მამისონზე გამახსენდა ეს.
მამისონზეცაა.
გიორგი თავდგირიძე - “საქართველოს შეუძლია მიაყენოს სამხედრო თვალსაზრისით მცირე, მაგრამ მორალურად რუსეთზე ძალიან დიდი ზემოქმედების მქონე დარტყმები”http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/134482.html“არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მეზობელი სახელმწიფო უაპელაციოდ იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს (მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზს ასახელებს) და ამით ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს. აღარაფერს ვამბობ ქვეყნის ავტორიტეტის შელახვაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლება იმყოფება ღრმა კრიზისში და ვერ პოულობს გზას სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. მეორე მხრივ, პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ამაზე აქცენტს აკეთებს და ხელისუფლების კრიტიკით გამოდის, უნდა შემოგვთავაზოს პრობლემის მოგვარების გზები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ერთია ვიღაცის შეცდომის დანახვა და ქმედების გაკრიტიკება, მეორეა, მზად იყო, დაიკავო მისი ადგილი და მოსვლის შემთხვევაში მოახერხო პრობლემაზე რეაგირება. ანუ რეაგირება არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი აპელაცია, მიმართვა და დაფიქსირება, თუ როგორ გჩაგრავს მეზობელი სახელმწიფო. დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ასეთს ვერ ვხედავ”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეთს საქართველოს ოკუპაციის თავი არ აქვს / მამისონის დაბრუნება ომის გარეშეც შესაძლებელია.
“სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს უკავია ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთის სივრცე. თუ რუსეთი დააპირებს სამხედრო აგრესიის გაფართოებას, ეს, რა თქმა უნდა, მოსახერხებელი პლაცდარმია. ამ კონტექსში რუსეთს მომგებიანი პოზიცია უკავია, მაგრამ როგორც კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ოდნავ გაძლიერდება ან თუ ამ ტერიტორიის დასაცავად საქართველო ინიციატივას თავის ხელში აიღებს, ეს პოზიციები რუსეთისთვის საკმაოდ წამგებიანი და მოუხერხებელი აღმოჩნდება. ამიტომ რუსეთს ოკუპაციის რაიონების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება სჭირდება. თავდაცვითი ბრძოლების შემთხვევაში, მამისონი არის შვერილი და საქართველომ შეიძლება ნებისმიერი მიმართულება აარჩიოს დასარტყმელად. ხოლო რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით იძულებული იქნება დაიცვას მთელი პერიმეტრი - მას არ ექნება წარმოდგენა, რომელი მიმართულებიდან დაარტყამენ ქართული შეიარაღებული ძალები. ამიტომ ის დაძაბული იქნება მთელ ფრონტზე. ამ პოზიციის სისუსტე კიდევ ისაა, რომ მომარაგება ანუ სამხედრო კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როკის გვირაბით ვიწრო ფრონტზე - რუსეთი მთლიანად მიბმული იქნება კომუნიკაციის მხოლოდ ერთ საშუალებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.
“თუ ასეთ ანალიზს განვაგრძობთ, რუსეთს არ აქვს ფინანსური საშუალებები საქართველოს სრული ოკუპაციისთვის და სამხედრო თვალსაზრისითაც საკმაოდ ავანტიურისტული იქნება, მთლიანად რომ გააკონტროლოს, მთლიანად რომ მოახდინოს საქართველოს ოკუპირება. რუსეთს სჭირდება ეს ტერიტორიები როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გააძლიეროს მისი თავდაცვისუნარიანობა ამ რეგიონში. ამის გამო რუსეთს სჭირდება რაც შეიძლება ფართო ფრონტი კავკასიის სამხრეთით და რაც შეიძლება მეტი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა არ იყოს მხოლოდ როკის გვირაბზე მიბმული. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს ლარსი და რამენაირად ექნეს საშუალება, რომ მოახდინოს მთლიანად საქართველოს სამხედრო გზის დაკავება, თუ ეს თავდაცვისთვის დასჭირდება. აქედან გამომდინარე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თრუსოს ხეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
“ასევე მას სჭირდება აღკვეთოს საქართველოს დარტყმა ცხინვალის რეგიონზე რაჭის მიმართულებიდან. შესაბამისად, აქ კომუნიკაციის კარგი საშუალებები უნდა ჰქონდეს (ავტონომიური) ფრონტის ამ მონაკვეთზე და ამის გამო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამისონის უღელტეხილი, როგორც ასეთი, და მისი მიმდებარე ტერიტორია, როგორც ანკლავი, სადაც შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ძალების კონცენტრირება. ამ ძალებით შექმნილი მუქარა საქართველოს არ მისცემს საშუალებას განახორციელოს დარტყმა, ვთქვათ, ჯავა-ცხინვალის ან ჯავა-როკის მიმართულებით. ამ კონტექსში გასაგები ხდება რუსეთის მოქმედება და მის მიერ განხორციელებული საქართველოს მცოცავი ანექსია. ერთი მხრივ, მას არ სურს, ამით სამხედრო დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს, რადგან ის ამისთვის მზად არ არის. მეორე საკითხია - საქართველო რამდენადაა მზად. მაგრამ, წესით, მთავარია საკუთარი მზაობა - ის ფაქტი, რამდენადაა მზად მოწინააღმდეგე, უმნიშვნელოა - ნებისმიერი ქვეყანა თავისი არმიის მზაობას გარე ფაქტორებს არ აბამს. აქედან გამომდინარე, რუსეთი, თავის ნორმატიული აქტებისა და თეორიების გათვალისწინებით, მაინც უნდა ემზადოს”, - მიიჩნევს გიორგი თავდგირიძე.
“მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, თითქოს ეს ნატო-სთან დაპირისპირების გამო ხდება და ფრონტის ხაზი გადის ნატო-სთან კავკასიონზე. ეს ძალიან აბსურდულია, რადგან რუსეთი მზად არ არის ნატო-სთან რამე სამხედრო კონფრონტაციისთვის და მამისონის ნატო-სთან სამხედრო კონფრონტაციის ჭრილში განხილვა ცოტა კომიკურია. აქ მთავარია, რომ რუსეთს სურს ეს ორი ტერიტორია შეინარჩუნოს, როგორც საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი, ასევე, თავისთავად ნატოს-თან და კონკრეტულად აშშ-თან სავაჭროდ. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ჩვენ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი ამ კონტექსტში განვიხილოთ”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.
“რუსეთი, რადგან თავისი ჩადენილი დანაშაულებისა და მტრობის გამო საქართველოს მეგობარი ვერასოდეს იქნება, ავი ძაღლის პრინციპით მოქმედებს. ჩვენ დღეს რუსეთი არ გვჭირდება... ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა იმ ხელშეკრულების გასაუქმებლად, რაც დადებულია რუსეთთან სამხედრო ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით - ანუ ლავროვმა განაცხადა, რომ ის არ შეასრულებს ვალდებულებებს. ამ ვითარებაში საქართველოს შეუძლია აწარმოოს საკმაოდ წარმატებული ომი, იმიტომ, რომ მას აქვს მძლავრი ბერკეტები. ტერიტორიები მხოლოდ ტვირთად იქცევა რუსეთისთვის, თუ ის ამ ტერიტორიებს საქართველოზე ზეწოლისთვის ვერ გამოიყენებს. მამისონიც, ლარსიც, ცხინვალიც რუსეთისთვის თავის მნიშვნელობას დაკარგავს და მხოლოდ ფინანსურ ტვირთად გადაიქცევა - ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგამს”, - აღნიშნავს ექსპერტი.
“ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, თუ ის პრინციპულ პოზიციას გაატარებს რუსეთთან, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდება. ამიტომ ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვავოს და ყველაფერი დაუთმოს, საკუთარ მოსახლეობას კი არ ესაუბრება და მხოლოდ პიარს სთავაზობს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დღეს დაიწყოს და მაქსიმუმ ორი წელიწადი სჭირდება, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ფეხზე დადგეს. ქართული არმია 2008 წლის აგვისტოს დონეზე თუ ავა, რუსეთი ვერ მოახერხებს, არ ჩაიფიქრებს და არ დაიწყებს სამხედრო აგრესიის გაფართოებას. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. რუსეთს დღეს ძალა არ აქვს, რომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს. თუ მას საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი არ ექნება, საქართველოს შეუძლია მიაყენოს სამხედრო თვალსაზრისით მცირე დარტყმები, მაგრამ მორალურად რუსეთზე ძალიან დიდი ზემოქმედების მქონე. იგივე მამისონზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მოახდინოს საქართველოს ლეგიტიმური უფლების დემონსტრირება და იქ განალაგოს შეიარაღებული ძალები”, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და შეკითხვას - “დღეს ამის გაკეთება შეიძლება?” - პასუხობს:
“დღესაც შეიძლება, მაგრამ ამას ნება სჭირდება. ამას სჭირდება, თავდაცვის მინისტრად არ იყოს ბაჩო ახალაია, გენშტაბის უფროსად - დევი ჭანკვეტაძე. ამას სჭირდება ჯანსაღი ძალები არმიაში. როცა შეიარაღებული ძალები პოლიტიზებული არ იქნება და ხელისუფლების ყველა დავალებას შეასრულებს, მამისონის დაცვა შესაძლებელია. შეიარაღებულ ძალებში არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ფული ენდომებათ - საქართველოში ძალიან დიდია პატრიოტთა მასა. მამისონის დაცვას ერთი ბატალიონი თავისუფლად ეყოფა. ამ შემთხვევაში რუსეთი აგრესორად უნდა მოგვევლინოს. ეს ახალი ომის პროვოცირება, რა თქმა უნდა, არ იქნება. რუსეთს არ აქვს ძალა, აწარმოოს ომი საქართველოს წინააღმდეგ. თუ ჩვენი მთავარსარდალი კვლავ გაიქცევა, ჯარს მოქმედებას აუკრძალავს და ყველაფერს დავთმობთ, ამაზე არ ვსაუბრობ. ყველა ნაბიჯი უნდა გაითვალოს - უნდა მოხდეს ხელშეკრულების დენონსაცია, ლარსის გადაკეტვა, სამხედრო ტვირთების არგატარება, ხოლო როგორ შეიფუთოს ეს, ხელისუფლების პრეროგატივაა”.