15:20 / 30-06-2010
მაგისტრალური გაზსადენის გასაყიდად კანონს ცვლიან
პარლამენტი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისთვის ემზადება - ასე ხსნიან ექსპერტები პარლამენტის იმ ინიციატივას, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის იმ ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება. მთავრობამ კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტი ამას "ტექნიკურ პრობლემად" აფასებს.
ცოტა ძნელი გასარკვევია, პარლამენტს "ტექნიკურ პრობლემად" თავად კანონპროექში შეტანილი ცვლილებები მიაჩნია თუ ამ ცვლილებების შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ამ ნუსხიდან მაგისტრალური გაზსადენის ამოღებაა.
ამ ინიციატივის თანახმად, მიღებული უნდა იქნას სრულიად ახალი კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ", რომელიც ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვას შეეხება.
მართალია, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ფაქტობრივად არსებული ნორმების ერთად თავმოყრა ხდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არსებულ ნორმებში რამდენიმე ისეთი ცვლილებაც არის შესული თუ შეპარული, რომელიც დღეს არსებულ რეალობას საკმაოდ რადიკალურად ცვლის.ერთ-ერთი მთავარი კი არის ის, რომ ამ კანონპროექტში იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია.
თუკი პრივატიზების შესაძლებლობის აკრძალვა ამ მაგისტრალს არ შეეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრივატიზება კანონით იქნება დაშვებული და მისი გასხვისება ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ პირზე თუ კომპანიაზე იქნება შესაძლებელი.
მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იდგა და მაშინ გაყიდვის საწინააღმდეგო არგუმენტად დასახელდა ის ფაქტორი, რომ ეს ობიექტი სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის იყო და მისი გაყიდვა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენდა.
მაშინ მთავრობამ ამ მაგისტრალის გაყიდვა, სხვადასხვა ფაქტორების გამო, ვერ მოახერხა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს.
თუმცა, საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ მაგისტრალის გაყიდვა არც ახლა არ შეიძლება და ვარაუდობენ, რომ ეს ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
"რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიზანდასახულად კეთდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გვყოლია მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამ სამინისტრომ რაღაცა უნდა გაყიდოს, მე ეს აღარ მიკვირს. ეკონომიკის სამინისტრო სააკაშვილის ხელში ხომ გაყიდვის კანტორად გადაიქცა და პრობლემა ის არის, რომ გასაყიდი აღარც არაფერია და როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრო ახლა სწორედ გაზსადენების გაყიდვას დაიწყებს. გამოაცხადებენ ე.წ. გამჭვირვალე ტენდერს ფასთან დაკავშირებით, ყველამ იცის, ამ მიმართულებით რა მანკიერი პრაქტიკაც არის დანერგილი და ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ამის გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი.
"ამის მიზეზი არის ის, რომ გასაყიდი აღარაფერი აღარ დარჩა; რაც კი რამ ფასეული იყო, ფაქტობრივად ყველაფერი კაპიკებში ფარულად და მალულად არის გაყიდული და, როგორც ჩანს, ახლა ჯერი სწორედ გაზსადენებზე მიდგა.
"თქვენ იცით, რომ ეს საკითხი რამდენჯერმე იყო გააქტიურებული, მათ შორის ჟვანიას მმართველობის პერიოდში, როდესაც ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო და მაშინ ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ოპოზიციის და საზოგადოების წინააღმდეგობის გამო მაშინ ხელისუფლებამ ამ მაგისტრალის გაყიდვა ვერ გაბედა და, როგორც ჩანს, ახლა ამ თემას ისევ უბრუნდებიან," - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
თუმცა, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მისთვის ამ ინიციატივის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი და ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სხვა სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაც იქნება მოსალოდნელი.
"მე სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ ამ ცვლილებისთვის და სავარაუდოდ ეს შეეხება სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც და, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ რკინიგზის გაყიდვაზე დავიწყებთ საუბარს. პორტები უკვე ამოღებულია ამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან და უკვე გაყიდულიც არის ფარულად საეჭვო წარმომავლობის კომპანიებზე. ასევე გაიყიდება აეროდრომები და ა.შ.
"ხელისუფლება, ალბათ, დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა. მაგრამ, გადაუდებელი აუცილებლობა არის მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას გასაყიდი აღარაფერი აღარ დარჩა. ინვესტიციები არ შემოდის და გინდა პურის მცხობელი იყავი, გინდა კანადიდან იყავი და გინდა გვატემალიდან, ამას არაფერი არ უშველის. ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, არ შეიცვლება მიდგომები არც ბიზნესისადმი, არც სასამართლოსადმი, არც მედიისადმი და არც ყველაფერ იმისადმი, რაც ქმნის ქვეყანაში თავისუფალ გარემოს," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილიც ვარაუდობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება სწორედ გაზსადენის პრივატიზებისთვის იგეგმება. თუმცა, იგი პრობლემას არა თავად პრივატიზაციაში, არამედ ამ პროცესის გამჭვირვალობაში ხედავს.
"ეს არის ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება და მე ვერ ვიტყვი, რომ ამ მაგისტრალების პრივატიზება კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ობიექტები განეკუთვნება სტრატეგიულ ობიექტებს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან აქვს პირდაპირი კავშირი, მათი პრივატიზების მექანიზმი აუცილებლად უნდა გადიოდეს პარლამენტზე. რათა ეს ყველაფერი მოხდეს გამჭვირვალედ და იმ რისკების მაქსიმალურად თავიდან არიდებით, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს.
"კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა 2004-2005 წლებში მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების მცდელობას. მაშინ გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა უნდოდათ და საზოგადოებამ ძალიან მკვეთრი რეაქცია გამოავლინა, აშშ-ის კატეგორიული მოთხოვნაც იყო და ამ პროცესის რაღაცნაირად შეჩერება ყველამ ერთად შევძელით.
"მე არ მინდა, ამ საკითხში რაღაც კატეგორიული ვიყო, იმიტომ, რომ პრინციპში შესაძლებელია, რომ გაზსადენის ექსპლუატაცია იყოს კერძო მეწარმე-სუბიექტის ხელში. თუმცა, აქ მთავარი არის ის, თუ ვინ იქნება ეს მეწარმე-სუბიექტი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ეს კერძო სუბიექტი არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პირადად მე საკუთრივ პრივატიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა, პროცედურა უნდა იყოს ძალიან მკაცრად გაწერილი და მხოლოდ პარლამენტის გავლით უნდა ხდებოდეს და არა მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით," - აცხადებს გია ხუხაშვილი.
საინტერესო კი ის არის, რომ მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში, მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს აკეთებენ და პირად საუბრებში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თუკი ინიციატივა პარლამენტს ეკუთვნის, მიზეზები და მიზნებიც პარლამენტში უნდა მოვიკითხოთ.
უკეთესი ვითარება კი არც პარლამენტშია და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია კანოპროექტიდან ამ მუხლის ამოღებას საერთოდ უარყოფს. არადა, ფაქტია, რომ კანონპროექტში ეს მუხლი საერთოდ აღარ არის. მისი თქმით, შესაძლოა, სხვაგან სადმე იყოს გადატანილი და ამ მუხლში ამიტომაც ვერ ვნახეთ. ეს არგუმენტი კი საერთოდ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან კანონპროექტში "მუხლი". სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება", მხოლოდ ერთ ადგილას არის და აქ არის თავმოყრილი ყველა ის ობიექტი, რომელიც პრივატიზაციას არ შეიძლება დაექვემდებაროს.
თუკი იმ ვარიანტს დავუშვებთ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა, მაშინ ნუმერაციას ერთი ნომერი უნდა აკლდეს. ეს კი ამ მუხლში არ არსებობს და "ძ"-მდე ქართული ანბანის ყველა ასოა გამოყენებული. ეს კი იმ ეჭვს, რომ შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყოს, საკმაოდ ამცირებს.
სწორედ ამიტომ გია ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ "ეს არ არის არანაირი ტექნიკური შეცდომა" და მიიჩნევს, რომ "საზოგადოებამ საკუთარი ინტერესის და უსაფრთხოების დასაცავად ხმა უნდა ამოიღოს."
"არ მესმის, ყველაფერზე ტექნიკური შეცდომა როგორ შეიძლება მოგივიდეს? ან ეს ტექნიკური შეცდომები ასეთ სათუთ საკითხებს ასე საეჭვოდ რატომ ემთხვევა? თქვენ რომ არ გენახათ, ეს მუხლი რომ ამოღებულია, მიღებისას იტყოდნენ, რომ გამორჩათ? დარწმუნებული ვარ, რომ არა და ახლა თავის მართლებისთვის მეტი არაფერი აქვთ სათქმელი.
"თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ, შესაძლოა, არც უარყონ, ამის გაკეთებას რომ აპირებდნენ და თქვან, რომ ქვეყნის ინტერესებს ასე სჭირდება და მიიღონ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, - ერთის მხრივ ინფორმაციის სრული დამალვით და მეორეს მხრივ ასეთი ცვლილებებით ქვეყნის იმ ნაწილსაც გაყიდიან, რაც დარჩენილია და მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ საზოგადოებამ საკუთარი ინტერესის და უსაფრთხოების დასაცავად ხმა უნდა ამოიღოს," - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
გაზეთი ”რეზონანსი”
"პანიკა" სამ-ოთხ დღეში დაიწყება...
Pragmatic
This post has been edited by licemer on 30 Jun 2010, 21:14