gabisonia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6620
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05
|
#19374320 · 2 May 2010, 19:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kavkasiologi
| QUOTE | | უნდა ითქვას, რომ ჩეჩნებთან და ჩრდილოკავკასიელებთან დაკავშირებით საქართველოშიÕ ყოველთვის არასწორი შთაბეჭდილება იყო შექმნილი. კონფედერაციის ჯარებში ჩეჩნები ყველაზე მეტნი არ ყოფილან, სულ 500 კაცმა მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში და 48 კაცი დაეღუპათ. ბევრად მეტი ყაბარდოელი, ადიღელი, ან ჩერქეზი დაიღუპა. ისეთ პატარა რესპუბლიკაში, როგორიც ადიღეა, ყოველ მესამე ოჯახში იყო ან დაღუპული ან დახეიბრებული. უბრალოდ, ჩეჩნები ყოველთვის კარგად ორგანიზებული და კარგად მეომარი ძალა იყო, ამიტომ ჩანდნენ. გარდა ამისა, ჩვენ საინფორმაციო სივრცეში ვერ მოიკიდა ფეხი იმან, რომ იქაური ჩეჩნები ჩვენს მხარესაც იბრძოდნენ |
მისმინე გაააქ ინფორმაცია რამდენი ყაბარდოელი ჩერქეზი და ადიღე დაიღუპა? შეგიძლია მომიძიო? ისე მადლობა კარგი ინფოა/
რასაკვირველია. მას ჰქონდა პირდაპირი კონტაქტები სპეცსამსახურებში კონკრეტულ პირებთან. მაგალითად, სპეცსამსახურების აგენტი ზურიკო ჩიქოვანი (მამით ქართველი, დედით აფხაზი) დიდი ხნის განმავლობაში იყო მასთან და გარკვეულ ინსტრუქციებს აძლევდა. ბასაევმა შემდგომში მას თავი მოჰკვეთა და გააგზავნა რუსეთში...
>>აუუუ რა ქართველს უქნა ეგ მაგ ღორმა? * * *
ვინ იყო შამილ ბასაევი
გაზიარება 2009-12-11 11:29:27
1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მალე ჩრდილოეთ კავკასიას ტერაქტების მთელი სერია მოედო. ასე გაჩნდა ტერმინი "ჩეჩნური ტერორიზმი".
ტერორისტები თუ რუსული პროვოკაცია?
პირველი ტერორისტული ჯგუფები პოლიტიკისგან შორს იდგნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ავტობუსებს, მატარებლებს და დაუნდობლად ძარცვავდნენ მგზავრებს. თავდამსხმელები არ აყენებდნენ არავითარ პოლიტიკურ მოთხოვნებს.
– ფული სასურველია უცხოურ ვალუტაში, ძვირფასეულობა! აბა, ჩქარა, ჩქარა!
შემდეგ დაიწყო თავდასხმები აფთიაქებზე.
– აბა ნარკოტიკები! სწრაფად!
ბევრი ჟურნალისტი უკვე მაშინ გამოთქვამდა ეჭვს, რომ ტერორისტების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. მიზანი ნათელი იყო: უნდა მომხდარიყო ჩეჩნური ეროვნული მოძრაობის, მთელი ჩეჩენი ერის დისკრედიტაცია. მართლაც, მოსკოვურ პრესაში ინტენსიურად ქვეყნდებოდა სტატიები "ჩეჩენი ბანდიტების" შესახებ.
– აი, რა დამღუპველი შედეგი მოიტანა რუსული გავლენის შემცირებამ ჩრდილოეთ კავკასიაზე, – ნათქვამია "მოსკოვსკიე ნოვოსტის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ ერთ–ერთ სტატიაში.
დასავლეთზე ამან არ იქონია ზემოქმედება, მაშინ ტერორისტებმა მოიტაცეს რამდენიმე გერმანელი ჟურნალისტი, შემდეგ ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლები. ჯოხარ დუდაევის ძალისხმევით, მათი განთავისუფლება მოხერხდა, მაგრამ რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალით მუშაობდა:
– ჩეჩნეთის ხელისუფლებაში ბანდიტები მოვიდნენ! ჩეჩნური ტერორიზმი კრიმინალური ხასიათისაა! წესრიგის დასამყარებლად აუცილებელია რუსული არმიის შეყვანა!
ასეც მოხდა და ჰოი, საკვირველებავ! რუსის ჯარის დამქაშებად მოგვევლინენ სწორედ ამ ტერაქტების ორგანიზატორები: ლაბაზანოვი და ავტურხანოვი. ვერსია, რომ ტერაქტების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, გამართლდა, მაგრამ გვიანი იყო, ომი მთელი ძალით მძვინვარებდა.
ვინ იყო შამილ ბასაევი
ბასაევის პერსონა მსოფლიომ ბუდიონოვსკის ცნობილი ტერაქტის შემდეგ გაიცნო. საქართველოში შამილს უფრო ადრე იცნობდნენ. ის ხომ აქტიურად იბრძოდა აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ, იმდენად აქტიურად, რომ ვლადისლავ არძინბამ აფხაზეთის გმირის წოდება მიანიჭა.
ბასაევის საუკეთესო პორტრეტი დაგვიხატა ცნობილმა უკრაინელმა მოღვაწემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ანატოლი ლუპინოსმა:
– არასოდეს შემხვედრია ასეთი წინააღმდეგობით სავსე პიროვნება. შამილი დიდებული მეომარია, რომელიც არნახულად მამაცია, ყველა სახის იარაღს ვირტუოზულად ფლობს. მას შეუძლია იყოს დიდსულოვანი და ერთი წუთის შემდეგ სისასტიკეც ჩაიდინოს. შამილი ბრწყინვალე ორგანიზატორია. მას, როგორც ყველა ლიდერს, აქვს ამბიციები, მაგრამ არასოდეს გადადის ზღვარს. ამის გამო მას არასოდეს გადაუდგამს ანტიეროვნული ნაბიჯები, პირიქით, გადამწყვეტ მომენტში მუდამ დათმობაზე მიდიოდა. ამავე დროს, ბასაევს არ გააჩნია არც ანალიზის უნარი და არც პოლიტიკური ხედვა. ეს აისახა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რამაც დიდი ზიანი მოუტანა მასაც და მთელ ჩეჩენ ერსაც.
შამილ ბასაევი დაიბადა ვედენოს რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში, შემდეგ განაგრძო სწავლა მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტში. აქ ბასაევმა ვერაფრით გამოიჩინა თავი და აკადემიური ჩამორჩენილობის გამო გარიცხეს. მიუხედავად ამისა, მოსკოვში დარჩა და ბიზნესში ჩაება. ბასაევს აქაც ხელი მოეცარა. გამდიდრების ნაცვლად, ის ვალებში ჩაეფლო. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამ დროს გახდა ის სპეცსამსახურების აგენტი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს იყო სუკი, მეორენი – გრუ.
ბასაევს შედარებით გაუმართლა სპორტში. ფეხბურთში ბასაევმა პირველ თანრიგს მიაღწია (თამაშობდა გროზნოს "ტერეკში"). ჩეჩნეთში ეროვნულ მოძრაობაშიაქტიურად ჩაება. მოსკოვის პრესის ფურცლებზე ბასაევი პირველად 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს მოხვდა. ის თეთრი სახლის დამცველთა რიგებში იდგა და გკჩპ–ს დაუპირისპირდა.
– გკჩპ–ს გამარჯვება ჩეჩნებისთვის კატასტროფაა, – განაცხადა ბასაევმა "ნეზავისიმაია გაზეტასთან" ინტერვიუში.
– რა სურს ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას?
– მაგას ვერ გეტყვით. სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ, თუ რა მსურს მე! ჩემი ცხოვრების მიზანი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მიღწევაა!
– ჩეჩნეთში ბევრი ოპონენტი გყავთ?
– საკმაოდ.
აქ ბასაევი არ ცრუობდა. გკჩპ–მდე ჩეჩნეთში დამოუკიდებლობის მომხრე ცოტა იყო. პუტჩის ჩახშობის შემდეგ აზვირთდა ეროვნული ტალღა. სწორედ ამ ნიადაგზე მოვიდა ხელისუფლებაში გენერალი ჯოხარ დუდაევი.
ბასაევმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა. ის ბევრ რამეში აკრიტიკებდა დუდაევს, თუმცა არასოდეს მიდიოდა აშკარა კონფრონტაციაზე.
ბასაევს კვლავ ჰქონდა ლიდერის (როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური) ამბიციები. მის გარშემო დაირაზმა ახალგაზრდების ჯგუფი. ამ ხალხისგან შეიძლებოდა ბრძოლისუნარიანი შენაერთის შექმნა. საამისოდ აუცილებელი იყო ფული და იარაღი. მისი მოცემა კი მხოლოდ სპეცსამსახურებსა და მაფიას შეეძლო. ჩეჩნური მაფიის ბოსები ერიდებოდნენ დუდაევის წყენინებას და არცთუ ხალისით მიდიოდნენ ბასაევთან თანამშრომლობაზე. მაშინ შამილი გავიდა გავლენიან ჩერქეზულ დაჯგუფებებთან კავშირზე. მისმა მებრძოლებმა გაიარეს მომზადება ერთ–ერთ რუსულ ბაზაზე. ბასაევი ჩაჯდა რუსული სპეცსამსახურების სქემაში. ეს მას სჭირდებოდა, რათა საზღვარგარეთულ კონტაქტებზე გასულიყო. რუსებს საკუთარი ინტერესები ჰქონდათ. როგორც ჩანს, მათ რაღაც მომენტში აწყობდათ ჩეჩნური მოძრაობის კავშირი ისლამისტებთან. მალე ბასაევის ემისრები ჩნდებიან ავღანეთში, სადაც კავშირს ამყარებენ ყველაზე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. მათი მეშვეობით გადიან კონტაქტებზე ისლამისტებთან უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. ბასაევის ბიჭები მონაწილეობენ ტაჯიკეთის ომში, ტერაქტებში უზბეკეთის ტერიტორიაზე. შედეგად, რუსული გავლენა შენარჩუნდა როგორც ტაჯიკეთზე, ისე უზბეკეთზეც.
რუსებთან თამაშში ბასაევმა ბევრი რამ ვერ გათვალა და თავისი ქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შუა აზიაში. ამის გამო დუდაევმა მას კრიტიკის მთელი კორიანტელი დააყენა. ბასაევზე ეს არ მოქმედებდა, მალე შამილის მეომრები გამოჩნდნენ აზერბაიჯანში. თავად ბასაევიც ერთხანს მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ მისი მეომრები მხარს უჭერენ მეამბოხე სურეტ ჰუსეინოვს. ამ ამბოხის შედეგად დაამხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი. ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა:
– ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.
ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა:
– ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს!
დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.
რუსეთ–ჩეჩნეთის ომის დაწყებისთანავე ბასაევი მტკიცედ დადგა სამშობლოს დასაცავად. რუსების წინადადება, გაესწორებინა ანგარიში დუდაევთან, მან კატეგორიულად უარყო. მეტიც, რუსების ბაზაზე გაწვრთნილმა შამილმა და მისმა მეომრებმა მთელი მიღებული სამხედრო გამოცდილება რუსების საწინააღმდეგოდ შემოატრიალეს. ბასაევი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბუდიონოვსკის ცნობილ ოპერაციას, მის მიერაა ორგანიზებული ტერაქტები მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ბუდიონოვსკის შემდეგ ბასაევზე, როგორც პარტიზანთა წინამძღოლზე, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ყველა ხაზს უსვამდა იმას, რომ ამ კაცმა დაივიწყა პირადი მტრობა დუდაევთან და, როდესაც ომი დაიწყო, მის გვერდით დადგა. ბასაევის კარიერის ზენიტია ოპერაცია "ჯიხადი", რის შედეგადაც მოხერხდა გროზნოდან რუსების განდევნა.
ბასაევი, ბერეზოვსკი და ვაჰაბიტები
პირველი ჩეჩნური ომის შემდეგ, ბასაევი ეროვნული გმირად გადაიქცა. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ აირჩიეს პრეზიდენტად. ეს პოსტი ასლან მასხადოვმა დაიკავა. ბასაევს ეკავა მაღალი თანამდებობები მთავრობაში, თუმცა კვლავინდებურად საველე მეთაურად დარჩა, რომელსაც დამოუკიდებლად ეჭირა თავი.
ამ დროს რუსები იწყებენ ახალ თამაშს ბასაევთან. როგორც ჩანს, მათ კარგად შეისწავლეს მისი პიროვნება, ის, რომ შამილს არ გააჩნია ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაგრამ ავანტიურებისადმი მიდრეკილება ახასიათებს. ერთი მხრივ, რუსები ხელს უწყობენ მის კავშირს ავადსახსენებელ ალ–ქაიდასთან და ვაჰაბიტურ ცენტრებთან, მეორე მხრივ, ბასაევთან კონტაქტზე გადის ბორის ბერეზოვსკი. მას იმხანად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
ბასაევის დახმარებით ვაჰაბიტებმა ფართოდ გაშალეს ფრთები ჩეჩნეთში. შამილი უშუალოდ დაეხმარა ვაჰაბიტთა წარმომადგენელ ჰატაბს გაეხსნა სასწავლო ცენტრი. ჰატაბი იორდანიელი ჩეჩენი გახლდათ, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთის ომში, აგრეთვე, საომარ მოქმედებებში ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. ჰატაბი პროფესიონალი ტერორისტი იყო, ამიტომაც ბასაევი მისი მეშვეობით გავლენიან ისლამურ წრეებზე გასვლას აპირებდა. რუსი მსტოვრები, რომლებიც მრავლად იყვნენ შამილის გარშემო, გულმოდგინედ აქეზებდნენ მას. ასეთი გახლდათ მოსკოვის დირექტივა. ჩეჩნეთში ვაჰაბიტების შემოსვლით ხომ ორი კურდღელი კვდებოდა: ერთი მხრივ, ხდებოდა ჩეჩენი ერის გახლეჩა, მეორეც, დასავლეთი, რომელიც პირველი ომის შემდეგ სიმპათიით განეწყო ჩეჩნებისადმი, ახლა აღარ ფარავდა იმედგაცრუებას. ისეთ ანტიდასავლურ ძალებთან კავშირი, როგორიც ვაჰაბიტები ან ალ–ქაიდაა, ხომ ჩეჩნეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავდა. პრეზიდენტი მასხადოვიც ცდილობდა დაერწმუნებინა ამაში ბასაევი, მაგრამ ამაოდ. მასხადოვს ერთი სული ჰქონდა, დაეპატიმრებინა ბასაევი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ჩეჩნეთის პრეზიდენტს საამისო ძალები არ გააჩნდა.
სამაგიეროდ, ბასაევთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ბორის ბერეზოვსკის. ეს უკანასკნელი გულმოდგინედ აქეზებდა მას ახალი ლაშქრობისკენ:
– მასხადოვი კარგავს ავტორიტეტს. პატარა წარმატებული ომი და თქვენ ჩეჩნეთის პრეზიდენტი იქნებით.
– რას ეძახით პატარა წარმატებულ ომს?
– თუნდაც პანკისის ხეობის ჩეჩნეთთან შეერთებას.
– ეს გამორიცხულია! მივქარე, რომ აფხაზეთში ქართველების სისხლი დავღვარე. ამას აღარ გავიმეორებ.
ამ საუბრის შესახებ ბასაევმა ანატოლი ლუპინოსს უამბო, რომელიც ხშირად ჩადიოდა ჩეჩნეთში. შემდეგ დადგა დაღესტნის თემა. ამ რესპუბლიკაში ვაჰაბიტები მკვეთრად გააქტიურდნენ. ბერეზოვსკმაც განუცხადა ბასაევს:
– როგორც რუსეთის წარმომადგენელი, ოფიციალურად გიცხადებთ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუ დაღესტნის რიგი რაიონი ჩეჩნეთს შეუერთდება.
– სანაცვლოდ რას მოითხოვთ?
– იმას, რომ დამოუკიდებელმა ჩეჩნეთმა გააფორმოს ხელშეკრულება რუსეთთან!
ბასაევი ჩაფიქრდა.
– მოვიფიქრებ.
გარემოცვამ ის დაარწმუნა, რომ ბორის ბერეზოვსკის არსებულ ვითარებაში მართლაც აწყობდა ჩეჩნების მხარდაჭერა. რუსეთში პოსტელცინური ეპოქა იწყებოდა. ეს ძალების ახალ გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული.
– რუსეთში ეს შფოთის გარეშე ვერ მოხერხდება. ბერეზოვსკის თავისი გათვლები აქვს, ჩვენ – ჩვენი. შექმნილ ვითარებაში რეალურია დაღესტანზე წარმატებული ლაშქრობა.
ბასაევი ამას წამოეგო. ის კარგი მეომარი და პატრიოტი, მაგრამ ცუდი ანალიტიკოსი გახლდათ.
ბერეზოვსკიმ პირადად დააფინანსა დაღესტნის ლაშქრობა. ეს კი ხაფანგი გამოდგა. რუსებმა განაახლეს საომარი მოქმედებები და ჩეჩნეთში სისხლის ტბა დააყენეს. ბასაევი ამჯერადაც გააფთრებით იბრძოდა. სწორედ მისი ორგანიზებულია ჩეჩნეთის მარიონეტული მთავრობის მეთაურის, ახმად კადიროვის ლიკვიდაცია. კადიროვის ადგილი მისმა ვაჟმა რამზანმა დაიკავა. თავად ბასაევი ბოლოს რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა. ბრძოლამ შეიწირა ფაქტიურად მთელი მისი ოჯახიც. რუსების ხელით დაიღუპა პრეზიდენტი ასლან მასხადოვიც, რომელიც ამაოდ ემუდარებოდა ბასაევს, არ გაელაშქრა დაღესტანზე.
ეპილოგი
შამილ ბასაევი თანამედროვე ჩეჩენ ტერორისტთა შორის ყველაზე კოლორიტული ფიგურაა. მას ბევრად ჩამორჩება სალმან რადუევი, რომელმაც მხოლოდ სულელური ავანტიურებით გამოიჩინა თავი.
პუტინის მიერ გატარებული ზომების შედეგად ჩეჩნეთში ტერორიზმი მინელდა, თუმცა მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ჩეჩნური პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია.
ნიკა თევზაძე * * *
კავკასიის ემირატი 23 10, 2009 07:06 შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font image
მოსკოვში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის - ჰილარი კლინტონის ოფიციალური ვიზიტის დროს რუსეთის მიერ გახმაურებული განცხადება, რომ ჩრდილო კავკასიაში მომრავლებული ტერაქტების უკან “ალ-ქაიდა” დგას, ხოლო მას ამაში საქართველოს ხელისუფლება ეხმარება - წინა კვირის მთავარი სენსაცია იყო. ამერიკელებისთვის ამაზე უფრო საშინელი მესიჯი წარმოუდგენელია! ამიტომ შევეცადოთ, გავერკვეთ, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ჩრდილოეთით.
ორიოდე სიტყვით შევეხები ისტორიას: როგორც ცნობილია, რუსეთმა ჩრდილო კავკასიის ათვისება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. XIX საუკუნის შუაგულში მთიელები იმამ შამილის მეთაურობით აჯანყდნენ და ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდნენ განმათავისუფლებელ ომს. რუსების მიერ მათი წინააღმდეგობის გატეხა მხოლოდ ქართველების დახმარებით გახდა შესაძლებელი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის გაუქმებასა და ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ჩრდილო კავკასიაში სრული ქაოსი მოჰყვა. მთიელი ტომები, ძირითადად, რუსებსა და გერმანელ კოლონისტებს ძარცვავდნენ. 1919 წლის დასაწყისში იქ გენერალ დენიკინის “მოხალისეთა თეთრი არმია” შევიდა, როგორც თვითონ ამბობდნენ, “ზურგში წესრიგის დასამყარებლად”. დენიკინის პროპაგანდა მთიელებს ორ ჯგუფად ყოფდა: “ერთნი, მშრომელი ხალხებია (კუმიკები, ოსები, ყაბარდოელები და ლეკები), ხოლო მეორენი, თავიანთი ველური ინსტინქტების გამო, - ბანდიტური ცხოვრების მოყვარულები”. ადვილი მისახვედრია, თუ ვის გულისხმობდნენ ამ მეორე ჯგუფში.
“თეთრებმა” მთიელების წინააღმდეგ ტერორს მიმართეს, თუმცა, ამავე დროს, სრულ თვითმმართველობას სთავაზობდნენ. მარტში დენიკინმა ჩეჩნებს არმიაში სამსახური შესთავაზა და შეიქმნა ჩეჩნების დივიზია. მაგრამ ამან უკუშედეგი გამოიღო - ჩეჩნები უკვე სხვა მთიელებს დაუპირისპირდნენ.
1919 წლის მაისში კავკასიის ემირმა უზუნ-ხაჯიმ დენიკინის არმიას “ჰაზავათი”, ანუ წმინდა ომი გამოუცხადა და დაღესტანსა და ჩეჩნეთშიც დაიწყო ახალი აჯანყება. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ამ ომის მხარდამჭერებად მოგვევლინენ ახლად შექმნილი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი და საქართველო. აზერბაიჯანი მთიელებს იარაღს აწვდიდა, ხოლო საქართველო, რომელსაც იარაღის დეფიციტი ჰქონდა, ძირითადად, ფულს აძლევდა. აი, რას წერდა ნოე ჟორდანია: “ჩვენ თვითონ გვიჭირდა, მაგრამ მთიელებს უარს არ ვეუბნებოდით. რატომ? ამას მოითხოვდა ჩვენი ჩრდილო საზღვრების დაცვა. მთიელთა ძლიერი დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ეს იქნებოდა მოსკოვს დაპირისპირებული ციხესიმაგრე. მის არსებობაში ყველა ჩვენ ვიყავით დაინტერესებული”.
აგვისტოში თეთრები უკვე მხოლოდ რკინიგზას თუ აკონტროლებდნენ და მალე ბოლშევიკებმა ისინი გააძევეს, ხოლო კავკასიაში რაღაც ფედერაციის მსგავსი შექმნეს, რომელმაც დიდხანს არ იარსება – ამოქმედდა მზაკვრული გეგმა ძველ იმპერიულ სტილში და შეიქმნა ორი დაპირისპირებული ეთნოსუბიექტის ავტონომიები, რომლებიც ნელი მოქმედების ნაღმებია. მაგალითად, ყაბარდოელები და ჩერქეზები ერთი ტომის ხალხია, მაგრამ სხვადასხვა ავტონომიებში მოხვდნენ, ხოლო მათთან ერთად მათ ავტონომიებში განამწესეს თურქულენოვანი ხალხები – ბალყარები და ყარაჩაელები. დაღესტანი კი საერთოდ სრულიად განსხვავებული, როგორც კავკასიური, ისე მონღოლური წარმომავლობის ეთნოსების კრებულია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილო კავკასიაში პირველმა დამოუკიდებლობა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიამ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ჩეჩნების დამოუკიდებლობას ღიად უჭერდა მხარს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ისიც ცნობილია, რომ მთიელთა კონფედერაციამ თავის დედაქალაქად სოხუმი გამოაცხადა, ხოლო აფხაზეთის ომში სისასტიკით გამოირჩეოდა ჩეჩნების “აფხაზური ბატალიონი”, რომელსაც მეთაურობდა ჩეჩნების ყველაზე განთქმული საველე მეთაური შამილ ბასაევი. შემდგომში მას სეპარატისტებმა “აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის” სტატუსი მისცეს. ომის დამთავრების შემდეგ ჩეჩენი ბოევიკები და აფხაზი სეპარატისტები წაიჩხუბნენ და მოგვიანებით შამილ ბასაევმა ბოდიშიც კი მოუხადა ქართველ ხალხს იმ საზარელი ქმედებების გამო, რომლებსაც მისი მეომრები სჩადიოდნენ აფხაზეთში ომის დროს. ხოლო დამოუკიდებელმა იჩქერიამ დიდხანს ვერ იარსება და თავის პირველ პრეზიდენტთან ერთად შეწყვიტა არსებობა, ბევრი ჩეჩენი მებრძოლი ტყეში გავიდა და პარტიზანული ბრძოლა დაიწყო, ანუ ტერაქტებზე გადავიდნენ.
1999 წელს მოსკოვში ჩატარებული ორი ტერაქტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო. ვინაიდან ეს სულ ახალახან იყო, მე მასზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ გავიხსენებ, რომ ჩეჩნების მონათესავე ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობა ჩეჩენი ბოევიკების მოსამზადებელი ბაზა გახდა. საქართველოს ხელისუფლება ამას დიდხანს უარყოფდა, ვიდრე რუსეთი დაბომბვით არ დაემუქრა. ვინაიდან იქ “ალ-ქაიდას” კვალი დაფიქსირდა, უკვე ამერიკული სპეცსამსახურები დაინტერესდნენ. სწორედ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაიწმინდა პანკისი ბოევიკებისაგან, თუმცა დღემდე ბურუსში გახვეული რჩება გილაევის ბოევიკების გადაყვანა კოდორის ხეობაში და “რუსთავი 2”-ის 9-საათიან “კურიერში” გაკეთებული ომახიანი განცხადება: “ჩეჩნებმა სოხუმი დაიკავეს”! სინამდვილეში ისინი უპრობლემოდ გადავიდნენ ჩრდილო კავკასიაში, სადაც მალე ჩუმად ამოხოცეს.
დღეს ჩეჩნეთს მართავს ავტოკრატიული მმართველი რამზან კადიროვი. მას უფრო მეტი ძალაუფლება და დამოუკიდებლობა აქვს, ვიდრე ჯოხარ დუდაევს ჰქონდა.
შარშან აგვისტოში ცხინვალზე შტურმს ხელმძღვანელობდა ჩეჩენი სულიმ იამადაევი და მისი ბატალიონი “ვოსტოკი”. რუსულმა პრესამ ის “გმირად” შერაცხა, მაგრამ სულ მალე კადიროვმა იამადაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო ბატალიონი დაშალა. სულიმის ძმა – სახელმწიფო დუმის დეპუტატი და “რუსეთის გმირი” რუსლან იამადაევი კი პირდაპირ მოსკოვის ცენტრში დახვრიტეს. იგივე ბედი ეწია ერთი წლით ადრე ჩეჩნეთში ფეესბეს ოპერჯგუფ “მთიელის” მეთაურს პოლკოვნიკ მოვლადი ბაისაროვს. დაფიქსირდა, რომ რამზან კადიროვი კონკურენტებს არ მოითმენს!
ანალოგიური სიტუაცია იქმნება მეზობელ დაღესტანშიც. მაგალითად, შარშან, წლის ბოლოს, ორი თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 59 შეიარაღებულ კონფლიქტს ფედერალურ არმიასა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის. ამ მხრივ დაღესტანმა უკვე გაუსწრო ჩეჩნებსა და ინგუშებს, ერთად აღებულთ.
დიდი ცვლილებებია ჩრდილო კავკასიაში, რაც ძალიან აშფოთებს არამარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთის იმ წრეებს, რომლებიც თავის დროზე ომში ჩეჩნებს უჭერდნენ მხარს. საქმე ისაა, რომ, თუ 90-იან წლებში ჩრდილო კავკასიის ეროვნულ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიული ლოზუნგებით გამოდიოდნენ და დასავლეთზე იყვნენ ორიენტირებულნი, ამჟამად კავკასიის ახალი ლიდერები ფუნდამენტალისტური, ანტიდასავლური ლოზუნგებით გამოდიან. ეს ძალები ამჟამად ფსონს დებენ საერთაშორისო ისლამურ ორგანიზაციებსა და მათ ლოზუნგებზე. ამასთანავე, თუ 90-ანი წლები ჩრდილო კავკასიაში აღინიშნებოდა ეთნიკური სეპარატიზმით, ახლა თანდათან ძლიერდება ერთობა ისლამის, კონკრეტულად კი, მისი განშტოების - ვაჰაბიზმის საფუძველზე.
თუ 90-იან წლებში რუსეთს ჩეჩნების წინააღმდეგ ერთ ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა, ამჟამად გამოიკვეთა უკვე წინააღმდეგობის სამი რეგიონი – ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი; დროდადრო კი აფეთქებები გაისმის ჩრდილო კავკასიის სხვა ავტონომიებშიც. ხოლო თუ უფროსი თაობის შემორჩენილი ბოევიკები ნაციონალისტები იყვნენ, ამჟამად ძირითადი მასა ახალგაზრდები არიან და ისინი, როგორც წესი, რელიგიურ ექსტრემისტებად გვევლინებიან.
დღეს ჩრდილო- კავკასიელი მებრძოლების მთავარი მოწოდებაა მთელი მთიელი ხალხების გაერთიანება და თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. “ჯერ იმამატი შევქმნათ, ხოლო მერე დავაზუსტოთ მისი საზღვრები”!
ეს არის მასხადოვის შემცვლელის, აბდულ-ხალიმ საიდულაევის სიტყვები, რომელიც, ასევე, “პროფესიონალური ავადმყოფობით” გარდაიცვალა, ანუ მოკლეს.
ისლამიზაციას სერიოზული სტიმული მისცა უკანასკნელი საერო ლიდერის - ასლან მასხადოვის მკვლელობამ. ბოლო პერიოდში ის უკვე ვეღარ აკონტროლებდა წინააღმდეგობის მოძრაობას და მხოლოდ სიმბოლურ ლიდერად რჩებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ სასულიერო ლიდერები. მაგალითად, მასხადოვის შემდეგ “პრეზიდენტად” გამოცხადდა საიდულაევი, რომელიც უფრო მორალური ავტორიტეტი იყო, ვიდრე პოლიტიკოსი. მისი მმართველობის მოკლე პერიოდში ის პირველად დაფიქსირდა როგორც “ემირი”, ხოლო “კავკასიის ემირატის” შექმნის იდეა თანდათან პოპულარული გახდა.
საიდულაევის მკვლელობის შემდეგ “იჩქერიის პრეზიდენტის” პოზიციას იკავებს დოკა უმაროვი, რომელიც შამილ ბასაევთან იყო დაახლოებული, მაგრამ ამ მოძრაობაში მოიკლო ჩეჩენ ბოევიკთა რაოდენობამ, ხოლო გაიზარდა სხვა კავკასიელების ხვედრითი წონა. ამას ორი მიზეზი უნდა ჰქონდეს - ჩეჩნები უკვე ორი ათეული წელია, რაც ბრძოლაში არიან; გარდა ამისა, ჩეჩნებში გავრცელებულია ისლამის ერთ-ერთი მიმართულება - სუფიზმი, მაშინ, როდესაც ემირატის მომხრეები ვაჰაბიტები არიან, ისლამის ეს ორი მიმართულება კი ურთიერთგამომრიცხავია.
“პოლიტიკური ისლამის” იდეოლოგი იასინ რასულოვი იყო, მაგრამ ის მოკლეს. დოკუ უმაროვი საველე მეთაური გახლდათ და არა იდეოლოგი, მაგრამ მალე გაერკვა ახალ რეალობაში და 2007 წლის დეკემბერში “იჩქერიის პრეზიდენტის” თანამდებობიდან გადადგა. მან თავი “კავკასიის მებრძოლთა ემირად და ჯიჰადის ლიდერად” გამოაცხადა. ემირატის შემადგენლობაში კი გამოცხადებულია: დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილო ოსეთი-ალანია, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ტერიტორიები.
დოკუ უმაროვი, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს ჭრილობებს თბილისში მკურნალობდა, ახლა იწოდება როგორც “ემირ აბუ-უსმანი”. იგი ამჟამად უკვე ეროვნებებზე აღარ ლაპარაკობს და მთლიანად ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მიმართავს. მისი მოადგილე და წინააღმდეგობის მთავარსარდალია ეროვნებით ინგუში ახმედ ევლოევი, მეტსახელად “მაგასი”. მაგრამ ჩრდილო კავკასიაში ყველაზე პოპულარული გმირი დღეს შეიხი საიდ ბურიატსკია, ცნობილი ჟურნალისტის - იულია ლატინინას სიტყვებით, “კავკასიელი ჩე გევარა”! ის ეროვნებით ბურიატია, მაგრამ ისლამი აღიარა (ბურიატები ბუდისტები არიან). ეს უნდა იყოს ახალი ტიპის ინტერნაციონალისტი-მუჯაჰედის პროტოტიპი.
ასეთ დროს მოულოდნელი სენსაცია იყო ისრაელის “მოსადის” მიერ იორდანიაში მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც “მუსლიმანი ძმების” საიდუმლო და ძალიან გავლენიანმა ორგანიზაციამ 2007 წელს კრემლთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც მათ ჩრდილო კავკასიაში ყოველგვარი ოპერაციის დაფინანსება შეწყვიტეს, რის სანაცვლოდაც რუსეთს პალესტინისთვის უნდა დაეჭირა მხარი! მაგრამ მაშინ ვინ აწვდიდა მთიელებს ფულსა და იარაღს ტერაქტებისათვის? ამ შემთხვევაში ყველას, უპირველესად, თავისთავად ამ საქმის დიდოსტატები, ანუ “ალ-ქაიდა” გაახსენდება!
დადგა დრო, ვიკითხოთ, თუ რას მოუტანს საქართველოს ფუნდამენტალისტური და თეოკრატიული “კავკასიის ემირატის” შექმნა. ადიღეები, ჩერქეზები და ყაბარდოელები აფხაზების უახლოესი მონათესავე ხალხები არიან, ანუ ცხადია, რომ ემირატი კავკასიის აქეთ მოინდომებს გადმოსვლას;
თუნდაც, გავიხსენოთ, 90-იანი წლების დასაწყისში “მთიელთა კონფედერაცია” თავის დედაქალაქად სოხუმს რომ მოიაზრებდა. ასევე, თუ ჩრდილო ოსეთი-ალანია ემირატში მოიაზრება, მაშინ, მათი მენტალიტეტით, რატომ არა - ე.წ. სამხრეთ ოსეთი? ასევე, გავიხსენოთ, რომ ათიოდე წლის წინათ ჩეჩნები ალაპარაკდნენ პანკისის ხეობაში “სამხრეთ ჩეჩნეთის” გამოცხადებაზე დედაქალაქით ახმეტაში (“ახმეტას” ისინი ჩეჩნურ სიტყვად მიიჩნევენ!). ასეთ სიტუაციაში საქართველოს ნარჩენები ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ფუნდამენტალისტური, არატოლერანტული ემირატით იქნება შემოხვეული და საბოლოო ჯამში – დამხრჩვალი.
ეხმარება თუ არა ემირატის მებრძოლებს ტერაქტებში საქართველოს ხელისუფლება? ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ გავიხსენოთ ნოე ჟორდანიას ზემოთ მოყვანილი სიტყვები. ხელისუფლებამ შეიძლება გვითხრას, რომ ემირატი - ეს შორეული მომავლის საქმეა, ახლა კი დღევანდელი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტიო. ეს კი იქნებოდა ყველაზე ახლომხედველური პოლიტიკა. გვინდა კი, ჩვენს მეზობლად ახალი ავღანეთი მივიღოთ?
ამასთან, თუ დოკუმენტურად დაფიქსირდებოდა “ალ-ქაიდასთან” საქართველოს ხელისუფლების კავშირი, საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა - ამერიკისა და რუსეთის ახალი პოლიტიკა ხომ ტერორიზმთან და, კონკრეტულად, “ალ-ქაიდასთან” ერთობლივი ბრძოლაა!
გამოდის, ჩიხში რომ გვეგონა ჩვენი თავი, სინამდვილეში მთელი სიჩქარით უფსკრულისკენ მივექანებით...
რამაზ კლიმიაშვილი
This post has been edited by gabisonia on 2 May 2010, 19:57
|