გუშინ ვიხილეთ ადამიანთა ჯგუფის შეკრება "ახალ ქართულ იდეასთან" დაკავშირებით. დღეს პრესაშიც გავიდა ინფორმაცია -
სად მიგვიყვანს "ახალი ქართული იდეა"http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...5-10062010.htmlსადაც შეგიძლიათ სოზარ სუბარისა და კოკა გუნცაძის კომენტარები იხილოთ. მათი წაკითხვის შემდეგ გამიმყარდა გუშინვე შექმნილი შთაბეჭდილება, რომ ინიციატივიან მოქალაქეთა ეს ჯგუფი იმგვარ ამოცანასთან აპირებს შეჭიდებას, რისი გადაჭრის ინტელექტუალური რესურსები არ აქვს.
თუმცა სხვებს ხომ აქვთ, არასუბარებსა და არაგრეჩიხებს... ქვემოთ დაფოსტილი ინტერვიუ განმარტავს ალტერნატიული ნაციონალური პროექტის მნიშვნელობას. არა კოკა გუნცაძეების რაღაც გეგმებს, არამედ საერთონაციონალური პროექტის ძირეულ მნიშვნელობას ჩვენი შიდაპოლიტიკური მომავლისთვის. თანაც შესაფერისი ინტელექტუალური აპარატის მომარჯვებით, და არა სოზარას ლუღლუღით ან კოკას ზმუილით.
რაღაცების გამოყოფა მინდოდა, მაგრამ აზრი არ აქვს, იმდენია.
მაშ ასე, ნელნელაობით საკითხავი:
ზაზა ფირალიშვილი - თუკი დღეს ხელისუფლებას რაიმესი შეიძლება ეშინოდეს, ეს ალტერნატიული ნაციონალური პროექტია http://new.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...i-proeqtia.html"ახალი ქართული იდეის" შემმუშავებელი მოძრაობის დაფუძნების მიზეზებსა და პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
_ ბატონო ზაზა, პოლიტიკოსთა ჯგუფმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განცხადება სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" 9 ივნისს გააკეთეს. საუბარია "ახალი ქართული იდეის" შემუშავებაზე, რომელმაც დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს და დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს ადგილი განსაზღვროს. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი მოძრაობის დაფუძნება და "ახალი ქართული იდეის" ძიების დაწყება?_ მე ვესწრებოდი ამ შეკრებას, რომელზეც ეს თემები განიხილეს. შემიძლია ვთქვა, რომ გულისტკივილი, რომელსაც ალტერნატიული ნაციონალური პროექტის არარსებობის გამო ადამიანები გამოთქვამდნენ, სრულიად გულწრფელი და ღრმა იყო. თუ შეკრებილთა შორის ალბათ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წყალობით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, თავად ნაციონალური პროექტის იდეა არაფერ შუაშია. რას იზამ, საქართველოში ყოველთვის მოიძებნება გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც თავისი რამდენიმედღიანი პოლიტიკური მიზნების იქით ვერაფერს ხედავენ და მზად არიან, ყველაფრით ისარგებლონ. თუკი ბოროტება მართლაც ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაუფლებასა და განადგურებას, მისი გზა სწორედ ჩვენს ამბიციებზე, სულსწრაფობასა და თავქარიანობაზე გადის.
_ იდეის ავტორებმა "ახალი ქართული იდეის" მთავარ პრინციპებად _ თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი დაასახელეს. უდავოა, რომ დღევანდელ სამყაროში ეს ტრიადა მართლაც აქტუალურია. თავის დროზე ილიამ ჭავჭავაძემ უმნიშვნელოვანეს ტრიადად ენა, მამული სარწმუნოება მიიჩნია. ვის გაუჩნდა დღევანდელ საქართველოში ჭავჭავაძეობის ამბიცია? _ მესმის, რასაც გულისხმობთ. ის გარემოება, რომ ილიამ თავის დროზე ამ სამი იდეით განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სტრატეგია, არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ არ შეგვიძლია მოცემული სიტუაციის ადექვატური იდეების ძებნა და, საერთოდაც, ძიება უნდა შევწყვიტოთ. ილიას ტრიადა სამარადისოდ დარჩება ილიასეულად. თქვენს მიერ ჩამოთვლილი სამი იდეა წარმოადგენს არა ილიასეულის ჩანაცვლებას, არამედ მის გამჟღავნებას კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში. მხოლოდ დროს შეუძლია გამოაჩინოს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ის.
ვფიქრობ, თვითმყოფადობის, პროგრესისა და უსაფრთხოების იდეათა საფუძველზე მართლაც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ისტორიული სტრატეგია, თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი უახლესი ნაციონალური პროექტი. ეს არის სამი თავისთავად ცხადი რამ, რომელშიც ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს, თუ, ცხადია, ქვეყნის მტერთან არა გვაქვს საქმე. ამ სამი იდეის გაშარჟება შეუძლებელია. ნაციონალური პროექტი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწეროს, როდესაც საქმე იმის განმარტებაზე მიდგება, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს თვითმყოფადობა, პროგრესი ან უსაფრთხოება. პასუხი შეიძლება იყოს პროდასავლურიც, პრორუსულიც და დაბალანსებულიც.
საკითხს პირადად მე შემდეგნაირად დავსვამდი: როგორ უნდა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა გლობალურ სამყაროში, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ იმ ნაციონალ-უტოპიური და ნაციონალ-მისტიკური ქიმერებისგან, რომლებიც ხელ-ფეხს გვიბორკავენ; თან თვითმყოფადობა ღირსეულად შევინარჩუნოთ ისე, რომ ახალი ქიმერების შეთხზვას არ შევუდგეთ, ახალი საზოგადოებრივი და ეროვნული იდენტობის სახით. ამ სახით საკითხი ადრეც ისმოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასოდეს არ გვიგრძვნია მისი დასმის აუცილებლობა ისე, როგორც - დღეს.
ერთადერთი ძალა, რომელსაც სრულიად გარკვეული ნაციონალური პროექტი და მისგან გამომდინარე პოლიტიკური ქცევის ალგორითმები აქვს, არის ხელისუფლება. სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილი მის კოპირებას ახდენს ან იდენტობის შესახებ ოპერეტულ ნაციონალისტურ წარმოდგენებს ვერ სცილება. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიციის მარცხი სწორედ ამგვარი ინტელექტუალური ბაზის არარსებობით იყო გამოწვეული. ვიღაცის ჩამოგდება არ შეიძლება ნაციონალური პროექტი იყოს. ეს უკანასკნელი ნიშნავს ქვეყნისა და საზოგადოების მომავლის შესახებ პოზიტიური იდეების ერთობლიობას, რომელზეც საზოგადოების წევრთა კრიტიკული რაოდენობა, თუნდაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი იქნება შეთანხმებული.
შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ადამიანების დაჯგუფება სწორედ ამგვარ პროექტთა ირგვლივ უნდა მოხდეს და არა - პიროვნებათა ირგვლივ. ვფიქრობ, ეს არის ის ბანალური ჭეშმარიტება, რომელიც ზოგჯერ ჯერაც უცხოა ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაჩნდეს სხვა ჯგუფიც, რომელიც სხვა პროექტს შექმნის იმისა, თუ როგორ წარმოუდგენია გლობალურ სამყაროში ჩვენი ღირსეული თვითმყოფადობის შენარჩუნება. ვფიქრობ, ეს სავსებით ნორმალურია; მეტიც, ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნება გამოდის იმ ბარბაროსული მდგომარეობიდან, როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ლიდერის ვინაობას და არა ქვეყნის იმ კონცეფციას, რომელიც ამ ლიდერს მოაქვს.
დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე წლის წინ, ცოტა უკეთ რომ დავკვირებოდით, ქვეყნის რა კონცეფციის მატარებლები იყვნენ ჩვენი დღევანდელი ხელისუფალნი, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ამიტომაც, არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნება ამ უკვე ახალ საფეხურზე გადავიტანოთ. დღეს ჩვენ მხოლოდ ეს თუ გვიხსნის. პოლიტიკური ბრძოლა უპირატესად იდეათა ბრძოლა უნდა იყოს და არა - მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
_ შეიძლება კი, ქვეყანაში არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც ამ თავისთავად ცხად გარემოებებს _ თვითმყოფადობას, უსაფრთხოებასა და პროგრესს შეიძლება დაუპირისპირდნენ? ხომ არ ჰგავს ყველაფერი ეს ღია კარის მტვრევას? _ გავიხსენოთ, როგორ წარმოაჩინა ეს შეკრება სამთავრობო მედიამ და იოლად მივხვდებით, რომ ასეთი ძალები შეიძლება არსებობდნენ. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უპირისპირდებიან არა ამ იდეებს, არამედ პრეცენდენტს იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება გაბედოს და მათი ნაციონალური პროექტის ერთადერთობაში შეიტანოს ეჭვი. აშკარაა, რომ თუ დღეს ხელისუფლებას რაიმე არ აწყობს, ეს სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ახალ საფეხურზე გადატანაა.
ხელისუფლებამ საკმაოდ კარგად იცის, რომ ახალი ქართული პროექტი, თუკი შეიქმნა, ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ამიტომაც შეეცდება, მის შესახებ მარგინალიზებული პოლიტიკური ფიგურები ალაპარაკოს და მავანი ფუნდამენტალისტების იდეოლოგიად მოიხსენიოს იგი. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: რატომ არ ჰქონდა ენერგია ოპოზიციის ბრძოლას განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში? საქმე ხომ მხოლოდ მავანთა პოლიტიკური შეცდომები არ იყო, საქმე ხომ მხოლოდ ის არ იყო, რომ ოპოზიცია ვერა და ვერ შეიკრა ერთ სუბიექტად. უმთავრესი მიზეზი, ვფიქრობ, სხვა რამ გახლდათ: ოპოზიციამ ვერ დადო ალტერნატიული ნაციონალური პროექტი, რომელიც ადამიანებს კონკრეტულ პერსპექტივას დაანახებდა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი ნაციონალური პროექტი დასავლეთის შესახებ უტოპიურ წარმოდგენებზე ააგო და არა - რეალური ევრო-ამერიკული ცივილიზაციის პარადიგმებზე. ამის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ ოპერირებენ ხელისუფლების იდეოლოგები სიტყვის თავისუფლების ცნებით.
დეისაძე-გულაშვილის კონფლიქტისას მათ ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის ისეთი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობლად განსხვავდება ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის განმარტებებისგან და დასავლეთშიც არა ჰყავს ბევრი მომხრე. ქართულმა რადიკალიზმმა დასავლური ღირებულებების დამკვიდრებაშიც იჩინა თავი _ ჩვენში ამას ულტრალიბერალიზმი ეწოდა _ და ყველაფერი ეს შემოგვთავაზეს, როგორც ჩვენი ნაციონალური პროექტი. თუ დღეს ხელისუფლებას შეიძლება რაიმესი ეშინოდეს, ეს ალტერნატიული ნაციონალური პროექტია, რომელიც დასავლურ ღირებულებათა უფრო რაციონალისტურ, ნაკლებად უტოპიურ აღქმაზე იქნება დაფუძნებული და რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტის მქონე ადამიანები გაახმოვანებენ.
არ მინდა, დღევანდელ ხელისუფლებას დავუკარგო, რომ მან თუნდაც თავისი რევოლუციური უტოპიით ჩვენი საზოგადოებრივი ძალების გაღვიძება შეძლო. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ის იდეოლოგია, რომელიც მათ ნაციონალურ პროექტს უდევს საფუძვლად და, რომლის მთავარი პრინციპებიც არის ახალი ადამიანისა და ახალი საზოგადოების შექმნა, დღეს ჩვენს საზოგადოებრივ ინტერესებს უპირისპირდება. მართლმადიდებლობას ან რუსოფილურ წარმოდგენებს ამოფარებული რადიკალები მხოლოდ ხელისუფლებას თუ ეხმარებიან იმაში, რომ ნებისმიერი საკითხის დასმა იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე იმთავითვე დაიმარხოს. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენთვის დღეს საშიშები არიან არა მხოლოდ ულტრალიბერალი ინტელექტუალური სნობები, არამედ _ მათ წინააღდეგ მებრძოლი ირაციონალური რადიკალიზმიც, ნაციონალური იდეის კარიკატურულ ორეულს რომ ქმნის.
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ "ძველი ოპოზიცია" ახალი ნაციონალური პროექტის გამხმოვანებლად შეიძლება იქცეს? ეს მოძრაობა იმისთვის ხომ არ შეიქმნა, რომ შემდეგ მის ლიდერად მოსკოვთან დაახლოებული პოლიტიკური და კრემლისთვის მისაღები ფიგურა მოგველინოს?_ შეკრებაზე მოკლე სიტყვა ვთქვი, რომელშიც აღვნიშნე, რომ ახალი ნაციონალური პროექტის შემუშავების იდეის დაკავშირება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ ძალასთან იმთავითვე დამარხავდა მას. ვფიქრობ, გამგები გაიგებდა.
რაც შეეხება, მოსკოვისთვის მისაღები პირის ლიდერად მოვლენას: მოხდება ის, რასაც დავუშვებთ. დღეს მოსკოვისთვის პრაგმატული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პირი ხელისუფლების სათავეშია. გარდა ამისა, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ნაციონალური იდეის მომხრეთა შორის იყო ბევრი ისეთი ცნობილი ადამიანი, ვისაც ვერანაირად ვერ დასდებ ბრალს მოსკოვთან სიახლოვეში.
რაც შეეხება ოპოზიცას. მესმის, რასაც ბრძანებთ. ახალ ღვინოს ძველ ჭურჭელში არ ასხამენ, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ჭურჭელში, რომელიც ხშირი ხმარებით კრიტიკულად არის დაძველებული. მაგრამ, იმედი მაქვს, აქ სხვა მექანიზმიც იმოქმედებს: საზოგადოება თავად განდევნის მის იმ ნაწილს, რომელიც ხელს უშლის მას. გავიხსენოთ, 80-იანი წლების შემდეგ რამდენი პოლიტიკოსი ჩამოცილდა ასპარეზს იმის გამო, რომ ვეღარ გამოხატავდა საზოგადოების გულისთქმას.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ჯერაც არ ჩამოყალიბებულა პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წასვლის ტრადიცია. ამგვარი ტრადიციის არსებობა საზოგადოებრივი სიმწიფისა და პიროვნული პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ჩვენებური პოლიტიკოსი მაშინაც კი არ მიდის პოლიტიკიდან, როდესაც მას უსტვენენ და, როდესაც მისი გამოჩენა ირონიულ ღიმილსღა იწვევს. მას ხშირად არ ესმის, რომ თუ შეძლებს, მარცხის შემდეგ თავისი ვნებები მოთოკოს და გარკვეული დროის განმავლობაში მაინც გადგეს განზე, ამით მხოლოდ მოიგებს და ახალი ძალებით უკან დაბრუნების შანსიც მიეცემა. ახლა მე სრულიად ბანალურ გარემოებებს აღვწერ _ ისეთს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ნებისმიერმა რიგითმა პოლიტიკოსმა იცის.
ჩვენთან კი, ადგილობრივ არჩევნებში ჯერაც არ დამარცხებულა ადამიანი, რომ უკვე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ან ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობს, ამით თავსაც იმარხავს და საზოგადოების პოლიტიკურ განვითარებასაც უშლის ხელს. ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და ბევრი ჩვენგანისთვის სხვების გამოცდილება არაფერს ნიშნავს. მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი საზოგადოება თავად შეძლებს იმ პირთა, თუ პირთა ჯგუფების შერჩევას, ვისაც ახალი ნაციონალური პროექტის იდეასა და საკუთარ ბედს ანდობს.
This post has been edited by Geronti on 10 Jun 2010, 17:20