სტეფან გრიგორიანი - თბილისს, ბაქოსა და ერევანს სრული საფუძველი აქვთ, კლინტონის ვიზიტი სხვადასხვაგვარად შეაფასონ
http://new.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-sheafason.html11:24 07-07-2010
აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" სომეხ პოლიტოლოგს, გლობალიზაციისა და რეგიონულ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელ სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.
_ ბატონო სტეფან, როგორ შეაფასებდით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში?
_ უდავოა, რომ ვიზიტი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს პოზიციების შესუსტებას უკავშირდებოდა. ამ სივრცეში ვაშინგტონის პოზიციების შესუსტების მიზეზი იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი 2008 წლის აგვისტოში, შემდეგ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კრემლის ფავორიტმა გაიმარჯვა.
აგვისტოს ომის დროს აშშ-მ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა კი აღმოუჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს გარდა, უკრაინაშიც აღარ დარჩნენ გულუბრყვილო ადამიანები. ნებისმიერ უკრაინელ მოქალაქეს რომ კითხო, გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტიმოშენკომ მოიგო. აღმოსავლეთ უკრაინის რაიონებში იმდენად დიდი იყო არჩევნების გაყალბების დონე, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის არჩევნების დემოკრატიულ არჩევნებად გამოცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური ფარსი. რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთმა და ნაწილობრივ ამერიკამაც. ტომოშენკო "ჩაუშვა" და მასთან ერთად უკრაინა მოსკოვს ჩააბარა. ასეთ ფონზე კლინტონის ვიზიტი პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს შესუსტებული გავლენისა და პრესტიჟის გაძლიერებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა.
_ გასაგებია, რომ კლინტონის ვიზიტს წინ სწორედ ასეთი მოვლენები უძღოდა, მაგრამ რაც შეეხება მის შედეგებს?
_ დარწმუნებული ვარ, თბილისს, ბაქოსა და ერევანს სრული საფუძველი აქვთ, კლინტონის ვიზიტი სხვადასხვაგვარად შეაფასონ. ჩემი აზრით, კლინტონის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები საკმაოდ არადაეკვატური იყო იმ ვითარებისა, რომელშიც საქართველო იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ თბილისში იმის თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო-ში სწრაფვას, არასდროს არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ძალიან კარგია, რომ ვაშინგტონმა საქართველოს მიმართ სწორი პოზიცია გაახმოვანა, მაგრამ კლინტონის მიერვე სომხეთისა და ზერბაიჯანის, ასევე, ყარაბაღის მიმართ გაკეთებულმა განცხადებებმა აშშ-ს ბაქოსა და ერევანში დივიდენდები ვერ შესძინა.
_ ბატონო სტეფან, იქნებ დააზუსტოდ, რატომ?
_ მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 18 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ორივე მხრიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა, ქალბატონმა კლინტონმა პასუხისმგებლობა ორივე მხარეს თანაბრად დააკისრა. გაუგებარი და გასაკვირი იყო მის მიერვე ერევნის მისამართით გაკეთებული მოწოდება თურქეთთან საზღვარის გახსნის თაობაზე. ეს მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი თურქეთს აქვს ჩაკეტილი და ერევანი მზად არის, ამ საკითხში ითანამშრომლოს ანკარასთან. იმის გამო, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა 18 ივლისის ინციდენტთან, მთიანი ყარაბაღისა და სომხეთ-თურქეთთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, კლინტონის ვიზიტს სომხეთში აშშ-სათვის დივიდენდები არ მოუტანია. ქალბატონ კლინტონს მკაფიოდ უნდა შეეფასებინა სომხეთსა და აზერბაიჯანში დემოკრატიის განვითარების დონე, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, უხვად და უშვურველად არ უნდა ეთქვა კომპლიმენტები სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მიმართ.
_ როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ საქართველოზე კლინტონის განცხადებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მყისიერად გამოეხმაურას?
_ პუტინის განცხადება სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ საქართველოს საკითხში აშშ-ს პოზიცია მკაფიო იყო და რეალობას შეესაბამებოდა. ვაშინგტონმა მოსკოვს ნათლად მიანიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემა იქნება და მომავალში უნდა გადაიჭრას. ქალბატონ კლინტონს ყარაბაღსა და სომხეთ-თურქეთის საკითხებზეც რომ ასეთი მკაფია პოზიციები დაეფიქსირებინა, კარგი იქნებოდა.
_ ბატონო სტეფან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰილარი კლინტონს ბაქოსთან საუბარი იმის გამოც გაუჭირდებოდა, რომ ვაშინგტონმა ბაქოს 6 თვის წინ ყარაბაღის 7-დან 5 რაიონის გადაცემას დაპირდა და ეს დანაპირები არ შესრულებულა. . .
_ მე არ ვამბობ, რომ ვაშინგტონმა სომხეთს ან აზერბაიჯანს მხარი უნდა დაუჭიროს და პოზიცია გაიზიაროს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ აშშ-ს 18 ივნისს მომხდარ ინციდეტზე და სხვა საკითხებზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონოდა. რეალურად, აშშ-მ ბაქოსა და ერევანში, შეიძლება, ითქვას არაფრისმთქმელი განცხადებები გააკეთა. გარწმუნებთ, რომ აშშ-ს, როგორც ზესახელმწიფოს, კლინტონის ვიზიტმა ერევანში არაფერი შესძინა.
რაც შეეხება ვაშინგტონის მიერ ბაქოსათვის მიცემულ დაპირებას. ვაშინგტონმა უნდა იცოდეს, რომ ერევნის ზურგს უკან ბაქოსთვის არანაირი დაპირებების მიცემა არ შეიძლებოდა. ყარაბაღის საკითხი მოლაპარაკებების საგანია, მაგრამ ჩვენს მაგივრად ვაშინგტონი არ უნდა წყვეტდეს, როდის გადასცემს სომხეთი აზერბაიჯანს იმ ტერიტორიებს, რომელზეც მოლაპარაკებები კარგა ხანია, მიმდინარეობს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიდრე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არ გადაწყდება, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას აშშ-მ სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონში რუსეთის გავლენის საკითხი სულ აქტუალური იქნება?
_ სამწუხაროდ, ეს ასეა. სხვათა შორის, ეს იმასაც უკავშირდება, რომ თურქეთი ისე ძლიერად აღარ არის ორიენტირებული აშშ-ზე. 5-10 წლის წინ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის გამტარებელი იყო, ახლა ჩვენს რეგიონში აშშ-საგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს. ამის გამოც არის, რომ რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში არა თუ მცირდება, იზრდება კიდეც. სამწუხაროდ, ამ პროცესებში რუსეთის მონაწილეობა კონსტრუქციულობით არ გამოირჩევა.
This post has been edited by Geronti on 7 Jul 2010, 19:12