იმის გათვალისწინებით, რომ ”ტაბულას” წინამდებარე ნომერი წესით რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, პლიაჟიდან ახლადდაბრუნებულმა, მოხერხებულ სავარძელში მოწყობილმა ან ჰამაკში წამოკოტრიალებულმა, გამაგრილებელი სასმელით ხელში უნდა წაიკითხოთ, შევეცდები დავარღვიო ჩემს სვეტში დამკვიდრებული ტრადიცია და თავი არ შეგაწყინოთ საუბრით ისეთ თემებზე, რომლებმაც ოპონირების სურვილი შეიძლება გაგიჩინოთ. მხოლოდ საინტერესო ინფორმაცია, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პოზიციის გამოხატვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვების დაწერის დროს ასე მაქვს გადაწყვეტილი. საით წამიღებს ცნობიერების ნაკადი, ღმერთმა უწყის ...
ღმერთზე გამახსენდა ... როგორც ერთი ჩემი ნაცნობი ხშირად იმეორებს, რელიგია და ფული ის ორი ინსტრუმენტია, რომელიც მოიგონეს ჭკვიანმა ადამიანებმა ნაკლებად ჭკვიანების სამართავად. სამწუხარო ის არის, რომ მეორე მათგანით ჯერ კიდევ შესაძლებელია დევიაციისკენ მიდრეკილი ჭკვიანებით მანიპულირება. თუმცა ბუნებაში არსებული წონასწორობის შესანარჩუნებლად ალბათ ასეც არის საჭირო. თავად კარლ მარქსს, ენგელსის მხრიდან მორალური და მატერიალური მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, არ ეყოფოდა ფანტაზია იმის წარმოსადგენად, თუ რა მოუვიდოდა კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე მშენებარე სისტემას, ადამიანებს იმდენი ფული რომ ჰქონდეთ, რამდენიც საჭიროა მათი ყველა ტრადიციული და არც ისე ტრადიციული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ჩემს სვეტში განთავსებულ სტატიებზე პირველმა ონლაინ გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ინტერნეტს, უფრო ადრე გამოგონების შემთხვევაში, უამრავი ნიჭიერი ადამიანის ფსიქიკის გადარჩენა შეეძლო. წარმოიდგინეთ კაფკა, რომელიც საკუთარი შიზოფრენიის ნაყოფს ბლოგის საშუალებით უზიარებდა კაცობრიობას. რამდენი დროსა და სივრცეში გაჭედილი სტუმარი ეყოლებოდა მის ციფრულ ციხე-სიმაგრეს. არ დასჭირდებოდა ამდენი ნერვიულობა და წუხილი საკუთარ ნიჭსა და ლიტერატურულ შესაძლებლობებზე და ალბათ არც იმაზე იდარდებდა, რომ თავის დასაწვავად განწირული შედევრების ფინალს ვერ იგონებდა. რა საჭიროა ფინალი, მთავარი პროცესია. არცერთი ორგაზმი არ ჯობია მის მოლოდინს. აქ ამერიკაც უნდა ვახსენო სადმე და კაფკაზე საუბრის დასრულებაც შეიძლება.
ამერიკის ხსენებისას ჩემს მასონურ ცნობიერებაში ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსი ამოტივტივდა, რამდენიმე დღის წინ თვალში მოხვედრილი საგაზეთო ამონაბეჭდი, რომელშიც ეწერა, რომ 1994 წელს ცნობილი მილიარდერის ფინანსური ხელშეწყობით ნიუ-იორკში, მისივე ’’ღია საზოგადოების’’ შტაბ-ბინაში, დაარსდა ნარკოტიკების სფეროში პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლინდესმიტ ცენტრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნარკოტიკების და კერძოდ მარიხუანას ლეგალიზაციის მოძრაობის მეცნიერული და იურიდიული მხარდაჭერა.
ეს ამერიკაში, ჩვენთან კი ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ და მრავალრიცხოვან სოციალურ ქსელში გაიხსნა ჯგუფი სახელწოდებით ”მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას!”, რომლის წევრთა რაოდენობამ ამ წერილის დაწერის დროისთვის ათასს გადააჭარბა. ჯგუფის გვერდზე მითითებულია ის სამი პრინციპი, რომელთა გარშემოც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და მსოფლმხედველობის ადამიანები გაერთიანდნენ, მათ შორის საზოგადოებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნებებიც:
1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია;
2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნა ადამიანის უფლებების დარღვევაა;
3. ჩვენ ვთვლით, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.
ხსენებულ ჯგუფში წარმოებული საკმაოდ საინტერესო დისკუსიების შედეგად ჩემი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე საკითხმა, რომლებსაც თქვენი ნებართვით გაგიზიარებთ.
პირველი, ეს არის საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლიდანაც შევიტყვე, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ისეთი უფლებების შეზღუდვასთან ერთად, როგორიცაა საექიმო და საადვოკატო საქმიანობის წარმოება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება, სამი წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაც. ანუ, თუ ამ ჟურნალის რომელიმე მკითხველი, ევროპის ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოგზაურობის დროს, ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, გადაწყვეტს მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ სასიამოვნო გარემოში განიტვირთოს ადამიანის ორგანიზმისთვის გაცილებით უფრო ნაკლები ზიანის მიმყენებელი ალკოჰოლის ალტერნატიული საშუალებით, სამშობლოში დაბრუნებისას მას შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამწლიანი იძულებითი სარგებლობა მოუწიოს. ამასთანავე, თუ ჩვენი უიღბლო მოგზაური შემთხვევით ექიმი ან ადვოკატი აღმოჩნდება, მეტროს ან ავტობუსის სამგზავრო ბარათის შესაძენი ფულის საშოვნელად ახალი პროფესიის დაუფლებაც მოუწევს.
ასევე საინტერესო იყო მარიხუანას აკრძალვის ისტორია. ყველაზე უფრო სარწმუნო ვერსიით, მისი აკრძალვა ინიცირებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელთა მიერ იმის გამო, რომ ქაღალდის დამზადება კანაფისგან გაცილებით უფრო იაფი იყო, ვიდრე ხისგან. 1938 წელს ფედერალური მთავრობის მიერ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა უმსხვილესი ქიმიური კომპანია ”დიუპონის” მხარდაჭერა, რომელიც აწარმოებდა ხისგან ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს და იყო ნეილონზე, 1935 წელს სინთეზირებულ ხელოვნურ ბოჭკოზე, პატენტის მფლობელი, რომლითაც სურდა მსოფლიო ბაზრებზე კანაფის ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილების ჩანაცვლება. ამ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ წყდება ლეგალიზაციის მხარდამჭერი მოძრაობა.
მარიხუანას ლეგალიზაცია ნიშნავს არა მხოლოდ მისი დაუსჯელად მოხმარების დაშვებას, არამედ აგრეთვე კანაბიოდების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობის წესის ორგანიზებას და რეგლამენტირებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრ არცერთ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. ბევრიც ამ მიმართულებით წარმატებით ახორციელებს ე.წ. ”მაღალი ტოლერანტულობის” პოლიტიკას. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებშიც მარიხუანას მცირე რაოდენობით ფლობა და მოხმარება ოფიციალურად არ ისჯება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კოდექსით, არის ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, მექსიკა, პერუ, არგენტინა, ურუგვაი, ეკვადორი, იამაიკა. სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება ნებადართულია აგრეთვე კანადაში და აშშ-ის თოთხმეტ შტატში.
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სამართალდამცავები სრულიად ლოიალურები არიან საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენების ადგილებში მწეველი ახალგაზრდების მიმართ. თითქმის ყველა პარკში შეხვდებით ბალახზე ფეხმორთხმით მსხდომ ბიჭებს და გოგონებს, ხანდახან უფროსი ასაკის ხალხსაც კი, რომლებიც მშვიდად და აუღელვებლად ახვევენ ჯოინტებს პოლიციელების თვალწინ.
გავიხსენოთ აჭარა თავის მშენებარე სასტუმროებით და ის იმედები, რომლებსაც ჩვენთან უკავშირებენ ამ კუთხის ტურისტულ მექად გადაქცევას. საინტერესოა, რითი უნდა მიიზიდონ ეს ტურისტები ბათუმმა ან ქობულეთმა? განათებული ბულვარი და ხაჭაპური მარტო მლაშე წყალს მონატრებულ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს თუ აღუძრავს მადას. უცხო ქვეყანაში ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ ჯანმრთელ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ორი რამ აინტერესებს - სექსი და გართობა რაც შეიძლება უფრო მეტად არაფხიზელ მდგომარეობაში. თუ პირველ კომპონენტზე მოთხოვნას ავად თუ კარგად აკმაყოფილებენ ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიული სექსის მუშაკები, მეორე შემთხვევაში მოთხოვნა ბევრად აჭარბებს შემოთავაზებას. ცივილიზებული ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს არაფერში სჭირდება დისკოთეკა, სადაც გათენებამდე თავდავიწყებით ცეკვის უნარის უზრუნველმყოფ საშუალებას ვერ მოიხმარს, ან ბუნგალო, რომელშიც ერთი მარიხუანიანი სიგარეტის მოწევისთვის დაიჭერენ და ჯარიმის სახით დასასვენებლად შეგროვებულ მთელ ფულს დაატოვებინებენ. არა და აჭარას საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში გააჩნია პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში.
მარიხუანას ოფიციალური დეკრიმინალიზაცია, პირველ ეტაპზე თუნდაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ე.წ. მაღალი ტოლერანტობის რეჟიმის გავრცელებით, ჩემი ღრმა რწმენით, უზრუნველყოფს გარე და შიდა ტურიზმის განვითარებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ შემცირებას. ამის მაგალითები მრავალია იმ სახელმწიფოებში, რომლის მთავრობებმაც გაბედეს აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა.
მგონი პირობა დავარღვიე და ისეთ თემას შევეხე, რომელიც კამათს გამოიწვევს. უკაცრავად, გავერთე. თუ ძალიან გვიან არ არის, შევეცდები მშრალ ფაქტებს დავუბრუნდე.
რუსეთში 6 გრამამდე მარიხუანას ან 2 გრამამდე ჰაშიშის ფლობისთვის დაწესებულია ჯარიმა 500-1000 რუბლის ოდენობით. აღნიშნულ რაოდენობაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, სასჯელად განსაზღვრულია პატიმრობა. ჩეხეთში კი 2010 წელს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რაოდენობები, რომელთა ფლობაც კანონით არ ისჯება - 15 გრამი მარიხუანა და 5 გრამი ჰაშიში. მაშ, საით, რუსეთისკენ თუ ჩეხეთისკენ ?
სავარაუდო პასუხი - ჩვენთვის ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, იმ ხუმრობას მახსენებს, რომელიც 90-იან წლებში მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლის სცენიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა გააჟღერა: ”Почему в Грузии не растут бананы? Народ ещё не готов ...”
იმისთვის, რომ ბანანმა იხაროს, აუცილებელი პირობაა ამ თემაზე დისკუსიის დაწყება. მსურველებს მოტივაციის გასაზრდელად შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და თუნდაც დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.
მე კი, შემოდგომიდან რომ შევძლო უფრო დეტალური და რაც მთავარია არგუმენტირებული საუბარი იმ ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე, რომლის მოტანაც შეუძლია მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის, ამ სტატიას ასე დავამთავრებ - როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, საქართველოში დეკრიმინალიზაციამდე არ ვეწევი.
”ტაბულა” № 21 (აგვისტო)
http://rekuzo.blogspot.com/––––––––––––––––––––––––––––––––
ესეც ჯგუფი ფეისბუქზე
მოვითხოვ მარიხუანას ლეგალიზებასსიუჟეტი მოამბეში
–––––––––––––––––––––––––––––
რას იტყვით თქვენ? : )
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------