დამიჯერეთ, რომ ჯერ არავინ არ იცნობთ და გაიცნობთ ძალიან მალე. მე მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და ამას თავად იტყვის უახლოეს დღეებში. რაც შეეხება დაპირისპირებას, "ალიანსში" არანაირი დაპირისპირება არ არის. ერთმანეთს შორის კამათი პარტიის შიგნითაც გვაქვს და, ბუნებრივია, ალიანსურ რეჟიმშიც ვკამათობთ რაღაცებზე, მაგრამ ეს არ არის დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება "ალიანსის" დაპირისპირება მოჰყვეს. თემა არის ერთობისკენ სვლისა საერთო, მაგრამ ამ სვლასთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობები, რომელიც ჩვენთვის არის უაღრესად პრინციპული და ირაკლი ფიქრობს, რომ ეს წინააღმდეგობები რაღაცნაირად შეიძლება შემოვლითი გზით იქნეს დაძლეული. ძალიან მალე დაინახავთ, რამდენად მოხერხდა შემოვლითი გზით სვლა", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
როგორც ჩანს, ალასანია ისეთი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელიც დღეს არსებულ პოლიტიკურ განლაგებას კიდევ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ამაზე თავად კაციტაძე მიანიშნებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ალასანიას არჩევანი, ამის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არანაირი განცხადება და განმარტება არ კეთდება, მათ შორის, არც ალასანიას პარტიაში.
"მთელი კვირის" ინფორმაციით კი, მოვლენები დაახლოებით ამ სქემით განვითარდება, - ალასანია ნოღაიდელს გაემიჯნება, მას კი მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს, რაც ოპოზიციიდან ფართო სპექტრს მისცემს იმის საშუალებას, რომ ალასანიასთან მისასვლელი საშუალება ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მაინც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "კონსერვატორები" და კობა დავითაშვილი ნოღაიდელთან ოფიციალურად პრაიმერის იდეით არიან გაერთიანებულნი და, თუკი პრაიმერის იდეა საბოლოოდ უარყოფილი იქნება, წესით, მათი ერთიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.
თბილისში პრაიმერის იდეა რომ შეიცვლება, ამის შესახებ განცხადებას თავად პრაიმერის მომხრეები აკეთებენ. პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები დღეს გააკეთებენ განცხადებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი წესის შესახებ. რაც შეეხება კანდიდატებს რეგიონებში, მათი შერჩევის წესები პრაიმერის დებულებაში უცვლელი დარჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ შაბათ ღამით ერთმანეთს "ალიანსის" ლიდერები შეხვდნენ და, როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, ირაკლი ალასანიამ, დავით უსუფაშვილმა და სოზარ სუბარმა მომავალი თანამშრომლობის გზები განიხილეს.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ მართლაც შედგეს ოპოზიციური ერთობა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელთანაც შესაძლებელია რეალური ერთობის მიღწევა.
"რაც შეეხება კონსულტაციის შედეგს, მასზე საუბრისგან თავს შევიკავებ, კონკრეტულ შედეგს საზოგადოება მალე გაიგებს", - აღნიშნა სუბარმა.
ირაკლი ალსანიამ კი ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენებსა და თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელეს. "თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ნოღაიდელის გუნდს საერთო არაფერი აქვს. გვქონდა კონსულტაციები მხოლოდ ერთ საკითხზე, რომელიც საერთო კანდიდატს შეეხება და გადაწყვეტილებას მალე ვაცნობებთ საზოგადოებას", - აღნიშნა ალასანიამ. როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთიანობისთვის მთავარი პირობა ნოღაიდელთან ურთიერთობაზე უარის თქმაა. "პირდაპირ ვთქვათ, ოპოზიციის ნაწილს ნოღაიდელი იმდენად ეძვირფასება, რომ არ აპირებენ მასთან შეკრული ურთიერთობის დაშორებას და კითხვის ნიშანი აქ ჩნდება. ამაზე მაქვს საუბარი და ის რიტორიკა, ის ხომ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, არ არის არგუმენტი. ის არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ აფინანსებს მათ ღონისძიებებს. მაგალითად, ჭადრაკის სასახლის ღონისძიებას და მე როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ იგი არ არის მთავარი. ცნობილი გამოთქმაა, ვინც იხდის ფულს, მუსიკას ის უკვეთავსო. დამთავრებული ამბავია", - აცხადებს კაციტაძე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ პრაიმერზე უარის თქმა საკმარისი არ იქნება ოპოზიციის სრული ერთიანობისთვის.
"თქვენ გგონიათ, რომ ეს ჯგუფი პრაიმერის იდეამ შეკრა? პრაიმერი არის უბრალოდ ფორმა, თორემ მათი ურთიერთდაინტერესების საფუძველი უფრო სხვა და უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე პრაიმერის მეთოდიკა. პრაიმერის იდეა ჩავარდება, მაგრამ ეს კაშირი დარჩება ურყევ კავშირად და ამაში დავრწმუნდებით", - ამბობს კაციტაძე.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ალასანიას ნოღაიდელთან გამიჯვნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწევს და, სხვათა შორის, ასეთი განცხადება შაბათის შეხვედრაზე დაფიქსირდა კიდეც.
ამის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ლევან გაჩეჩილაძე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ალასანიას მხარდაჭერის შესახებ, რაც საფუძველი გახდება მისი მომხრეებისთვის თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, რომ ოპოზიციის ერთიანობას შუერთდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამის საჭიროებაზე უკვე ღიად კეთდება განცხადებები.
"გაჩეჩილაძის განცხადება, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი ალასანიას და მეც დავუჭერო, მახსენებს "დათა თუთაშხიადან" ფრაგმენტს, როდესაც რაჟა სარჩიმელიას მიერ დატყვევებული ქალები ამბობენ, იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო. ნუ ჩადგება ლევან გაჩეჩილაძე ამ რიგში, საჯაროდ დაუჭიროს ალასანიას მხარი და ამით პრობლემა იხსნება. იმიტომ, რომ იმის მერე ვინმე სხვა დასახელებული კანდიდატებიდან დაუჭერს თუ არა დაუჭერს მხარს ალასანიას, ეს აღარ არის არსებითი. ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა. ამით ალასანია იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი ძალიან მარტივად", - აცხადებს "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.
რაც შეეხება იმას, ამ სქემაზე კონსულტაციები დაწყებულია თუ არა, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ "ირაკლი ალასანია "ალიანსიდან" გასული არ არის და ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემა, დაუჭიროს ლევან გაჩეჩილაძემ მას მხარი და ირაკლი ალასანია იქნება ოპოზიციის პრაქტიკულად ეოთიანი კანდიდატი. რაც შეეხება "ალიანსის" ლიდერს, ალასანიას დაუჭერს თუ არა გაჩეჩილაძე მხარს, მე მგონია, რომ იგი უნდა იყოს ლიდერი და დანარჩენს უნდა გაემიჯნოს. მაგრამ ირაკლის ამ გადაწყვეტილების დროულად მიღებაში მიეხმარებოდა ლევან გაჩეჩილაძის მარტივი დასტური, რომ იგი მხარს უჭერს ალასანიას. ამით გაჩეჩილაძე დაარწმუნებდა ქართულ საზოგადოებას, რომ მას რაიმე სხვა დაფარული ინტერესები არა აქვს. ეს გადაწყვეტილება მისთვის უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმა".
რაც შეეხება სხვა პარტიებს, როგორც მამუკა კაციტაძე აცხადებს, მათთვის კარები ღიაა და გადაწყვეტილება მათი მისაღები იქნება. დავით ბერძენიშვილის თქმით კი, "ახლა მთავარი არის გაჩეჩილაძის პოზიცია და გადაწყვეტილების დროული მიღება და როცა მათ არავითარი შანსი აღარ ექნებათ, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან, საკრებულოში მოიპოვონ ადგილები და თავს დაანებებენ ირაკლი ალასანიასთან ვაჭრობას".
რუსიკო მაჩაიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|