ეროვნულმა ბანკმა, ნუ გეშინიათო
სებ-ის ანალიზით უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალის მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნებათბილისი (GBC) - საგარეო ვალების მდგრადობის ანალიზით, რასაც ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აწარმოებენ, არსებული სამთავრობო ვალის მშპ-სთან შეფარდება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 30%-40%-ის ფარგლებში იმერყევებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს სივრცეში შემავალი სახელმწიფოების ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
"ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი საგარეო ვალი არის 2 000 აშშ დოლარამდე და არა 20 ათასი აშშ დოლარი, როგორც ეს რუსულ პრესაში გავრცელდა. სახელმწიფო ვალის 3,7 მლრდ. აშშ დოლარიდან (მთავრობა და ეროვნული ბანკი), 2,4 მლრდ. აშშ დოლარი არის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა) აღებული სახსრები. ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან (გერმანია, იაპონია) ნასესხები სახსრები ძირითადად არის IDA-ს პირობებით, არის კონცესიური და საპროცენტო ხარჯი არის 1%-ზე ნაკლები. ამდენად ქვეყანა ამ სახსრების სავალუტო რეზერვებში განთავსებიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე საპროცენტო ხარჯი",- აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8631,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი აერთიანებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორის (ბანკები, კომპანიები) მიერ აღებულ ვალსაც. საგარეო ვალის მაჩვენებლიდან სამთავრობო სექტორის ვალის ოდენობა 2738,4 მლნ. აშშ დოლარი იყო (მშპ-ს 25%), 913,7 მლნ. აშშ დოლარი (მშპ-ს 9%) - ეროვნული ბანკის, 1601,4 მლნ. აშშ დოლარი (მშპ-ს 15%) - საბანკო სექტორის, 1291,4 მლნ. აშშ დოლარი (მშპ-ს 12%) - სხვა სექტორებისა და 2087 მლნ. აშშ დოლარი (მშპ-ს 18%) - კომპანიათაშორისი ვალი.
"სამთავრობო სექტორის ვალების მომსახურების ხარჯი (პროცენტი) 2009 წელს იყო 100 მლნ. აშშ დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ია, ძირის გადახდის ჩათვლით კი მშპ-ს 3%. დღეს არსებულ საგარეო სექტორის ვალზე მომავალ წლებში საპროცენტო ხარჯები იქნება დაახლოებით მშპ-ს 1%, რაც თავისთავად არანაირ რისკს არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის", - მიაჩნიათ ეროვნულ ბანკში.