სინადვილეში, კაბა ერთობ თვალსაჩინო და აღსანიშნავია.
რაიმე კომიტეტს რომ ემუშავა მის დიზაინზე, ასე ვერ ”გამართავდა”. მხოლოდ ევროკომისია (მთელი ”კოპენჰაგენის კრიტერიუმების” მოშველიებით

) თუ მიაღწევდა მსგავს შედეგს.
თავად განსაჯეთ: ეს არის კაბა-იდეოლოგემა. ასკეტური კალვინისტური მორალისა და საქმიანი მიდგომის ეპიტომია. ქველმოქმედი ქალის იდეალური უნიფორმა.
აბა, სხვა რა კაბა უნდა შეექმნა ქალს, რომელიც პრეზიდენტის მეუღლეა (ე.ი. კვაზი-პოლიტიკური ფიგურა), წარმოადგენს ხელმოკლე, მაგრამ ამბიციურ სახელმწიფოს (შესაბამისად, ფუფუნების მხრივ თავშეკავება მართებს, მაგრამ ცოტაოდენი დიდაქტიკურობა ეპატიება), თანაც წარმოშობით დასავლეთ-ევროპელია (ანუ, ”მეორე სამშობლოში” შინაური მენტორის როლს ასრულებს), და საკუთარი აღიარებით ”იდეალისტია” (ე.ი. კეთილშობილურ იდეებს ემსახურება).
კაბის ზედა ნაწილი სკაუტი გოგონას უნიფორმას მოგვაგონებს. მაგრამ შეიძლებოდა კი ის სხვანაირი ყოფილიყო? უფრო ღია ან, პირიქით, ქსოვილის ”ღრუბლებით” მორთული კაბა სულ სხვა მიზანს ემსახურება - სილამაზეს, ფლირტს. აქვს თუ არა ასეთი მესიჯის გაგზავნის უფლება დემოკრატიული (იდეაში), ღარიბი (რეალობაში) ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მეუღლეს?
ეს კაბა კი ფუნქციონალური მინიმალიზმისა და მოწოდებისადმი ერთგულების განსახიერებაა.
მართალია, გულის ჯიბეები პრაქტიკული თვალსაზრისით გამოუსადეგია, მაგრამ მათ გარეშე ძალიან სადა კაბაც კი საქმიან იერს დაკარგავდა. გამოდის, რომ ჯიბეებიც საჭიროა.
რაც შეეხება კაბის ქვედა ნაწილს. აქაც ყველაფერი იდეალურადაა გათვლილი. ტრაპეციის ფორმიის ქვედაბოლო ქალური სილუეტის არქეტიპის ნაწილია (დიახ ბანალური - იმიტომაც შეუცვლელი). ანუ, ერთი მხრივ, გვაქვს ცალსახა გენდერული მარკერი, მეორე მხრივ, ეს სიგრძე ყველაზე ასექსუალურია.
გრძელი ქვედაბოლო იმაზე მიუთითებს, რომ ქალი ან წვეულებისთვის არის გამოწყობილი, ან ფეხები მთლად სპორტულ ფორმაში არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის საქველმოქმედო ფრონტის უღალატო მებრძოლად ვერ გამოდგება. მინიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია

.
ასე რომ, რჩება მიდი - რასაც ვხედავთ კიდევაც.
მოკლედ, სწორი, ჯანსაღი კაბაა. მე პირადად ამით ბედნიერი ვარ, ე.ი. კაბა თავის სახელსაც ამართლებს.
ვფიქრობ, არ გვაწყენდა, რომ ქ-ნ სანდრას დიზაინერული პრინციპები ქვეყნის მართვის საკითხებშიც გაგვეზიარებინა. გამორიცხული არ არის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთურს დღემდე ”გაის” გარემონტებულ შენობაში მოუწევდა მუშაობა, სამაგიეროდ, შესაძლოა, ესტონეთისთვის არა მხოლოდ რეიტენგებში გაგვესწრო, არამედ აქეთ ჩამოსულიყო ესტონეთის პირველი ლედი კაბის შესაკერად - ბიზნესის წარმოების უკეთესი პირობების გამო. შესაძლოა, მისი დიზაინი ნაკლებად იდეოლოგიურად მოზომილიც კი გამოსულიყო - აი მაშინ მართლა გულით გავიცინებდით, სრული უპირატესობის შეგრძნებით.