ევროპარლამენტი რეზოლუციაში ტერმინ “ოკუპაციას” არ ახსენებს, თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის განთავსებას “გმობს”...http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/135107.html“ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის შესახებ რეზოლუციის მიღების პროცესში საქართველოს ინტერესების ბოლომდე დაცვას რუსეთის პოზიციამ შეუშალა ხელი. კენჭისყრაზე წარსადგენ რეზოლუციის ტექსტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებად იყო აღნიშნული. თუმცა იმისთვის, რომ რეზოლუციაში ტერმინი “ოკუპირებული ტერიტორიები” არ შეეტანათ, გადაწყვეტილების მიღების ბოლო წუთებში ევროპარლამენტში რუსეთის გავლენიანი ლობი განსაკუთრებით გააქტიურდა. რუსეთის პოზიციებს უმთავრესად ყოფილი კომუნისტები და რა თქმა უნდა, სხვა მემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლები იცავდნენ”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით ლიტველების საჩუქარი დამოუკიდებლობის დღეზე.
“ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა. კონსენსუსის მისაღწევად დეპუტატებმა, ვეჭვობ, გარკვეულწილად პოზიციები შეაჯერეს. სამხრეთ კავკასიის ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ განსხვავებული პრობლემები შეიქმნა. ბოლოს კი პოლიტიკური კლასის გარკვეულმა ნაწილმა შეძლო, რომ ევროპარლამენტმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა ტერმინის “ოკუპაცია” - რეზოლუციაში გამოყენებისგან. პოზიციები, ძირითადად, არა ქვეყნების, არამედ პოლიტიკური მომართულებების მიხედვით განაწილდა. შემდეგ წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესახებ რეზოლუციებს ცალ-ცალკე მიიღებენ. ეს საქართველოს მხარდამჭერ დეპუტატებს პოზიციების დაცვას გაუადვილებს. ამ მხრივ გუშინ განსაკუთრებით “ახალი ევროპის” ქვეყნებიდან არჩეული დეპუტატები აქტიურობდნენ. განსაკუთრებით პოლონელმა დეპუტატებმა დაგვიჭირეს აქტიურად მხარი. მათ საქართველოს ინტერსების დასაცავად ყველაფერი გააკეთეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სალომე სამადაშვილი.
“თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა ტერმინოლოგიით არის შეფასებული შექმნილი ვითარება, ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ადეკვატურად ასახეს. ვფიქრობ, რომ საბოლოო ტექსტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანი და მისაღებია. რეზოლუციაში, რომელიც რეკომენდაციული ხასიათისაა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ფაქტობრივი ვითარება ისეა აღწერილი, რომ ოკუპაციის პირობებს სრულიად შეესაბამება”, - დასძენს სალომე სამადაშვილი.
“ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მკაცრად საუბრობს. გმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის განთავსებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონში კონფლიტების შენარჩუნება დაუშვებელია, ვინაიდან ეს სიტუაციის დაძაბვის და შეიარაღებული კონფლიქტების განახლების მუდმივ რისკს შეიცავს. ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მიმართ უპირობო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და რუსეთს ყოველივე ამის პატივისცემისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ავტორები მკაფიოდ აღნიშნავენ სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებისა და ეთნიკური ქართველების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში დაბრუნების უფლების პატივისცემისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას. ევროპარლამენტარები დასძენენ, რომ რეგიონში მოუგვარებელ კონფლიქტებს პირდაპირი კავშირი აქვს ევროპის უსაფრთხოებასთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გუშინვე ლიტვის სეიმმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე იმსჯელა. პროექტის ინიციატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. ვაშაძესთან შეხვედრაზე ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ირენა დიაგუტენემ იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციის პროექტი, შეაძლოა, დეპუტატებმა ლაჩტარებული წეით დაამტკიცონ და ეს დოკუმენტი საქართველოთვის დამოუკიდებლობის დღისთვის საჩუქარი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.