პანტიკო თორდია – ქართველი მილიონერი „დიდი ავიაციიდან“
2010-01-13
დავით ბახტაძე
ვაჟა, იგივე პანტიკო თორდია, უკვე მრავალი წელია, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს „თბილავიამშენს“ (წარსულში 31-ე საავიაციო ქარხანას) უდგას სათავეში. ის საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი მოღვაწე იყო. მისი საწარმოს სტრატეგიულობასთან დაკავშირებით იმის გახსენებაც საკმარისია, რომ რუსეთის 2008 წლის აგრესიის დროს საქართველოში ამ ქვეყნის ავიაციამ „თბილავიამშენს“ წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები მიაყენა და მისი მწყობრიდან გამოყვანა სცადა. ბედის ირონიით, მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი ქარხანა სწორედ მისმა „რუსულ-საბჭოურმა“ ანალოგებმა დაბომბეს. ბოლო წლებში თორდია არაერთხელ მოხვდა ქართული პრესის მიერ შედგენილ ქართველ მილიონერთა რეიტინგში, მისი ქონება კი 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
პანტიკო თორდია 1935 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1954-1957 წლებში მან სავალდებულო სამსახური მოიხადა საბჭოთა არმიაში. მისი შრომითი კარიერა 1959-1967 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე საქმიანობით იწყება. 1967 წელს მან სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. 1967-დან 1985 წლამდე თბილისის საავიაციო ქარხანაში განყოფილების უფროსი იყო, ასევე ეკავა მთავარი კონსტრუქტორისა და ინჟინრის თანამდებობები. 1985-დან 1991 წლამდე პანტიკო თორდია თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია. 1991-დან 1995 წლამდე იგი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 1995-დან 1998 წლამდე კი – სახელმწიფოს მეთაურის აპარატში მთავარი სახელმწიფო მრჩეველია. 1998-დან 2000 წლამდე ის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა, 2000-დან 2002 წლამდე კი, უკვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი. 2002-დან 2006 წლამდე თორდია ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 2006 წლიდან დღემდე იგი სააქციო საზოგადოება „თამის“ თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორია. 2001 წელს თორდია საქართველოს ყველაზე წარმატებულ მენეჯერად დაასახელეს.
პანტიკო თორდია სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევა. 1991 წელს ის ტექნიკურ მეცნიერებათა დოცენტი გახდა, 1999 წელს კი საავიაციო ტექნოლოგიებისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიანიჭა. ამჟამად თორდია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. 2001 წლიდან მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორის წოდება აქვს. არის 8 გამოგონებისა და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
პანტიკო თორდიას საქმიანობაში ახალი ეტაპი 1998 წელს, ღია სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ დირექტორად დანიშვნიდან დაიწყო. ეს საქართველოს უმსხვილესი და ყველაზე პერსპექტიული საწარმოა, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდშივე იგი ედგა სათავეში. 2001 წლიდან „თბილავიამშენმა“ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღო, რის შემდეგაც საწარმოს გზა გაეხსნა მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ სწორედ „თბილავიამშენი“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საერთაშორისო დონის მენეჯმენტი დანერგა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო 1994 წელს. როგორც საქართველოში საავიაციო წარმოების მოდერნიზაციის სულისჩამდგმელი, პანტიკო თორდია სიამოვნებით იხსენებს: მისი საწარმოს პირველობას ისიც განაპირობებდა, რომ იმ წლებში საქართველოში არსებული ქაოსის პირობებში, მას კონკურენციას ვერავინ უწევდა ნებისმიერი მიმართულებით.
თბილისის საავიაციო ქარხანაში 1991 წლამდე 15 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ის საბჭოთა ეპოქაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მომგებიანი საწარმო იყო. ქარხანა მსხვილ შეკვეთებს იღებდა მთელი საბჭოთა კავშირიდან და ძირითადად საავიაციო ტექნიკას, თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და საავიაციო ნაწილებს უშვებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეკვეთებიც საგრძნობლად შემცირდა და მოსამსახურეთა რაოდენობაც. იმ პერიოდში, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში ეკონომიკური კრიზისი მძინვარებდა, საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად აუცილებელ აუდიტში 3 მილიონი ლარის დახარჯვა ბევრმა უაზრობად ჩაუთვალა თორდიას, თუმცა, მომავალმა აჩვენა, რომ მისი ეს ნაბიჯი გამართლებულიც იყო და ძალიან მომგებიანიც.
პანტიკო თორდიას, როგორც ბიზნესმენის წარმატების საიდუმლო, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ავიაციის კუთხით თითქმის 40 წელიწადია საქმიანობს და ამ სფეროს ზედმიწევნით იცნობს. თორდია ახალგაზრდა ბიზნესმენებს ურჩევს: ვინც ბიზნესს იწყებს, აუცილებლად უნდა იცოდეს რა სურს კონკრეტულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატება გამორიცხულია და ეს „თამაშის“ ერთადერთი წესია.
მან კარგად აუღო ალღო 90-იანი წლების კრიზისს და ქარხანა, რომელიც ერთ დროს ცნობილ საბჭოთა თვითმფრინავებს უშვებდა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადავიდა. ეს, ერთი შეხედვით მოულოდნელი ნაბიჯი, ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, იმდროინდელ საქართველოში კი, ის, რომ საბაზრო ეკონომიკა მომხმარებლის მოთხოვნილებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, ბევრისთვის უცხო „ჭეშმარიტება“ იყო.
საავიაციო ქარხანამ გაზის გამათბობლების გამოშვება დაიწყო, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია თურქეთსა და ირანში წარმოებულ პროდუქციას. საავიაციო ქარხნის ნაწარმი უფრო უსაფრთხო აღმოჩნდა, ვიდრე ირანული გამათბობლები და გაცილებით იაფიც უცხოეთიდან შემოტანილ გამათბობლებთან შედარებით. ქარხანაში ელექტროგენერატორებისა და ჰიდროტურბინების გამოშვებაც დაიწყეს.
საავიაციო ქარხანას პანტიკო თორდიამდეც დიდი ისტორია აქვს. საწარმომ 1941 წლიდან დაიწყო საქმიანობა, პირველი პროდუქცია კი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1942 წელს გამოუშვა. ომის შემდეგ თბილისის საავიაციო ქარხანამ მოიერიშე „იაკები“ და „მიგები“ გამოუშვა. სხვათა შორის, თბილისში საავიაციო ქარხნის საქმიანობის დაწყება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მეორე მსოფლიო ომის გამო საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, რუსეთიდან და უკრაინიდან საავიაციო საწარმოების სასწრაფო ევაკუაცია მოეხდინა. ქარხანას ომში დაზიანებული თვითმფრინავების შეკეთება და ახლების შექმნა დაევალა, საიდანაც ისინი პირდაპირ ფრონტზე იგზავნებოდა.
პირველი პროდუქცია – „ლაგ-3“ – თბილისის საავიაციო ქარხანამ 1942 წელს გამოუშვა, სერიული წარმოება კი იმავე წლის ბოლოდან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისის ქარხანა ერთადერთი საწარმო იყო, საიდანაც ტრანსკავკასიური და ჩრდილოკავკასიური საბრძოლო ფრონტები მარაგდებოდა. 1942 წლიდან თბილისის ქარხანამ მოიერიშე თვითმფრინავების – „ლა-5-სა“ და „იაკ-3-ის“ მასობრივი წარმოება დაიწყო.
1952-1957 წლებში საავიაციო ქარხანა მოიერიშე თვითმფრინავებს, „მიგ-15-სა“ და „მიგ-17-ს“ უშვებდა. 1957 წლიდან სუპერმოიერიშე „მიგ-21-სა“ და ორადგილიანი საწვრთნელი „მიგ-21 უ-ს“ წარმოება დაიწყო, მოგვიანებით კი – „მიგ 21 უს-ისა“ და „მიგ 21 უმ-ის“. 1967 წლიდან თბილისის საავიაციო საწარმომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველმა გამოუშვა თვითმფრინავი „იაკ-15“, მოგვიანებით კი „იაკ-17“, „იაკ-23“ და ორსექტორიანი „იაკ-17 უტი“. 1975 წელს თბილისის საავიაციო საწარმომ სამხედრო გამანადგურებელი „სუ-25“ გამოუშვა, 1979 წლიდან კი პირველი სერიული თვითმფრინავი „ილიუშინი“. 1980 წლიდან ქარხანამ „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტების გამოშვება დაიწყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ავღანეთის ომში იყენებდა.
სოციალისტურ ეპოქაში თბილისის საავიაციო ქარხანა განსაკუთრებულ პატივში იყო, რადგან ის საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალებსა და ფლოტს ამარაგებდა. საბჭოთა კავშირის არსებობისას თბილისის საწარმოს მიერ წარმოებული „მიგ- 21 უ-ს“, „მიგ-21-უს-სა“ და „მიგ 21 უმ-ს“ ექსპორტი ბულგარეთში, ალჟირში, ფინეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ინდოეთში, სირიასა და ვიეტნამში ხორციელდებოდა. „სუ-25-ებს“ ყიდულობდნენ ანგოლა, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა.
1987-1996 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანა „სუ-25 ტ-ს“ აწარმოებდა ანტისატანკო მოდიფიკაციით, ასევე ექვსადგილიან სამოქალაქო „იაკ-58-სა“ და ორადგილიან საწვრთნელ „სუ-25 უბ-ს“. 1979 წლიდან თბილისის საწარმომ ლეგენდარული საბჭოთა თვითმფრინავის – „სუ-25-ის“ გამოშვება დაიწყო და ამ ტიპის 800-მდე თვითმფრინავი დაამზადა. იმ პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში მომუშავენი დღემდე ამაყობენ, რომ მათ მიერ გამოშვებულ არც ერთ სამხედრო თვითმფრინავს კატასტროფა არ განუცდია. ამჟამად „თბილავიამშენი“ საბჭოთა წარმოების „სუ-25-ებს“ არემონტებს, რომელსაც სხვადასხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ფლობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თურქმენეთიდან მიღებული შეკვეთები. კომპანია მონაწილეობდა საქართველოს მიერ თურქმენეთისგან აღებული ვალების დაფარვაში და 200 მილიონამდე დოლარის ღირებულების პროდუქცია შეუკვეთა ამ ქვეყანას.
თბილისის საავიაციო ქარხანა მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის „სატლის“ საბჭოთა ანალოგის შექმნის პროცესში, პროგრამა „ბურანში“. თბილისის ქარხანა სხვადასხვა ნაკეთობას აწარმოებდა ამ პროგრამისთვის. 90-წლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წარმატებად ითვლება „თბილავიამშენისა“ და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი – ანტენა-რეფლექტორის დამზადება, რომელიც რუსულ კოსმოსურ სადგურ „მირ-ზე“ გამოსცადეს.
2005 წლიდან „თბილავიამშენმა“ რეაქტიული თვითმფრინავის „ტამჯეტის“ წარმოება დაიწყო, რომელიც ამერიკული „მავერიკის“ ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საიმედოობაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი პარტნიორები ისრაელის, ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი საავიაციო საწარმოები გახდნენ. პანტიკო თორდიას აზრით, თბილისის საავიაციო საწარმომ მომავალში არჩევანი უნდა გააკეთოს სამოქალაქო და არა სამხედრო ავიაციის სასარგებლოდ. ამასთან, კომპანია ორივე სფეროს თანაბრად მოემსახურება.
იმის წყალობით, რომ „თბილავიამშენი“ თითქმის ერთადერთი ქართული კომპანია იყო, რომელსაც ვალები არ ჰქონდა და მოგების პერსპექტივა გააჩნდა, მან ადვილად შეძლო ინვესტიციების მოზიდვა და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველ ეტაპზე საწარმომ კანადურ კომპანია „ფლაიკრაფტთან“ ერთად დაიწყო ერთობლივი პროდუქციის წარმოება. „თბილავიამშენის“ 30-მდე მაღალი კლასის ინჟინერმა კანადაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა. პანტიკო თორდიას კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებულმა კომპანია „ეარ-მაც“, რომელიც 6-ადგილიანი სამოქალაქო თვითმფრინავების შექმნაზეა ორიენტირებული.
ამჟამად „თბილავიამშენში“ ორი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია დღესდღეობით საქართველოს წამყვანი ექსპორტიორია. კომპანია, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, ახალი ძალით დამოუკიდებელ საქართველოში გაიფურჩქნა. 2002 წელს პრივატიზაციის პროცესის პერიოდში მან სახელი გამოიცვალა და თბილისის საავიაციო ქარხნიდან „თბილავიამშენად“ გარდაიქმნა. ამჟამად კომპანია ძირითადად სამხედრო ვერტმფრენებისა და მოიერიშეების მოდერნიზაციაზე მუშაობს და შეკვეთებს ძირითადად უცხოეთიდან იღებს.
„თბილავიამშენმა“ წლების წინ ერთი მოიერიშე „სუ“ შეაკეთა, რომელიც 2001 წელს რუსეთის სტრატეგიულ ჩვენებაში, საწვრთნელ ფრენებში მონაწილეობდა. თბილისის საწარმო არემონტებდა „სუ-39-ებსა“ და „სუ-25-ებსაც“. მიუხედავად იმისა, რომ პანტიკო თორდია მზად იყო რუსეთთან თანამშრომლობისთვის, პროექტი საბოლოოდ მაინც ჩაიშალა.
ქართული საავიაციო კომპანია ერთობლივ პროექტებს ისრაელის კომპანიებთან ერთადაც ახორციელებს, კერძოდ, „ელბიტსა“ და „ელგრადთან“. თანამშრომლობის მიზანი თანამედროვე შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეკეთებაა. გარდა ამისა, „თბილავიამშენი“ აწარმოებს საკონტროლო და სანავიგაციო სისტემებს, რომელსაც საზღვრის დაცვის, ბუნებრივი რესურსების მოპოვების, რკინიგზისა და სხვა სამუშაოების დროს იყენებენ. საწარმო ასევე ამზადებს აღჭურვილობას მილსადენებისთვის და ელექტრომოწყობილობებს.
პანტიკო თორდია, „თბილავიამშენის“ გარდა, სხვა ბიზნესითაც იყო დაკავებული: 2008 წელს თბილისში „პირველი ბრიტანული ბანკი“ ბრიტანულ კომპანია „მონტე კრისტო ქეპითალ ლიმითედთან“ თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა. ბრიტანული კომპანია „პირველი ბრიტანული ბანკის“ აქციების 67 პროცენტს ფლობდა, აქციების დარჩენილ 33 პროცენტს კი – პანტიკო თორდია.
„მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედი“ იმით არის ცნობილი, რომ სამოქმედო სფეროდ განვითარებად ქვეყნებს ირჩევს და რისკის გაწევის თითქმის არასოდეს ეშინია. „მონტე კრისტო ქეფითალი“ საქართველოში მოღვაწეობის დაწყებისას აცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტი ისეთ ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობა იყო, როგორებიცაა „თბილავიამშენი“ და „მადნეული“. „თბილავიამშენთან“ თანამშრომლობამდე „მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედი“ საქართველოში სატრანსპორტო, სამშენებლო და აგროსამრეწველო ბიზნესით იყო დაინტერესებული.
კომპანიამ „თეთრის“, მოგვიანებით უკვე „პირველ ბრიტანულ ბანკად“ სახელდებული ბანკის საკონტროლო პაკეტი, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს შეიძინა. აღსანიშნავია, რომ „თეთრი“ ქართულ ბაზარზე არსებული ყველაზე მცირემასშტაბიანი ბანკი იყო. ამ ბანკის საკონტროლო პაკეტი პანტიკო თორდიასა და მის ოჯახს ეკუთვნოდა. ოფშორული კომპანია „მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედმა“ თორდიასგან „თეთრის“ აქციების საკონტროლო პაკეტი 8,5 მილიონ ლარად შეისყიდა.
„პირველი ბრიტანული ბანკის“ საწყისი კაპიტალი 14 მილიონი ლარი იყო, რაც 2 მილიონით აღემატებოდა საქართველოში არსებულ საშუალო საბანკო მაჩვენებელს. პანტიკო თორდია ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრიდან ერთ-ერთი იყო. მის გარდა „პირველი ბრიტანული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ადამ დევიდ კლირი და ფრანკ რეისი იყვნენ. 2009 წელს ბანკს ლიცენზია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაცია გამოცხადდა.
2009 წლის სექტემბერში „ბლეკ სი ქეპითალ ჰოლდინგი“ დაფუძნდა, რომელიც ბრიტანული ბანკის ბაზაზე შეიქმნა. ეს კომპანია „პირველი ბრიტანული ბანკის“ სამართალმემკვიდრე გახდა. ახალი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბანკების ცუდი სესხების მენეჯმენტია. ის კომერციულ ბანკებს სესხების დაფარვაში ეხმარება. რამ აიძულა პანტიკო თორდია და მისი კომპანიონები მათი კუთვნილი ბანკის ლიკვიდაცია გამოეცხადებინათ, უცნობია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქართულ საბანკო სექტორში 2009 წელს გამძაფრებული კრიზისი იყო.
პანტიკო თორდია რამდენიმე არაკომერციულ, სკანდალურ ისტორიაშიც გაეხვია. 2003 წელს უცნობმა პირებმა პანტიკო თორდიაზე თავდასხმა განახორციელეს – მას ესროლეს, თუმცა, ის არ დაშავებულა. ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს, მისი ძმისშვილი, ზაზა თორდია, ზუგდიდში საკუთარი სახლის მახლობლად უცნობმა პირებმა გაიტაცეს. გამტაცებლებმა თორდიების ოჯახს გამოსასყიდის სახით 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს. 17 წლის ზაზა თორდიას გათავისუფლება ოთხთვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის დასაწყისში მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სოფელ რუხში ჰყავდათ დატყვევებული, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. გატაცების დეტალები დღემდე არ გახმაურებულა. არც ის არის ცნობილი, გადაიხადა თუ არა თორდიების ოჯახმა გამოსასყიდი.
„თბილისობის“ დღესასწაულზე საქართველოს დედაქალაქის საპატიო მოქალაქეების დასახელების ტრადიცია 1979 წლიდან დამკვიდრდა და დღემდე არაერთი ცნობილი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მათ შორისაა პანტიკო თორდია, რომელსაც ეს ტიტული 2000 წელს მიანიჭეს
http://www.google.com/imgres?imgurl=http:/...%26tbs%3Disch:1 This post has been edited by punisher 11 on 29 Jun 2010, 23:15
სულ გამო###ვდით......