ახალმა საბრალდებო აქტმა სინათლე მოჰფინა კორუფციულ შეთქმულებას
http://foreignpress.ge/?p=11906#more-11906ქრისტოფერ მეთიუ
პარასკევს (5 მარტი) ფედერალურმა პროკურორებმა საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის (FCPA) დარღვევის ფარგლებში იმ გახმაურებული საქმის უფრო მოცულობითი ხედვა წარმოადგინეს, სადაც თავდაცვითი მომარაგების სფეროს 22 ჩინოვნიკს ქრთამის აღების მცდელობაში ედებათ ბრალი
განახლებულ საბრალდებო დოკუმენტში, რომელიც ბრალდებულის, დენიელ ალვირეზის წინააღმდეგ აშშ-ს საოლქო სასამართლოში, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) შეიტანეს, შეერთებულმა შტატებმა ის მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, ქრთამის აღებაში 22 ბრალდებულის საქმეს ერთმანეთს უკავშირებს.
დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი ბრალდებები – საქართველოში 2008 წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირებისათვის ქრთამის გადაცემის სქემის შესახებ, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა სადაო ტერიტორიების გამო რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა.
ალვირეზმა, რომელიც თავდაცვითი და სამართალდამცველი სტრუქტურების მიმწოდებელი კომპანიის ALS Technologies-სთვის მუშაობდა, მისი ადვოკატის მაიკ ვოლკოვის თქმით, თავი დამნაშავედ სცნო. ამ აღიარებისა და სასამართლო გარიგების ფარგლებში ის ხელისუფლებასთან უფრო დიდი საქმის წარმოების პროცესში ითანამშრომლებს – განაცხადა ვოლკოვმა.
განახლებული ბრალდება
განახლებულ დოკუმენტში მოყვანილია ახალი დეტალები შესაძლო მექრთამეობის იმ ფაქტზე, რომელიც უცნობი აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის აღჭურვისათვის განკუთვნილ $15 მილიონიან გარიგებას უკავშირდება. როგორც Main Justice-მა გაარკვია, ეს ქვეყანა გაბონია.
აშშ ამტკიცებს, რომ ალვირეზი და მისი თანამშრომელი, ბრალდებული ლი ალენ ტოლესონი, მთავრობის იმ წარმომადგენელთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რომელიც აფრიკულ ქვეყანასთან გარიგების დადების პროცესში შუამავლის როლს ასრულებდა. საინფორმაციო გამოშვებებსა და სასამართლო მოსმენების დროს ეს წარმომადგენელი იდენტიფიცირებული იყო როგორც რიჩარდ ბისტრონგი, ფლორიდის საერთაშორისო გაყიდვების კომპანია Armor Holdings-ის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი (დღეს Armor Holdings-ი BAE Systems-ის შვილობილი კომპანიაა).
ალვირეზი ბისტრონგთან თანამშრომლობდა, რომელიც საბრალდებო დოკუმენტში „#1 პირად მოიხსენიება“, რათა დადგენილიყო აფრიკული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთვის $15 მილიონი ღირებულების საქონლის გადაცემის პროცესში მონაწილე სხვა კომპანიები და პირები. ამ გარიგებიდან 20%, დაახლოებით $3 მილიონი „საკომისიოს“ სახით უნდა გადახდილიყო და ის ქრთამის სახით უნდა გადაეცათ – აცხადებს ბრალდების მხარე.
$3 მილიონიდან ნახევარი, ქრთამის სახით თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა გადაეხადათ, ხოლო დანარჩენი ნახევარი „#1 პირს“ და უცნობი აფრიკული ქვეყნის აგენტს უნდა გაეყოთ, რომელიც რეალურად FBI-ის ფარული აგენტი გახლდათ – ნათქვამია ბრალდებაში.
შემდგომში „#1 პირი“ დაეთანხმა ალვირეზს, რომ ქრთამის ნაწილს მასაც გადაუხდიდა, ხოლო ალვირეზი თავის მხრივ დასთანხმდა ამ თანხის ნაწილი თავისი თანამშრომლისთვის ტოლესონისთვის გაეყო – ნათქვამია დოკუმენტში. დანარჩენი 22 ბრალდებული საქმეში აფრიკულ ქვეყანასთან $15 მილიონიანი გარიგების მიმწოდებლად მოიხსენიება.
ალვირეზის კომპანიას ცრემლმდენი აირის ჭურვებით და გამშვებებით მომარაგება ევალებოდა – ნათქვამია ბრალდებაში.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებათა შორისაა ასევე სატელეფონო საუბრები ალვირეზსა და ბისტრონგს შორის, სადაც ისინი გარიგებასა და საკომისიოზე მსჯელობდნენ. ასევე 2009 წლის 13 მაისს ალვირეზი და ტოლესონი გარიგებაზე სასაუბროდ მაიამიში ფეშენებელურ სასტუმრო Mandarin Oriental-ში ბისტრონგს და FBI-ის საიდუმლო აგენტს შეხვდნენ – ნათქვმია ბრალდებაში. მაიამის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბრალდებულები ჯონ გრეგორი გოდსი, მარკ ფრედერიკ მორალესი და ჯონათან სპილერი – ამტკიცებს ბრალდების მხარე.
და როგორც Main Justice ცოტახნის წინ იუწყებოდა, FBI-მ ჩაიწერა შეხვედრა რესტორან Clyde’-ში, ვაშინგტონის ცენტრში, სადაც ალვირეზი, ტოლესონი და 15 სხვა ბრალდებული ბრალდების მხარის თქმით, გარიგებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. Main Justice-მა გაარკვია, რომ საღამოს ბრალდებულები ბისტრონგის სადღეგრძელოს სვამდნენ.
ქართული ბრალდებები
ბრალდებაში ცალკეა მოყვანილი ახალი ცნობები, რომელშიც ნათქვამია, რომ ალვირეზის კომპანიასთან დაკავშირებული გაყიდვების აგენტი (მისი ვინაობა არ სახელდება) ისრაელიდან 2008 წლის თებერვალში მას საქართველოს მთავრობისთვის 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის (M855) მიყიდვის თაობაზე დაუკავშირდა. ალვირეზმა იცოდა, რომ გაყიდვების აგენტი ისრაელიდან ქრთამს უხდიდა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებს საქართველოში, რათა მათ ხელი შეეწყოთ კონტრაქტის გაფორმებისთვის – ამბობს სახელმწიფო ბრალდება.
გაყიდვების აგენტმა ისრაელიდან უცნობი კომპანიისგან, რომელთანაც გარიგება ჰქონდა, დაახლოებით $3.9 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალა შეისყიდა. შემდეგ აგენტმა ისრაელიდან საქართველოს მთავრობას საბრძოლო მასალა $4.7 მილიონად მიჰყიდა და ალვირეზს კონტრაქტის ხელშეწობისთვის $112 000 საკომისიოს სახით გადაუხადა – ნათქვამია ბრალდებაში.
2008 წლის ივლისში, გაყიდვების აგენტმა, გაყიდვების მეორე დაუდგენელ „კორუმპირებულ“ მაიამელ აგენტთან ერთად იმ კომპანიიდან, რომელთანაც გარიგება ჰქონდა, საქართველოს 7.2 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის პარტია მიჰყიდა – ნათქვამია ბრალდებაში. ალვირეზმა სავარაუდოდ ამ შეთანხმებაში მონაწილოებისთვის $57 600 მიიღო.
2008 წლის აგვისტოში სადაო ტერიტორიის, სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ დაძაბულობა გამწვავდა და შეირაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ეს კონფლიქტი საერთაშორისო კრიზისის მიზეზი გახდა. შეერთებული შტატები, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძველი მოკავშირე, დაძაბულობის განმუხტვას უშედეგოდ შეეცადა.
რუსეთმა დაბომბა საქართველოს შავი ზღვის პორტი ფოთი და საქართველოს ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას მძიმე ზიანი მიაყენა. ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ხომალდები მობილიზებულ იქნა იმისთვის, რასაც დასავლური სამხედრო ალიანსი ჰუმანიტარულ დახმარებას უწოდებდა. რუსებმა ეს განმარტება არ მიიღეს. ბრძოლა რამდენიმე დღეში დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ-ოსეთი და კიდევ ერთი სადაო ტერიტორია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა.
გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, ისრაელი საქართველო კონფლიქტის მსვლელობისას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა.
2008 წლის ოქტომბერში გაყიდვების აგენტი, რომლის სახელიც უცნობია ალვირეზს უკავშირდება, რომ ეს უკანასკნელი მას საქართველოსთვის საკვების (MRE) მიყიდვაში დაეხმაროს – ნათქვამია ბრალდებაში. ალვირეზმა გარიგებისთვის გაყიდვების უცნობი აგენტისგან $15 000 მიიღო, იმავდროულად ალვირეზმა იცოდა, რომ აგენტმა MRE-ს კონტრაქტის მოპოვებისთვის „კორუფციული ფული“ გაიღო – ნათქვამია დოკუმენტში.
უფრო დიდი საქმე
ალვირეზს და ტოლენსს FCPA-ს დარღვევის გამო თავდაპირველად ბრალი 11 დეკემბერს დახურულ დოკუმენტში წაუყენეს. ცალკე დოკუმენტებით დანარჩენ ეჭვმიტანილებს აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან, ბრალი იმავე დღეს წაუყენეს. პირველი ბრალდება იანვარში, ლას ვეგასში 22 ეჭვმიტანილიდან 21-ის დრამატული ალყისა და დაკავების შემდეგ გახდა საჯარო.
ეჭვმიტანილები ლას ვეგასში გაბონის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად ემზადებოდნენ. წაყენებული ბრალდების თანახმად და იმ პირის ცნობით, ვინც კარგად იცნობს საქმეს, ამ შეხვედრაზე იმ გაბერილი ფასებიდან, რომლითაც გარიგების „მეორე ფაზაზე“ გაბონს საქონელი მიყიდეს, თითოეულის წილი 60%-ს შეადგენდა.
პირველი საბრალდებო დოკუმენტების გახსნის შემდეგ, თითოეული ცალკე საქმედ განიხილებოდა, რადგან ბრალდებულებს შორის გარიგების არსებობაზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდგომში 3 თებერვლის სასამართლო მოსმენებზე ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში, იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, ბრალდებულები ერთი დიდი გარიგების მონაწილეები არიან. ეს ფაქტი, დაცვის მხარისა და მოსამართლე რიჩარდ ლეონიდისთვის, რომელსაც სასამართლო პროცესი მიჰყავდა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
დაცვის მხარემ ეჭვი შეიტანა იმაში, თუ რამდენად ფლობს ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებებს მასობრივი შეთქმულების დასასაბუთებლად. Main Justice-მა გაარკვია, რომ საკვანძო მტკიცებულებას ვაშინგტონურ რესტორან Clyde-ში შეხვედრისას გაკეთებული ფარული ჩანაწერი წარმოადგენს. ამ შეხვედრას ბისტრონგი და ყველა სხვა ბრალდებული ესწრებოდა.
ალვირეზის ადვოკატმა ვოლკოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით ბრალდებასთან შეთანხმებაზე სხვა ბრალდებულებიც წავლენ, რომ მთავრობა აფართოვებს გამოძიებას და შესაძლოა მან სხვა თავდაცვით-საწარმოო კომპანიებსაც მიაკვლიოს.
„მთავრობა განაგრძობს გამოძიებას – ეს ნამდვილად ასეა“ – უთხრა ვოლკოვმა Main Justice-ს. იგი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუკი გამოძიება, რომელიც სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ გარიგებებსაც შეისწავლის (დაწყებულს ლათინური ამერიკიდან და დამთავრებულს ახლო-აღმოსავლეთით) ბრალდებას სხვა პირებსაც წაუყენებს.
წერილში, ვოლკოვი საკუთარ კლიენტს იცავდა და მას საერთაშორისო გარიგებებში შედარებით გამოუცდელ ადამიანად წარმოაჩენდა. იგი ამბობს, რომ ALS Technologies-მა ბისტრონგი კონსულტანტად დაიტოვა და მანამდე „ALS მსგავს პრაქტიკაში ჩართული არ ყოფილა“.
ბრალდების მხარე ალვირეზის მიერ გარიგებებით მიღებული ყველა თანხის კონფისკაციას მოითხოვს.
ბრალდება იხ. აქ
http://www.mainjustice.com/wp-content/uplo..._indictment.pdf