FLaMpeR
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 4155
წევრი No.: 94393
რეგისტრ.: 24-June 09
|
#20827178 · 25 Jul 2010, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? .... ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ...... რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ..... ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. .... ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი.
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.
flamper: რას იტყვით აბა ფორუმელნო მემგონი დღესაც იმავე პრობლემების წინაშე ვდგევართ, მაგრამ კვლავ არასწორი მიმართულებით ვფიქრობთ და არასწორ პრიორიტეტებზე ვიღებთ კურსს. მტრის ლანძღვით და ყველა პრობლემის სხვაზე გადაბრალებით გვინდა გამოვასწოროთ სიტუაცია. მემგონი დიდი ხანია დროა გამოვფხიზლდეთ და შევეშვათ საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალებას. კვლავ მტერი მეგობრად გვეჩვენება. ბევრი მტერი გვყავს, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვექიშპებით, საკუთარ ხალხს პატივს არ ვცემთ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ვიბრძვით. პ.ს. ამას წინათ ერთი ახლობელი გოგონა შემხვდა საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე და განათლებული. მოვიკითხეთ ერთმანეთი და შემდეგ, შემდეგ ჩემდა გასაოცრად ეს ადამიანი მეუბნება:" რა გინდა მშვენიერი სამსახური გაქვს, მშვენიერი ხელფასით და ფეხებზე არ გკიდია დემოკრატია, მიშა და გრიშაო? ესაა ჩვენი პროგრესული აზროვნება? ესაა რისთვისაც საბჭოთა კავშირს ვებრძოდით? ესაა ჩვენი დამოუკიდებლობა? ქვეყანა სადაც მალე ქალიშვილობა დასაცინ სიტყვად იქცევა. ქალის პატიოსნებაზე გული ერევათ. ბევრი კი პატიოსნებას ტყუილად იბრალებს. ქვეყანა, რომელშიც ყველა სძულთ საკუთარი თავის გარდა. ქვეყანა, რომელშიც ადამიანებს განსხვავებული აზრი აღიზიანებთ. ქვეყანა, რომელშიც უმცირესობას მეტი უპირატესობა ენიჭება უმრავლესობასთან შედარებით. ესაა ის რისთვისაც ვიბრძოდით? რომ ჩვენი უფლებები იზღუდებოდეს დღენიადაგ? და ხელისუფალთ დღედაღამ ასეთი და ისეთი თანასწორობა ეკეროს პირზე, როდესაც მსგავსი პრობლემა არც კი დგას?
|