ჯანდაცვის მესვეურნო!!!
ვინაიდან თქვენი არ იცით, იქნებ პროფესიონალებს დაეკითხოთ რამე?
“სინგაპურის ჯანდაცვა – მაგალითი საქართველოსთვის”
არ არსებობს ეფექტური ჯანდაცვა სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე. ამ კომბინაციის შედეგი- სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა, საქართველოსათვის კარგი მაგალითია.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პერმანენტული რეფორმები მიმდინარეობს. წელს მარტის თვემდე სადაზღვევო სისტემა გარკვეულწილად კონკურენტულ მოდელს მისდევდა, სადაც ბენეფიციარის უფლება ჰქონდა აერჩია სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულება. 2010 წლის 30 მარტის N 85 დადგენილების შემდეგ რაიონები კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებს შორის გადანაწილდა, ანუ ერთ რაიონში სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ მოსახლეობას სადაზღვევო მომსახურებას მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია გაუწევს, რითაც სადაზღვევო სისტემა კონკურენტულიდან არაკონკურენტულ მოდელზე გადავიდა.
სრულიად განსხვავებულ სისტემაზე ასეთი გადასვლა ბადებს კითხვას – აქვს თუ არა საქართველოს ჯანდაცვას რაიმე სტრატეგია?
ხშირად გაისმის, რომ ევროპული მოდელები მიუღებელია საქართველოსთვის, რადგან წინააღმდეგობაშია ქვეყანაში გამოცხადებულ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებთან (თუმცა, ამა წლის მარტის თვიდან რაიონებად გადანაწილებული სადაზღვევო სისტემა სრულიად ეწინააღმდეგება ლიბერალურ მიდგომებს). ლიბერტარიანელთათვის ასევე მიუღებელია აშშ-ში ბარაკ ობამას მიერ მოსახლეობის უნივერსალური მოცვისკენ გადადგმული ნაბიჯები.
თუ არც ევროპული და არც ამერიკული, მაშინ რომელი სისტემაა უფრო მისაღები საქართველოსთვის?
საქართველოსთვის, სადაც ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები სახელმწიფო პოლიტიკადაა გამოცხადებული, საინტერესოა მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური ქვეყნის, სინგაპურის გამოცდილების გაზიარება.
დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ სინგაპური ჩამოყალიბდა როგორც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ამ პატარა ქვეყნის მიღწევები იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ მისი ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია. ასევე წარმატებულადაა აღიარებული სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა, სადაც განვითარებულ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ხარჯებით (მშპ-ის 4 %-ზე დაბალი) მიღწეულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა).
http://heconomic.wordpress.com/2010/07/07/tengiz-verulava-9/