კახი კალაძე: ჩემს ბედნიერებას ერთი რამ აკლია, უფრო სწორად, ერთი ადამიანი[ლაშა იოსელიანი. გაზეთი ”ვერსია”]
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი კახი კალაძე დიდი ხანი არ არის, რაც დაოჯახდა. ქართველ მოდელ ანუკა არეშიძესთან ერთად, კახი ამჟამად, იტალიაში იმყოფება და “მილანთან” ერთად, ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. “ვერსია” კალაძეს მილანის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიშის წინ დაუკავშირდა:
კახი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში დაოჯახების შემდეგ?
- ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, მარტო აღარ ვარ და გვერდით ის ადამიანი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ასევე ვუყვარვარ. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ საკუთარი ოჯახი მაქვს, მალე შვილები შემეძინება და ოჯახის უფროსი ვიქნები. უყურადღებო არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რაც ანუკასთან ერთად ვარ. უწინდელისგან განსხვავებით, როცა ვარჯიშის მერე ბიჭები გასართობად მივიჩქაროდით, ახლა, ერთი სული მაქვს, გასახდელიდან პირდაპირ სახლში მივიდე.
ბინა ხომ არ გამოგიცვლია?
- არა, ისევ იმ სახლში ვცხოვრობ, რომელიც კლუბმა მომცა. ორი ადამიანისთვის სავსებით საკმარისია და ჯერ არც ვაპირებ სახლის შეცვლას.
თანაგუნდელებსა და მათ მეუღლეებს თუ გააცანი ანუკა?
- ვერა, ჯერ ვერ მოვახერხე, რაც მილანში ჩამოვედით, სულ შეკრებაზე ვარ გუნდთან ერთად, მეუღლეებთან კი არა, “მილანის” ფეხბურთელები მეორე კვირაა, საწვრთნელი ბაზის მიღმა ვერ ვახერხებთ შეკრებასა და თავშეყრას. როცა სეზონი დაიწყება, მაშინ, ალბათ, ერთხელ მაინც შევიკრიბებით, მეუღლეებთან ერთად და ანუკასაც გაიცნობენ.
ცხადია, ანუკას მოუწევს “მილანისა” და მეუღლის ქომაგობა. ფეხბურთში თუ ერკვევა?
- არა, ფეხბურთი ნამდვილად არ იცის.
არ აპირებ, ასწავლო?
- მასტერ-კლასებს ვერ ჩავუტარებ და ტაქტიკურ მეცადინეობებზე ვერ ვატარებ... (იცინის). ისე, თუ სისტემატურად ივლის ჩემს თამაშებზე, ცხადია, ფეხბურთშიც გაერკვევა. ჩემი თანაგუნდელების მეუღლეები ასწავლიან, რაც არ ეცოდინება, რასაც შემეკითხება, იმას მე აუვუხსნი.
გადაწყდა, რომ ქორწილი შემოდგომით გექნებათ საქართველოში?
- საქართველოში რომ მექნება ქორწილი, ეს კარგა ხნის გადაწყვეტილია, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვაკონკრეტებ. ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს უახლოეს საფეხბურთო კარიერაზე. როგორც კი პატარა “ფანჯარა” გაჩნდება “მილანის” კალენდარში, 3-4-დღიანი შესვენებაც რომ იყოს, მაშინვე ჩამოვალთ, სამტრედიაში დავიწერთ ჯვარს და ქორწილს თბილიში გადავიხდით.
კახი, რამდენიმე ქორწილის ან წვეულების გადახდა ხომ არ მოგიწევს? შენს ქორწილს ერთნაირი მოუთმენლობით ელიან შენი მილანელი, კიეველი და თბილისელი მეგობრები.
- არა, მაგის თავი და დრო მართლა არა მაქვს, რომ სამი ქორწილი სხვადასხვა ქალაქში გადავიხადო. ქართველი კაცი ვარ და ქართული ტრადიციისამებრ, ჩვეულებრივად, ერთხელ გადავიხდი ქორწილს და ეს თბილიში იქნება. ჩემი მილანელი და კიეველი მეგობრები კი თბილიში მეწვევიან.
თანაგუნდელებიდან ვის ეპატიჟები ქორწილში?
- ყველას, მაგრამ ვინ მოახერხებს ჩამოსვლას, ეს არ ვიცი წინასწარ. გამიხარდება, თუ მთელი “მილანი” იმხიარულებს ჩემს ქორწილში.
ჭორად გავრცელდა, კახი კალაძის მეჯვარე ანდრეი შევჩენკო იქნებაო.
- არა, ეგ ჯერ მართლა ჭორია. ჯერ მართლა არ მიფიქრია ამაზე. დასამალი არაფერი მაქვს, მეჯვარეები შერჩეული რომ მყავდეს, გეტყოდი.
შევჩენკო ამოვრიცხოთ სავარაუდო მეჯვარეთა სიიდან?
- არა, სიაში იყოს, არაფერია გამორიცხული. ისე, მეეჭვება, ანდრეი იყოს ჩემი მეჯვარე.
კახი, ბედნიერი კაცი ხარ?
- ძნელი სათქმელია. ფეხბურთში მივაღწიე ყველაფერს, რისი მიღწევაც მსურდა. მსოფლიო დონის ვარსკვლავად ვითვლები. თუმცა ამის ხაზგასმა დიდად არ მიყვარს. საკუთარი ბიზნესიც მაქვს და საკმაოდ სოლიდურიც. ჩემს ბედნიერებას ერთი რამ აკლია, უფრო სწორად, ერთი ადამიანი. ალბათ, ხვდებით, ვინც...
ლევანი, რა თქმა უნდა...
- რასაკვირველია... ლევანი ჩემი მოუშუშებელი იარაა, ჩემი და ჩემი ოჯახისა. ჩემი ძმის სიკვდილი ცხოვრების ბოლომდე გამყვება უდიდეს ტკივილად. რა სასიკეთო და სასიხარულოც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ისეთი არაფერი იქნება, ძმა რომ შემიცვალოს. რაც უფრო ბედნიერი ვარ, მით უფრო მიმძაფრდება ლევანის არყოფნით გამოწვეული ტკივილი, ის გრძნობა, რომ ლევანი ვერ იზიარებს ჩემს ბედნიერებას. მასაც ხომ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ არ დააცადეს.
ღმერთმა დროულად მოგცეთ შვილი - ბიჭი გირჩევნია თუ გოგო?
- ღმერთი რასაც მომცემს, ის იქნება უდიდდესი საჩუქარი ჩემთვის. ანუკაც ამას ფიქრობს. შვილი შვილია - რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭი იქნება თუ გოგო. ნაღდად არ ვფიქრობ იმას, რომ ბიჭი მირჩევნია იმიტომ, რომ ფეხბურთელი ვარ და ჩემმა შვილმაც აუცილებლად უნდა ითამაშოს ფეხბურთი. რა აუცილებელია, ყველა ფეხბურთელი იყოს?
მითუმეტეს, დღეს გოგოებიც თამაშობენ ფეხბურთს.
- შენ ეგა თქვი...(იცინის).
თბილისში რომ დაბრუნდებით, ცალკე იცხოვრებთ თუ შენი მშობლების ბინაში - საირმის გორაზე?
- არა, ცალკე ვიცხოვრებთ. ალბათ, არ შემეკითხები, რომელ უბანში დავსახლდებით და სახლს ვინ ამიშენებს. ლამის, მთელ ქალაქს ვაშენებთ ელიას მთაზე და სახლსაც სწორედ იქ ავიშენებ. ტყუილად კი არ ვამბობდი, ელიას მთაზე უპრესტიჟულესი დასახლება გაჩნდება-მეთქი. ზუსტად როდის ავიშენებ ელიაზე სახლს, არ ვიცი, მაგრამ რაც მალე იქნება, უკეთესი. ჩემივე სამშენებლო კომპანია “კალასი” ააშენებს ჩემს სახლს. მაგრამ როგორს, მოდი, ამაზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, ეს საკითხი ანუკასთანაც შესათანხმებელია.და ა.შ., და ა.შ......
http://presa.ge/index.php?text=news&i=3221 This post has been edited by აფხაზეთი on 8 Apr 2010, 03:30