ქართული კორუფციის ახალი დეტალები "ეფ-ბი-აის" გამოძიებაში. "ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კეზერაშვილი უნდა დაიჭირონ, მაგრამ დაიჭერენ თუ არა, ეს სხვა საკითხია..."
"ეფ-ბი-აის" მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს შეეხება, ახალი დეტალები შეემატა. უფრო სწორად, ამერიკულმა გამოცემა "მეინ ჯასტინმა" ამ თემას ორი სტატია მიუძღვნა, სადაც წერს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გააფართოვა თავისი გამოძიება კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდება და ამ კორუფციული სქემის განსაზღვრული დეტალები გახდა ცნობილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართული კორუფციის ახალი დეტალები "ეფ-ბი-აის" გამოძიებაში / თავდგირიძე: "ამ "ატკატებით" თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა".
"ეს გამოძიება ჩვენთვის ძალიან სკანდალურია. რა ინფორმაციაც არსებობს, რაც "ეფ-ბი-აის" გამოძიებიდან ჩანს, უხარისხო ტყვიების შესყიდვაზე იყო საუბარი. ამიტომ, გარდა კომერციული ზიანისა, ბრძოლისუნარიანობის ზიანიც იკვეთება. თუ ეს დადასტურდება, ჩვენ ორმაგ დანაშაულზე შეიძლება ვისაუბროთ - თავდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციაზე და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულზე", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას "გამოძიების დასრულებამდე" არ აპირებენ. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს და ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკულ მხარესთან. ხოლო არის თუ არა ქართველი ჩინოვნიკების ბრალეულობა გამოკვეთილი და რამდენი პირია ამ საქმეში ეჭვმიტანილი, ამ თემაზე სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"საუბარია იანვარში დაკავებულ 22 ეჭვმიტანილზე, რომლებიც იარაღის ბიზნესში იყვნენ ჩართული. მათგან სამმა კი კორუფციული სქემით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წელს სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე 21,2 მილიონი ერთეული ამუნიცია მიჰყიდა... თუკი ადრე გამიძიება მალავდა ისრაელის მოქალაქის ვინაობას, რომელიც გაყიდვების აგენტად იყო მოხსენიებული საქმეში, ამჯერად მისი სახელიც ცნობილი ხდება - ეს არის ოფერ პაზი, რომელიც ისრაელში დაფუძნებული "პაზ ლოჯისტიკის" პრეზიდენტია. რა შეეხება ამუნიციის უშუალო შესყიდვას, გამოძიებამ ამ ადამიანის გვარიც დაადგინა. ეს არის მარკ მორალესი, ასევე მათი თანამზრახველია ფლორიდაში მცხოვრები საულ მიშკინი. მიშკინი საქართველოს მთავრობაზე თავისი ბიზნესპარტნიორის, ისრაელში მცხოვრები მოქალაქე შაბთაი ბატაშვილის საშუალებით გავიდა. სტატიაში წერია, რომ თავის მხრივ, ბატაშვილს კავშირი ჰქონდა საქართველის თავდაცვის იმდროინდელ მინისტრ დავით კეზერაშვილთან", - დასძენს გამოცემა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ამას გამოძიება სჭირდება, საჭიროა არა მარტო "ეფ-ბი-აის", არამედ გამოძიების დაწყება საქართველოში - გამოძიებული უნდა იყოს ყველა შესყიდვა, რაც კი თავდაცვის სამინისტროში იყო. ამერიკული მხარე დაინტერესდება მხოლოდ პოლიტიკური კომპონენტით - როგორ და რა სახის ურთიერთობებს ამყარებს საქართველო სხვა სახელმწიფოებთან და ვინ ჰყავს პარტნიორებად. თავად ქართველი ჩინოვნიკების დანაშაულს კი, რა თქმა უნდა, არ დაადგენენ. ამიტომაც, ამ გარიგებაში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგინდეს ფა შესაბამისად ყველას უნდა აგებინონ პასუხი. მათ უხარისხო სამხედრო აღჭურვილობის შეძენით, საქართველოს ბრძოლისუნარიანობას მიაყენეს ზიანი. ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გიორგი მელითაური.
"ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე თავდაცვის სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის სალაროს ძირითადი შემავსებელი იყო. გავიხსენოთ ის უზარმაზარი ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით 2007-2008 წლებში იყო და ის, რომ რეალურად ამ ბიუჯეტის ხარჯვის გაკონტროლება შეუძლებელი იყო საზოგადოებისთვის. რეალურად ის ხარჯები, რაც ჯართან, აღჭურვასთან და ა.შ. მიმართებაში იხარჯებოდა, იმ დროს არსებულ თავდაცვის უზარმაზარ ბიუჯეტს არ შეესამებოდა. თუმცა კეზერაშვილი იყო ამ კორუფციულ გარიგებაში ჩართული თუ სხვა ვინმე, ამის თქმა გამოძიების დასრულებამდე რთულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კეზერაშვილი უნდა დაიჭირონ, მაგრამ დაიჭერენ თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვიცი", - დასძენს გიორგი მელითაური.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-